fbpx

შეუპოვარი მხედრობა: მოპედისტები თბილისში


გააზიარე სტატია


თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა რომ ავტომობილების მოძრაობაა, ამაზე არავინ დავობს. სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ალტერნატივის არარსებობა, ანუ მოუწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დიდია გაუმართავი და, ხშირ შემთხვევაში, ქუჩაზე უფრო განიერი ჯიპების რაოდენობა. ამასთან ერთად, მანქანის პარკირების პრობლემამ მანქანის შეძენის სურვილი შესაძლოა საერთოდ გაგიქროთ.

თბილისი ვერც ფეხით გადაადგილების ელემენტარულ სტანდარტს აკმაყოფილებს, რადგან დღეს პრიორიტეტი თითქმის ყველგან ავტომობილს ენიჭება. გამოდის, რომ ქალაქი არც ფეხით მოსიარულეებისთვისაა კომფორტული და არც ავტომობილის მფლობელთათვის.

რა არის ალტერნატივა?

თბილისის ქუჩებში ბოლო დროს მოტორისტების ახალი ჯგუფი – მოპედიანი ადამიანები გამოჩნდნენ. ისინი იმ უმცირესობაში არიან, ვისთვისაც არც საცობები არსებობს, არც პარკირების პრობლემა და გარემოსაც მინიმალურად აბინძურებენ. მათ მარტივი და კომფორტული გადაადგილებისთვის, ხშირ შემთხვევაში (ძრავის მცირე მოცულობით), მართვის მოწმობაც კი არ სჭირდებათ.

ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე მოპედისტს, ქალაქში გადაადგილების ამ ალტერნატიული ტრანსპორტის დადებით და უარყოფით მხარეებზე და, რაც მთავარია, მოპედის ყიდვისა და შენახვის პრობლემებზე.

ირაკლი გაფრინდაშვილი
2 წელია ჰყავს მოპედი – Vespa

ქალაქში, სადაც ხშირად საცობია, მოპედით გადაადგილება ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე ავტომობილით. მართვის მოწმობა ძრავის მოცულობის მიხედვით არის საჭირო. პარკირების პრობლემა თითქმის არ არის, მანქანებს შორისაც შეძლებ გაჩერებას. ისე, უმჯობესი იქნებოდა, რომ ცალკე იყოს მოპედის პარკინგი.

ავტომობილები რომ წესების დაცვით გადაადგილდებოდნენ, უფრო მარტივი გახდებოდა მოპედით მგზავრობა, ერთ ხაზში. ხანდახან გვიხდება ერთმანეთში აზელილ ავტომობილებს შორის გაძრომა, რაც მეტ დროს მოითხოვს და მეტი გამონაბოლქვის შესუნთქვაც გვიწევს – ეს არის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე. ზამთარში და ცუდ ამინდში ვერიდები სიარულს, არ მაქვს შესაბამისი სამოსი.

უკვე არსებობს სერვის-ცენტრები და მოპედის ევაკუატორიც. მე Lion Sports Power- ის სერვისით ვსარგებლობ. რაც შეეხება ჯარიმებს, როგორც ვიცი, ჩაფხუტის უქონლობის გამო აჯარიმებენ, მე ჯერ არ მქონია ურთიერთობა პატრულთან – ვცდილობ, წესების დაცვით ვიარო. მოპედის ხარჯები თვის განმავლობაში იმდენადმცირეა, ზუსტად ვერც გეტყვით.

 


გიგი ჭიპაშვილი
2 წელია ჰყავს მოპედი – Honda Giorno Crea 2004

უპირველესი დადებითი მხარე ის არის, რომ უმოკლეს დროში მიდიხარ დანიშნულების ადგილზე. არანაირი საცობი, არ ხარ დამოკიდებული სად და რომელ ქუჩაზე არის საცობი ან არის თუ არა სადმე პარკირების ადგილი. შეგიძლია გააჩერო ტროტუარის ნებისმიერ კუთხეში.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ვერ დადიხარ სიცივეში, არ არის კომფორტული – უბრალოდ ძალიან ცივა. პრობლემაა მანქანების გამონაბოლქვიც. სხვა მხრივ, ეს არის უნიკალური ტრანსპორტი.

რაც შეეხება სახელოსნოებს, დიდუბის მეტროსთან არის სახელოსნო – motoclub.ge, სადაც საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები მოგიგვარებენ მოპედთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას. მართვის მოწმობა კი საჭიროა, თუ მოპედის ძრავა აღემატება 50 კუბს.

რაც შეეხება ჯარიმებს, წითელზე გავლა, ჩაფხუტის არქონა, საავარიო სიტუაციის შექმნა – ამ სამი რამისთვის ჯარიმა 100 ლარია, რომელიც პირად ნომერზე იწერება, თუ არ გაქვს მართვის მოწმობა. ჩემს შემთხვევაში, მოპედი არის იდეალური ტრანსპორტი ყველა მხრივ, მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს – სიცივე.

ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 100 ლარი, ამ თანხაში გათვალისწინებულია ბენზინის, ზეთის და პროფილაქტიკის ხარჯები.

 


თემო მაჭავარიანი
3 წელია ჰყავს მოპედი – Vespa s50 და Suzuki k50

მოპედით სიარულს უამრავი დადებითი თვისება აქვს და ძირითადად სულ დადებითი.

უარყოფითი ისაა, რომ პერიოდულად ფუჭდება და ჩვენთან მოპედის ხელოსნებს პროფესიონალიზმი აკლიათ, საბოლოოდ გამართული მოპედისგან იღებ გაფუჭებულ მოპედს.

მართვის მოწმობა არ სჭირდება და ყველაფერი შეიძლება მოპედისტებისთვის, რატომღაც არანაირი რეგულაცია გზებზე არ არსებობს. მხოლოდ იმის შიშია, სადმე რომ მიძვრები გაუკვალავში, იქიდან მეორე მოპედს არ შეასკდე. მაგრამ ძირითადად ძალიან უსაფრთხოა და სწრაფი… იმედი მაქვს, რომ ხალხი ნელ-ნელა გადააგდებს დიდ-დიდ ჯიპებს.

ჯარიმა არის იმ შემთხვევაში, თუ ჩაფხუტი არ გიკეთიათ შენ ან შენს თანამგზავრს, ან თუ არასწორად მოძრაობ.

გარემო ასე თუ ისე ადაპტირდა და მართლაც ყველგან 5-10 წუთში ხარ, როგორც ცხელი დანა ჭრის კარაქს, ისე ჭრი ქალაქს. საცობში რომ გადიხარ, სიამოვნების მუხტში ხვდები, თითქოს მორალური ზეიმია.

ცუდ ამინდში კი ზეიმი მთავრდება და იწყება ავტომობილების რევანში. წვიმაში მოპედით მოხვედრა აუზში ჩავარდნას ჰგავს, ქარის დროს კი გეშინია, სადმე ხრამში არ გადაიჩეხო. სიცივე კი ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრობლემაა.

 

ნუკი აგლაძე
7 წელია ჰყავს მოპედი – ვესპა LX 50

მოპედზე ერთხელ მაინც თუ მჯდარხარ, იცი, რომ ეს განუმეორებელი ტრანსპორტია. სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს, განსაკუთრებით ქალაქს, ხეებს. კაბრიოლეტზე ბევრად უფრო ინტენსიურია. მარტო ხარ გარემოსთან, ამინდთან და ხმებთან შენ გარშემო. მოპედით უბრალოდ დაქრიხარ ჰომოგენურად. ხარ პატარა, მოძრავი, მოქნილი, ყველგან არის პარკინგი და დიდი, ბოროტი შავი ჯიპებიც “გიცინიან”.

ერთადერთი უარყოფითი, რაც მახსენდება, არის გამონაბოლქვი. ეს ისედაც თბილისის მთავარი სატკივარია.

რაც შეეხება მართვის მოწმობას, 50 კუბის ზევით, ანუ მოტორს ვგულისხმობ, საჭიროა მართვის სპეციალური მოწმობა მოტოციკლეტებისთვის. 50 კუბითაც დაქრიხარ მშვენივრად. არავის აფერხებ. ისედაც ყველგან საცობია და მოპედით ზუსტად ერთი მესამედი დრო გეხარჯება ნებისმიერ საცობში. პარკირება ძალიან მარტივია. ყველგან არის მოპედისთვის პაწაწინა ადგილი. ტროტუარზეც შეგიძლია უცბად მოიპოვო სივრცე ისე, რომ ფეხით მოსიარულეები არ შეწუხდნენ.

ყველაფერი გამოცდილებაა. ჩემთვის მარტივია. მე 12 წელია უკვე მოპედით ვმოძრაობ და სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, უბრალოდ ბევრი ორმოა ქალაქში და ძალიან ყურადღებით უნდა იყო, რომ არ ჩახტე. ხანდახან მანქანის მძღოლებს დათვარიელება უნდათ შენი სკუტერის და ისე ახლოს მოდიან, რომ შეიძლება გადაყირავდე. მოკლედ, მზად უნდა იყო თავგადასავლებისთვის.

და თუ ხაზის შუაში დადიხარ, აუცილებლად ვიღაც ორივე მხრიდან შემოგივარდება. ხო მაინც შენია ეს ხაზი და არ ჰგონიათ რომ შენია, რადგან პატარა ხარ და თითქოს მთელი ხაზი არ გეკუთვნის. ამიტომ ხაზში ან მარჯვნივ ან მარცხნივ უნდა იარო. ძირითადად სულ გაქვს შანსი აიცილო თავიდან საცობი. ცოტა გაძვრე ან გამოძვრე ისე, რომ არავინ შეაფერხო. მთავარია, არ იყო აგრესიული და ღიმილი ყველაფერს შველის.

მე გერმანიაში დავდიოდი ზამთარში, წვიმაში, მივლია თოვლშიც. აი უცბად, თოვლი რომ მოვა და სხვა გზა არ გაქვს. რაც თბილისში გადმოვედი, სამსახურში ზამთარში ფეხით ვცდილობ წავიდე და მინიატურული მანქანა მყავს ძველი “მინი კუპერი”, რომელიც ისე მიყვარს, რომ იმას ვასეირნებ ხოლმე, რადგან მთელი ზაფხული ისვენებს ქუჩაზე.

მე ვგიჟდები შოფინგზე სკუტერით. ცოტა რაღაცის ყიდვა შეგიძლია და სულ ფრეშ გაქვს ყველაფერი სახლში. ძალიან მაგარია ყვავილების შოფინგი სკუტერით, შოპერ ბეგში ყვავილები, გვერდზე თავამოყოფილი და რომ მიქრიხარ მეგობრის დაბადების დღეზე ბედნიერი სახით.

რაც შეეხება სკუტერის შეკეთებას, მე მყავს ერთი ხელოსანი, რომელიც ძალიან მაგრად აკეთებს. ჯერ ჩემთვის ჯარიმა არ გამოუწერიათ, არადა უკვე 4 წელია დავდივარ სკუტერით თბილისში. საერთოდ ისეთი პოზიტიური ტრანსპორტია, რომ თავისთავად იქცევი წესიერად.

ნინი დარჩია


რეკომენდებული სტატიები
სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები

სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები

სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები
სპეციალისტები სტრესის ორ სახეს გამოყოფენ: ქრონიკულს და ყოველდღიურს. ქრონიკული სტრესის შემთხვევაში ადამიანს მუდმივად აწუხებს დაძაბულობის განცდა, რაც დროთა განმავლობაში საფრთხეს უქმნის იმუნურ სისტემას და ასუსტებს ორგანიზმის უნარს, გაუწიოს წინააღმდეგობა შფოთვებს და შესაძლოა გამოიწვიოს გულის დაავადებები, ინსომნია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და სხვა გართულებები.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.