ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები
ვისაც ესმის, რა ტექნოლოგია დგას ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების უკან, ყველა ხვდება, რომ ბლოკჩეინს, როგორც ცალკე აღებულ ტექნოლოგიას, უზარმაზარი მომავალი აქვს და მალე მას იმგვარად და ისეთ სფეროებში გამოვიყენებთ, დღეს რომ აზრადაც არ მოგვივა.
უკვე გამოჩნდა პირველი პროექტები, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას, ციფრული ვალუტების შექმნის გარდა, სხვა მოდელებისთვისაც იყენებს.
დეცენტრალენდი
ძალიან საინტერესო და პერსპექტიული პროექტია. დეცენტრალენდის დეველოპერებმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნეს ვირტუალური რეალობა, სივრცე, სადაც “მიწის ნაკვეთის” ყიდვა ყველას შეუძლია.
დეცენტრალენდის ვალუტა MANA-ა, რომლის შეძენაც თითქმის ყველა ონლაინ კრიპტო-ჯიხურებში შეგიძლიათ და სტატიის წერის მომენტში 1 MANA 9 ცენტი ღირს. კრიპტო-სავალუტო ჯიხური
ამ ვირტუალურ კუნძულზე მოხვედრა VR ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი. რაში გამოიყენებთ ამ უძრავ ქონებას? შეგიძლიათ, მაგალითად, ონლაინ კაზინო ააშენოთ, ან VR გასართობი პარკი. შეგიძლიათ თქვენი კომპანიის ვირტუალური ოფისი შექმნათ, სადაც მოემსახურებით კლიენტებს და დედამიწის სხვადასხვა წერტილში გაბნეულ დირექტორთა საბჭოს VR შეხვედრას მოუწყობთ. შეგიძლიათ საერთოდ გააქირაოთ კიდეც ეს მიწა, ან სულად ვირტუალური სახელმწიფო შექმნათ. მოკლედ – ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ასეთი პროექტის შესაძლებლობები შეუზღუდავი ხდება.
კრიპტო-ფისუნიები
ერთ-ერთი პირველი ბლოკჩეინ თამაშია. თამაშის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კრიპტოვალუტით, ეთერიუმით, ყიდულობ საყვარელ, ფუმფულა ფისოებს, შემდეგ ამ ფისოებს აჯვარებ და შედეგად იღებ უნიკალურ, განუმეორებელ ახალ ფისოებს – ისეთებს, როგორიც არც აქამდე და არც ამის მერე არავის ეყოლება. ჰოდა, მიდის მერე ამ ფისოებით ვაჭრობა. ჯერჯერობით კრიპტო-კატაში გადახდილი რეკორდული თანხა 120 000$-ია. მყიდველის ვინაობა და კატის ვიზუალი საიდუმლოდ შეინახეს.
ბლოკჩეინ-კაზინო
ალბათ ვინმე გემბლერისგან მოგისმენიათ, რომ “კაზინო ყოველთვის მოგებაშია, ძმაო…” – ჰოდა წარმოიდგინეთ კაზინო, რომელსაც მფლობელი არ ჰყავს და არც რაიმე პროცენტი აქვს საკომისიოდ. კაზინო მხოლოდ მოთამაშეებისთვისაა და შესაბამისად, მოთამაშეების საკუთრებაშია. ზუსტად ამას ნიშნავს Edgeless Casino. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიხედვით შექმნილი ეს ვირტუალური სივრცე სრულიად გამჭვირვალე სქემით მუშაობს. თქვენ არასოდეს ეთამაშებით კაზინოს, რომელიც ყველანაირად ცდილობს, როგორმე რაც შეიძლება მეტი ფული დაგატოვებინოთ ადგილზე. მაგალითისთვის, დღევანდელი ონლაინ თუ რეალური კაზინოები 1%-დან 5%-მდე საკომისიოს გართმევენ მოგების შემთხვევაშიც კი. ბლოკჩეინ-კაზინოში კი ასეთი საკომისიოები არ არსებობს და მოგებული ფული მთლიანად თქვენია.
ფაქტია, რომ ბლოკჩეინის პოტენციალი განუსაზღვრელია და ჯერ ვერც კი წარმოვიდგენთ, თუ რა ინოვაციური პროექტები შეიძლება დაშენდეს ამ მარტივ, მაგრამ გენიალურ ტექნოლოგიაზე.