საბავშო ტანსაცმელი ქართველი მწარმოებლებისგან
ქართულ ბაზარზე ნელ-ნელა ჩნდებიან ახალი კომპანიები, რომლებიც საბავშვო პროდუქციას ქმნიან. ბავშვისთვის ნივთების შექმნა რთული და საპასუხისმგებლო ამოცანაა – ის უნდა იყოს ერთნაირად მიმზიდველი როგორც პატარებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის, ასევე უსაფრთხო და ხარისხიანი და ამავდროულად კონკურენცია გაუწიოს უკვე არსებულ, პოპულარულ ბრენდებს, რომელთა უკანაც დიდი ისტორია, ადამიანური რესურსი და გამართული კაპიტალი დგას.
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომელიც საბავშვო ტანსაცმელს აწარმოებს და რომლებმაც დაარსებიდან დღემდე მეტ-ნაკლებად შეძლეს ქართველი მომხმარებლების გულის მოგება.
სპილოუ
სამი მეგობრის მიერ შექმნილი კომპანიაა, რომელიც კერავს ტანსაცმელს როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის. მათი პროდუქცია მოხერხებულია ყოველდღიურად სატარებლად. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ნატურალური ქსოვილები.
რკო
ლამაზი და ამავე დროს პრაქტიკული ტანსაცმელი გოგონებისთვის და ბიჭებისთვის. “რკო” გთავაზობთ როგორც ნაქსოვებს, ასევე შეკერილ სამოსს. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ პლედები, ე.წ. ფაჩუჩები ჩვილებისთვის, ქუდები და სხვა აქსესუარები. “რკო”, ისევე როგორც “სპილოუ”, ცდილობს, რომ მათი პროდუქცია იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი და კომფორტული პატარებისთვის.
INKY GOLD
დიზაინერ ლიკა გოგლიძის მიერ შექმნილი ტანსაცმლის ხაზია, რომელიც არამხოლოდ პატარებისთვის, არამედ თინეიჯერებისთვის ქმნის როგორც ყოველდღიურ, ასევე სადღესასწაულო სამოსს. კომპანიას აქვს ონლაინ მაღაზიაც (http://www.inkygold.com/ ), საიდანაც შესაძლებელია პროდუქციის გამოწერა როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. “ინკი გოლდი” იყენებს მაღალი ხარისხის ქსოვილებს, რომელსაც სხვადასხვა პრინტით აფორმებს.
LE’MON
ორი ახალგაზრდა დედის მიერ შექმნილი კომპანიაა, რომელიც როგორც თვითონ ამბობენ, ნატურალური ქსოვილებისა და მსოფლიო ტენდენციების გამოყენებით ქმნიან ტანსაცმელს ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის.
მელლა
საბავშვო სამოსისა და აქსესუარების შეკვეთას “მელლას” ონლაინ ატელიე დისტანციურად იღებს და მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად უმზადებს და აწვდის სასურველ სამოსს. მათ მიერ შექმნილი სამოსში ერთი საერთო სტილისტური ხაზის დაჭერა რთულია, რაც ბრენდის იდენტობისთვის პრობლემური შეიძლება იყოს.
ზოგადად, იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც საბავშო ტანსაცმელს აწარმოებენ, წინ დიდი გამოწვევები აქვთ. მათ უმეტესობას ცალკეულ სპეციალისტებთან უწევთ თანამშრომლობა, არ აქვთ საწარმოები და სამკერვალოები, არამასობრივი წარმოება განაპირობებს მეტ დანახარჯს თითოულ ნივთზე, რაც შემდეგ მაღალ ფასს წარმოქმნის.
დასახვეწია რეალიზაციის საკითხებიც – საკუთარი მაღაზია ან ონლაინ შოპი ეხმარება კომპანიებს მომხმარებელთან ურთიერთობაში, თუმცა საწყის ეტაპზე დამწყები ბიზნესებისთვის ამ ტიპის ინვესტიცია რთულად განსახორციელებელია ხოლმე.
მნიშვნელოვანია ასევე მარკეტინგის საკითხებიც – ჩამოთვლილი კომპანიების უმეტესობა მარკეტინგულ იარაღაც Facebook გვერდებს იყენებს, რაც ერთის მხრივ მათ ეხმარებათ ნაკლები დანახარჯებით გავიდნენ სწორ სამიზნე აუდიტორიაზე, მეორეს მხრივ კი არსებობს ცდუნება, რომ მომხმარებელს შესთავაზონ შედარებით კუსტარული კონტენტი, რაც ბრენდის იდენტობას ნეგატიულ ელფერს სძენს.