fbpx

მადრიდში სანახავი მუზეუმები


გააზიარე სტატია


ესპანეთის დედაქალაქი, სამეფო ქალაქი მადრიდი მუზეუმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

პრადოს მუზეუმი

პრადო ესპანეთის ყველაზე დიდი და მთავარი ეროვნული მუზეუმია, სადაც მე-12- საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე შექმნილი ევროპული მხატვრობის ნიმუშებია წარმოდგენილი. მუზეუმში ესპანური ხელოვნების დიდი კოლექციაა დაცული.

პრადოს მუზეუმი მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ათ მუზეუმს შორის არის დასახელებული.

აქ ნახავთ ფრანცისკო გოიას ყველაზე მეტ ნამუშევარს, მათ შორის – “სატურნს”. აგრეთვე ველასკესის, Las Meninas-ს, ფრა ანჟელიკოს “ხარებას:, რაფაელის, ტიციანის, რუბენსის, რემბრანდტის, ბოსხის, დიურერის, ელ გრეკოს შედევრებს და უცნობი მხატვრის, “მონა ლიზას”, რომელზეც ვარაუდობენ, რომ და ვინჩის სკოლის მოსწავლეებმა მისი მეთვალყურეობით დახატეს.

რეინა სოფიას მუზეუმი

რეინა სოფია, ესპანეთის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი 1992 წლიდან ფუნქციონირებს და დედოფალ სოფიას სახელს ატარებს. იგი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ხელოვნების ოქროს სამკუთხედში, პრადოსა და ტისენის მუზეუმებთან ახლოს. აქ მე-20 და 21-ე საუკუნის არტისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

რეინა სოფიას მუზეუმში პაბლო პიკასოს და სალვადორ დალის ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული, მთავარ ნამუშევარს კი პიკასოს “გერნიკა” წარმოადგენს.

აქ ასევე მუდმივ ექსპოზიციაში ნახავთ ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან ფონტანა, ბეიკონი, ლეგერი, რეი, მაგრიტი, მირო, კანდინსკი, ჰირსტი, ერნსტი, როთკო და სხვა. რეინა სოფიას მუზეუმის შესასვლელში როი ლიხტენშტეინის მონუმენტს ნახავთ, ეზოში კი მიროს და კალდერის სკულპტურებს. რეინა სოფიას მუზეუმი, საგამოფენო დარბაზების სიმრავლიდან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ თანამედროვე ხელოვნების გალერეად ითვლება. მუზეუმს საინტერესო სუვენირების მაღაზია აქვს.

ტისენის მუზეუმი

ტისენის მუზეუმი, ბარონ ჰაინრიხ ტისენ-ბორნემის კერძო კოლექციისგან შეიქმნა. ბარონმა კოლექციონერობა 1920 წელს დაიწყო და მისი კოლექცია ევროპელ მხატვრებს მოიცავდა, რომელიც შემდეგ ბარონის ვაჟმა ჰანს-ჰაინრიხმა გააფართოვა.

ტისენის მუზეუმი ოფიციალურად 1992 წელს გაიხსნა და მასში 715 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

მუზეუმის კოლექცია მრავალფეროვანია და აქ შეხვდებით როგორც რენესანსის, ასევე ბაროკოს, როკოკოს, იმპრესიონიზმის, ექსპრესიონიზმის და თანამედროვე ხელოვნების პერიოდის ნამუშევრებს. აქ არტისტები წარმოდგენილი არიან კარავაჯოდან – შილემდე და შილედან – უორჰოლამდე.

მუზეუმი ხშირად სთავაზობს მნახველებს ძალიან საინტერესო დროებით გამოფენებს. ტისენის სივრცეში იყო ჟივანშის კოსტიუმების კოლექციის, რუბენსის, მიროს, დალის, ვან გოგის, ამერიკელი იმპრესიონისტების, სეზანის და კარავაჯოს სრული კოლექციების გამოფენები.

2018 წლის 28 იანვრამდე პიკასოს და ლოტრეკის გამოფენაა მუზეუმში, 26 ივნისიდან კი მონეს გამოფენა გაიხსნება. ტისენის მუზეუმს აქვს კაფეც, სადაც შეგიძლიათ შეისვენოთ და გემრიელი ყავა მიირთვათ. ასევე გირჩევთ სუვენირების მაღაზიაში შევლას.

ესპანეთის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი

არქეოლოგიური მუზეუმი მადრიდის ცენტრში, სერანოს ქუჩაზე მდებარეობს. მუზეუმი 1867 წელს დედოფალ იზაბელა II-ის ბრძანებით დაფუძნდა და მოიცავდა ესპანეთის ნუმიზმატიკურ, არქეოლოგიურ და დეკორატიულ ნიმუშებს.

არქეოლოგიის და ძველი ხელოვნების მოყვარულებს გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ მუზეუმს, რადგან დღეს კოლექცია პრეისტორიულ, ძველ ეგვიპტურ, იბერიულ, რომაულ და ბერძნულ ობიექტებს და არტეფაქტებს მოიცავს.

კაიშაფორუმი, მადრიდი

კაიშაფორუმი მუზეუმი და კულტურის ცენტრია მადრიდში, რომელიც კაიშა ბანკის დაფუძნებულია.

პირველ რიგში, საინტერესოა შენობის არქიტექტურა – როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერიც. შენობა, რომელიც მიტოვებული ელექტროსადგური იყო, შვეიცარიელი არქიტექტორების მიერ დაპროექტდა. შესასვლელში მწვანე კედელის დიზაინი, რომელიც ვერტიკალურად არის გამწვანებული, ფრანგ ბოტანიკოსს, პატრიკ ბლანს ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ კაიშაფორუმი თანამედროვე შენობაა, აქ ძველი ხელოვნების გამოფენებიც ხშირად ეწყობა. 2018 წლის პირველი თებერვლიდან ექვსი მაისის ჩათვლით კი ენდი უორჰოლის გამოფენა გაიმართება.

თუმცა, მუზეუმების ჩამონათვალში ვერსად ნახავთ, მაგრამ გირჩევთ ერთი დღე რეტიროს პარკს დაუთმოთ, მთელი დღე ისეირნოთ, იქვე მიირთვათ, პიკნიკი გამართოთ, გაისეირნოთ წყლის ველოსიპედით ან პატარა ნავებით და აუცილებლად ნახოთ შუშის სასახლე, რომელიც პარკის შუაგულშია, სასეირნოდ ეცადეთ მზიანი დღე შეარჩიოთ, ამ დროს შუშის სასახლე განსაკუთრებით ლამაზია. რეტიროში ნახავთ მსოფლიოში ერთადერთ ქანდაკებას, რომელიც დაცემულ ანგელოზს ეძღვნება.

ასევე გირჩევთ სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონის მონახულებას, სადაც ტურის შემდეგ შეგიძლიათ გემრიელი ვახშამი მიირთვათ სტადიონზე არსებულ აზიურ რესტორანში, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ არენას უყურებს.

ავტორი: ნინი დარჩია


რეკომენდებული სტატიები
რა ვნახოთ ვენეციაში: პეგი გუგენჰეიმის კოლექცია

რა ვნახოთ ვენეციაში: პეგი გუგენჰეიმის კოლექცია

რა ვნახოთ ვენეციაში: პეგი გუგენჰეიმის კოლექცია
ცნობილი ხელოვანების ნამუშევრების კოლექცია, რომლის დათვალიერებაც ვენეციის მე-18 საუკუნის სასახლეში შეგიძლიათ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.