კინოს მუზეუმი: Cinémathèque Française


გააზიარე სტატია

Cinémathèque Français ფრანგული სინემათიკა
მისამართი: 51 Rue de Bercy, 75012 Paris
ღიაა ყოველდღე, 12:00 – 19:00; დასვენების დღე სამშაბათი

კინოს მოყვარულთათვის ეს ადგილი მთელ პარიზში საუკეთესოა.

პარიზის ცნობილი და უზარმაზარი მუზეუმების ფონზე აქაურობა არცთუ ისე პოპულარულია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ვინც ერთხელ მაინც მოხვდება მუზეუმში, ის აუცილებლად შეიყვარებს ამ ადგილს.

პირველ რიგში, მუზეუმი არქიტექტურის მოყვარულებს დააინტერესებთ, რადგან ის განთავსებულია შენობაში, რომელიც 2005 წელს ცნობილმა ამერიკელმა არქიტექტორმა ფრენკ გერიმ დააპროექტა.

სინემათიკა არასტანდარტული მუზეუმია. შეიძლება მას lifestyle მუზეუმი ვუწოდოთ. ერთი ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული რამდენიმე საათი აქ თავმოყრილი ინფორმაციისთვის, აქტივობების და გამოფენებისთვის ნამდვილად ცოტაა.

ყოველდღიურად “ფრანგული სინემათიკის” დარბაზში რამდენიმე სხვადასხვა კინოჩვენება იმართება, ძალიან ისიამოვნებთ, თუ რომელიმეს დაესწრებით, რადგან აქ დაცული კოლექციის ყველა ფილმი ორიგინალია და ხშირად განსხვავდება ინტერნეტვერსიებისგან; მაგალითად, ხანგრძლივობით (ამოჭრილი კადრების გარეშე) ან ორიგინალი გახმოვანებით. გირჩევთ, რომელიმე ფრანგული კინო აირჩიოთ – ჩამონათვალში, ყოველთვის, ერთი მაინც ფრანგული კინოა. ხშირად აჩვენებენ, და თუ შეგხვდათ, გირჩევთ, ფრანგი რეჟისორის, ალბერტ ლამორისის 35-წუთიან ფილმს “წითელ ბუშტს” (Le Ballon Rouge) უყუროთ, სადაც 50-იანი წლების ულამაზესი პარიზია ნაჩვენები. სეანსის ბოლოს კი, მუზეუმის მაღაზიაში, სამახსოვროდ წითელი ბუშტიც შეგიძლიათ შეიძინოთ.

კინოზე და კინოსამყაროზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად არსებობს სინემათიკის ბიბლიოთეკა, რომელსაც შთამბეჭდავი არქივი აქვს. ბიბლიოთეკა დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სტუდენტებში, ასევე ლექტორებში, კინოს მკვლევარებსა და ზოგადად – მოყვარულებში. ფონდში დაცულია 23 500 წიგნი, 500 პერიოდული ჟურნალი, 12 000 ფილმი და 500 000 ფოტო. მათ შორის ანდრე ბაზენის მიერ შექმნილი ჟურნალის, Cahiers du cinéma-ის ნომრები. თუ ფრანგული ენა იცით, გირჩევთ, 1956 წელს გამოცემული 62-ე ნომერი მოიძიოთ და ტრიუფოს სტატია – “ჰიჩკოკი/ტრიუფო” წაიკითხოთ.

“ფრანგულ სინემათიკაში” ასევე არის მუზეუმიც, რომელიც ადრე კინოს მუზეუმის სახელით იყო ცნობილი. “ფრანგული სინემათიკის” ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას სწორედ ეს მუზეუმი წარმოადგენს, სადაც მრავალი ექსპონატია დაცული, მათ შორის: პირადი ნივთები, რომლებიც რეჟისორებმა და მსახიობებმა თავად უსახსოვრეს მუზეუმს – ძმები ლუმიერების ვიდეოკამერა, მისის ბეითის თავი ჰიჩკოკის “ფსიქოდან”, ბორბალი ჩარლი ჩაპლინის “ახალი დროება”. კოლექცია კინოინდუსტრიის უნიკალურ მემკვიდრეობას წარმოადგენს მისი დაარსებიდან დღემდე. აქ ასევე ნახავთ კოსტიუმებს ცნობილი ფილმებიდან, აქსესუარებს, ჰოლივუდის ვარსკვლავების კაბებს, სურათების დიდ არქივს, კინოაფიშებს, სცენარებს. კოლექცია მუდმივად ახლდება და მდიდრდება.

მუზეუმის შესახებ

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში კოლექციის შექმნის იდეა, ფილმების შეგროვებისა და ჩვენების მიზნით, ანრი ლანგლუას გაუჩნდა.

II მსოფლიო ომამდე ლანგლუამ მსოფლიოში ყველაზე დიდი არქივის შექმნა შეძლო, მაგრამ პარიზის ოკუპაციისასკოლექცია კინაღამ განადგურდა, რადგან ნაცისტებმა 1937 წლამდე გადაღებული ყველა ფილმის ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს. თუმცა, ანრი ლანგლუამ მეგობრებთან ერთად მოახერხა არქივის ქვეყნიდან ფარულად გატანა და მისი გადარჩენა.

ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ კოლექციისთვის პატარა დარბაზი გამოყო, რომელიც მესინის ქუჩაზე მდებარეობდა და მუზეუმი პერსონალითაც უზრუნველყო. მე-20 საუკუნის 40-იანი და 50-იანი წლების ცნობილი ფრანგი რეჟისორები – რობერტ ბრესონი, რენე კლემენი, ანრი-ჟორჟ კლუზო და ჟაკ ბეკერი ხშირად სტუმრობდნენ სინემათიკს და ესწრებოდნენ ჩვენებებს. ფრანგული “ახალი ტალღის” (la Nouvelle Vague) რეჟისორებმა კი (ალან რესნემ, ჟაკ რივეტმა, ფრანსუა ტრიუფომ, ჟან-ლიუკ გოდარმა, კლოდ შაბროლმა, როჯერ ვადიმმა და პიერ კასტომ) კინოგანათლების დიდი ნაწილი “ფრანგული სინემათიკის” კოლექციის ჩვენებებიდან მიიღეს.

მრავალი ცვლილების შემდეგ ფრანგული “სინემათიკა” პარიზის მე-12 უბანში, ბერსის ქუჩაზე დაფუძნდა. პოსტმოდერნისტული შენობა, როგორც აღვნიშნეთ, ამერიკელმა არქიტექტორმა ფრენკ გერიმ დააპროექტა. თავისი ელეგანტური, მსუბუქი და მარტივი ფორმების გამო შენობას ფრენკ გერის ბალერინას უწოდებენ. თვითონ არქიტექტორი კი ამბობს, რომ ეს შენობა არის ბალერინა, რომელიც კაბას იწევს და მნახველებს შიგნით ეპატიჟება.


რეკომენდებული სტატიები
არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან
ხელოვანის წიგნი (Artists' books) შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტის მიერ შექმნილი ნებისმიერი შინაარსის წიგნის ფორმის მქონე ნამუშევარი.
კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს
კარლო კაჭარავამ პირველმა დაიწყო დასავლური ხელოვნების და მასთან მიმართებაში ქართული ხელოვნების შესწავლა და კვლევა. მანვე განსაზღვრა თანამედროვე ქართული ხელოვნების ორიენტაციაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.