fbpx

Amazon-ი, ალაზანი და ილონ მასკის კულტურული ალუზიები


გააზიარე სტატია


ფოტო: მდინარე ალაზანი, by Amo Jazzme

 

“Though I’m past one hundred thousand miles,
I’m feeling very still,
And I think my spaceship knows which way to go,
Tell my wife I love her very much,
She knows…”
დევიდ ბოუი

ამას წინათ ერთმა ბიჭმა მომწერა, თვის ბოლოს ველოდები, კრიპტოვალუტა და vape რომ ვიყიდოო. ჰაჰა-მეთქი, მივწერე პასუხად. მგონი, ვერ გაიგო, რა მაღიმებდა.

ბიტკოინი დღეს ის მოვლენაა, თითქმის ყველა თავმოყვარე ასაკშეპარული ბიჭი რომ ვალდებულად თვლის თავს, სულ ცოტა, მასზე აზრი გააჩნდეს, ხოლო vape, იგივე ელექტროსიგარეტი, მართალია, შედარებით მოძველებული ფენომენია, მაგრამ მაინც იმავე ელ-ჟანრს განეკუთვნება (ელ-ვაჭრობა, ელ-წიგნები, ელ-ვალუტა… ელ-დორადოს და ელ-დეპოს გამოკლებით), ჩვენს თანამედროვე ციფრულ ყოფას რომ ქმნის.

რაც უნდა ამ თანამედროვე ყოფის ნაწილი ვიყო, ჯერჯერობით არ მწყინდება იმით აღტაცება, თუ როგორ საინტერესოდ უცნაურ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. ეპოქაში, სადაც ხალხური ზღაპრებისა და ნახევარი საუკუნის წინანდელი სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტები რეალობად იქცევა.

მეორე მხრივ, ეს უცნაურობის განცდა სევდიანი, თუმცა ხანდახან თავშესაქცევი, აბსურდულობის განცდით ღვივდება ხოლმე, როცა საქართველოსა და დანარჩენ განვითარებულ სამყაროს შორის კონტრასტი ზედმეტად თვალსაჩინო ხდება – კონტრასტი, რომელიც არასდროსაა საუკუნის წინ რკინის ფარდის პირქუშ მხარეს მოყოლილთა სასარგებლოდ.

ამ კონტრასტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, მით უმეტეს, რომ, ბოლოდროინდელი მდგრადი განუვითარებლობის ფონზე, სია იმხელა სიჩქარით იზრდება, ძნელია ფეხის აწყობა. მაგრამ ერთ ყველაზე ახალ, ერთი შეხედვით, უწყინარ მაგალითს მაინც მოვიყვან.

6 თებერვალს ფლორიდაში, კენედის კოსმოსური ცენტრიდან, თვითნაბადმა მილიარდერმა, გამომგონებელმა ილონ მასკმა თავისი კომპანიის მიერ შექმნილი, მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ხომალდი გაუშვა კოსმოსში, 7 თებერვალს კი საქართველოს ვიცე-პრემიერმა გამოაცხადა, სახელმწიფომ ელ-ვაჭრობის პლატფორმა უნდა შეუქმნას მოსახლეობას და ადგილობრივ ბიზნესებსო, აი, ისეთი, როგორიც, მაგალითად, ამერიკაში კერძო ბიზნესის გიგანტი წარმომადგენელი Amazon-ია (მამაჩემის თქმით, ქართულ ვერსიას ,,ალაზანი“ უნდა დაერქვას).

მიუხედავად ამისა, ამ უსუსურ კონტრასტებს არ ვაძლევ საშუალებას, არამშობლიური, გლობალური მასშტაბის მოვლენებით ტკბობაში შემიშალოს ხელი. ასეთი კი ზემოთ ხსენებული მასკის დადგმული კოსმოსური დრამა ნამდვილად გამოდგა.

როგორც წესი, ნერვებს მიშლის პოპულარული, ზედაპირულ-რომანტიკული გათვითცნობიერება კოსმოსის საკითხებში, იქნება ეს შეთქმულების თეორიებზე ან YouTube-ის ვიდეოებზე დამყარებული ცოდნა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ თუ სხვა კუსტარული ინფორმაცია უცხო პლანეტებსა და უცხოპლანეტელებზე.

მაგრამ სამხრეთ აფრიკაში დაბადებული, 46 წლის ილონ მასკი ამ ყველაფრის – ზედაპირულობის, კუსტარულობის და არამეცნიერულობის ანტიპოდია – იდეების, მათ შორის, რომანტიკული იდეების, რეალობად მქცეველი. მეტიც, ექსცენტრიკული იმიჯის მიუხედავად, ჯერ კიდევ 2003-ში, მან ჟურნალ Forbes-ს განუცხადა, ჩემზე უფრო არაექსცენტრიკულ ტიპს ცოტას თუ ნახავთო, და ჟურნალმაც სამართლიანად აღნიშნა, 31 წლისანი, ჩვეულებრივ, $200 მილიონს არ იჯიბავენო, და ისიც დააყოლა, რომ თუ მთავრობისგან ნებართვათა მოპოვების დამღლელ გზას წარმატებით გაივლის, მისი Space Exploration Technologies, იგივე SpaceX, მალე მზად იქნება დაბალხარჯიანი რაკეტების გასაშვებადო.

მართლაც, SpaceX-ის დღევანდელი სუპერხომალდის, მოქმედ ხომალდებზე ორჯერ მძლავრი Falcon Heavy-ის მსგავს სისტემაზე დღეს აშშ-ის სახელმწიფოც (NASA) მუშაობს, რომლის გაშვება მას $1 მილიარდი დაუჯდება (თითო აფრენა), Falcon Heavy-ს კი, მასკის მტკიცებით, მხოლოდ $90 მილიონი სჭირდება.

კერძო კომპანიის მიერ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ხომალდის კოსმოსში გაშვება თითქოს საკმარისი ამბავი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი გრანდიოზული საჯაროობისთვის, მაგრამ ექსტრავაგანტული პრომოხრიკებით განთქმულმა მასკმა ეს არ იკმარა, კერძო პირის უპირატესობით ისარგებლა და კოსმოსური დიპლომატიური დრესკოდი ისე დაარღვია, როგორც საკუთარმა გემოვნებამ უკარნახა. შედეგად, 6 თებერვალს SpaceX-ის Falcon Heavy-მ, მარსის მიმართულებით პოპკულტურის სიმბოლოებით დატვირთულმა აიღო გეზი, რითაც ფლორიდას კოსმოსურ ცენტრთან შეკრებილი ათასობით და ინტერნეტთან მოკალათებული მილიონობით მაყურებლის წინ გამართული შოუ კიდევ უფრო ემოციური გახადა.


Credit: The Planetary Society

ეს ემოცია მასკის კოსმოსთან დაკავშირებულმა, ღმერთმა იცის მის გონებაში როდის ჩასახულმა კულტურულმა ასოციაციებმა განსაზღვრა. ხომალდის მთავარი ტვირთი მასკის მეორე ,,შვილის”, ავტომწარმოებელ Tesla-ს ეკოლოგიასთან დამეგობრებული, კვასკვასა წითელი სპორტული ელექტრომობილი, Roadster იყო, რომლითაც, როგორც მასკი ამბობს, ის წლების განმავლობაში სამსახურში დადიოდა. ამბიციური ფერიც შემთხვევით არ შეურჩევა: წითელი პლანეტისკენ ხომალდით წითელი მანქანა გაუშვა. მანქანაში კი ღვედებშეკრული მანეკენი ასტრონავტი ზის, რომელსაც, დევიდ ბოუის 1972 წლის ძალიან კარგი სიმღერის პატივსაცემად, Starman ჰქვია.

საერთოდ, ამ პერიოდის დევიდ ბოუის შემოქმედება კოსმოსური თემატიკით საზრდოობდა და მასკმა მუსიკოსის ეს გატაცება თავისი შოუს საუნდტრეკად აქცია: მანქანაში ბოუის ორი სიმღერაა ჩართული – 1969 წლის Space Oddity, რომლის გამოსვლიდან ათი დღის შემდეგ ამერიკელებმა პირველად გადასვეს ადამიანი მთვარეზე, და 1971-ის Life on Mars? (ეს უკანასკნელი Falcon Heavy-ს აფრენამდელი პრომო-ანიმაციის საუნდტრეკიცაა). თუმცა, ამ მხრივ, მასკი ორიგინალური არ ყოფილა: Space Oddity-ს პირველი შეხება კოსმოსთან კანადელი ასტრონავტის, ქრის ჰედფილდის დამსახურებაა, რომელმაც 2013-ში კოსმოსში ეს სიმღერა თავად შეასრულა.

მუსიკის გარდა, მასკის კულტურულ ალუზიებში ლიტერატურაც მოხვდა, რაც იმით გამოიხატა, რომ მანქანაში სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსის, აიზეკ აზიმოვის სერიები ,,საფუძველი” და დაგლას ადამსის 1979 წლის რომანი ,,ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“ ჩადო.

კოსმოსის ბინადრებს ინგლისური თუ ეცოდინებათ, ამ რომანებთან ერთად წაიკითხავენ მანქანის პანელზე დატანილ ფრაზას “Don’t Panic” და საგანგებო წარწერას ,,დამზადებულია დედამიწაზე ადამიანების მიერ.“

მასკის გემოვნება ზემოთ ტყუილად არ მიხსენებია. ჩემი აზრით, მის მთელ ამ პოპკულტურულ ბუკეტს, რაიმე ფორმით, რეი ბრედბერიც დაამშვენებდა – ,,მარსის ქრონიკების“ (1950) ავტორმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, როცა მოვკვდები, მინდა, ჩემი ფერფლი ქემპბელის ტომატის ქილაში მოათავსონ და მარსისკენ მოისროლონო.

ასეა თუ ისე, Falcon Heavy-ს მხატვრულობა, წესით, სკეპტიკოსებსაც ვერ დატოვებს გულგრილს: მთელი თავისი ანტურაჟით ერთი ემოციური რომანივით ან ფილმივით შეიკრა, გულს და კუჭს შორის ენით აღუწერელ სასიამოვნო ჟრუანტელს რომ გგვრის და ზოგადი, ცოტა ბუნდოვანი მადლიერების შეგრძნებას რომ გიჩენს – მადლიერებას მათდამი, ვის გარეშეც ცხოვრება გაცილებით უფერული და მოსაწყენი იქნებოდა. მათდამი, ვინც რომანტიკას რეალობად აქცევს.

რეალობის მოთხოვნილება კი ,,ოცნების“ და ,,იმედის“ ქვეყანაში ალბათ განსაკუთრებით დიდია. და ზოგადადაც – შრომის, დიდი ძალისხმევისა და საქმის თავდადებული სიყვარულის განსხეულებას ყველაზე ადამიანური აღტაცების გამოწვევა შეუძლია.

მოკლედ, 6 თებერვლის სანახაობა მეტისმეტად შთამბეჭდავი გამოდგა: ადამიანის შექმნილი, აცეცხლებული, ვერტიკალურად აღმართული სუპერმძლავრი კოსმოსური ხომალდი, რომელიც ძალას იკრებს და წარმოუდგენელი სიჩქარით უსასრულო სიღრმეებში მიექანება. ამაზე მეტი სექსი და სიყვარული ამ ეპოქაში რაღა უნდა იყოს?!

ვალენტინობას გილოცავთ. ხომ იცით, ამ თარიღის სიმბოლოს, კუპიდონის მამად კლასიკურ მითოლოგიაში მარსი ითვლება, ომის ღმერთი.

და ბოლოს, ოპტიმიზმისთვის შეგახსენებთ: სად იყო ილონ მასკი, როცა 1977 წელს ამერიკელებმა კოსმოსში, 27 მუსიკალურ კომპოზიციას შორის, ჩვენი პოლიფონიური შედევრი – ,,ჩაკრულო“ რომ გაუშვეს.

ავტორი: ანა მაყაშვილი


რეკომენდებული სტატიები
საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე

საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე

საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე
ელონ მასკის Falcon Heavy-ს კოსმოსში გაშვებამ ბევრ ადამიანს მისცა ინსპირაცია სახუმარო კომენტარებისთვის ფოტო და ვიდეო ფორმატში დასამზადებლად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.