“არ შეერკინო ქართველებს!”
credit: Getty Images
ალბათ ყველამ იცით, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ინგლისში იმყოფება და ინგლისის ნაკრებისავე თხოვნით (ხაზს ვუსვამ), ინგლისის ნაკრებთანვე ატარებს ერთობლივ ვარჯიშებს. ეს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის ინიციატივა იყო.
ბატონი ჯონსი არაერთხელ არის ნამყოფი თბილისში, ძალიან სიმპათიური იაპონიის სარაგბო ნაკრების თავკაცის რანგში და ბორჯღალოსნების მიერ იაპონიის ყველაზე მძლავრი რბევაც მისი მწვრთნელობისას მოხდა – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩვენებმა, ყველასთვის მოულოდნელად, ძალიან დაჩაგრეს იაპონელები, განსაკუთრებით მათი შერკინება, ამას მიწოლა არ ერქვა – ეს, ნამდვილი დაუთოება იყო.
იაპონიის ნაკრების წარმატებებმა ინგლისის რაგბის კავშირის ყურადღება მიიპყრო და კრიზისში მყოფი ინგლისის ნაკრებისათვის გამოცხადებული ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნაც ავსტრალიელი ედი ჯონსის დაქირავებით დაასრულა.
credit: Getty Images
ედი ჯონსმა საქმეს ხელი მთელი სერიოზულობით მოჰკიდა და განაცხადა, ინგლისის ნაკრების მეორე მსოფლიო ჩემპიონობა ჩემი შემოქმედება უნდა იყოსო და საოცარ, ალბათ უპრეცედენტო, კრიზისში მყოფ ინგლისის ნაკრებს მალევე დაატყო თავისი ხელი. ჯერ ექვსი ერის ტურნირი მოიგო, ახლა კი მეორეს მოსაგებად ემზადება.
ჯონსი ყველა დეტალსა და კომპონენტზე ძალიან სერიოზულად მუშაობს. ამიტომ არ არის კმაყოფილი ინგლისის ნაკრების შერკინებით და ალბათ სწორედ გამოსავლის ძებნისას გაახსენდა ქართული შერკინების ძალა და ერთობლივი ვარჯიშების ჩასატარებლად დაგვპატიჟა. რატომ ქენი ესო რომ ჰკითხეს: მაგათზე მაგარი შერკინება არავის ჰყავს და ძლიერთან ვარჯიშზე უკეთესი რა უნდა იყოსო, და ძალიან დიდი, უდიდესი დღე დადგა! ჩვენები ინგლისის ნაკრებთან ერთად სამდღიან შეკრებაზე არიან.
ინგლისური თუ მსოფლიო პრესა გადაჭრელებულია ამ ფაქტის ამსახველი ინფორმაციით. ჩვენებს აქებენ, რას არ წერენ: არ გააბრაზო მხეცი, ნუ შეერკინები ქართველებს, ქართველების საშიში შერკინება, დაბრიცეს ინგლისელების შერკინება და ასე შემდეგ. ამას წერენ თვითონ ინგლისელები! და ჰო, საქართველოს ნაკრების მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ინგლისის რაგბის კავშირი იხდის. დაუკვირდით, თვითონ ინგლისელები იხდიან ფულს, რომ ჩვენ იქ ჩავიდეთ და ერთობლივად ვივარჯიშოთ (!)
თუმცა, ამწუთას ყურადღებას არა ქართველების ინგლისში ყოფნის მნიშვნელობაზე, არამედ საქმისადმი ინგლისელების მიდგომაზე გავამახვილებთ, რაშიც მათი ღიაობა და შეგნება იგულისხმება.
მოდით, ცივ გონებაზე დავფიქრდეთ. ინგლისი არის რაგბის სამშობლო, რაგბი შექმნეს მათ! მათი გუნდი რეიტინგში მეორეა, მსოფლიოს ჩემპიონთა და მუდამ მსოფლიოს უდიდეს გრანდთა შორისაა (მათი ნაკრები საფეხბურთო ნაკრებზე გაცილებით წარმატებულია, სტაბილურად წარმატებული, მსოფლიო რაგბის მუდმივი დომინანტი). აი ამ ხალხმა მოგვმართა ჩვენ (ჰო, სხვათა შორის, ვინც არ იცის, ედი ჯონსის სამშობლო, ავსტრალია, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ინგლისზე კიდევ უფრო დიდი მონსტრია მსოფლიო რაგბიში), ანუ ჯერ გვაღიარეს და მერე გვთხოვეს დახმარება.
ახლა მინდა ყველა დავფიქრდეთ, გავაკეთებდით ამას ჩვენ – ქართველები?! აი რომელიმე მიმართულებით მაინც?
მაგალითად, ავიღოთ სამზარეულო.
ვინც იცით, ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართული სამზარეულო, ინგლისურთან შედარებით, ისეთივე პოზიციაშია, როგორც ინგლისური რაგბი მსოფლიოში, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ინგლისური სამზარეულო, რასაც ჩვენ რაგბიში წარმოვადგენთ, ისიც არ არის, მაგრამ დავუშვათ, რომ საპირწონე მაგალითია.
წარმოიდგინეთ, მოხდა ისე, რომ ვინმე ინგლისელმა აიღო და მაგარი გოზინაყი გააკეთა, ან მაგარი საცივი, ან ბაჟე, ან უმაგრესი ელარჯი ამოწელა, ან საოცარი ხაჭაპური გამოაცხო, ეს მთელმა მსოფლიომ გაიგო, გასინჯა და აღიარა, რომ ვინმე ჯონი ვილკინსონის ხაჭაპური ან გოზინაყი არის საუკეთესო მსოფლიოში. კითხვა! ჩვენ ვაღიარებდით ამას და მივმართავდით ამ კაცს – გვასწავლე ჯონი, ეს რა მაგარი ხარ, ოღონდ შენ ჩამოდი და ყველაფერი ჩვენზე იყოსო?!
ვფიქრობ, რომ ჩვენ გოზინაყის, საცივის, ბაჟეს, ელარჯის ან ხაჭაპურის ოსტატობაში ინგლისელის უპირატესობის აღიარება გაგვიჭირდებოდა, მეტსაც გეტყვით, ეს ჩვენში აგრესიას გამოიწვევდა და შესაბამისად თხოვნით მივმართავდით კი არა, მაგრადაც ვაგინებდით ალბათ.
ეს კი ჩვეულებრივი, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით გამოწვეული კომპლექსია, პატარა ერობის, პატარა კაცობის, უკაცრავად – ხალხობის, და სწორედ ეს კარჩაკეტილობა გვიშლის ხელს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
კი ბატონო, იყო უარყოფითი კომენტარები საზღვარგარეთული ინტერნეტ გამოცემების პოსტებში: ეს ქართველები ვინ არიან? რატომ მიმართეს? რა ჭირს ინგლისის რაგბის ქართველების სასწავლი? რას წარმოადგენენ საერთოდ?! და დასცინეს ედი ჯონსს და მის გუნდს, მოკლედ, ზოგმა იუკადრისა ეს ამბავი და აღშფოთებაც უწმაწურად გამოთქვა.
მაგრამ ვინც პასუხისმგებელია, იმან მიიღო ეს გადაწყვეტილება – იმიტომ რომ საღად მოაზროვნე ლიდერია, პროგრესული მიდგომა აქვს და შეგნებულად ღიაა ცოდნისთვის, თვითონაც და ინგლისის რაგბის კავშირიც. ამიტომ, ისინი აუცილებლად მიიღებენ შედეგს და ყველას, ვინც ინგლისის რაგბის ნაკრების შედეგებით ქილიკობს, ხმას ჩააწყვეტინებენ!
credit: Getty Images
ასეთი მიდგომითაა წარმატებული ჩვენი რაგბიც. (სულ იმას არ ვიხვეწებით ძლიერებთან გვათამაშეთ, გავიზარდოთო?!) მართალია ჯერ გზაში ვართ, მაგრამ სწორი გეზი გვიჭირავს! რაგბიში საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ (ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს ძალიან იშვიათად გამოგვდიოდა) – მივაღწიოთ მდგრად, სტაბილურ წარმატებას და შევინარჩუნოთ ის.
რაგბის მაგალითი უნდა გავრცელდეს სპორტის სხვა სახეობებში და სპორტის მაგალითი უნდა იყოს გადატანილი მთლიანად ქვეყანაზე – წარმატების შექმნის, შენარჩუნებისა და განცდის სისტემა.
მივხედოთ სპორტს, სპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ფიზიკური შეჯიბრი. ძალიან დიდი შანსია, რომ სწორედ სპორტი გახდეს ის “ხსნა,” რაც ჩვენ გვჭირდება.
ჩვენ, ყველამ ინგლისელების მაგალითზე, საზოგადოდ, ყველა მიმართულებით უნდა შევცვალოთ მიდგომა და გავხდეთ შეგნებულები, ვაღიაროთ ჩვენი ნაკლი, გავხსნათ გონება და მივაწვეთ!
ავტორი: ალექს ჩიქოვანი