სად ვჭამოთ მადრიდში
მადრიდში მოგზაურობისას, მაღალი ტემპერატურისგან განსხვავებით, არასდროს შეგაწუხებთ გემრიელი საუზმე, სადილი ან ვახშამი ადგილობრივ კაფეებსა თუ რესტორნებში.
თითქმის ყველგან, სადაც უნდა მოხვდეთ, გემრიელი საჭმელი გელოდებათ. თუმცა, ჩვენ გირჩევთ განსაკუთრებულ ადგილებს, სადაც ინტერიერი, ადგილმდებარეობა და კერძები სრულ ჰარმონიაშია.
L’entrecote Cafe de Paris
Calle Conde de Aranda 11, 28001 Madrid, Spain
ეს ფრანგული რესტორანი, მადრიდის გარდა, არის აგრეთვე პარიზში, ნიუ-იორკში, ჟენევაში და კიდევ რამდენიმე ქალაქში, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის საუკეთესოა.
რესტორანში მხოლოდ ერთი კერძი აქვთ, ანტრეკოტის სტეიკი, საოცარი საიდუმლო რეცეპტით დამზადებული სოუსით და – შემწვარი კარტოფილის (ფრი) გარნირით, ასევე სტარტერი – სალათა პიკანტური სოუსით ახალგამომცხვარ პურთან ერთად.
კერძი რკინის, ქვემოდან ცეცხლშენთებული თეფშით მოაქვთ, რომ ვახშმის ბოლომდე არ გაცივდეს.
ვახშმის ბოლოს გირჩევთ კრეპები შეუკვეთოთ, ნუტელით.
Restaurante Ten Con Ten
Calle de Ayala, 6, 28001 Madrid, Spain
ქალაქის ცენტრში მდებარე ეს რესტორანი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია მადრიდში, ულამაზესი ინტერიერით და უგემრიელესი კერძებით.
“ტენ კონ ტენი” ვარსკვლავების საყვარელი რესტორანია და ხშირად სტუმრობენ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები; აქ შეიძლება შემოგხვდნენ ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, პენელოპა კრუზი, ჰავიერ ბარდემი და მადრიდში ჩამოსული სხვა ცნობილი ადამიანები.
თუ “ტენ კონ ტენში” მიხვალთ სავახშმოდ, გირჩევთ მიირთვათ სალათა “ტენკონტენი”, რომელიც ყველი ბურატასა და მარწყვისგან არის მომზადებული, პენე ტრიუფელის სოუსით და ვაშლის ნამცხვარი, რომელიც განსაკუთრებულად გემრიელია.
Ultramarinos Quintin
Calle Jorge Juan 17, 28001 Madrid, Spain
რესტორანი “კვინტინი”, პირველ რიგში გამოირჩევა ექსტერიერით, ინტერიერით და ულამაზესი ჭურჭლით. გირჩევთ აქ შუადღეს მიხვიდეთ და გემრიელი ლანჩი მიირთვათ.
სტარტერად მოტანილი უგემრიელესი გოგრის წვნიანი ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. გირჩევთ თინუსის სალათის და ბრინჯით შეზავებული ზღვის პროდუქტების გასინჯვას.
Mamá Framboise
Calle de Goya, 5-7
ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა ტკბილეულის მოყვარულთათვის.
აქ დაგხვდებათ ნამცხვრის დიდი ასორტიმენტი, ხელნაკეთი შოკოლადი და ახალგამომცხვარი ფუნთუშები და კრუასანები.
თუმცა, ამ ადგილის მთავარი ღირსება, მათი განსაკუთრებული რეცეპტით მომზადებული ჟოლოს ცივი ჩაია, რაც ამართლებს ამ კაფის სახელს (Framboise – ჟოლო).
Mercado de San Anton და Mercado de San Miguel
Calle de Augusto Figueroa, 24B. Plaza de San Miguel, s/n 28005
მადრიდის ეს ორი, ქალაქის ცენტრში მდებარე ბაზარი გურმანებისთვის გამორჩეული ადგილია. აქ სხვადასხვა კუთხეა მოწყობილი, როგორც მზა საჭმლის და ესპანური ლუდის, ასევე ყველის, ხილისა და ბოსტნეულის.
გირჩევთ ერთი სადილი აუცილებლად ბაზარში მიირთვათ და ესპანური, ტრადიციული ტაპასები გასინჯოთ.
ასევე ძალიან კარგია ახალი თევზეულის კუთხე, სადაც თქვენი არჩევანის მიხედვით მოგიმზადებენ სასურველ კერძს.
ავტორი: ნინი დარჩია