fbpx

შიში და ჰიპსტერობა ბეირუთში


გააზიარე სტატია

რას დაგახვედრებთ ბეირუთი

თუ ავსტრიის ზალცბურგის შოკოლადის სურნელით  გაჟღენთილი  ქუჩები ყელში ამოგივიდათ, მაგრამ მზად არ ხართ ინდოეთის ვარანასის გვამებით მოფენილი სანაპიროსთვის, თქვენთვის ერთ-ერთი შესაფერისი ვარიანტი  სამოგზაუროდ შეიძლება იყოს თბილისიდან 2 საათის საფრენ მანძილზე არსებული უძველესი ქალაქი, ახლო აღმოსავლეთის პარიზად და ლას-ვეგასად მონათლული, ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი.

მოგზაურს ბეირუთი სთავაზობს ყველაფერს, რისთვისაც  მოგზაურობა ღირს: ახალი სამყაროების აღმოჩენას, რისკს, გართობას, თავდავიწყებას, სინამდვილეს.

ბეირუთში ჩასვლის მთავარი მიზეზებია:

  • ხმელთაშუაზღვის სანაპიროს თბილი ჰავა – საშუალო წლიური ტემპერატურით +28 გრადუსი
  • ისტორიული ძეგლები და არქიტექტურა ნებისმიერი გემოვნებისთვის – ანტიკური, შუასაუკუნეების, კათოლიკური თუ ებრაული, ფრანგული კოლონიური ეპოქისა და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები ქალაქის უნიკალურ ხასიათს ქმნის
  • გასტრონომიული სამოთხე – მსოფლიოში ცნობილი ლიბანური სამზარეულო, სხვადასხვა გავლენის ახლოაღმოსავლური ვარიაციებით, უძველესი აღმოსავლური ქუჩის ბაზრები და, რა თქმა უნდა, ბეირუთის ცნობილი ნაყინი
  • ღამის ცხოვრება – ნებისმიერ გემოვნებასა და ჯიბეზე მორგებული კლუბები, კაფეები და პაბები, ბუდა ბარიდან შავბნელ ტექნომდე
  • ქალაქის ატმოსფერო – მსოფლიოში ცოტაა ქალაქი, სადაც ერთმანეთის გვერდით შეიძლება ნახოთ სამოქალაქო ომის დროს დაცხრილული კოლონიური პერიოდის სახლი და თანამედროვე არქიტექტურის სარკისებური ზედაპირები, თაფლის ფიჭების “ბუტიკი” და საუკუნეების წინანდელი ქუჩის ბაზარი. იმის შეგრძნება, რომ ომი რამდენიმე დღის წინ დასრულდა, ბეირუთში ხშირად გაგიჩნდებათ.

(შემდეგი ფოტოსთვის დააწკაპუნეთ ისარზე)

ის, რითაც თბილისი და ბეირუთი ერთმანეთს წააგავს, ულამაზესი სახლების ნანგრევებია, რომელთა შორისაც ტროტუარებზე განთავსებული კაფე-ბარებიდან ხმაური, სპონტანური ფართები და მუსიკა იღვრება ხოლმე. ჰიპსტერი ბავშვები ტუსოვკობენ ქუჩებში, სადაც თავის დროზე ჯვაროსნების, შემდეგ კი ჰეზბოლასა და ისრაელის შეიარაღებული ძალების მებრძოლები დააბიჯებდნენ.

 


ფოტო: ისრაელი ბომბავს ბეირუთს, 1996


ბეირუთი მედიის თვალით

როცა ვინმეს ეუბნებით, რომ ბეირუთის სანახავად მიემგზავრებით, როგორც წესი, ყველას სახეზე დაბნეულობა შეიმჩნევა. ცივილიზებული სამყაროს  მკვიდრი დარწმუნებულია, რომ ბეირუთი ჯერ კიდევ ომის ზონაშია.

ისე აეწყო, რომ მსოფლიო მედიაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში  ბეირუთი მუდმივად არასახარბიელო კუთხით ჩნდებოდა – სამოქალაქო ომი, შეიარაღებული ინტერვენციები ჰეზბოლას, სირიის სამხედრო ფორმირებებისა და ისრაელის მხრიდან, პალესტინელი ლტოლვილების შემოდინება და პერიოდული ტერორისტული აფეთქებები ბეირუთის რეპუტაციას მუდმივად აზარალებდა.

მაგრამ ლიბანის დედაქალაქი ტყვიების ზუზუნშიც რჩებოდა რეგიონის ყველაზე ემანსიპირებულ, კოსმოპოლიტურ სივრცედ (ისრაელის შემდეგ), სადაც უამრავი განსხვავებული ისტორიული თუ კულტურული ხაზი იკვეთებოდა.


მდიდარი სტუმრების ეპოქა

2005 წლისთვის სირიამ ლიბანიდან გაიყვანა საკუთარი სამხედრო შენაერთები, რითაც დასრულდა ქვეყნის ნაწილის 29-წლიანი ოკუპაცია. ქვეყანაში არსებულ გავლენიან ჯგუფებს შორის მიმდინარე შიდა კონფლიქტების მიუხედავად (რომლებიც პერიოდულად სისხლიან ტერაქტებშიც გამოიხატებოდა), ბეირუთის ღამის ცხოვრებამ ახალი ძალებით გაშალა ფრთები. ქალაქი გაივსო სპარსეთის ყურის კონსერვატული რეჟიმების ქვეყნებიდან უიკენდებზე გასართობად ჩამოსული მდიდარი სტუმრებით, რაც ბეირუთისთვის დიდი სტიმული იყო და მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა მისი დასვენებისა და გართობის ხასიათს.

2005-2011 წლებში ბეირუთში “VIP კლუბების”, upscale შიშა ბარების, შანელის, ლუი ვიტონისა და სხვა ცნობილი ბრენდების “ბუტიკების”, ბრწყინვალებაში ჩაკარგული შოპინგ მოლების, საუდის არაბეთის სტუმრების დასახვედრად მომზადებული სუპერმოდელებისა და ასდოლარიანი კოქტეილების ეპოქას სირიის სამოქალაქო ომმა ნელ-ნელა წერტილი დაუსვა.

ჰიპსტერების ხანა

სირიის დედაქალაქი დამასკო ბეირუთიდან სულ რაღაც 110 კილომეტრშია და ბუნებრივია, რომ იქ მიმდინარე ბრუტალურმა კონფლიქტმა ლიბანის დედაქალაქზეც გავლენა იქონია. სირიის ომმა ლიბანს დამატებით მილიონამდე ლტოლვილი შემატა. ქვეყანაში გააქტიურდა “აისისის” ქსელიც და უკვე მერამდენედ, ლიბანის ტერიტორია გადაიქცა მის ფარგლებს გარეთ მომხდარი კონფლიქტის გარჩევის პოლიგონად, სადაც სხვადასხვა სახის საეჭვო შეიარაღებული ფორმირებები თავიანთ საქმეებს მთავრობის დაუკითხავად ხლართავდნენ.

სირიის კონფლიქტს,  ლიბანში “ჰეზბოლას” გავლენაზე პროტესტის ნიშნად, მალევე მოჰყვა საუდის არაბეთის აკრძალვაც ლიბანში მოგზაურობაზე, რამაც ე.წ. Luxury სექტორის ჩამოშლა გამოიწვია. გაქრა პერის ჰილტონის vvvip რეჟიმში მომუშავე ღამის გასართობი დაწესებულებები და ბეირუთის ღამის ცხოვრებამ ნელ-ნელა უარი თქვა ფუფუნების კულტზე და უფრო ადამიანური, ყოველდღიური ფორმები მიიღო.

(შემდეგი ფოტოსთვის დააწკაპუნეთ ისარზე)

მარ მიხაელის ზღვისპირა უბანში, რამდენიმე წლის წინ ბარები თუ კანტიკუნტად იძებნებოდა მაცივრების სახელოსნოებსა თუ საბითუმო მაღაზიებს შორის, დღეს ეს ქუჩები უკვე სავსეა პაბებით. ტროტუარები ბევრ ახალგაზრდას იტევს და საღამოობით აქ ხშირად წააწყდებით ქუჩებში ჩართულ ხმამაღალ მუსიკას, სადაც ხალხი დგას, ხმამაღლა ლაპარაკობს, მუსიკას უსმენს და სიგარეტს ექაჩება.

ბეირუთმა ბოლო წლებში სირიიდან ბევრი განათლებული ადამიანი მიიღო. გაიზარდა ევროპელი და ამერიკელი ახალგაზრდა მოგზაურების რიცხვიც. მაგრამ ქალაქი ჯერ კიდევ რჩება ავთენტიკურ ადგილად, რომელსაც, ბევრი ისტორიული ქალაქისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ არ შეხებია მასობრივი ტურიზმის საფრთხეები. ახლოაღმოსავლური სიჭრელისა და დასავლური ემანსიპირებულობის გარდა, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ბეირუთი დარჩეს ერთ-ერთ მიმზიდველ  ადგილად გაუხმაურებელი სამოგზაურო მარშრუტების სიაში.


რეკომენდებული სტატიები
ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის
პორტუგალია ტურიზმისთვის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია: იქნება ეს არქიტექტურა, გართობა, კლიმატი თუ კულინარიული მრავალფეროვნება, ის ნებისმიერ გემოვნებასა და ბიუჯეტს აკმაყოფილებს
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.