fbpx

კანაფის ლეგალიზაციამ ეკონომიკას შესაძლოა 4 მილიარდამდე ლარი შემატოს


გააზიარე სტატია


რა რეალობა გვაქვს დღეს

მთელი მსოფლიო ნელ-ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად თანხმდება იმაზე, რომ 1971 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ნიქსონის დაწყებული “ნარკოტიკებთან ომი” არაეფექტიანია და უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე.

თითქმის ყველა ქვეყანაში ბოლო 10 წელზე მეტია, ნარკოპოლიტიკა შერბილებისკენ და ლიბერალიზაციისკენ მიდის.

ამ ტენდენციას მიჰყვება საქართველოც – ამჟამად პარლამენტში საკომიტეტო სხდომებზე განხილვის სტადიაშია “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიღების შემთხვევაში ნებისმიერი ნივთიერების მოხმარება და მოხმარების მიზნით გარკვეული დოზის ქონა აღარ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

ასევე უმნიშვნელოვანესი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე პარლამენტის წინააღმდეგ” – სადაც სასამართლომ ნათლად და არაორაზროვნად ჩამოაყალიბა, რომ კანაფის მოხმარება არ შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან იყოს დასჯის პირობა, თუ მომხმარებელი გარშემომყოფებს და მათ ქონებას არ უქმნის მყისიერ საფრთხეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარება ადამიანის თავისუფალი განვითარების კონსტიტუციით დაცული უფლების ნაწილად აღიარა.

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, სტატუს-კვო შეცვალა. ეს უკვე ახალი რეალობაა, რომელშიც უნდა ვიმოქმედოთ,” – განაცხადა შსს მინისტრმა გახარიამ.

სამართლებრივად ეს ნიშნავს შემდეგს: თუ სახელმწიფო აღიარებს, რომ რაღაც ქმედება არის ადამიანის უფლება, მაშინ უნდა არსებობდეს ამ უფლების განხორციელების ლეგალური გზებიც. ამის ყველაზე მარტივი, აპრობირებული და ნაკლებად საზიანო გზა კი კანაფის ლეგალიზაციაა.

ლეგალიზაციის სცენარის ეკონომიკური მხარე

ამ სტატიაში გვსურს ლეგალიზაციის სცენარის ეკონომიკურ მხარეზე ვისაუბროთ.
ამის მაგალითად კი ავიღოთ კოლორადოს შტატი, სადაც კანაფი 2014 წლიდან ლეგალურად იყიდება.

მოსახლეობის რაოდენობით კოლორადო საქართველოზე დიდია
კოლორადო – 5 მლნ 355 ათასი ადამიანი
საქართველო – 3 მლნ 700 ათასი ადამიანი

ახლა კი შეგვიძლია კოლორადოს საგადასახადო რეესტრის მონაცემები მარტივად ავიღოთ და პროპორციულად შევადაროთ საქართველოს მონაცემებს.

კანაფის მომხმარებლების რაოდენობა კოლორადოში – 9,1%, ანუ 485 ათასი ადამიანი.
კანაფის მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში – ჩავთვალოთ, რომ აქაც 9,1%-ია, ანუ 340 ათასი ადამიანი.

1 გრამი კანაფის ფასი კოლორადოში – 10 აშშ დოლარი
1 გრამი კანაფის ფასი საქართველოში – ვთქვათ, 25 ლარი (10 ლარი – რეალური ღირებულება + 15 ლარი – აქციზი, რათა კანაფი არ იყოს ძალიან ხელმისაწვდომი – ზუსტად იგივე პოლიტიკა, რაც სიგარეტზეა).

კოლორადოელი მომხმარებელი საშუალოდ დღეში მოიხმარს 0,9 გრამ კანაფს.
ჩავთვალოთ, რომ საქართველო საშუალოდ ამის ნახევარს – 0,45 გრამს მოიხმარს.

შარშან კოლორადოში გაიყიდა 150 ტონა კანაფი.
ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების მარტივი არითმეტიკით დავითვლით, რომ საქართველოში შეიძლება წელიწადში გაიყიდოს 53 ტონა კანაფი.

თუ ამ წონას ზემოთ მითითებულ ფასში გადავიყვანთ, გამოვა, რომ ლეგალიზაციით მარტო პირველ წელს შეიქმნება და შავი ბაზრიდან ამოვა 1 300 000 000 ლარი – და ეს მარტო ადგილობრივი მომხმარებლების გათვლით.

ტურიზმის ბუმი საქართველოში

2012 წელს, ლეგალიზაციის შემდეგ კოლორადოს შტატშის დედაქალაქში, დენვერში ტურისტების ნაკადის ზრდა შეგიძლიათ ამ გრაფიკზე იხილოთ:

21,9 მილიონი ვიზიტორი 2012 წელს, 31,5 მილიონი 2016-ში.
(უფრო დაწვრილებით დენვერის ტურისტული დინამიკა იხილეთ აქ)

პლუს ამას, ისიც გასათვალისწინებელია, რომ კოლორადოს მეზობელ შტატებში (და, ზოგადად, აშშ-ში) კანაფი საკმაოდ ხელმისაწვდომია. აქედან ვვარაუდობთ, რომ საქართველოში, რომელიც ისედაც მზარდი ტურისტული ლოკაციაა და სამეზობლოში კანაფთან მიმართებაში ყველგან მკაცრადაა სიტუაცია დარეგულირებული, ტურისტული ნაკადის ზრდა კიდევ უფრო მკვეთრი იქნება.

2017 წელს საქართველოში შემოვიდა 7,5 მილიონი ტურისტი (18%-ით მეტი, ვიდრე 2016 წელს).

სავსებით რეალურად გვეჩვენება იმის შესაძლებლობაა, რომ ლეგალიზაციის გამო შემდეგ წელიწადში 4 მილიონი ტურისტით მეტი შემოვიდეს.

თუ დავუშვებთ, რომ ერთი „მწეველი ტურისტი“ შემოვა მინიმუმ 2 დღით და საშუალოდ 3 გრამ კანაფს მოიხმარს, ასეთ რიცხვებს მივიღებთ:

თუ ასევე ვიანგარიშებთ, რომ საცხოვრებელ და საკვებ ხარჯებზე ტურისტები საშუალოდ 400 ლარს დახარჯავენ თითო ვიზიტზე, ეს ქვეყანას კიდევ დამატებით 1 600 000 000 ლარის შემოსავალს მოუტანს.

დასკვნა

კანაფის ლეგალიზაციით და მასთან დაკავშირებული ტურიზმით თუ სხვადასხვა სფეროებით ქვეყნის ეკონომიკას შეემატება დაახლოებით 3 770 000 000 ლარი.

ერთი სამუშაო ადგილის შექმნას საქართველოში სჭირდება საშუალოდ 50 000 ლარის ინვესტიცია. (საქართველოს ეკონომიკა გაყოფილი ოფიციალურად დასაქმებულების რაოდენობაზე)

გამოდის, რომ 3 770 000 000 ლარის ახალი ეკონომიკა შექმნის 75 000 ახალ სამუშაო ადგილს.

ბიუჯეტში კი შევა 1 700 000 000-მდე ლარი. (კანაფის ნაწარმზე 60% აქციზი + 25% სტანდარტული გადასახადები ტურიზმის სფეროდან).

ეს კი ძალიან, ძალიან დიდი თანხაა.
მაგალითისთვის, ამ ფულით შეგვიძლია:

  • საქართველოს 720 000-ვე პენსიონერს პენსია გავუზარდოთ 196 ლარით
  • ან საქართველოს მოსახლეობის ღარიბ ნახევარს (1 850 000 ადამიანი) ყოველთვიურად დავეხმაროთ 76 ლარით
  • ან საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი გავზარდოთ 2,5-ჯერ
  • ან 564 000-ვე მოსწავლეს სასკოლო ვაუჩერი გავუზარდოთ 3014 ლარით (დღეს ეს ვაუჩერი 500 ლარის ფარგლებში მერყეობს)

ის, რომ ამ ფულით ძალიან მარტივად შევძლებთ როგორც სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას, ასევე სკოლებში ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წამახალისებელი კამპანიების დაფინანსებას და ყველა პრობლემური წამალდამოკიდებულის მკურნალობას, ცხადზე ცხადია.

P.S. შსს მინისტრის განცხადებით, “ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების დროში გაწელვა უკურეაქციას იწვევს და დამატებით რისკებს ქმნის”. საინტერესოა, როგორ გადაითარგმნება ეს ცალსახად დადებითი პოზიცია საკანონმდებლო ენაზე.


რეკომენდებული სტატიები
მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა

მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა

მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა
ორგანიზებული დანაშაულის შესახებ სამეცნიერო კვლევის თანახმად, მექსიკის მოსაზღვრე იმ ამერიკულ შტატებში, სადაც სამედიცინო მარიხუანას წარმოება და გაყიდვა ლეგალური გახდა, მძიმე დანაშაულისა და მკვლელობების რიცხვი 13%-ით შემცირდა.
არავის მიწა შუაგულ ევროპაში - ლიბერლენდი

არავის მიწა შუაგულ ევროპაში - ლიბერლენდი

არავის მიწა შუაგულ ევროპაში - ლიბერლენდი
2015 წლის 13 აპრილს მდინარე დუნაიზე არსებული უპატრონო კუნძული ჩეხმა ლიბერტარიანელმა პოლიტიკოსმა მიისაკუთრა და ზედ ახალი დროშა აღმართა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.