fbpx

მარტის საკითხავი


გააზიარე სტატია


მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტს იმ ქვეყნებში კითხულობენ, სადაც უმეტესად ცივა. მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მკითხველების ყველაზე მცირე რაოდენობა ცხოვრობს.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2%, რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. თუმცა, არც საქართველოს მკითხველთა საზოგადოების პროცენტული მაჩვენებელია ძალიან დაბალი და იგივეა, რაც დასავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთში (დაახლოებით 1-1.5%).

ყველა წიგნს თავისი დრო აქვს, მაგალითად, თუ კამიუს “უცხოს” ზაფხულში წაიკითხავთ, უფრო მეტად ისიამოვნებთ და უფრო მეტად იგრძნობთ სიცხეში მთავარი გმირის ემოციებს, ვიდრე ზამთარში. ახლა მარტია და ვფიქრობთ, კითხვისთვის ძალიან კარგი პერიოდია (თუმცა როდისაა ცუდი?). ამიტომ, გთავაზობთ სამ წიგნს, რომლებიც ამ გარდამავალ პერიოდში სასიამოვნო წასაკითხი იქნება.

დინო ბუცატი – “თათრების უდაბნო”

იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, დინო ბუცატის “თათრების უდაბნო” მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად ითვლება. წიგნმა ბევრ თანამედროვე მწერალზე მოახდინა გავლენა.

სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერ ჯოვანი დროგოს უდაბნოს განაპირას მდებარე სასაზღვრო გარნიზონში აგზავნიან. ბასტიანის ციხესიმაგრეში სამხედროები მუდმივ მზადყოფნაში არიან. დღეები დაძაბულ მოლოდინში გადის, რადგან, ადრე თუ გვიან, უდაბნოს მხრიდან მტერი უნდა გამოჩნდეს…

წიგნი 2016 წელს გამომცემლობა “დიოგენემ” გამოსცა და დინო ბუცატის 110 წლისთავს მიუძღვნა. იტალიურიდან კი მადლონა ბოკუჩავამ თარგმნა.

რეიმონდ კარვერი – “რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე”

ამერიკელი მწერალი და პოეტი რეიმონდ კარვერი მოთხრობის ჟანრის ოსტატია. კრებულში, რომელიც პირველად 1981 წელს გამოქვეყნდა, თავს იჩენს კარვერის ყველაზე ტიპური ნიშნები: მინიმალისტური სტილი და ღრმა ქვეტექსტი, რომლის ამოცნობასაც მწერალი მკითხველს ანდობს. კარვერის მოთხრობების პერსონაჟები არიან სასოწარკვეთილი, ცხოვრებისგან გაუბედურებული ადამიანები, რომლებიც ძუნწად გამოხატავენ თავიანთ აზრებს და განცდებს, მაგრამ ეს სიტყვაძუნწობა ძალიან შთამბეჭდავია. რეიმონდ კარვერის თითოეული მოთხრობა ძალიან ღრმააზროვანი ენიგმაა, რომელიც გვაიძულებს გავიაზროთ მარადიული თემები: სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული.

წიგნი 2017 წელს გამომცემლობა “დიოგენემ” გამოსცა, თარგმანი თამარ ლომიძეს ეკუთვნის.

გირჩევთ კითხვა 52-ე გვერდიდან დაიწყოთ, მოთხრობით “აბაზანა”.

მიშელ უელბეკი – “პლატფორმა”

მიშელ უელბეკი – დაუმორჩილებელი, სკანდალური და მარტოსული მწერალი – თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის ყველაზე დიდი ფიგუ­რაა და საკუთარი შემოქმედების გამო მსოფლიო ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. 2002 წელს პარიზის მეჩეთის წინამძღოლმა და ისლამურმა საზოგადოებებმა იგი ისლამოფობიასა და რასიზმში დაადანაშაულეს. მართალია, ბრალდებები არ დაუმტკიცდა, მაგრამ მიშელ უელბეკი მას შემდეგ ესპანეთში ცხოვრობს. ადამიანის, კულტურისა და ბუნების ერთმანეთთან ბრძოლა, სექსი, მარტოობა, ესთეტიკისა და სიყვარულის ძიება თანამედროვე სამყაროში – ეს ის თემებია, რომლებიც უელბეკს აინტერესებს და რაზეც თავის შემოქმედებას აგებს.

“პლატფორმა” მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. მთავარი პერსონაჟი ორმოცი წლის გალოთებული ჩინოსანი, კულტურის სამინისტროს თანამშრომელი მიშელია, რომელიც მამის მიერ მემკვიდრეობით დატოვებულ ქონებას ეპატრონება და ტაილანდში მიემგზავრება, რათა თავი სექსტურიზმით შეიქციოს.

წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. თარგმანი ირმა ტაველიძეს ეკუთვნის.


რეკომენდებული სტატიები
არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან
ხელოვანის წიგნი (Artists' books) შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტის მიერ შექმნილი ნებისმიერი შინაარსის წიგნის ფორმის მქონე ნამუშევარი.
როგორ ვებრძოლოთ სტრესს ხელოვნების დახმარებით

როგორ ვებრძოლოთ სტრესს ხელოვნების დახმარებით

როგორ ვებრძოლოთ სტრესს ხელოვნების დახმარებით
სტრესთან გასამკლავებლად ეფექტურად გამოიყენება შემოქმედებითი ანტისტრესული თერაპია, რომლებიც ადამიანებს ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებაში ეხმარება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.