fbpx

წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან


გააზიარე სტატია

ინტერვიუ-მასლაათი გიორგი ქებურიასა და ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილს შორის.

ქუჩაში სიარულისას სავარაუდოდ ამჩნევთ, რომ გოგოები უტრირებულად წვრილი სათვალით დადიან. სათვალის ფორმა თითქოს 50-იანების “კატის თვალებს” ჩამოჰგავს, მაგრამ უფრო რადიკალურია და მინიმალისტური ხაზი აქვს, ისეთივე პრაგმატული, როგორც ჩვენს ეპოქას შეეფერება. ძალიან წვრილი სათვალე მთავარი ტრენდია ახლა, რომლის ფარგლებშიც გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი მოდელი მსოფლიო ჰიტი გახდა.

მის სათვალეებს ვიტრინებიდან იტაცებენ პარიზში, ლაფაიეტის გალერეაში, ასევე იტაცებენ ინტერნეტმაღაზიების წარმოსახვითი თაროებიდანაც. ყოველდღე მის აქსესუარებს ან ტანსაცმელს რომელიმე ვარსკვლავგოგონა ამზეურებს ინსტაგრამზე.

ამ ყველაფერს ავტორი ოლიმპიური სიმშვიდით ხვდება და მუშაობას აგრძელებს. გადავწყვიტე ქართულ ენაზე მოლაპარაკე მკითხველისთვის შედარებით ახლოს გამეცნო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა დიზაინერი, რომელიც საქართველოს წარმოადგენს. როგორც წესი, მასზე უცხოურ პრესაში უფრო მეტი იწერება.

ქებურია 1-თვიანი დევნის შემდეგ ჩავწერე. ხან არ ეცალა და ძირითადად დაღლილი იყო.

at.ge რა ხდებოდა პარიზში? ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ გადაიდო ამ ვოიაჟის გამო.

გ.ქ. პარიზში იყო ყოველსეზონური შოურუმი. წავედით ტანსაცმლის გასაყიდად. როგორც წესი, ამ შოურუმზე ვნიშნავთ ბაერებთან და სტილისტებთან შეხვედრებს, ვაცნობთ ჩვენს კოლექციებს, შემდეგ ისინი ყიდულობენ ან არ ყიდულობენ. ამ შემთხვევაში შევხვდი Opening Ceremony, Ssense, Need supply, Galeries lafayette და რამდენიმე ცნობილი მაღაზიის წარმომადგენელს.

at.ge საიდან და როდის დაიწყე შექმნა?

გ.ქ. 2010 წელს თბილისის მოდის კვირეულის ნიუქამერების კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. აქედან დაიწყო ყველაფერი. შემდეგ “მატერიაში” ვიმუშავე ორი წელი და ახლა დამოუკიდებლად, საკუთარი ბრენდის ქვეშ ვქმნი ტანსაცმელსაც და აქსესუარებსაც. თუ ვინმე მიცნობს, ალბათ სათვალეებიდან, რადგან „არანორმალიური“ წარმატება მომიტანა (აქ დაახლოებით თიანეთის აქცენტით მაიმუნობს და იკრიჭება).

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი
მაკიაჟი: ანა თოდუა
მოდელი: ლიტუკა თავაძე

 

at.ge პატარა, დამწყებ დიზაინერებს, როგორც წესი, ეშინიათ შაბლონების და წესების დარღვევა. მე მახსოვს შენი ის პირველი კოლექცია და აშკარად საპირისპირო იყო. აბსოლუტური მაიმუნობა და სიგიჟე. როგორ მოგივიდა თავში აზრად ეს და როგორ გაბედე თავზე გადაგევლო ყველასთვის შენი იმ პროვოკაციული ჩვენებით?

გ.ქ. რაც უფრო პატარა და გამოუცდელი ხარ, მით უფრო მეტი ამბიცია გაქვს. მე ვეცადე, ნამუშევრებში რაღაც რისკი ყოფილიყო და ამავე დროს საინტერესოც, ამიტომ გავაკეთე ამდენი &%ეობა. (აქაც მაიმუნობს.)

at.ge შედეგი?

გ.ქ. შედეგი მშვენიერი იყო, რადგან გავიმარჯვე. , ჩემი კოლექცია ორიგინალური აღმოჩნდა საქართველოსთვის და საინტერესო – ჟიურისთვის.
მერე ორი წელი, რვა სეზონი, ვიყავი “მატერიაში”.

at.ge რატომ წამოხვედი?

გ.ქ. უფრო საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის და უფრო მეტი შემეძლო ჩემს ბრენდში გამეკეთებინა, ვიდრე სხვისაში. მეტი თავისუფლება მაქვს, ჩემს თავზე რომ ვმუშაობ და ფინანსურადაც ასე უფრო მომგებიანია. მატერია უფრო მასმარკეტი იყო, მე სხვა მიმართულება მაქვს.

at.ge არ ხარ მასმარკეტი?

გ.ქ. მე ვარ ახალგაზრდა ბრენდი, რომელიც რისკავს, ცდილობს იყოს საინტერესო, ვარ, როგორც იტყვიან, under radar. ახლა უფრო პიარზე ვმუშაობ, ვიდრე გაყიდვებზე. ტანსაცმელს იმიტომ ვაკეთებ, რომ სახელი დავიმკვიდრო და მერე გავიდე ფართო მასებზე. ტანსაცმელი ჯერ ისე კარგად არ მეყიდება, როგორც აქსესუარები.

სტილი: გიორგი ვაზოვსკი
ფოტო: ბექა ჩოკოშვილი
მაკიაჟი: ლუჩია დევეჯიევა
მოდელი: სალომე ახვლედიანი

 

at.ge კი მაგრამ, მე ვნახე, როგორ აცვიათ ვარსკვლავებს შენი ტანსაცმელი, ჯერ მარტო დიდი ლედი გაგა რად ღირს (აქ პირჯვარს ვიწერ)

გ.ქ. კამილა კაბელოს ეცვა კიდევ თუ იცი.

at.ge არა არ ვიცი (

გ.ქ. მოკლედ, ჯერ სახელი უნდა დავიმკვიდრო! 🙂

at.ge რა ვიზუალი შთაგაგონებს? არის ისეთი ფილმები ან რეჟისორები, რომელსაც სულ უყურებ? რა არის შენთვის რაღაცის შექმნის წინაპირობა

გ.ქ. ასე არ ვიცი. გეტყვი როგორ ვმუშაობ:

ჯერ ვიწყებ ძლიერი ლუქების მოფიქრებით, რომლებიც საკვანძო იქნება კოლექციაში, მერე ამას სხვადასხვა ვარიაციით ვზრდი რაოდენობაში, რადგან ჩვენების ფორმატი მოითხოვს. ისე, არავის ეხალისება 30 ლუქისა და ანსამბლის კეთება, უბრალოდ მეტი გზა არაა.

at.ge არქიტექტორებიც ასე არიან, რამდენიმე ძლიერ სექტორს შექმნიან შენობაში და დანარჩენს მას აბამენ.

გ.ქ. ჰო, აი ასე ვართ ჩვენც. მუსიკა უფრო მეხმარება, ვიდრე ფილმები. ფილმებს არ ვუყურებ.

აი ჩემი სამუშაო საუნდტრეკები:

at.ge სერიალებს არ უყურებ?

გ.ქ. არც სერიალებს ვუყურებ.

at.ge საინფორმაციოს?

გ.ქ. საინფორმაცის კი! ლათინოსერიალებსაც ვუყურებდი ბავშვობაში.

at.ge რატომაა ასე წვრილი შენი სათვალე? რას მოუხდა ასეთი ფორმა?

გ.ქ. რას და ტენდენცია წამოვიდა ასეთი. მერე დიდხანს ვფიქრობდი ფორმაზე, 6 თვე ვმუშაობდი სემფლებზე, კოლექციასთან ერთად უნდა მქონოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი მერსედეს-ბენცისთვის. და ისეთი წვრილი გამოვიდა, რომ არ ვიცი, რაღაცაში მაგრად ჩაჯდა და ხალხმა აიტაცა. არადა ზაფხულში გამოვუშვით, არასეზონურ დროს. ძალიან ბევრგან იწერება და ყველგანაა მოხსენიებული, სადაც წლის ტრენდებზეა საუბარი.

at.ge ისეთ ვინმეს თუ ეკეთა, ვისზეც არ ელოდი?

გ.ქ. რიანას არ ველოდი. თან ისეთმა სტილისტმა აურჩია, რომ რა ვიცი.

at.ge როგორ მოხდა ეგ ამბავი?

გ.ქ. რიანას სტილისტმა მოგვთხოვა და ცალკე Dazed and Confused-ის სტილისტმაც. მართლა არ მეგონა. რიანა ძალიან დიდი გავლენაა მოდაში და ბევრ რამეს ნიშნავს ახალგაზრდა დიზაინერისთვის. რიანა, როგორც აღმოჩნდა, დროს უძლებს და სულ უფრო იხვეწება.

at.ge როგორ დგება თქვენი კონტაქტი, შენი და ვარსკვლავების სტილისტების?

გ.ქ. თვითონ მპოულობენ. ან ინსტაგრამზე, ან სხვა პლატფორმებზე. ჩვენთვის, ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, ინსტაგრამი და vogue.com მთავარი სამუშაო პლატფორმებია.

რიანას გარდა ქენდელ ჯენერი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კორტნი კარდაშიანი, ელზა ჰოსკი, სლიქ ვუდსი – ვინც ახლა მახსენდება – ამ ადამიანებს ეცვათ და ეკეთათ ჩემი პროდუქცია.

რიანას გარდა სოლანჟსაც არ ველოდი, რომ ჟურნალის ყდაზე გამოჩნდებოდა ჩემი სათვალით, მით უმეტეს, არც მოუწერიათ, უჩემოდ იშოვეს.

at.ge როგორ ფიქრობ, შენი წარმატების მიზეზი რა გახდა?

გ.ქ. ალბათ სოციალური ქსელები და მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული. ამ კვირეულზე ქართველ დიზაინერებს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდათ მასმედიაში.

at.ge შენი 2017 წლის კოლექციის მიზეზი? რამ გადაგაწყვეტინა, რომ ისევ პანკი გაგეკეთებინა?

გ.ქ. აი ეგ მქონდა თავში. სადღაც 80-იანების ბანკეტში ვიყავი, და ჰოლივუდში, საშინლად რომ ეცვა ყველას, აი იმ პერიოდში. ჩვენებაზე ბერძენი მომღერლის ტრეკი იყო საუნდტრეკი, რომელიც ჩემმა მეგობარმა გიორგი ვაზოვსკიმ აარჩია, ხატვისას კიმ კარნესს ვუსმენდი.

at.ge იმ ტენდენციაზე რას ფიქრობ, ყველა ახალგაზრდა დიზაინერმა გოშა რუბჩინსკი და დემნა გვასალია რომ დააკოპირა?

გ.ქ. ძალიან მარტივი მიზეზია, ჩვენთვის შინაგანად ახლობელი, პოსტსაბჭოთა ესთეტიკაა და რადგან გოშა და დემნა ძალიან წარმატებულები აღმოჩნდნენ, ყველამ კოპირება დაიწყო. ტრენდიცაა, მარტო კოპირება არაა.

at.ge როგორ დაუსხლტი ამ ტრენდს?

გ.ქ. როგორ დავუსხლტი და ბოლომდე ვერ დავუსხლტი, მქონდა მაისურები რაღაც გეი პრინტით, ძალიან პოსტ-სოვიეტ ვიზუალები მქონდა, მერე მივხვდი, რომ მომწყინდა და სხვა სტილზე გადავერთე.

at.ge კი, ძალიან მეინსტრიმი გახდა და გული მერევა, ამდენ ბიდლოსნაირად ჩაცმულს რომ ვუყურებ ქუჩაში.

გ.ქ. მეც ვფიქრობ, რომ დრო მოჭამა და გადავა მოდიდან მალე. თუმცა ქუჩა უფრო დიდი ხნით ინარჩუნებს ტენდენციას, ვიდრე პოდიუმი. პოდიუმზე ბევრად სწრაფად იცვლება ტრენდი.

at.ge რა გადააწყვეტინებს ხალხს, რა უნდა ჩაიცვან?

გ.ქ. აუცილებლად ის “მაგარი ტიპები”, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილები არიან. ისინი არიან ჩვენი შუამავლები. ჯერ დიზაინერი ქმნის, მერე ამ ყველაფერს მისი ახლობელი ხალხი წარმოაჩენს, იცვამს და მერე ტენდენცია უკვე ხალხში გადის.

at.ge მუზა გყავს?

გ.ქ. არა. გაცნობიერებულად – არა.

at.ge ქუჩა რამდენად მოქმედებს შენს შემოქმედებაზე?

გ.ქ. ქუჩა ყველაზე ძლიერი პასუხია იმაზე, რასაც აკეთებ. იცვამს, არ იცვამს,, გლანძღავენ, მოსწონხარ… მე რასაც ვუყურებ, მოსწონთ. ისიც ძალიან მიხარია, რომ “ფეიქი” სათვალეები უკეთიათ ჩემი, ექვსლარიანი. თავიდან გული მისკდებოდა, რომ მთაგავდნენ, მაგრამ მგონი, გულის სიღრმეში მაინც მიხარია.

at.ge თბილისიდან გაქცევა შენც ხომ არ გინდა?

გ.ქ. არა, პირველად არ მინდა გაქცევა. კომფორტულად ვერ ვარ, წარმოების მხრივ. აქ წარმოება არის საშინელება. საქართველოში არაფერია ის, რაც გჭირდება. მაგრამ პლუსებიც არის, თბილისში რომ ხარ, ასეთ უდაბნოში, პრესისთვის ეს ბევრად უფრო საინტერესოა. მე რომ პარიზში დავბადებულიყავი, შეიძლება იქ ყურადღება არავის მოექცია, მაგრამ აქ სულ სხვანაირად მიყურებენ.

ადრე მინდოდა წასვლა, როცა უფრო გამოუცდელი ვიყავი, მეგონა, სადმე რომ წავიდოდი, იქ ყველაფერი ეგრევე თავში დამეცემოდა.

ახლა მგონია, რომ აღორძინება თბილისიდან უნდა დაიწყოს და მეც აქ უნდა ვიყო.

დიზაინერებისთვის და ნებისმიერი სახის ადგილობრივი მწარმოებლისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა შიფინგის არარსებობა. რაიმეს რომ ვყიდით, ვიტყუებით, რომ გაგზავნა ღირს 5 დოლარი, აბა ვინმეს რომ უთხრა, რომ შიფინგი ღირს 50$, გული გაუსკდება და აღარ იყიდის. საქართველოს ფოსტის სერვისს ვერ ვიყენებ, ისევ „არამექსს“, თავისი სიძვირის მიუხედავად, რადგან სწრაფია და უსაფრთხო.

მეორე დიდი პრობლემაა ის, რომ პერსონალი ჭირს. გზადაგზა ვიგონებ რაღაცებს, პერსონალსაც ვასწავლი. არ არსებობს ტექნიკური სასწავლებელი, სადაც ადამიანები ისწავლიან ხელობას და შემდეგ ამით თვითონ იშოვიან ფულს. არც ქსოვილები არსებობს, არც ქსოვილების წარმოება. სათვალეზე აღარაფერს ვამბობ, შეიძლება გავმწარდე და მე გავაკეთო. ახლა ყველაფერს ჩინეთში ვაკეთებ, რაც საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს: სემფლი უნდა ჩამოვიდეს, მერე ნახო, კომენტარები მიწერო, მერე ახალი უნდა ჩამოვიდეს და ა.შ.

თბილისის გარდა პარიზი მიყვარს, რადგან ესაა ჩვენი მთავარი საპრეზენტაციო და გასაყიდი ადგილი. ყველა აქ იყრის თავს, ისინიც კი, ვინც ნიუ-იორკში და ლონდონში მუშაობენ მოდის სფეროში.

at.ge რა არის შენი უახლოესი გეგმები?

გ.ქ. ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, ოღონდ არ ვიცი რა გამოვა, ბოლომდე არ მაქვს მოფიქრებული. ახალ ფერებს გამოვუშვებ, რადგან ეს ფერები მომწყინდა. ახალ ფორმაზე ვმუშაობ, რომელიც ახალ კოლექციასთან ერთად გამოვა, ახალი სათვალე უფრო კუთხოვანი, მაგრამ ისევ ვიწრო დარჩება.

at.ge შენი საყვარელი დიზაინერები ვინ არიან?

გ.ქ. ნიკოლა გესკიერი, ჯეი ვი ანდერსონი, სიმონ ჟაკემუს.

at.ge შენი სათვალე ვის უფრო უხდება?

გ.ქ ვისაც განიერი, ბრტყელი სახე აქვს, იმას, რადგან სათვალის ფორმა უფრო იკვეთება და უფრო ვიწრო ჩანს.

at.ge ცხვირის ოპერაცია ვისაც აქვს გაკეთებული, იმას?

გ.ქ. არ ვიცი, ინდივიდუალურია. ისე, ბევრი ამბობს, რომ არ უხდება, მაგრამ მაინც უნდა.

at.ge ქართველი დიზაინერებიდან ვინ მოგწონს?

გ.ქ. ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. ასე მგონია.

at.ge უფრო კონკრეტულად რომ მითხრა?

არ გეტყვი.

at.ge რას ჭამენ ახალგაზრდა წარმატებული დიზაინერები?

გ.ქ იმავეს, რასაც ყველა.

at.ge ანაკომის სუპებს ჭამ?

გ.ქ კი, ძალიან მიყვარს, ფული როცა მაქვს, მაინც ვჭამ ხოლმე. ძვირიან რესტორნებში არ დავდივარ. მულენ ელექტრიკში ვარ ხშირად.

at.ge სად სვამ? ლოლიტებში?

გ.ქ. კი, ლოლიტა მიყვარს ძალიან.

at.ge Как Лолиту не любить?

გ.ქ Ну да, как её можно не любить!
გარე ვენიუ რომაა, ძალიან მომწონს.

at.ge მოწევა რომ იკრძალება მაგაზე რას იზამ?

გ.ქ გამიჭირდება, მაგრამ შევეგუები, თან ზაფხულში გარეთ ვზივართ ხოლმე სულ.

at.ge ჭამ მულენში და ჭამ ანაკომს, სვამ ლოლიტაში, ტექნოფართებზე დადიხარ “ხიდზე” და “ბასიანზე”? არ მინახიხარ ისე…

გ.ქ. არა არ დავდივარ, ვიღლები და ნერვი არ მაქვს. სხვანაირად ვისვენებ. მართლა ძალიან ბევრს ვმუშაობ.

at.ge როგორია შენი რეჟიმი?

გ.ქ სტუდიაში დილის 10-ზე ვიწყებ და საღამოს 7-ზე ვამთავრებ, მაგრამ ტელეფონით სულ ვმუშაობ.

რეჟიმისა და დისციპლინის გარეშე წარმატების მიღწევა მგონია, რომ შეუძლებელია. ჩემთვის მიუღებელია ისეთი რამ, როგორც, ვთქვათ, გავიღვიძე და ცუდ ხასიათზე ვარ და მორჩა, მე იმ დღეს არ ვიმუშავებ. თუ გსურს, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდე, საკუთარ ხუშტურებზე მაღლა უნდა დადგე. რობოტივით უნდა იყო. მარტო ნიჭი არ ჰყოფნის.

at.ge ვინ არიან შენი ოჯახის წევრები?

გ.ქ. და, დედა და მამა. და ჩემი მენეჯერია და მის გარეშე წარმოუდგენელია ჩემი მუშაობა. დედა ჩემი მიღწევებით ძალიან ამაყობს და აბსოლუტურად ყველაფერს აშეარებს. პირველი ლაიქი ყოველთვის დედისგანაა, ხან ერთსა და იმავეს სამჯერაც აშეარებს, მაგრამ არა უშავს. არადა ჩემი არასოდეს სჯეროდა. ჩემი ოჯახის მხარდაჭერას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოღონდ თავიდან მშობლების მოთხოვნით ბიზნესის მენეჯმენტზე ვსწავლობდი ილიაში, მაგრამ ვინაიდან არანაირი ინტერესი არ მქონდა, წამოვედი და ჩემს თავზე მუშაობა გავაგრძელე. “მატერიაში” ვისწავლე ძალიან ბევრი რამ. კერვა და ხატვაც პრაქტიკაში მოვიდა.

at.ge ქართველ ერს რას ეტყვი

გ.ქ. ძალიან ლამაზები არიან, კარგები, ნიჭიერები, კარგადაც აცვიათ. ალბათ მეტ მუშაობას ვუსურვებდი ყველას, ჩემს თავსაც.

at.ge ახალი სათვალე როდის გამოვა?

გ.ქ. ორ თვეში, შემოდგომა-ზამთრის კოლექციასთან ერთად, რომელიც მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი მაისში.

 


რეკომენდებული სტატიები
ქართული ბლოგები მოდის შესახებ

ქართული ბლოგები მოდის შესახებ

ქართული ბლოგები მოდის შესახებ
ქართული მოდის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება და საინტერესოა ვინ აფასებს ამ პროცესებს, სად შეიძლება საღი მსჯელობის მოსმენა ან როგორ შეიძლება გავიგოთ ადგილობრივი მოდის ინდუსტრიის სიახლეები
ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან

ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან

ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან
აქსესუარები თქვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გოგონასთვის მარგალიტის საყურე, გაგაცნობთ კომპანიებს, რომლებიც საინტერესო ხელნაკეთ სამკაულს ამზადებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.