17 აპრილი – დილიდან
ამერიკელი მსახიობი გლენ ქლოუზი ბილი უაილდერის ლეგენდარული ფილმის, Sunset Boulevard-ის რიმეიქში მთავარ როლს შეასრულებს
აღსანიშნავია, რომ გლენმა ამავე ფილმის თეატრალურ დადგმაში უკვე მიიღო მონაწილეობა. ფილმის ორიგინალ ვერსიაში მთავარ როლს უხმო კინოს ვარსკვლავი, გლორია სვენსონი ასრულებს. მისი მოღვაწეობის პერიოდში უხმო კინო ხმოვანმა კინომ ჩაანაცვლა და ეს მსახიობის კარიერასა და ცხოვრებაზე ტრაგიკულად აისახა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბილი უაილდერმა მთავარ გმირში სწორედ სვენსონის პიროვნება გააცოცხლა. ფილმში მოქმედება 1950-იანი წლების ჰოლივუდში მიმდინარეობს. მუნჯი კინოს ვარსკვლავი, ნორმა დესმონდი საკუთარ პოპულარობაში დარწმუნებულია, მაგრამ მუნჯი კინოს ეპოქა წარსულს ბარდება, მისი შეხედულებები კი დროსაა აცდენილი. ის სანსეტ ბულვარზე, მოსამსახურესთან ერთად ცხოვრობს და გარესამყაროსთან ერთადერთი დამაკავშირებელი სწორედ ის არის. ამასობაში ნორმა დესმონდი სცენარის დასაწერად ქირაობს ჯო გილისს, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე სახიფათო სახეს იღებს.
წყარო: https://www.out.com/
მსახიობი საშა ბარონ კოენი ნეტფლიქსის ახალ სერიალში, The Spy მთავარ როლს შეასრულებს
სერიალის სიუჟეტი 50 წლის წინ მომხდარ რეალურ ამბავს ეფუძნება და ებრაელი ჯაშუშის, ელი კოენის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებს, თუმცა საბოლოოდ მას დამასკოში ჩამოახრჩობენ. ფილმზე რეჟისორი გიდეონ რაფი იმუშავებს.
წყარო: http://variety.com/
ოსკაროსანი ჯოდი ფოსტერი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კინოს უბრუნდება, ის დრიუ პირსის ფილმში, Hotel Artemis ექთნის როლს შეასრულებს
ფილმის სიუჟეტი მომავალში ვითარდება, სადაც მთავარ პერსონაჟს მკვლელობებთან და დანაშაულთან მოუწევს ბრძოლა. Hotel Artemis-ში ფოსტერთან ერთად ვიხილავთ სტერლინგ ბრაუნს და ზაქარი კუინტოს. კინოსურათი ეკრანზე 2018 წლის 20 ივლისს გამოვა.
წყარო: https://www.youtube.com/
ქართული სარეკლამო კომპანია Metro Production საერთაშორისო ბრენდის, Nike-ის რეკლამას გადაიღებს
როგორც “მეტრო ფროდაქშენის” აღმასრულებელი პროდიუსერი სანდრო გაბილაია ამბობს, ნაიკის ახალი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლები 9 ქვეყნის ბაზრისთვის შეიქმნება. ვიდეორგოლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ცნობილ სპორტსმენებსა და საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას ვიხილავთ. “მეტრო ფროდაქშენის” თანამშრომლები რეჟისორთან, დენიელ ვულფთან და დიდ სარეკლამო კომპანიებთან, Somesuch-თან და The Mill-თან ითანამშრომლებენ.
წყარო: https://www.marketer.ge/
კანის 71-ე კინოფესტივალის პარალელურ სექციაში კრიტიკოსების კვირეულის ფარგლებში წარდგენილი ფილმები უკვე ცნობილია
კრიტიკოსების კვირეულზე რეჟისორების მხოლოდ პირველ და მეორე მხატვრულ ნამუშევრებს წარადგენენ ხოლმე. სექციას პოლ დანოს ფილმი “Wildlife” გახსნის, სადაც მთავარ როლებს ქერი მალიგენი და ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებენ. “Wildlife“-ის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა და ის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა.
წყარო: http://variety.com/
ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი “8 წუთი” წარმატებულ საფესტივალო ცხოვრებას აგრძელებს
ამჯერად ფილმი ტოკიოს ფესტივალის შესარჩევ ფილმებში მოხვდა. ტოკიოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი უკვე 19 წელია არსებობს და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია. ფესტივალზე ჯილდო 6 ნომინაციაში გაიცემა. ჯილდოებს ოსკარის კვალიფიკაცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული ფილმები ავტომატურად მიიღებენ ოსკარზე მონაწილეობის უფლებას.
40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ენის დასაცავად ქუჩაში გამოსულმა ახალგაზრდობამ მშვიდობიანი აქციით ხელი შეუშალა საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში გამქრალიყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ
1978 წლის 14 აპრილს შენარჩუნდა ქართული ენის სტატუსი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 14 აპრილს ქართული ენისდღეს აღვნიშნავთ. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ დედაენის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ლიტერატურა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, აგრეთვე ვიზუალური მასალა, სადაც ასახულია ,,დედა ენის’’ პირველი გამოცემის სტრუქტურა. გარდა ამისა, გამოფენილი იქნება ჟურნალების – ,,კვალისა’’ და ,,განათლების‘’ ნომრები, სადაც საუბარია მშობლიური ენის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.ასევე ცნობილი ქართველი პოეტების დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები. გამოფენა გაიხსნა 14 აპრილს და საგამოფენო ექსპონატების ნახვა მსურველებს ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.
წყარო: https://www.facebook.com/
ბერგმანის დრამა სამეფო უბნის თეატრში
17 აპრილს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ ნანი ჩიქვინიძეს, თორნიკე გოგრიჭიანს, ნატუკა კახიძეს, გიორგი შარვაშიძეს და გაგა შიშინაშვილს ინგმარ ბერგმანის დრამაში “მარიონეტების ცხოვრებიდან”. სპექტაკლის რეჟისორი სოფიო ქელბაქიანია.
წყარო: https://www.facebook.com/
რეპერმა კენდრიკ ლამარმა ალბომისთვის DAMN პულიცერის პრემია მიიღო
ჟიურის განმარტებით, მუსიკალური ალბომი აფროამერიკული ცხოვრების სირთულეს ასახავს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ლამარის მუსიკის სიტყვებს და აღნიშნეს, რომ ის ჰიპ-ჰოპის, რეპის, ჯაზის, სოულის, ფანკის და აფროამერიკული რითმების ნაზავია.
წყარო: https://edition.cnn.com/