18 აპრილი – დილიდან
რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის წევრი იქნება
ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ დაადასტურა ფესტივალის დირექტორმა ტიერი ფრემომ. ამ ეტაპზე ჟიურის სხვა წევრების ვინაობა უცნობია, თავმჯდომარე კი ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტია.
წყარო: http://variety.com/
ბაფტას წლევანდელ სატელევიზიო დაჯილდოებაზე სამეფო კარის თამაშებს სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ
სატელევიზიო ბაფტა ამ შემთხვევაში აქცენტს ტექნიკურ მიღწევებზე აკეთებს, სერიალის სახელით ჯილდოს ჰანა მიურეი და ჯონ ბრედლი მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ სერიალის მეცხრე, ფინალური სეზონი 2019 წელს გამოვა. HBO უკვე მუშაობს რამდენიმე პოტენციურ სპინოფზე. დაჯილდოება 22 აპრილს ლონდონში გაიმართება.
წყარო: http://variety.com/
დღეს ქუთაისში თეატრალური კვირეული გაიხსნება
კვირეულის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია დაესწრებიან. თეატრალური კვირეულის ფარგლებში ქუთაისი თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრებს უმასპინძლებს. კვირეულს საგანმანათლებლო დანიშნულებაც ექნება და მასზე დასასწრებად ძირითადად სტუდენტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული. თეატრალური კვირეული 23 აპრილს დაიხურება.
ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა
დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. “სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. აქვს ერთფერდა, კრამიტის გადახურვა, რომელზეც ორი საკვამურია ამოყვანილი. სახლს წინა მხარეს, გრძივი ფასადის მთელ სიგრძეზე ხის სვეტებიანი გადახურული აივანი გასდევს, რომელიც გვერდებიდან გახსნილია. სახლში შესასვლელი აივნიდანაა. ოთახებს ერთმანეთისგან ვიწრო ტალანი ყოფს, რომელთანაც ისინი კარით არიან დაკავშირებული. ოთახები აივნის მხრიდან დატანებული სარკმლებით ნათდება. ორივე ოთახში ბუხარია მოწყობილი. სახლის იატაკი აგურფენილია. შედარებით მცირე ზომის ოთახი ვაჟას მამის – პავლეს აშენებულია. ამავე ოთახში დაიბადა ვაჟაც. აქვე იყო მისი სამუშაო ოთახიც. მეორე უფრო დიდი ზომის ოთახი კი ვაჟას დროსაა აშენებული და მისი ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. სახლის ერთი ნაწილი ვაჟას მამის – პავლეს აშენებულია, მეორე ნაწილი კი თავად ვაჟასი.
ეზოში დგას საბძელ-გომური, თორნე და წისქვილი,“ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ წერილში.
წყარო: https://www.facebook.com/
პედრო ალმოდოვარი პენელოპე კრუზისა და ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით ახალ ფილმს იღებს
Dolor y Gloria – ასე ჰქვია ესპანელი რეჟისორის ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს პენელოპე კრუზი და ანტონიო ბანდერასი შეასრულებენ. მსახიობებს პედროსთან უკვე უმუშავიათ რამდენიმე პროექტზე. ფილმის გადაღებები ივლისში დაიწყება. პენელოპესა და ანტონიოს გარდა ფილმში ვიხილავთ ხულიეტა სერანოსაც, რომელიც აქამდე პედროს რამდენიმე ფილმში უკვე თამაშობდა. ფილმის სიუჟეტი ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა რეჟისორი ამბობს, რომ ისტორია შთაგონებულია მისი ცხოვრების გარკვეული ეტაპებიდან. ფილმი ალმოდოვარის 21-ე კინოსურათი იქნება და შესაძლოა, ის 68 წლის რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარი იყოს.
წყარო: http://variety.com/
ემი შუმერი ახალი როლისთვის ემზადება
მსახიობი რეალურ ამბავზე დაფუძნებულ ფილმში მოკრივე კრისტი მარტინის როლს შეასრულებს. მარტინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გავრცელებულ სტერეოტიპს, თითქოს ამ სპორტში ქალების ადგილი არ არის, წერტილი დაუსვა და მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. სპორტის გარდა ფილმში აქცენტი მარტინის პირად ცხოვრებასა და ტრაგედიაზეც გაკეთდება, როდესაც ქმარმა მისი მოკვლა გადაწყვიტა და ესროლა. ამ ეტაპზე უცნობია როდის გამოვა ფილმი ეკრანზე.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
ლეგენდარული სტივენ სპილბერგი პირველი რეჟისორია, რომლის ფილმების შემოსავალმაც 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ლეგენდარული რეჟისორი სტივენ სპილბერგისთვის წლევანდელი წელი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მისმა ფილმმა The Post ოსკარის ნომინაცია მიიღო, რეჟისორის ბოლო ნამუშევარმა Ready Player One კინოგაქირავებაში $475.1 მილიონზე მეტი დააგროვა. სწორედ ამ უკანასკნელი ფილმის დამსახურებით, სპილბერგი გახდა პირველი რეჟისორი, რომლის ფილმებსაც $10-მილიარდიანი მოგება აქვს. სპილბერგის კომერციულად ყველაზე წარმატებულ ფილმებად E.T.: The Extra-Terrestrial და Jaws მიიჩნევა, რომლებმაც კინოგაქირავებაში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვეს. ათეულში ასევე შედიან “ინდიანა ჯონსი” და “იურული პერიოდის პარკი.”
წყარო: http://ew.com/
გრძელდება ქალთა ფონდისა და მწერალთა სახლის პროექტი “ფემინისტური კითხვა”
18 აპრილს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში პროექტის შემდეგი შეხვედრა გაიმართება დიანა ანფიმიადთან და ნატო ინგოროყვასთან. პროექტის, „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების ხელახალი გააზრება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ლიტერატურულ და აკადემიურ წრეებში იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი, რასაც ჩვენს გარემოში აწყდება ქალი. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო კითხვის მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას და მის ქცევას თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად.
წყარო: https://www.facebook.com/
გენერატორი 9.8 და ნაძალადევის რაიონის მედიათეკა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გთავაზობთ
ინტერაქტიულ შეხვედრას თემაზე – “ხელოვნური ინტელექტი – საშიშროება თუ ნახტომი მომავალში?”
შეხვედრაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, რა სარგებელი ან საფრთხე შეიძლება მოუტანოს მან კაცობრიობას და როგორ შეიძლება შეიცვალოს სამყარო ხელოვნური ინტელექტის განვითარებით. შეხვედრას უმასპინძლებს ჰარვარდის კურსდამთავრებული, სერიული სტარტაპერი – არჩილ ჭეიშვილი.
წყარო: https://www.facebook.com/