კრიპტოვალუტა პორნობიზნესში შევიდა
სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერიუმის (ETH) შემქმნელმა ვიტალიკ ბუტერინმა 2018 წლის დასაწყისში მკაცრად გააკრიტიკა კრიპტოსამყარო. მისი თქმით, ბლოკჩეინზე დაფუძნებულმა დეცენტრალიზებულმა სისტემებმა ჯერ ვერ მოახერხეს ადამიანებისთვის გარემოს შეცვლა და გაუმჯობესება, კრიპტოვალუტების ICO-ების მიზანი მყისიერი გამდიდრება და “ლამბორგინის” ყიდვაა, მაშინ, როდესაც ამ სისტემებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ დღეს და ახლა.
მართლაც, ათასობით შექმნილი კრიპტოვალუტიდან, რეალურ პროდუქტად და მომხმარებელთან მიტანილ სერვისად მხოლოდ ერთეულები თუ იქცნენ.
მეტიც – ციფრულ ფულს ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის ვერ გამოიყენებთ, ერთეული, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
სანამ ამ გამონაკლისებს ჩამოვთვლიდეთ – დღის ამბავი:
უფროსებისთვის განკუთვნილმა, მსოფლიოში სიდიდით პირველმა ვებგვერდმა Pornhub-მა კრიპტოვალუტის მიღება დაიწყო და ამ ამბავს არცთუ უსაფუძვლოდ უწოდეს კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ახალი ამბავი.
2018 წლის 17 აპრილს Pornhub-ის მესვეურებმა განაცხადეს, რომ მათ ვებგვერდზე მომხმარებლებს შეეძლებათ სხვადასხვა სერვისის შეძენა კრიპტოვალუტა Verge-ს გამოყენებით (XVG). ეს ნიშნავს, რომ ეს ვალუტა 4 მილიარდდოლარიან რეალურ ბაზარზე შევიდა (დაახლოებით ამდენი “ღირს” Pornhub). ამ განცხადებამ Verge-ს ფასი საგრძნობლად ასწია – 4 ცენტიდან 7 ცენტამდე.
თუ გადავხედავთ პორნოინდუსტრიის ბოლოდროინდელ ისტორიას, ვნახავთ, რომ ეს სფერო ტექნოლოგიების „early adopter“-ია (პიონერი ამთვისებელი) და სწრაფად ნერგავს ნებისმიერ ტექინოვაციას: მაგალითისთვის ამ სფეროში ვირტუალური რეალობის დანერგვის სისწრაფეც საკმარისია.
თუ აღმოჩნდა, რომ ეს ტრენდი კრიპტოვალუტებზეც გავრცელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შიში, თითქოს ციფრული ფულის ბაზარი ბუშტი იყო, რომელიც ხელებში გაგვისკდებოდა, საერთოდ გაქრება.
მაგრამ, რატომ Vegre?
ერთი მარტივი და პრაგმატული მიზეზის გამო – პორნო ვებგვერდების მომხმარებლებს ანონიმურობის პრობლემა ხშირად აქვთ. ადამიანებს ურჩევნიათ, რომ მათი “ბნელი მხარეების” შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყოს. როდესაც პორნოსაიტზე პრემიუმ კონტენტს პლასტიკური ბარათით ყიდულობთ, თქვენს ამონაწერში ეს ინფორმაცია სამუდამოდ შეინახება, ეს კი შეიძლება სულაც არ გაწყობდეთ. აი Verge კი იმით გამოირჩევა ჩვეულებრივი ფულისა და დანარჩენი კრიპტოვალუტებისგანაც, რომ იგი აბსოლუტური ანონიმურობის გარანტიაა. იყენებს რა Tor და I2P ქსელებს, გარეშე პირისთვის Verge-ის არც გამგზავნის და არც ადრესატის გარკვევაა შესაძლებელი.
ასე რომ, Pornhub-ის სტუმრებს შეუძლიათ გულდამშვიდებულებმა შეიძინონ ესა თუ ის დამატებითი სერვისი.
კარგი, მაგრამ ხარისხიანი პორნოს გარდა, რისი შეძენა შეგვიძლია კრიპტოვალუტით?
მოგზაურობის
ავიაბილეთების ორი სააგენტო – Expedia და CheapAir სიამოვნებით მოგყიდის ბილეთს ციფრული ფულის სანაცვლოდ.
თამაშების
კომპიუტერული თამაშების უდიდესი პლატფორმა Steam თქვენი კრიპტოვალუტის მისაღებად მზადაა, ისევე, როგორც ფლეშ-თამაშების გიგანტი Zynga.
ტექნიკის, ტანსაცმლის, ბიჟუტერიის, ავეჯის და სხვა 1000 წვრილმანის
Newegg, Etsy, Overstock, Bitgear, Shopify, WordPress და ა.შ.
სატელიტური ტელევიზიის
ოღონდ მხოლოდ შეერთებულ შტატებში – Dish.
კრიპტოვალუტას იღებს Microsoft-იც, ოღონდ მხოლოდ X-box-ისთვის და Windos Store-ში თამაშების, ვიდეოების და მსგავსი მულტიმედია კონტენტის შესაძენად. დეპოზიტზე დადებული ბიტკოინები უკან აღარ დაგიბრუნდებათ!
ბიტკოინს შემოწირულობის სახით იღებს ერთადერთი და განუმეორებელი Wikipedia-ც.
მოკლედ, სია სრული არაა და, რაც მთავარია, ექსპონენციალურად იზრდება.
მას მერე, რაც კრიპტოვალუტების ფასები სპეკულაციურობის ელემენტს დაკარგავს და ბიზნესსამყაროში სტაბილურ რეპუტაციას მოიპოვებს, ეს ტექნოლოგიური საოცრება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება – ზუსტად ისევე, როგორც ელექტრონული ფოსტა ან სმარტფონი.