თბილისის უცნობი მუზეუმები
AT.ge წარმოგიდგენთ თბილისში მდებარე რამდენიმე მცირე, მაგრამ უნიკალურ მუზეუმს. ამ დაწესებულებების არსებობა ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი იმის მიუხედავად, რომ ისინი ძალიან საინტერესო ექსპონატებს ინახავენ:
მინერალების მუზეუმი
კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) 27
აქაურობას უფრო მეტად იცნობენ, როგორც ნახევრად ძვირფასი ქვების მაღაზიას, ვიდრე მუზეუმს. გამყიდველი ქალი, რომელიც შეთავსებით მუზეუმის გიდიცაა, ამბობს, რომ ეს კერძო, პატარა კოლექციაც და მუზეუმის იდეაც გეოლოგ როლანდ ჩხეტიანს ეკუთვნის.
ერთ ოთახში განთავსებულ მაღაზია-მუზეუმში დაცულია პალეონტოლოგიური და სხვადასხვა სახის მინერალების ნამარხი ნიმუშები, გაქვავებული ხის, ვულკანური ქანების, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული დამუშავებული და დაუმუშავებელი იშვიათი მინერალების, ქვაზე კვეთილი ხატების ნიმუშები. მუზეუმის თანამშრომლის თქმით, ეს სივრცე 20% კომერციული ობიექტია, 80% კი მუზეუმი.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, 10-დან 19 საათამდე.
შესვლა უფასოა.
ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
დადიანის 28
აქ დაცულია კავკასიური კუსტარული ნამუშევრების მე-19 საუკუნის კოლექციები. მუზეუმის ექსპოზიცია ეკლექტური სტილისაა. ერთმანეთის გვერდიგვერდ გამოფენილი ექსპონატები სხვადასხვა სტილის, მიმდინარეობის და ფაქტურისაა.
ექსპოზიცია მოიცავს XIX-XX სს საქართველოს და კავკასიის ქვეყნების ხალხთა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს, ხის, ლითონის, ძვლის მხატვრულად დამუშავებულ ნიმუშებს (სამკაული, ქამრები, იარაღი, საოჯახო ნივთები), აბრეშუმის, ტყავისა და მაუდის ნაწარმს, კავკასიური ხალიჩების კოლექციას, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ევროპულ და ქართულ ნაციონალურ კოსტიუმებს, გობელენებს, ნაქარგობის ნიმუშებს, მხატვარ-პრიმიტივისტთა ფერწერულ ნამუშევრებს, იაპონურ ლარნაკებს და ა.შ. მუზეუმის გამორჩეულად საინტერესო ექსპონატია მუშტაიდის სასახლის გარე ფასადის მოზაიკა და ფანჯრები.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10-დან – 17 სთ-მდე.
ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 2 ლ, სტუდენტებისათვის – 1 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის – 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის პირები.
ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი
სამღებროს ქ. 6
მუზეუმში დაცულია ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული ავთენტური მუსიკალური საკრავები, ევროპული, მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, არღნების კოლექცია, ასევე ქართული ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფონო-ფოტო მასალა, XX ს-ის დასაწყისში გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ევროპული მუსიკალური საკრავების დარბაზი. მუსიკალური „კარადები“, მექანიკური პიანინო და სხვა საკრავები მწყობრშია და მუზეუმის სტუმრებს საშუალება აქვთ, მოუსმინონ ამ ძველი ინსტრუმენტების ჟღერადობასა და მელოდიებს.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11დან 18 სთ-მდე.
ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სტუდენტებისათვის – 1 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის – 1 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 5 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის პირები.
თბილისის ავტომუზეუმი
ავტომუზეუმის ქ. 1
თბილისში არსებობს ავტომუზეუმის ქუჩა, სადაც მდებარეობს ამიერკავკასიაში ერთადერთი ავტომუზეუმი. მუზეუმი კერძო კოლექციონერის, გიორგი მამულაშვილის პირადი კოლექციის ბაზაზე შეიქმნა. ის ამ კოლექციას 18 წლის განმავლობაში აგროვებდა და ამის შემდეგ გადაწყვიტა მისი საჯაროდ გამოფენა და მუზეუმად გარდაქმნა.
თბილისის ავტომუზეუმში ამ ეტაპზე საბჭოთა კავშირში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან წარმოებული 25 რარიტეტული სატრანსპორტო საშუალებაა წარმოდგენილი.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე – ორშაბათის გარდა, 11:00-დან 18:00 საათამდე.
ბილეთის ფასი: 7 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, 7-დან 17-მდე მოზარდებისთვის – 3 ლარი, უფროსი ასაკის დამთვალიერებლებისთვის – 5 ლარი, უცხოელი ტურისტებისთვის – 10 ლარი.
დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი
ანტონ კათალიკოსის ქ.3
მუზეუმი წარმოადგენს ებრაელთა საქართველოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საცავსა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა შემსწავლელ სამეცნიერო ცენტრს. მუზეუმში დაცულია მრავალი ექსპონატი – არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული, ეპიგრაფიკული, ხელნაწერი, ნაბეჭდი, მხატვრული, არქივები, აუდიო-ვიდეო, ფოტოსურათები და ა.შ.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე – 11.00 – 17.00 საათამდე.
ბილეთის ფასი: 3 ლარი, 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონერებისათვის – 1 ლარი.
მართლმსაჯულების მუზეუმი
ზუბალაშვილის 32
2013 წელს უზენაეს სასამართლოში ფუნქციონირება დაიწყო „მართლმსაჯულების მუზეუმმა“. მუზეუმში ის ნივთები და ატრიბუტებია განთავსებული, რომელიც საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული.
საექსპონატო დარბაზში გამოფენილია ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ისტორიისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამართლის განვითარებაში.
მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულია ისტორიული „N1 დარბაზი“, სადაც იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. თვითმფრინავის გამტაცებელთა, მხედრიონელთა და სხვათა საქმეები.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა – 14:00-დან 17:00 სთ-მდე.
მუზეუმში შესვლა უფასოა.
დათვალიერების მსურველები წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ მუზეუმს ელექტრონული ფოსტით [email protected]