სხვა საქართველო – გიდის რჩევების კვალდაკვალ
საზაფხულო სეზონზე ჩნდება კითხვა, სად შეიძლება წავიდეთ ახალი ადგილების აღმოსაჩენად, სალაშქროდ და სამოგზაუროდ.
გადავწყვიტეთ, რჩევა საინტერესო მარშრუტებისთვის პროფესიონალისთვის გვეკითხა და გთავაზობთ გიდის, ნუცა ცქიმანაურის რეკომენდაციას, რომელიც 6 საინტერესო ადგილს გვირჩევს საქართველოში სამოგზაუროდ.
ტურისტული ადგილების რჩევისთვის როცა მაკითხავენ, არ შემიძლია არ დავიწყო სამხრეთ საქართველოთი. გაგიკვირდებათ და ჩემს სიაში სულაც არ შედის ვარძია, რომელიც ყველაზე პოპოლარული ადგილია ქართველ თუ არაქართველ ტურისტებს შორის. ვარძიის მონახულებისას ყოველთვის განზე რჩება ჭაჭკარი, პატარა სოფელი, რომელიც სამონასტო კომპლექსიდან სულ რაღაც 500 მეტრში, პატარა ხეობაში მდებარეობს.
400 წლის ვაზის გარდა აქ 40-მდე ქვაში ნაკვეთი, სხვადასხვა პერიოდის და ტევადობის საწნახელებია, ასევე ქვით ნაგები ულამაზესი ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები და წმ.გიორგის უძველესი ეკლესიის ნაშთებია საინტერესო ქვაჯვარით. აქვეა ‘მაცივარი’ გამოქვაბული,სადაც ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტს ინახავდა. მისასვლელად ჭაჭკარი მარტივია, სწორი რელიეფის საფეხმავლო ბილიკით უპრობლემოდ მიხვალთ.
ჩემი მომდევნო რეკომენდაციაც სამცხეშია – სოფელი გოგაშენი. გოგაშენამდე მარტივი საფეხმავლო გზა მიდის სოფელ კუმურდოდან. ულამაზესი პანორამული ხედების 6 კილომეტრიანი ბილიკი,რომელიც ვარძიაზე ხედით მთავრდება.
გოგაშენში მესხური დარბაზის უნიკალური ბინებია შემორჩენილი, რომელიც დღესაც გამოიყენება საცხოვრებლად. სამწუხაროდ, X საუკუნის ისტორიულ ტაძარს და სოფელ კუმურდოს დღეს დამთვალიერებელი ნაკლებად სწყალობს, არადა ამ გზაზე, ფასკიის (ზრესკის) ტბასთან არის მეფე ლაშა-გიორგის ხელდებული ქვა, რომელზეც მისი მარჯვენა ხელია ამოკვეთილი, ნიშნად იმისა, რომ ჯავახეთი ოდესღაც საუფლისწულო ტერიტორია იყო.
გირჩევდით ასევე კარწახის ტბის ნახვას, რომელიც გადამფრენი ფრინველების საყვარელი ადგილია. მათი მიგრაციის პერიოდში აქ ხუჭუჭა ვარხვებსა და ვარდისფერ ფლამინგოსაც კი ნახავთ. კარწახის ტბა სასაზღვრო ზოლია და მოგზაურები სპეციალური საშვის გარეშე ტბასთან არ დაიშვებიან. ტბის 60% საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაშია, 40% კი თურქეთის. მისვლით აქაც მარტივად მიხვალთ, ტრანსპორტითაც და საფეხმავლო ბილიკითაც.
ყველას ერთხელ მაინც გაუგია მცირე აბულის მეგალითი (აბულის ციკლოპური ციხე), მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ფარავნის ტბის პირას მეორე, უკეთესად შემონახული შუაბრინჯაოს პერიოდის მეგალითური ციხეა შაორის მთაზე. ვულკანური წარმოშობის აბულ-სამსარის ქედი ბევრ მისტიურ ამბავს, ტბასა და უნიკალურ ფლორას ინახავს. ის, რომ ციხესა და მთას ვახსენებ, ნუ შეგაშინებთ, ეს ტური საშუალო სირთულისად ითვლება.
ისტორიული ძეგლები, შედარებით ხელუხლებელი ბუნება და კარგი კულინარილი გამოცდილების მიღება თუ გსურთ, ურაველის ხეობაში გირჩევთ წასვლას.
ურაველის ხეობაში მოქცეული, მთის კალთებზე შეფენილი ურაველის სამონასტრო კომპლექსი უნიკალურია არამარტო იმით, რომ აქ როგორც ამბობენ, განათლება შოთა რუსთაველს მიუღია, არამედ თითქმის ხელუხლებელი ბუნებით.
აქ ჩანჩქერები, უხვი ტყეები და ალპური მინდვრები ერთმანეთს ცვლის. ურავლის ხეობაში მდებარე სოფ. ზველში ყველის საწარმო ‘მზიანეთში’ ძველი ტექნოლოგიით ამზადებენ ტენილ ყველს, გვერდით სოფელში კი, ლოკოკინების ფერმაა, სადაც ამ ეგზოტიკურ საკვებზე გაზრდილ მოთხოვნას ვეღარ აუდიან. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ საუკეთესო ხარისხის უგემრიელესი ალპური ყვავილების თაფლი.
კულინარიული ტურიზმის მოყვარულებს ბაღდადის რაიონის სოფელ ხანშიც გირჩევდით წასვლას. აქ გარდა იმისა, რომ საუკეთესო ღვინოების გასინჯვაა შესაძლებელი, უნიკალური მეთოდით დამზადებული ყველიც შეგიძლიათ მიირთვათ და ნახოთ, როგორ ინახავენ ყველს. …ქვევრში. თავად ბაღდათში კი შუქრი ნაკაშიძის საინტერესო და მრავალფეროვანი მუზეუმის ნახვაა შესაძლებელი. მის პირად კოლექციაში ინახება 1960 წელს ჩამოსხმული კოკა-კოლა, ძველი სამარკო ღვინოები, პომპეუსის პერიოდის საბრძოლო იარაღები და თუჯის ღუმელიც კი, რომელსაც გიორგი რომანოვი, საქართველოში მოგზაურობისას, ფეხების დასათბუნებლად იყენებდა.
და ბოლოს, ახალციხიდან ბათუმისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ადვილად შეაჩნევთ 10-15 მლნ. წლის წინანდელ განამარხ ტყეებს, რომელიც მოქცეულია ვულკანურ ტუფში. ადრე აქ, ხშირი წვიმისა და სუბტროპიკული ჰავის გამო, მცენარეული საფრი გაუვალ ტყეს ქმნიდა. შორეულ წარსულში კი ვულკანურმა ღვარმა და ფერფლმა გადაფარა ტყეები და დღეს მათი ანაბეჭდის სახით გვაქვა შემონახული ბუნების ძეგლი.
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!