fbpx

ნადირობის ჰუმანური ალტერნატივა


გააზიარე სტატია

 

ამბობენ, რომ ნადირობა ერთგვარი ნარკოტიკივითაა: ველურ ბუნებაში გასვლა, საათობით ჩასაფრება და პოტენციური მსხვერპლის მოლოდინი ჭარბი რაოდენობით ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს, დიდ სიამოვნებას გვრის მონადირეებს და ადამიანში ცხოველურ საწყისს, მონადირების ინსტინქტსაც აკმაყოფილებს. ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გვინახავს ბედნიერებისგან ექსტაზამდე მისული მონადირეების ფოტოები, სადაც ჩანს ბედნიერი, “მხეცზე” გამარჯვებული ადამიანი მის მსხვერპლთან – მკვდარ ცხოველთან ერთად.

ველური ცხოველების ფირზე აღბეჭდვა და ნადირობა მსგავს პროცესებთანაა დაკავშირებული: ორივე მოითხოვს საათობით ცხოველის/ფრინველის ლოდინს, მისთვის “სატყუარას” მოწყობას, დღისა და ღამის სწორი მონაკვეთის შერჩევას, მთელი წელი სეზონის მოლოდინს და სპეციალურ ეკიპირებას.

ნადირობის ჰუმანური ალტერნატივა – ცხოველებისა ფრინველების ფირზე აღბეჭდვა, ფოტოგრაფიის გაჩენასთან ერთად დაინერგა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო პოპულარული გახდა. დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით “ფოტომონადირე” და “ბერდვოჩერი” ასობით კილომეტრს გადის, ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობს, რომ ცხოველებისა და ფრინველების საოცარი სამყარო ფირზე ასახოს.

ეს მიმართულება ბევრგან ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენს ქვეყანასაც ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოს, შესაბამის სეზონებზე, ბევრი ველური ბუნების მოყვარული ფოტოგრაფი სტუმრობს. მათთვის უკვე სპეციალური ტურებია შედგენილი და ადგილობრივი პროფესიონალი გიდების სერვისებიც მუშაობს.

ამჯერად გთავაზობთ ქართველი მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფების გადაღებულ გარეული ცხოველებისა და ფრინველების ფოტოებს, ავტორების კომენტარებით:

თინათინ ჭავჭანიძე: საქართველოს ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, მოყვარული ფოტოგრაფი:

 

ისე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი ოცნება ამისრულდა და აფრიკაში – კენიაში მოვხვდი, ქვეყანაში, სადაც ნადირობა კანონით იკრძალება. ამ კანონის წყალობით კენიაში ტურისტების ნაკადი შეუდარებლად გაიზარდა. აქ, ისე როგორც არსად, ვიგრძენი, რომ ადამიანებმა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში დავკარგეთ ბუნებასთან ერთიანობა. კენიაში ეს შეგრძნება თითქოს გაცოცხლდა და საოცარი ერთობა ვიგრძენი ველურ ბუნებასთან: ლომთან, რომელიც მეფური სიმშვიდით წევს და ზედაც არ გიყურებს. შენ კი ცოტა უხერხულად გრძნობ თავს, მის ტრაპაზს რომ ესწრები, დაუპატიჟებლად. გეპარდთან, რომელიც წევს შუა გზაზე და იძულებულია ადგილი შეიცვალოს, იმიტომ რომ ჯიპით მივადექით და შევაწუხეთ….

დადეთ იარაღი და იყიდეთ ფოტოაპარატები… გაცილებით აზარტული და ამაღელვებელია შორიდან დაინახო, ნელ-ნელა მიეპარო და ეს სილამაზე ფირზე ასახო, ვიდრე მას სიცოცხლე მოუსწრაფო. ვფიქრობ, უიარაღოდ ცხოველებთან ურთიერთობა ბევრად დიდი ვაჟკაცობაა.

 

გიორგი რეჯებეაშვილი – ფოტოგრაფი, გიდი:

საქართველოში ტურიზმის ეს მიმართულება ვერასდროს გაუწევს კონკურენციას კულტურულ თუ საკურორტო მიმართულებებს და მას თავისი, შედარებით ვიწრო წრის მომხმარებელი ჰყავს. ველური ბუნების გადასაღებად ჩვენს ქვეყანას უცხოელები უკვე დიდი ხანია სტუმრობენ. 2013 წლიდან ამ მიმართულებამ უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო და დღემდე იზრდება და ვითარდება. ჩვენი ქვეყანა ძალიან საინტერესოა. აქ ისეთი ფრინველი და ნადირი ბინადრობს, რომლებსაც სხვაგან ვერსად შევხვდებით.

ნადირობას რაც შეეხება, იმის მიუხედავად, რომ პროცესები ერთმანეთს ჰგავს, მაინც მგონია, რომ ეს სხვადასხვა რამაა… თუმცა, მე არასდროს ვყოფილვარ მონადირე და ეს მიმართულება არც არასდროს გამიტაცებს.

 

დაჩი შოშიტაშვილი: ფოტოგრაფი, გიდი:

 

ფრინველების გადაღება – უდიდესი ადრენალინის მომგვრელი რამაა. ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავს ადამიანი და დიდ რისკზეც წავა, ოღონდ ისეთი კადრი გადაიღოს, როგორიც ჩაიფიქრა.

ამ საქმიანობით ბავშობიდან ვარ გატაცებული და ბოლო 3 წელია პროფესიონალურ დონეზე დავიწყე მისი შესწავლა. იმის მიუხედავად, რომ ცოცხალი არსება არასდროს მომიკლავს, მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ფოტოაპარატმა თოფი ჩაანაცვლოს, რადგან ზუსტად ვიცი რასაც ნიშნავს აპარატით „მონადირებული” ფრინველი.

ეს უდიდესი სიამოვნებაა და თუკი ადამიანი ამას ერთხელ მაინც განიცდის, დიდი ალბათობით, მასზე დამოკიდებული გახდება.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.