ირლანდიის ეკონომიკური გაკვეთილები


გააზიარე სტატია


არსებობს მითი, რომ დიდი და “ნაჯერი” ეკონომიკები ძალიან ძნელად იზრდებიან. მაშინ, როდესაც მესამე სამყაროს ქვეყნები ბოლო 3 წლის განმავლობაში სტაბილურად სწრაფად იზრდებოდნენ:

ეთიოპია საშუალოდ – 8.7%,
განა – 8.1%,
კოტ-დ’ივუარი კი საშუალოდ – 8.07%.

მათთან შედარებით ევროზონის ჯამური ეკონომიკის ზრდა კუს ნაბიჯებით მოძრაობას ჰგავს – 2017 წელს ევროკავშირის ეკონომიკა 2,5%-ით გაიზარდა და ამ ზრდას ევროკომისარმა პიერ მოსკოვიცმა “ათწლეულის ყველაზე სწრაფი ზრდა უწოდა”.

მართლაც, ინტუიციურია ის მოსაზრება, რომ დიდი და მდიდარი ეკონომიკები უფრო ნელა უნდა გაიზარდონ, მაგრამ ამ წესს ზემოთ ხსენებულ ევროზონაშიც კი ჰყავს მკაფიო გამონაკლისი.

2017-ში ირლანდიის ეკონომიკა თითქმის დაეწია მესამე სამყაროს “მდუღარე ეკონომიკებს” და მისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7,8% შეადგინა – დანარჩენ ევროპაზე სამჯერ მეტი.

2016-ში ცოტა ნაკლებად გაიზარდნენ ირლანდიელები – 5.2%-ით.

აი 2015-ში კი სულ მთლად დაუჯერებელი ამბავი მოხდა – ირლანდიის ეკონომიკა ერთ წელიწადში 26.3%-ით გაიზარდა! არა, ტაიპო არ გახლავთ, სწორად წაიკითხეთ.

ირლანდიის ამ საოცარ შედეგს, რომ გავამარტივოთ, ორი მიზეზი ჰქონდა.

პირველი: ის, თუ რამდენს გვართმევს მთავრობა, უკუპროპორციულ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად სწრაფად იზრდება ეკონომიკა

თუ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) სტატისტიკას შევხედავთ, ნათლად ჩანს, რომ რაც უფრო მეტ ფულს იღებს მთავრობა გადასახადების სახით ეკონომიკიდან, მით უფრო ნელა იზრდება ეკონომიკა. ირლანდიის ბიუჯეტის წილი კი ეკონომიკასთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელ ევროკავშირში.

ირლანდიის მთავრობა საკუთარი ეკონომიკიდან მხოლოდ 30%-მდე იღებს, მაშინ, როდესაც იგივე ევროკავშირის წევრი დანია საკუთარი ეკონომიკის 50%-ს ხარჯავს მთავრობის ხელით.

(საქართველოში საგადასახადო ტვირთი 33%-მდეა, ანუ თქვენ მიერ ნაშოვნი ყოველი 100 ლარიდან თქვენს ჯიბეში მხოლოდ 67 ლარი ხვდება.)

და მეორე: ირლანდიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოგების გადასახადი აქვს – 12.5%. ამის გამო ევროკავშირში საკუთარი პროდუქციის შეტანის მსურველი კორპორაციები სათაო ოფისებს ირლანდიაში ხსნიან
ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებული და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ზონაა დედამიწაზე. ამ ვალდებულებების დაკმაყოფილებას კი უამრავი რესურსი სჭირდება. ამიტომაც, ევროკავშირში ძალიან მაღალი გადასახადებია.

ამავდროულად, ეს ზონა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარიცაა დედამიწაზე, ამიტომ ამ ბაზარზე მოხვედრა ყველა დიდი კორპორაციის ოცნებაა.

თქვენ რომ „ბოინგის“ ან „ეფლის“ აღმასრულებელი დირექტორი იყოთ და ევროპაში თქვენი კორპორაციის ფილიალის გახსნა გსურდეთ, მარტივად შეძლებდით გენახათ, რომ თუ თქვენი ფილიალი ირლანდიაში იქნება განთავსებული, გადასახადებსაც ირლანდიაში გადაიხდიდით და ევროკავშირის კარიც გაგეღებოდათ. ირლანდიური მოგების გადასახადი კი, როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპაში კი არა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
(საქართველოში მოგების გადასახადი 15%-ს შეადგენს.)

სწორედ ამ უკანასკნელმა ფაქტორმა ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ 2015 წელს ირლანდიის ეკონომიკის ზრდა რეკორდულ მაჩვენებლებზე ავიდა.

ამ წელს რამდენიმე ამერიკულმა კომპანიამ – ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა “Allergan”-მა, უსაფრთხოების სისტემების პროვაიდერმა “Tyco”-მ, სამედიცინო ჰაი-ტეკის მწარმოებელმა “Medtronic”-მა, ისევე როგორც უამრავმა ავიამწარმოებელმა, საკუთარი კომპანიების ევროპული ოფისები ირლანდიაში გადაიტანა.

დანარჩენი ევროპა მძვინვარებდა და ირლანდიაზე ზეწოლას ცდილობდა. შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს ამერიკული კომპანიების ამ მიგრაციაზე რეაგირებისკენ მოუწოდა და ირლანდიის საგადასახადო სისტემას “მზაკვრული ხვრელი” უწოდა.

შედეგად, ირლანდიას ეკონომიკური პოლიტიკა არ შეუცვლია და მას შემდეგ კვლავაც აჩვენებს ევროკავშირზე რამდენიმეჯერ სწრაფ ზრდას საკუთარი კონკურენტული უპირატესობის გამო.

თუ ჩვენს ამ სტატიაში აღწერილი ვარაუდები გამართლდა, ირლანდიის გამოცდილება შეიძლება ჩვენთვისაც საინტერესო გახდეს, მაგრამ ამისთვის ასევე დაგვჭირდება საგარეო უსაფრთხოების, ინსტიტუციონალური რეფორმების და პოლიტიკური თუ ეკონომიკური კურსის სტაბილურობა და შენარჩუნება, საშუალოვადიან პერიოდში მაინც.

თუ ეს ყველაფერი მოვახერხეთ, გასაკვირი არ იქნება, რომელიმე საერთაშორისო კორპორაცია ჩვენთანაც რომ „გადმობარგდეს” Made in Georgia-ს იარლიყის მისაღებად და დაბალი გადასახადებით სარგებლობისთვის.

ა, ჰო, იქამდე კიდევ გადასახადებიც უნდა დავწიოთ – სულ ოდნავ მაინც.


რეკომენდებული სტატიები
არავის მიწა შუაგულ ევროპაში - ლიბერლენდი

არავის მიწა შუაგულ ევროპაში - ლიბერლენდი

არავის მიწა შუაგულ ევროპაში - ლიბერლენდი
2015 წლის 13 აპრილს მდინარე დუნაიზე არსებული უპატრონო კუნძული ჩეხმა ლიბერტარიანელმა პოლიტიკოსმა მიისაკუთრა და ზედ ახალი დროშა აღმართა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.