რა „ვაწარმოეთ საქართველოში“ 2017 წელს
“განსხვავება ცუდ და კარგ ეკონომისტს შორის ისაა, რომ პირველი ითვალისწინებს იმ შედეგებს, რომლებიც ჩანს, ხოლო მეორე იმასაც ითვალისწინებს, რაც ჩანს და იმასაც, რისი განჭვრეტაც აუცილებელია.”
ფრედერიკ ბასტია
პროგრამა სახელად “აწარმოე საქართველოში” 2014 წელს დაიწყო, რომელსაც თავიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მეწარმეობის განვითარების სააგენტო კურირებდა.
2017 წელს კი ამ სააგენტოს ბაზაზე სსიპ “აწარმოე საქართველოში” შეიქმნა და მისი გაცხადებული მიზანი ასეთია: “ქართული საწარმოების მხარდაჭერა მათი მოგების გაზრდისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებისთვის”, ამის მისაღწევად კი სააგენტო ზრუნავს “სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე.”
სააგენტოს რამდენიმე მიმართულება აქვს:
- არსებული საწარმოების გაფართოებისთვის, ხოლო ახალი საწარმოების შექმნისთვის ფინანსური მხარდაჭერა.
- სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება.
- კინოინდუსტრიის განვითარება.
- ექსპორტის ხელშეწყობა და
- სხვადასხვა ტრენინგები თუ ბიზნეს-კონსულტაციები მეწარმეებისთვის.
ამ მიმართულებების ფარგლებში სააგენტო მეწარმეებს ეხმარება ბანკიდან სესხის აღებაში, უფარავს რა მას სესხის პროცენტის დიდ ნაწილს გარკვეული პერიოდით და ასევე სესხის 50%-ის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობს.
2017 წელს სააგენტომ 2200 პროექტი თანა-დააფინანსა 30 მილიონ 95 ათასი ლარით.
ამ პროექტების უდიდესი უმრავლესობა (2109) მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი გახლდათ, ჯამური ინვესტიციით – 15 707 037 ლარი. ამ მიმართულებაში ჭარბობს შემდეგი სახის პროექტები: ავეჯის წარმოება, მეცხოველეობა, ტურიზმი, მეღვინეობა, კვების ობიექტები, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, მექანიზაცია, სამკერვალო.
დანარჩენი თანხა კი ასე გადანაწილდა:
ინდუსტრიული მიმართულება (ახალი საწარმოები ან არსებულების გაფართოება) – 64 პროექტი, ჯამში 12 071 039 ლარი. ძირითადი მიმართულებები – პლასტმასა, საკვები, სამშენებლო მასალები, ტექსტილი, ქიმიური წარმოება, ქაღალდი და ხის გადამუშავება.
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება – 22 რეგიონული სასტუმრო, ჯამში 1679376 ლარი. შეიქმნა სასტუმროების 697 ახალი ნომერი. ყველაზე დიდი სასტუმრო, რომლის თანადამფინანსებელიც “აწარმოე საქართველოში” გახდა, შპს “Gudauri Resort”-ს ეკუთვნის, გუდაურში. ჯამური ინვესტიცია – 23 მილიონი ლარი. ხოლო ყველაზე პატარა სასტუმრო კი შპს “ოაზისის” საკუთრებაა წყალტუბოში. ჯამური ინვესტიცია – 285 536 ლარი.
კინოინდუსტრიის ხელშეწყობა – 5 პროექტი, ჯამში 638188 ლარი.
“გადაიღე საქართველოში” პროექტის ფარგლებში სააგენტომ ნაწილობრივ დააფინანსა შემდეგი ფილმები:
How to sell a war
Daddy’s Girl
Girls on the Sun
SONU KE TITU KI SWEETY
Negative Numbers
28 აპრილს ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “აწარმოე საქართველოში”-ს ბენეფიციარების სამეწარმეო ბაზრობა დაათვალიერა და განაცხადა, რომ “ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რადგან ის ძალიან წარმატებულია”.
იმისათვის, რომ ვცადოთ მაინც ამ პროგრამის წარმატებულობის ხარისხის შეფასება, ცოტა არითმეტიკა დაგვჭირდება:
2014 წლიდან დღემდე, სააგენტოს მუშაობის ფარგლებში, 850 მილიონ ლარამდე ჯამური ინვესტიციის (კერძო ინვესტიცია 770 მილიონი + სააგენტოს თანადაფინანსება 80 მილიონი) 344 პროექტი განხორციელდა.
ამის შედეგად შეიქმნა 14 000 “ახალი” სამუშაო ადგილი.
ანუ, გამოდის, რომ ერთი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა „აწარმოე საქართველოში”-ს თანამონაწილეობით განხორციელებულ პროექტებში, დაახლოებით 61 000 ლარი დაჯდა (850 მლნ/14 000).
ახლა ვნახოთ, რა ჯდება საქართველოში, კერძო სექტორში ერთი სამუშაო ადგილის შექმნა:
დღეს საქართველოს ეკონომიკა 38 მილიარდი ლარია.
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი დაახლოებით 750 000-ია.
გამოდის, რომ კერძო სექტორში 1 სამუშაო ადგილის შექმნა საშუალოდ 51 000 ლარი ჯდება (38 მლრდ/750 000).
როდესაც მთავრობის წარმომადგენლები მათ მიერ ბიუჯეტიდან დახარჯული ფულით სამუშაო ადგილების შექმნაზე საუბრობენ, რატომღაც არავინ ახსენებს იმას, რომ ეს ფული ბიუჯეტში რომ მოხვედრილიყო, ის ჯერ ეკონომიკიდან უნდა ამოეღოთ, გამოერთმიათ უკვე წარმატებული კერძო კომპანიებისთვის.
მარტივად შეგვიძლია დავინახოთ რა მოხდებოდა, „აწარმოე საქართველოში”-ს თანამონაწილეობით განხორციელებულ პროექტებზე დახარჯული 850 მილიონი რომ კერძო სექტორში დარჩენილიყო და ისეთ სფეროებში წასულიყო, სადაც ბუნებრივი მოთხოვნა არსებობს.
თუ ამ თანხას გავყოფთ 1 სამუშაო ადგილის შექმნის საშუალო ფასზე, ამ ფულით ბატონი ქუმსიშვილის მიერ სიამაყით ნათქვამი 14 000 სამუშაო ადგილის ნაცვლად 16 500 სამუშაო ადგილს მივიღებდით.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის მიერ კერძო ბიზნესის სფეროში ჩარევის მცდელობამ 2 500 პოტენციური სამუშაო ადგილი გაანადგურა.
ზოგადად, მთავრობა რომ ცუდი ბიზნეს-მენეჯერია, ამაზე უკვე აღარავინ დავობს, ეს ისტორიული კანონზომიერებაა.
ასევე, არც ისაა გამორიცხული, რომ მთავრობებს, ბიზნეს-სექტორში ჩარევისას რამე ისეთი პროექტი „გაუვარდეთ”, რომელიც წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევს და ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის საძირკველიც კი გახდება, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება.
საბოლოო ჯამში კი ვიღებთ იმ შედეგს, რომ ხელისუფლებები უფრო მიდრეკილები არიან არასწორი ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღებისკენ, ვიდრე სწორისკენ. ეს რომ პრექტიკაში ასე არ იყოს, მთელი მსოფლიო გეგმიურ ეკონომიკაზე იქნებოდა გადასული.
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მთავრობის ბიზნესში ასეთი ფორმით ჩარევით ძალიან უსამართლო რამ ხდება – ხელისუფლება უფრო წარმატებული სფეროებიდან გადასახადების სახით იღებს ფულს და აფინანსებს უფრო წარუმატებელ სფეროებს თუ პროექტებს. ეს კი კრონი-კაპიტალიზმის, ბიზნესების მიერ პროტექციონიზმის მოთხოვნისა და საბიუჯეტო პარაზიტობის საფრთხეს შეიცავს.