გურამ წიბახაშვილის ფოტოამბები
9 მაისს, ჭავჭავაძის 7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის სამი წიგნის პრეზენტაცია, რომლებიც 80-იანი, 90-იანი და 2000-იანი წლების ფოტოამბებს აერთიანებს. წიგნები გამოიცა გამომცემლობა „არტანუჯში“ „თან საკითხავი“ სერიის ფარგლებში. წიგნები გამოსაცემად მოამზადა თამთა გრიგოლიამ. მთავარი რედაქტორია ბუბა კუდავა.
გურამ წიბახაშვილი:
ფოტოგრაფია არის ვიზუალური მეხსიერება. წერას თუ შევადარებთ, ის ალბათ დაახლოებით იგივეა, რაც ჩანაწერი.
დღეს ეს ყველაზე კარგად ჩანს ტელეფონის მაგალითზე. რაღაცის დამახსოვრებას ტვინს კი აღარ ვაძალებთ, უბრალოდ, ფოტოს ვუღებთ და ვიცით, რომ დამახსოვრებულია. სწორედ ამას ემსახურება ფოტოგრაფია წლების განმავლობაში. ვიმახსოვრებთ საკუთარ თუ სხვის ცხოვრებას, გარემოს ჩვენ ირგვლივგარშემო არსებულ გარემოს… მნიშვნელობა არ აქვს, შავ-თეთრია ფოტო თუ ციფრული, მთავარი ისაა, რომ გაქვს ხელსაწყო, რომლითაც რაღაცას იმახსოვრებ.
მართალია, პროფესიით ქიმიკოსი ვარ, თუმცა 80-იანი წლები ჩემი ფოტოგრაფიული საქმიანობის დასაწყისია. პირველი გამოფენა 1985 წელს მქონდა და ვთვლი, რომ სწორედ ამ პერიოდიდან ვარ ფოტოგრაფი (თვითნასწავლი).
თუკი რამდენიმე მიზანმიმართულ თემატიკას არ ჩავთვლი, აქ წარმოდგენილი 80-იანი წლების ფოტოები არის შენ გარშემო არსებულის დოკუმენტაცია. წლების მერე აღმოაჩენ, რომ ვინც შენ გარშემო იყვნენ და შენთან ერთად მოღვაწეობდნენ, დღეს უკვე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რომ მაშინ, როცა მათთან ერთად იყავი, რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. ფოტოგრაფია კი საამისოდ ძალიან კარგი საშუალებაა. ჩემ მიერ გადაღებული 80-იანი წლების ფოტოები სწორედ ამ ნიშნით გამოირჩევა.
80-იანი წლების ბოლოს დავუმეგობრდი მხატვრებსაც (ირაკლი ფარჯიანს, კარლო კაჭარავას, მამუკა ცეცხლაძეს…), რაც ასევე მნიშვნელოვანი სიახლე იყო ჩემთვის. მათთან ურთიერთობამ ბევრი რამ მომცა. ფოტოებში ძალიან ხშირად შეხვდებით ამ პერსონაჟებს. ცხოვრების რაღაც ნაწილს სწორედ მათთან ერთად ვატარებდი და კადრშიც აღვბეჭდავდი ხოლმე. მერე აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მარტო ჩემთვის კი არ არის მნიშვნელოვანი, თურმე ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ ცხოვრობდნენ მაშინ დამწყები ხელოვანები, როგორ იწყებდნენ კარიერას. ბევრი რამ, რასაც ისინი ქმნიდნენ, დაიკარგა და მხოლოდ ფოტოებზეა შემორჩენილი.
80-იან წლებში, როცა „ულისეს“ სერიას ვაკეთებდი, ჯოისსთან შემხვდა ასეთი ტექსტი: „ახალი დროება მოდის, მერიე, აი, ნახავ“ – ასე ეუბნება ერთი პერსონაჟი მეორეს. ამ ტექსტს შევუსაბამე ერთი ფოტო, სადაც ჩემი ცოლი ზის თავზე ხელებშემოდებული. რეალურად, 80-იანი წლების ბოლოს იგრძნობოდა, რომ არსებული რეჟიმი დაიშლებოდა და ახალი დროება მოვიდოდა. მართალია, არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა ის, მაგრამ ყველა ელოდა. არ ვიცოდით, ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა ცვლილებები, თუმცა ძველ დროებაში ყოფნა აღარავის უნდოდა, აუტანელი იყო.
მოვიდა 90-იანები, მართალია ტკივილნარევი, მაგრამ ამის გარეშე ხომ იშვიათად იწყება რაიმე ახალი. ამ პერიოდის ფოტოებში აშკარად იგრძნობა გარდამავალი ხანაპერიოდი, როგორ დაიმსხვრა ყველაფერი, როგორ ცდილობდნენ ადამიანები ამ ნამსხვრევებს გადარჩენოდნენ და ეძებდნენ ძალას, რომ სიცოცხლე და სიყვარული შეენარჩუნებინათ, რათა გარდამავალი პერიოდის გავლის შემდეგ ეგრძნოთ, რომ ამ ყველაფერმა მათ ზურგზე გადაიარა. 90-იანი წლების ფოტოები სწორედ ამ ნიშნებით ხასიათდება, აქ ჩანს ეს „ნამსხვრევები“ და გაუსაძლისი მდგომარეობა.
ჩემ მიერ გადაღებულ 90-იანი წლების ფოტოებს ერთგვარი მეხსიერების ფუნქცია აქვთ. ამ პერიოდმა რომ ჩაიარა და უფოტოებოდ, ზეპირად ვიხსენებდი 90-იანებს, მახსოვდა, რომ საქმე კარგად არ იყო, თუმცა კონკრეტულ დეტალებს ვერ ვიხსენებდი. მერე, ფოტოებს რომ დავხედე, მივხვდი, რომ საქმე გაცილებით უარესად იყო, ვიდრე ახლა გვახსოვს. კიდევ კარგი, რომ ადამიანს შეუძლია დაივიწყოს ცუდი მოვლენები ან ისე „მოუქლიბოს“ მათ წახნაგები, რომ ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეული აღარ იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე. ფოტო კი სხვა რამეა, იქ ყველა დეტალი იმაზე უფრო ნათლად ჩანს, ვიდრე ეს ადამიანს ამახსოვრდება.
წინა პერიოდებისაგან განსხვავებით, 2000-იანების ფოტოგრაფია გაფერადდა. საბჭოთა ტექნოლოგია არ იძლეოდა კარგი ხარისხის ფერადი ფოტოების მიღების შესაძლებლობას. ამიტომ ფერად ფოტოგრაფიას ის ადამიანები მიმართავდნენ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა დასავლურ პროდუქციაზე („kodak“, „ilford“, „agfa“), თუმცა სოციალისტური სახელმწიფოებიც აწარმოებდნენ, მაგალითად, „გდრ-ს“ ჰქონდა „orwo“-ს ფირმის ფერადი პროდუქცია.
ჩემთვის ფერადი ფოტოგრაფია მას შემდეგ დაიწყო, რაც შემოვიდა ციფრული ფოტოგრაფია, სადაც შავ-თეთრის არჩევანი უკვე რეალობიდან გაქცევას ნიშნავს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, დროც გაფერადდა: სინათლე აინთო ქვეყანაში. ფოტოგრაფიაც ხომ სწორედ „შუქით წერას“ ნიშნავს და ეს შუქი ფოტოგრაფებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ მილენიუმის შემდგომი, ანუ 2000-იანი წლების ფოტოგრაფია წინა პერიოდისაგან განსხვავდება ფორმით, ფერით, ხასიათით, ბუნებით… 80-იანი და 90-იანი წლების ფოტოები შავ-თეთრი და გაცილებით ცუდი ხარისხის იყო, რადგან საბჭოთა ფირზე კეთდებოდა. ჰქონდა უამრავი ხარვეზი, თუმცა ხშირად ეს ხარვეზები ხაზს უსვამდა იმ პერიოდის ყოფას, უფრო მეტად დოკუმენტურსა და დრამატულს ხდიდა იმ სიტუაციას.
2000-იანებში კი ფერმა ყველაფერი შეცვალა, უფრო ნათლად დაგვანახა რეალობა, თხრობაც სხვანაირი გახდა. ერთი სიტყვით, ჩვენ გარშემო არსებული სამყარო შეცვალა. უცხო თვალმა შეიძლება ვერც კი დაიჯეროს, რომ ეს ფოტოები (80-იანების, 90-იანებისა და 2000-იანების) ერთ ქვეყანაში და ასე ახლო პერიოდშია გადაღებული.