ბრილიანტად ქცეული არქიტექტორი – ლუის ბარაგანი


გააზიარე სტატია

Pritzker Prize-ს მფლობელი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტორი, მოდერნიზმის ფუძემდებელი ლუის ბარაგანი 1902 წელს მექსიკაში დაიბადა. მისი მრავალი არქიტექტურული პროექტიდან, როგორებიცაა: ბარაგანის სახლი,  Chapel of the Capuchinas, the Torres de Satélite, “Los Clubes” , გილარდის სახლი და სხვა, ყველა მექსიკაში მდებარეობს.

ლუის ბარაგანმა ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა, 1925 წელს კი 2 წლით   ევროპაში გაემგზავრა სამოგზაუროდ, სადაც მიიღო უდიდესი ინსპირაცია მუსულმანური კულტურისგან და ხმელთაშუა ზღვის  სანაპიროებიდან, რამაც მისი, როგორც არქიტექტორის ჩამოყალიბება განაპირობა.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო სივრცე თავისუფალი იყოს აგრესიისგან. ჩემი ყველა ნამუშევარი შედგება მარტივი ფორმებისგან და სწორი კუთხეებისგან. მუშაობის დროს ჩემს გონებაში ყოველთვის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებია, ასევე მათი გადაკვეთის წერტილები და კუთხეები. ალბათ ამით აიხსნება გეომეტრია ჩემს ნამუშევრებში”.

ბარაგანის არქიტექტურაში ბეტონის მკვეთრი ფერის კედლები, ღია სახურავები, შადრევნები და მწვანე ბაღები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

როგორ იქცა ლუის ბარაგანი ბრილიანტად

1995 წელს ავეჯის მწარმოებელი კომპანიის, “ვიტრას” მფლობელმა როლფ ფელბაუმმა, თავის საცოლეს, ფედერიკა ზანკოს ლუის ბარაგანის არქივი აჩუქა, რომელიც 13 500 ნახატს, 75 000 ფოტო პრინტს, 7 800 სლაიდს, 200 პუბლიკაციას ბარაგანის შესახებ, 7 არქიტექტურულ მოდელს, რამდენიმე ხელნაწერს, ჩანაწერს და ასევე ავეჯის და სხვა ობიექტების ჩანახატებს მოიცავდა. რამდენიმე წლის შემდეგ ზანკომ შვეიცარიაში ლუის ბარაგანის სახელობის ფონდი დააარსა, სადაც მკვლევარებს და ხელოვნებათმცოდნეებს ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდათ, რასაც მრავალი საპროტესტო განცხადება თუ გამოსვლა მოჰყვა.

2016 წელს ამერიკელმა ხელოვანმა ჯილ მაგიდმა ბარაგანის საფლავის გათხრის ნებართვა მოიპოვა, შემდეგ კი მისი ფერფლისგან ორკარატიანი ბრილიანტი დაამზადებინა. ბრილიანტის ბეჭედი კი ზანოს შესთავაზა არქივის სანაცვლოდ, რათა ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონოდათ ბარაგანის ნაშრომებს გასცნობოდნენ.

ჯილ მაგიდის  არტ პროექტი A Letter Always Arrives at its Destination, (“წერილი ყოველთვის მიდის დანიშნულების ადგილზე”), ლუის ბარაგანის ბრილიანტად ქცევა, სახელოვნებო პერფორმანსად აღიარეს.

ისმის კითხვა: როდესაც ჩვენ განვიხილავთ ეთიკის ნორმებს ადამიანის ფერფლის ბრილიანტად გადაქცევისას, ხომ არ ვკარგავთ ამასობაში რამე უფრო ძვირფასს?

2016 წელს მექსიკელმა არქიტექტორებმა ტრამპის აბსურდული „ანტიემიგრაციული ღობის“ ინიციატივის საპასუხოდ მექსიკის საზღვარზე შექმნეს პროექტი (რენდერი) – ვარდისფერი ბეტონის უზარმაზარი კედელი, რომელიც ლუის ბარაგანისგან იყო შთაგონებული.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.