თავისუფლების ექსტაზი


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი მაჭავარიანი
ავტორი: დათო კოროშინაძე

მძიმე და დრამატული მოვლენების შემდეგ, რომლებმაც 12 მაისს უახლესი ისტორია შეგვახსენა, მოვლენებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ პარასკევ ღამით კლუბური გართობისთვის მომზადებული ხალხი პირდაპირ აქციაზე აღმოჩნდა. ალბათ, ერთი შეხედვითაც საკმარისია იმის წარმოდგენა, თუ რა რაოდენობით ენერგია და ექსტაზი დაგროვდა რუსთაველის გამზირზე. ამის საპირწონედ ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება სასაცილო აქტს წარმოადგენს.

მოდით კარგად დავაკვირდეთ, რა მოხდა. ის, რომ სერიოზული ეკონომიკური და კულტურული პრობლემების წინაშე ვდგავართ, ახალი ამბავი არ არის, თუმცა არც კორუფცია და მაღალჩინოსნების გარყვნილება წარმოადგენს ახალ ამბავს. გარყვნილების უამრავი ფორმა არსებობს. მათგან, ყველაზე მაღალი რანგის (როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ხედვიდან) სახელმწიფო რესურსების ფლანგვაა, კეთილდღეობის და თავისუფლების ხატების წაბილწვა. ამის საწინააღმდეგოდ სახეზეა ეროვნული გარყვნილება, რაც ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკიდურესად პროფანიზებული და პორნოგრაფიული სახით წარმოდგენას გულისხმობს. საზოგადოებრივი აზრის ეროვნულ ღირებულებებში გაერთიანების ყოველი ახალი მცდელობა სულ უფრო მეტად ვულგარული, დეგრადირებული და კომიკური პოლიტიკის შემსწრეებს გვხდის. აქედან მომდინარეობს პოლიტიკური იმპოტენცია. საკმარისია დააკვირდეთ პოლიტიკური განცხადებების უკან მდგომ პირებს, რომ მათი ისტორიული (და ისტერიული) იმპოტენციის მეტს ვერაფერს ამოიკითხავთ. მათ სრულიად დაკარგული აქვთ ძალა და მნიშვნელობა, რადგან საზოგადოების რეაქცია უფრო და უფრო მეტი ეგზალტაციაა, რაც ავტომატურად კიდევ უფრო მეტ გარყვნილებაში იზრდება, ეროვნული დისკურსის პორნოგრაფიულ სტადიაში. ასეთ დროს პოლიტიკური ძალებისთვის გადაუდებლად საჭირო ხდება აგრესია და ძალადობა, მისი დემონსტრაცია და პერფორმანსი, რათა საკუთარი იდეოლოგიური იმპოტენცია დაფარონ.

სწორედ ამ პოლიტიკური პერფორმანსის მხილებამ გამოამჟღავნა პოლიტიკური იმპოტენციის მწვავე კერები. სპეცოპერაციაზე ბოდიშიც ორნაირად შეიძლება გავიგოთ, ერთი, რომ ეს არის ბოდიში ძალადობაზე, მეორე, რომ ეს არის ბოდიში მთელი ძალოვანი სტრუქტურების იმპოტენციაზე.

პოლიტიკური იმპოტენციის ნიშნები, კარგად ჩანს ღამის ეკონომიკის შესახებ გაკეთებულ განცხადებებშიც. პოლიტიკური სპექტრისთვის ღამის ეკონომიკა გარკვეულ ტერიტორიებზე მიმდინარე, გასაიდუმლოებულ და დაფარულ პროცესებს ნიშნავს. დღეს ტერიტორია ქრება და ის სივრცეში ინაცვლებს, რამდენადაც ხილულ სახეს იძენს რუსთაველის გამზირზე. აქამდე ენერგიის გამოთავისუფლება მხოლოდ ჩაკეტილ პირობებში იყო შესაძლებელი, დღეიდან მისი გაგება იცვლება, ის სივრცედ გადაიქცა და ქალაქის მთელი ცენტრალური ნაწილი დაიკავა.

რის ეშინია ხალხს? ალბათ პირველ რიგში, საკუთარი დაფარული გარყვნილების გაცხადების, ისევე, როგორც პოლიტიკურ ალიანსს – საკუთარი იმპოტენციის გამომჟღავნების. იმის, რომ ეროვნული ღირებულებების შემლახავი და წამბილწავი თავად არის უმრავლესობა. ამაზე საუბრობდა ილია ლუარსაბ თათქარიძის სახით, ამაზე საუბრობდა მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნებში“, ამაზე საუბრობდნენ ნიკოლო მიწიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები. მაშინ, როდესაც უმრავლესობა გარკვეული ჯგუფის გარყვნილ სახეს ხედავს, ის არსებითად, მხოლოდ საკუთარ სარკეს უყურებს, რომელშიც იდენტობა დაკარგულს და კასტრირებულს თათქარიძის მსგავსად სიამოვნების ოხშივარი ასდის, რომელშიც ჯაყოს მსგავსად თვითგადარჩენის ერთადერთი გზა უმისამართო ძალადობაა ყველასა და ყველაფერზე!

 

რის ეშინია პოლიტიკურ ალიანსს? მისი უდიდესი შიში – პოლიტიკური იმპოტენცია, გამჟღავნებულია. მეორე შიში ეროვნული გაგების სრული დეგრადაცია და განადგურებაა. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს შეექმნა კეთილდღეობის მატერიალური ხატი, იმის ნაცვლად, რომ მას ხელი შეეწყო ეროვნული იდენტობის ევროპული საზრისის შექმნისთვის, იმის ნაცვლად, რომ მას განათლებაზე, დამოუკიდებელი ადამიანების გაჩენაზე, საზოგადოებრივ თავისუფლებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე ეზრუნა, ეროვნული რესურსების და ისტორიის გაფლანგვა არჩია. სწორედ ამის გამო, ძალიან მალე ეროვნული ლოზუნგები ისეთ აგრესიულ, კომიკურ და ვულგარულ ფორმებს მიიღებენ, როგორც ეს ფსევდო-ფაშისტური ჯგუფების სახით ვლინდება. ეს მოძრაობა შეუქცევადია, ისევე, როგორც ეროვნული ღირებულებების გაყალბება, ისტორიის განადგურება და იდენტობის კარგვა.

რუსთაველის გამზირზე კი ერთი დიდი შავი ლაქა რჩება, რომელიც მთელი საზოგადოების პასიურობის და გარყვნილების ხელწერაა. ის, რომ ახალგაზრდა თაობები ამ ლაქაზე ცეკვავენ, ის, რომ ისინი საკუთარ წარსულს კარნავალურ, ექსტაზურ საბურველში ხვევენ, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს ბუნებაში არსებული ყველა ცხოველის კანონია, იზეიმოს საკუთარ მკვდრებზე, იზეიმოს მათი ყოველი მცდელობა, მარცხი და გამარჯვება. ეს ფორმა მხოლოდ პატივის მიგებაა წარსულის გაქრობისადმი და თუ დღეს კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი, რომ ჩვენი წარსულისგან გავთავისუფლდეთ, მოვიშოროთ ის გვამი, რომელიც ერთი საუკუნეა ყველანაირ სასიცოცხლო პროცესს ანადგურებს, ამაში ცუდი არაფერია. საკითხავია, რა ხდება მას შემდეგ, როდესაც ჩვენი ენერგიაც გამოთავისუფლდება და პოლიტიკური ეპატაჟიც სრულად დაიცლება საზრისისგან, ან მას შემდეგ, რაც ერთხელ და საბოლოოდ მხილდება უმრავლესობა საკუთარ გარყვნილ და ზღვარგადასულ თამაშში, ან მას შემდეგ, რაც ეროვნულ გვამთან ნეკროფილიას ფარდა აეხდება. რას ხდება მას შემდეგ, რაც ვიგებთ, რომ ქვეყნის პოლიტიკური მამები, სასაცილო იმპოტენტები არიან? რა ხდება მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ საზრისს და ეროვნულობას მოკლებული თავისუფლების წინაშე ვდგებით?

მანამდე კი, ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ საკითხში შეცდა. საჭირო არ იყო ნარკოტიკული ექსტაზის დევნა არსებული რეალობის გაუმჯობესებისთვის. საჭირო იყო მასობრივი ექსტაზის აღკვეთა, რომელიც ეროვნული ისტორიის გაღარიბებას და ჩვენში ევროპული საზრისების კვდომას გულისხმობს. საჭირო იყო იმ უმეცრების აღკვეთა, რომელიც ქართველებს პრეისტორიულ (და ისტერიულ) ჯოგს გვამსგავსებს. საჭირო იყო იმ პოლიტიკური გარყვნილების აღმოფხვრა, რომელიც ეროვნული რესურსის განიავებაში და უახლესი ქართული ისტორიის ტრაგედიად ქცევაში აისახა.

თუმცა ასეთ დროსაც, ისტორია კიდევ ერთხელ ამჟღავნებს საკუთარ ირონიას. კერძოდ იმას, რომ ისტორიულ პრობლემებს ვერავინ აუვლის გვერდს  და რომ ადრე თუ გვიან ყველაზე დაფარული და ბნელი კუთხეებიც გამჟღავნდება.


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.