fbpx

Over the Rainbow


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა მაყაშვილი

 

კლიშეა, მაგრამ წერა ტაქსის ეპიზოდით უნდა დავიწყო. 10 მაისს, ტაქსიში ნახევრად მოკალათებულს, მძღოლმა უცებ მაღაზია ,,ქალთა ბედნიერების” ვიტრინისთვის მიმაქცევინა ყურადღება – ეს ქოლგები აქაც დაულაგებიათო, მეუბნება. გავიხედე და ცისარტყელის ფერებიანი ქოლგები დავინახე ვიტრინაში. ჩემდა უნებურად, ორ რამეზე გავიფიქრე: ,,ქალთა ბედნიერებაში” გეი-დროშიანი ქოლგების გაყიდვა რა მარკეტინგული სვლაა, ოღონდ ახლა მძღოლმა LGBT-თემის ლანძღვა არ დაიწყოს-მეთქი, თორემ სხვა გამოსავალი არ მექნებოდა – ან კონფორმული უნდა გავმხდარიყავი, ან კონფლიქტური. არადა, ცხოვრება ხომ არაა ასეთი შავ-თეთრი – გაცილებით მრავალფეროვანია… როგორც ცისარტყელა…

აქ უკვე ჩემ თავზე გამეცინა (და მძღოლს ვუთხარი, ეგებ გათიშული სატელევიზიო არხის ფერებშია ეს ქოლგები-მეთქი). თუმცა, ცხოვრება მართლაც მრავალფეროვანია: სანამ ჩვენ ტერმინ LGBT-ს ათვისებას ვცდილობთ, აბრევიატურა დამატებითი ასოებით მდიდრდება (მაგალითად, Q-თი და I-თი). არ ვიცი, სექსუალური იდენტობის ყველა გამოვლინებისთვის სახელის დარქმევა რამდენად სექსუალურია ან რამდენად ცისარტყელასავით რომანტიკული, მაგრამ როგორც ყველაფერი ამქვეყნად, ეს ამბებიც დასაწყისში რომანტიკული იყო და, ცხადია, ბრძოლის ფასად გახდა შესაძლებელი ის, რომ – სხვა თუ არაფერი – ამ ერთ დროს სუბკულტურული თემის დროშა დღეს პოპ-კულტურის ისეთივე ნაწილია, როგორიც მარიხუანას ფოთლებიანი ჩინური სუვენირი, ჩე გევერას მაისური ან ბობ მარლის გამოსახულებიანი სანთებელა. და არც არის გასაკვირი, ასე რომ მოხდა: ბოლო-ბოლო ამ დროშის ისტორია 40 წელს ითვლის.

 

 

მისი შექმნა შონ პენის მიერ პოპულარიზებული ცნობილი ჰარვი მილკის დამსახურებაა: ღია გეისა და არტისტს, გილბერტ ბეიკერს უთხრა, გეი თემის სიმბოლო მოიგონეო. ჰოდა, სწორედ ასე აფრიალდა პირველად ცისარტყელებიანი დროშა 1978 წლის 25 ივნისს სან-ფრანცისკოს გეი აღლუმზე. ლეგენდის თანახმად, ბეიკერის შთაგონება ან ერთ-ერთი პირველი გეი საკულტო ქალის, ჯუდი გარლანდის ნამღერი Over the Rainbow იყო, ან – რასაც უფრო სარწმუნოდ მიიჩნევენ – 1960-იანების კოლეჯის კამპუსებში ჩამოკიდებული ე. წ. რასების დროშა, ხუთი ჰორიზონტალური ზოლით, რომელსაც ჰიპების მოძრაობა მსოფლიო მშვიდობის სიმბოლოდ იყენებდა. ბეიკერის დროშას თავიდან რვა ფერი ჰქონდა და ყველა ფერი რაღაცას აღნიშნავდა (წითელი, მაგალითად, სიცოცხლეს, ვარდისფერი – სექსს), შემდეგ შვიდი ფერი დარჩა (სათანადო ვარდისფერ ქსოვილს ვერ შოულობდა ბეიკერი და იმიტომ) და ბოლოს – ექვსი. და დღეს ისეთი პოპულარულია, რომ თბილისის საცობებში გაჭედილი ტაქსის მძღოლებიც უმალ ამჩნევენ მაღაზიების ვიტრინებში.

ამ თვალსაზრისით, როგორც იატაქვეშიდან მეინსტრიმში გადასულ მოვლენებს სჩვევიათ, დროშაც ცოტათი გახუნდა და LGBT-მოძრაობამაც დაკარგა საწყისი რომანტიკა – რაღაც ისეთი მოუვიდა, რაც ბურჟუებად ქცეულ ჰიპებს, მით უფრო, უგლუტენო და პოლიტკორექტულ დიეტაზე დამჯდარ თავისუფალ სამყაროში, სადაც ელიან, რომ ყოველი მომდევნო ჯეიმს ბონდი გეი იქნება, ყოველი მომდევნო ამერიკის პრეზიდენტი – ქალი (და იმის მომდევნო – გეი) და სადაც ეს წესრიგი დამაბნევლად ირღვევა: ხან ტრამპი ხდება პრეზიდენტი და ხან ფემინისტურ მოძრაობასთან ასოცირებული მადონა ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკას უფასო ორალურ სექსს ჰპირდება; თავისუფალ სამყაროში, სადაც ჟურნალისტიკა უღიმღამო ევფემიზმების ხროვად იქცა; სადაც მორალის პოლიციელები კონფორმულობას გაიძულებენ: თუ ბრექსიტი თავისუფალი სამყაროს აღსასრული არ გგონია, გადარეული ნაციონალისტი ხარ, თუ გეი ქორწინებას უპირობოდ არ ემხრობი – ჰომოფობი, თუ ბაღდადის ტერაქტის დროს სოციალურ ქსელში სოლიდარობის გამომხატველ სურათს არ აყენებ (და აყენებ პარიზის ტერაქტის დროს) – ფარისეველი სნობი. არადა, სამყარო ხომ მართლა გაცილებით მრავალფეროვანია…  

მაგრამ ჩვენს ლოკალურ სამყაროში, სადაც ტერმინ LGBT-ს ათვისება ეს-ესაა, დავიწყეთ და სადაც ახალი სახელმწიფო დროშა სულ რაღაც 14 წელს ითვლის, სულ სხვაგვარი მორალის პოლიცილებსა თუ დაბნეულობებს აქვს ადგილი. მსუბუქი, თუმცა მრავლისთქმელი მაგალითი რომ მოვიტანოთ, ჩვენი თვითგამოცხადებული რაინდი დაუფარავი ჰომოფობია მაშინ, როცა დიდ ბრიტანეთში, 1998 წელს, დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ რაინდობა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსსა და დღეს უკვე ყველაზე განთქმულ გეი-მშობელს, ელტონ ჯონს მიანიჭა.

არ ვიცი, რამდენად შემთხვევითია, მაგრამ 2013 წლის 17 მაისს სწორედ დიდ ბრიტანეთში ვიყავი – სამეფოში, სადაც ყველაზე უნიკალურად ერწყმის ტრადიციები და სიახლეები ერთმანეთს. ის 17 მაისი მაქვს მხედველობაში, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე ჰომოფობიაში, ტრანსფობიაში და ბიფობიაში რომ გადაიზარდა თბილისში. პირველი მსოფლიოს უპირატესობებით დამტკბარი, შერეული ემოციებით, ოდნავ დისტანცირებული ვაკვირდებოდი სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს და მაშინ, როცა ჩემი მეგობარი სამღვდელო პირის მიერ ნასროლი ყბადაღებული ,,ტაბურეტკისგან” ცდილობდა თავდაღწევას, მე Starbucks-ში ვიჯექი და მემარჯვენე შავკანიან ბიჭთან ერთად კაპიტალიზმის სიკეთეებს განვიხილავდი მეორე ამერიკანოს თანხლებით.

მაგრამ ამ მძვინვარე ჰომოფობიური კოშმარისგან დისტანცირება რთული იყო, მით უმეტეს, რომ ბრიტანეთში ჩემი ყოფნის მთავარი მიზეზი სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობა იყო, რომელიც ერთ-ერთი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის – რუსეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის – მიერ იყო ორგანიზებული, მოკლედ, ისეთი კვლევითი ცენტრის, პოსტ-საბჭოთა და პოსტ-სოციალისტური სახელმწიფოები, ახალი დემოკრატიები, ტრანზიტულ ფაზაში მყოფი ქვეყნები და მათი იდენტობის საკითხები რომ აინტერესებს – ანუ დაახლოებით ყველა ის უბედურება, რაც საქართველოსაც მიმზიდველს ხდის თანამედროვე სოციალური მეცნიერების თვალში და რაშიც ალბათ ფულიც კეთდება.     

შესაბამისად, ფორუმის განმავლობაში, უნივერსიტეტის სხვადასხვა შთამბეჭდავი შენობის სხვადასხვა აუდიტორიასა თუ საკონფერენციო დარბაზში საკმაოდ ჭრელი, თუმცა პოსტ-სოციალისტური ტრავმებით და სევდებით გაერთიანებული ყველა ასაკის ხალხი იყრიდა თავს და კიდევ ის არატრავმირებული და ცნობისმოყვარე ხალხი, ვისაც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ნატანჯი რეგიონი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, აინტერესებს.   

მაგრამ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებს კიდევ ერთი აშკარა თავისებურება აქვთ. ეს საქართველოშიც მიგრძნია, საქართველოზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების პრეზენტაციის დროს, და არა-საქართველოშიც. იმას ვგულისხმობ, რომ, როგორც წესი, ასეთ კვლევას მოაქვს დემოკრატიულად რაიმე ყოვლად სასოწარკვეთილი შედეგი; მაგალითად, ის, რომ გამოკითხულ ქართველთა უმეტესობა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ჭეშმარიტ მართლმადიდებელთან უფრო ახდენს, ვიდრე საქართველოს მოქალაქესთან ან ის, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა წინააღმდეგია, მეზობლად გეი ჰყავდეს და ბევრად ურჩევნია, კრიმინალის გვერდით იცხოვროს. თან ამას ისიც ემატება, რომ მსგავსი შედეგების მომხსენებლები და მათი მსმენელები უნებურად თავმომწონენი ხდებიან (რადგან თავად არ წარმოადგენენ ასეთ უმრავლესობას)… და თუ ასეთ მოხსენებებს უცხოელები ესწრებიან, კიდევ უფრო აბსურდული ხდება სურათი: საბოლოო ჯამში, ვუყვებით მათ, როგორი ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ, ჩვენ თვითონ კიდევ გამორჩეული ნაწილი ვართ ამ ქვეყნის.

ჰოდა, სრულიად ადეკვატური იქნებოდა, ჩემს წილ მოხსენებაში (რომელიც ქართველ სტუდენტებში რელიგიური საკითხების კვლევას ეხებოდა) ორი დღით ადრე მომხდარი ქართული 17 მაისის ამბები ჩამესვა, მაგრამ სამშობლოც დავინდე და საკუთარი ინტელექტუალური რესურსებიც და აუდიტორიას ის სლაიდები ვაკმარე, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ხატებით გაწყობილი ნაძვის ხის წინ იდგა ან რომელზეც ერთდროულად ეწერა, რომ ფართომასშტაბიანი კვლევის არც ერთი გამოკითხული არ აფასებს უარყოფითად კათოლიკოს-პატრიარქის აქტივობებს და რომ, ამავე დროს, გამოკითხულთა სერიოზული უმრავლესობა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხმრეა.

თუმცა, ესეც საკმარისი იყო, ის ზემოთ ხსენებული უნებური თავმომწონე პათოსი რომ ჩამრთვოდა. პათოსი რომ გავაცნობიარე, ეტყობა, შემრცხვა და თვითირონიის მოშველიება ვცადე და როცა მკითხეს, როდიდან ხართ ქართველები ქრისტიანებიო, ვუპასუხე, ქრისტეშობამდე-მეთქი, და მოვკვდი მე თვითონ სიცილით. მამაჩემს რომ მოვუყევი ჩემი ხუმრობა, იმედი გამიცრუა – ეგ ძველი ანეკდოტია და თან სომხებზეო.

სამშობლოში დაბრუნებულს, 17 მაისის ირგვლივ ლადო ბურდულის შეფასება დამამახსოვრდა – აბა, ერთი მითხარი, რამდენი შენი ნაცნობი გეი იყო ქუჩაში გასულიო (ცოტას ჩამოთვლა შევძელი), სად იყვნენ ცნობილი გეებიო, უმეტესობა სტრეიტები იყვნენო, ყველამ თავისი გასაპროტესტებელი უნდა გააპროტესტოსო, და, მგონი, ჰარვი მილკიც ახსენა დადებით კონტექსტში… გარკვეულწილად დავეთანხმე.

მაგრამ რაღაცები ალბათ მაინც იცვლება. ტოლერანტობისკენ. ასე, მაგალითად, ჩემს ტაქსის მძღოლს სულ არ დაუწყია LGBT-თემის ლანძღვა. პირიქით – კეთილგანწყობილიც კი მომეჩვენა.

ნამდვილად მრავალფეროვანია ცხოვრება. და სექსიც. ფროიდს თუ დავუჯერებთ, სექსუალურ გადახრად მხოლოდ სექსის სრული უქონლობა შეგვიძლია მივიჩნიოთ. სხვა ყველაფერი გემოვნების საკითხიაო. აბრევიატურაში შემავალი ყველა ასოსი არ ვიცი, მაგრამ, ბოლო-ბოლო, ვუდი ალენის თქმის არ იყოს, ბისექსუალობა მაშინათვე აორმაგებს თქვენი შაბათი ღამის შანსებს.

და იმედი მაქვს, როცა ჩვენი სახელმწიფოც 40-ის გახდება, კანონით მონიჭებული მრავალფეროვნების უფლება ისეთივე აღსრულებადი იქნება, როგორც ეს ბუნებით არის გარანტირებული.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Propaganda Network-ზე

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.