fbpx

დაკარგული სამოთხე: Studio 54


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გია ხადური

 

1977 წლის 26 აპრილს მანჰეტენზე, იქ, სადაც 54-ე ქუჩა და ბროდვეი ჰკვეთს ერთმანეთს, გაიხსნა ღამის დისკოკლუბი Studio54. ამერიკაში მაშინ დისკობუმი მძვინვარებდა, შესაბამისად,  დისკოკლუბები სოკოებივით მრავლდებოდა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, მორიგი კლუბის გახსნას, ისიც ნიუ-იორკში, წესით, არანაირი განსაკუთრებული რეზონანსი არ უნდა გამოეწვია. მაგრამ მოხდა ისე, რომ Studio54 გახსნისთანავე ნამდვილ სენსაციად,  დისკოკულტურის ციტადელად, საკრალურ ადგილად იქცა, ადგილად, სადაც მითებს, გამონაგონს და რეალობას შორის ზღვარი წაიშალა.



მას შემდეგ აგერ ერთი 40 წელი  გავიდა და მასზე საუბრები და კამათი დღემდე არ წყდება, გამოდის უამრავი წიგნები, იღებენ დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც თვითმხილველები დაუჯერებელ, გაუგონარ ამბებს ჰყვებიან და ერთხმად ამბობენ, რომ  ვინც ერთხელ მაინც დასწრებია Studio54-ის ივენთებს იმ შორეულ 70-იანებში, მას არასდროს დაავიწყდება ის ფანტასმაგორიული თავგადასავალი, რაც შეუძლებელია ამ ზღაპრულ კლუბში არ გადახდენოდა.

ლეგენდარულმა და ყოვლისმნახველმა ეჰმეთ ერტეგუნმა, Atlantic Records-ის მუდმივმა მფლობელმა და კაცმა, რომელმაც ფაქტობრივად შექმნა ამერიკული მუსიკალური ინდუსტრია, ერთხელ ისიც კი თქვა, რომ კაცობრიობის ისტორიაში, Studio54, ყველა დროის და ხალხის საუკეთესო კლუბიაო.  

 


რა თქმა უნდა, Studio54, ცარიელ ადგილზე არ წარმოქმნილა და მას ჰქონდა წინაპირობები, ბოლო-ბოლო პირველი დისკოკლუბები, ანუ ე.წ. დისკოთეკები, უკვე 70-იანების დასაწყისში გაჩნდა ამერიკის დიდ ქალაქებში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადრეული კლუბები, ფაქტობრივად კონსპირაციულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რომლებშიც უმთავრესად დადიოდნენ ურბანისტული გეტოების წარმომადგენლები, აფროამერიკელები, ლათინოსები, „ათასი ჯურის“ სოციალური ფენის მოქალაქეები, სექსუალური უმცირესობა, სტიგმატიზებული აუტსაიდერები,  მარგინალები, ჰედონისტები… და ქალები (სუტენიორებიც, მეძავებიც და პორნომსახიობებიც).  

 


მათ სჭირდებოდათ  თავიანთი სივრცე, ადგილი, სადაც იცეკვებდნენ, გაერთობოდნენ, სადაც თავდავიწყებით მიეცემოდნენ „ისკეიპიზმს“ და განთავისუფლდებოდნენ ყოველდღიური სოციალური  სტრესებისგან, სწორედ ამ კლუბებში წარმოიშვნენ ახალი ტიპის dj-ეები, ხოლო იმ დროის ტექნიკური სიახლე,  ე.წ. ორფირფიტიანი ვინილ საკრავი აპარატურა, უკვე საშუალებას აძლევდა მათ, ნონ-სტოპ რეჟიმში, პაუზების გარეშე  დაეკრათ მუსიკა მთელი ღამის განმავლობაში და კლაბერებიც მუდმივად ცეკვის ექსტაზში  ჰყოლოდათ, მაგრამ საათობით ხალხის საცეკვაო არენაზე დატოვებას მხოლოდ dj-ის ოსტატობა ფაქტია, ვერ უზრუნველყოფდა, ყველა იღლებოდა ადრე თუ გვიან, ამიტომაც გახდა ნარკო-სტიმულატორები და კოკაინი დისკოკლუბების აუცილებელი და განუყრელი ატრიბუტი, შესაბამისად ნარკოდილერებიც, დისკოთეკების მუდმივი კლიენტები გახდნენ.

 

 

აი სწორედ ამიტომაც იყო, რომ პირველი დისკოკლუბები წმინდა წყლის ანდერგრაუნდს და  სრულ ალტერნატივას წარმოადგენდა იმისას, რაც მუსიკალურ თუ  გართობის ინდუსტრიაში ხდებოდა. თავდაპირველად დისკო  dj-ები უმთავრესად იყენებდნენ უკვე მზა,  სოულ ან ფანკპროდუქციიას, ისეთს, სადაც მკვეთრად გამოხატული რიტმი პულსირებდა, მაგრამ მოგვიანებით, ბაზარზე გამოჩნდა უკვე აშკარად საცეკვაო ხასიათის  მუსიკა, უმთავრესად სიმღერები, რომლებიც ორ ვერსიად იწერებოდა, ერთი სტანდარტული, რადიოფორმატისთვის, ხოლო მეორე გახანგრძლივებული (ანუ extended version),  რომელიც უკვე დისკოთეკებზე იყო ორიენტირებული.

 

 

ასეთი მიდგომა, უაღრესად მომგებიანი აღმოჩნდა კომერციულად და დისკოც, როგორც უკვე მუსიკალური სუბჟანრი (სოულის და ფანკის) მეინსტრიმში შეიჭრა. ამან ძალიან მოამძლავრა დისკო-სუბკულტურა, რომელსაც უკვე საკუთარი საცეკვაო-ქორეოგრაფიული სტილიც  გააჩნდა, ე.წ. hustle (სწორედ ასე ერქვა დისკოცეკვას მაშინ), რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა დისკომანიის ამოფრქვევისა ცოტა მოგვიანებით. ასეა თუ ისეა, 1976 წლისთვის, დისკოკლუბები უკვე აღარ იყვნენ ღრმა ანდერგრაუნდში, ზედაპირზე ამოტივტივდნენ, ისინი  გადაიქცნენ არტისტებისა და ჰედონისტებისთვის მომხიბლავ ადგილად, მათ აინტრიგებდათ ასეთი კლუბების რეპუტაცია,  სექსით, ნარკოტიკებით და ბას „ბარაბანის“ ბითებით გაჟღენთილი ატმოსფერო, სადაც სუფევდა რასობრივი, გენდერული, სოციალური ტოლერანტობა და  გეი-ლიბერალიზმი, სადაც თინეიჯერებს არ უშვებდნენ და სადაც უკვე საშუალო ფენის „თეთრი“ ამერიკელებიც თანდათანობით იკიდებდნენ ფეხს.

 


ამ პროცესების რეზულტატი გახდა ის, რომ დისკოთი უკვე მსხვილი კაპიტალი და თვით ჰოლივუდიც დაინტერესდა. და აი სწორედ ამ დროს გამოდის ავანსცენაზე დიდი გაქანების მქონე „ავანტურისტების“ – სტივ რუბელის და იან შრაგერის  მიერ დაარსებული კლუბი studio54. მთავარი ფიგურა ამ დუეტში, რა თქმა უნდა, იყო სტივ რუბელი. სწორედ მან შეიმუშავა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კონცეფცია, რომელსაც უნდა უზრუნველეყო კლუბის წარმატება.

პირველ რიგში აუცილებელი იყო ის, რომ კლუბი ნამდვილი ოაზისი უნდა გამხდარიყო, პირველი კატეგორიის, მსოფლიო მასშტაბის  სელებრითებისთვის. როკ თუ პოპვარსკვლავები, ჰოლივუდის სახელგანთქმული მსახიობები თუ რეჟისორები, საკულტო მხატვრები თუ არტისტები, მწერლები,  ქარიზმატული პოლიტიკოსები, მოდის დიზაინერები, ევროპული არისტოკრატიის წარმომადგენლები, აი სწორედ ამ კასტაზე აკეთებდა ფსონს რუბელი. რუბელმა გრანდიოზული შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, დაიქირავა პირველხარისხოვანი მხატვრები და დიზაინერები, რომლებმაც ისედაც ორიგინალურ და ვინტაჟურ დარბაზს (თავის დროზე ოპერეტის შენობა რომ იყო) ფუტურისტული იერსახე მისცა.

 


მას უნდოდა დაუმთავრებელი, უსასრულო წვეულების ილუზია შეექმნა studio54-ში, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ კლუბს  ყოველდღე უნდა ემუშავა, ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად ყოველი შემდგომი ივენთი წინა დღისას არ უნდა დამსგავსებოდა და სრულიად ორიგინალური, განსხვავებული, ფანტასმაგორიული წარმოდგენა თუ სპექტაკლი უნდა ყოფილიყო, რომელსაც  განსხვავებული დეკორაციები და რეჟისურა სჭირდებოდა, მან ესეც უზრუნველყო, სწორედ ამიტომ, კლუბში ხშირად იმართებოდა პოპულარული დისკო არტისტების კონცერტებიც. რა თქმა უნდა, მთელი სივრცე გაჯერებული უნდა ყოფილიყო კოკაინით და სექსით, ამისათვის კლუბში ყოველთვის იყვნენ დილერები და მოდელები, ხოლო თავაშვებული განცხრომისთვის არსებობდა ადეკვატურად  გაწყობილი მესამე, ღია სართული.

 


თუმცა, როგორც ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ყოფილი თავაშვებული ჰედონისტი და studio54-ის ხშირი  კლიენტი დონალდ ტრამპი იხსენებდა: “ფაქტობრივად გახსნის პირველივე დღიდან ეიფორიაში მყოფი პუბლიკა მიფარებულ ადგილებსაც აღარ ეძებდა  და ხშირადაც შემიმჩნევია, საქვეყნოდ ცნობილი მოდელები როგორ ჟიმაობდნენ ბართან, ანდაც ზედ საცეკვაო მოედანზე. ის, რაც studio54-ში ხდებოდა, შეუძლებელია სადმე ოდესმე კვლავ განმეორდეს.“  

 



მოკლედ რუბელმა ნამდვილი ჰედონისტური სამოთხე  შექმნა თავის კლუბში და ფაქტობრივად კლაბერებად გადააქცია უსახელგანთქმულესი და ყველაფრისმნახველი პერსონები. ვის არ ნახავდით აქ: მიკ ჯაგერს და დევიდ ბოუის, მაიკლ ჯექსონს და თინა ტერნერს, ენდი უორჰოლს და სალვადორ დალის, ტრუმენ კაპოტეს და ჯაკლინ კენედი-ონასისს, ლაიზა მინელის, დასტივ ჰოფმანს, ვუდი ალენს,  სილვესტერ სტალონეს, კარლ ლაგერფილდს და ივ სენ ლორანს, სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერს და არაბ პრინცებსაც კი, რომლებიც სპეციალურად მოფრინავდნენ ნიუ-იორკში კლუბში მოსახვედრად.

 



მაგრამ სტივ რუბელის მთავარი ნოუ ჰაუ მაინც იყო ის, რომ სწორედ მან, პირველმა შემოიღო და დანერგა პრაქტიკაში უმკაცრესი ფეისკონტროლი, რომელსაც ყველა უნდა დამორჩილებოდა,  განურჩევლად სოციალური სტატუსისა, ცნობადობისა, თუ სიმდიდრისა. ენდი უორჰოლი თვლიდა, რომ სწორედ უმკაცრესი შერჩევითობა შესასვლელში გახდა ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ამ კლუბის მიმართ გაღვივებული არანორმალური ინტრიგა როგორც სელებრითების, ასევე უბრალო მოკვდავთა მხრიდან.

 


უორჰოლი ამბობდა, რომ, როდესაც studio54-ში მივეშურებოდი, მეც კი მეშინოდა, ვაითუ არ შემიშვანო. სწორედ ეს დაემართა ერთხელ Cher-ს, რომელსაც ასე უთხრეს კარში: „მე ვიცი ვინც ბრძანდებით, მაგრამ არაადეკვატურად გამოიყურებით და ვერ შეგიშვებთ“. სტივ რუბელის ფეისკონტროლის კონცეფცია ასეთი იყო: მას უნდოდა, რომ მის კლუბში სელებრითების გარდა, უბრალო დისკომანებს და კლაბერებს ევლოთ, განურჩევლად მათი ფულადი რესურსებისა, მაგრამ მხოლოდ იმათ, რომლებიც ან განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ, ან ეფექტურად ეცვათ, ან იმათ, ვინც ორგანულად მოერგებოდა იმ ატმოსფეროს, რომელიც კლუბში სუფევდა. მისი აზრით, კლუბში შესული „რიგითი“ კლაბერიც   შესვლისთანავე „ვარსკვლავად“ უნდა გადაქცეულიყო, სწორედ ამ შემთხვევაში წაიშლებოდა ნებისმიერი ზღვარი, სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მდგარ „კლაბერებს“ შორის. კლუბში ყველა თანასწორი უნდა ყოფილიყო, განურჩევლად მათი სტატუსისა და ცნობადობისა, არანაირ კომუნიკაციურ ბარიერს სახელგანთქმულ ადამიანებსა და უბრალო მოკვდავთ შორის ადგილი არ უნდა ჰქონოდა.

 


სტივ რუბელმა სწორედ გათვალა ის, რომ მის კლუბში მოხვედრილი  ვარსკვლავები „გარეთ“ ტოვებდნენ ქედმაღლობას და ვარსკვლავურ შარავანდედს, კარგავდნენ საკუთარი განსაკუთრებულობის განცდას და ხდებოდნენ ზუსტად ისეთები, როგორებიც რეალურად იყვნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს  განთქმული ადამიანები, სწორედ ამ განცდის გამო გრძნობდნენ თავს საოცრად კომფორტულად studio54-ში. იქ მათ არავის წინაშე არანაირი თამაში არ უნდა დასჭირვებოდათ. აი სწორედ ამ ატმოსფეროს უზრუნველყოფის გამო იყო, რომ რუბელი უმთავრესად თვითონ გადიოდა გარეთ და კლუბში მოხვედრის მრავალ ათასიან მსურველებში, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით,  ლამის სათითაოდ არჩევდა- ვინ შეეშვა და ვინ – არა.  

 


უნდა ითქვას, რომ ეს მეთოდი ამართლებდა.  მოგვიანებით ბევრი იგონებდა, რომ კლუბში მოხვედრის შემდეგ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, თუ საცეკვაოდ მაგალითად, დაიანა როსს, გაიწვევდი, დიდი სიამოვნებით თანხმდებოდა თურმე,  ანდაც ბრუკ შილდს გაეარშიყებოდი, ხანდახან ლაიზა მინელი მოგიახლოვდებოდა, გულს სრულად გადაგიშლიდა, მხარზეც თავს დაგადებდა და ატირდებოდა კიდეც. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ხშირად ნახავდით, თუ როგორ ჟიმაობდნენ მესამე სართულზე, ვიღაც კინო (ან პოპ) ვარსკვლავი და კლუბის ოფიციანტი (ოფიციანტები უმთავრესად, ტრუსებში გამოწყობილი ყმაწვილები იყვნენ, რომლებზეც თურმე ელტონ ჯონს საღერღელი ეშლებოდა) და ეს არავის უკვირდა.

 


ერთადერთი ადგილი, სადაც რიგით კლაბერებს არ შეესვლებოდათ და რომლის არსებობის შესახებ ბევრმა არც იცოდა, იყო სარდაფში მოწყობილი კონსპირაციული vip სივრცე, იქ მხოლოდ რჩეული სელებრითები გრიალებდნენ, როგორც კლუბის რეზიდენტი და მომავალში სახელგანთქმული ტექნოარტისტი, dj სიანო ამბობდა,  „ის, რაც იქ ხდებოდა, ნამდვილი სოდომი და გომორა იყო.“

 


მიუხედავად ასეთი არნახული პოპულარობისა და გავლენისა, აშკარა იყო, რომ კლუბის ბედი მაინც ხიფათის წინაშე იდგა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს იყო ნარკოტიკების გამო – აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ კოკაინის ამხელა მთები, არც მანამდე, არც მის მერე არსად  უნახავთ. შემთხვევითი არ არის, რომ კლუბის სიმბოლოს წარმოადგენდა რაღაც უცნაური, მოძრავი ანიმაციური დეკორაცია, მთვარე-კაცი, რომელიც კოვზით კოკაინს იყნოსავს. როდესაც „ფართი“ კულმინაციას აღწევდა, ეს დეკორაცია ჭერიდან ნელ-ნელა დაბლა ეშვებოდა, რაც უდიდეს ენთუზიაზმს იწვედა პუბლიკაში. კიდევ უფრო ექსტარავაგანტური იყო ის, რომ გორგოლაჭებზე მოსრიალე ოფიციანტები საკუთარი ენიდან უგდებდნენ პირში „ექსტაზის“ აბებს სტუმრებს, რაც ასევე საყოველთაო აჟიოტაჟს იწვევდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამართალდამცავმა ორგანოებმაც იცოდნენ, უბრალოდ სერიოზულ საბაბს ეძებდნენ რეიდის მოსაწყობად, რუბელის და შრაგერის წაქცევა არც ისე ადვილი იყო. მაგრამ რუბელი ისე გათამამდა, რომ ერთ-ერთ თავის ტელეინტერვიუში წაიტრაბახა – ჩვენმა მოგებამ მაფიის მოგებას გადაუსწროო.

 




აი ეს უკვე მეტისმეტი იყო, მით უმეტეს, რომ რუბელის ძმა, რომელიც ამარაგებდა კლუბს ნარკოტიკებით, მაფიასთან იყო შეკრული (მაშინ მთელ ნარკობიზნესს მხოლოდ მაფია აკონტროლებდა). საგადასახადო სამსახურებიც ამოქმედდნენ, მათ იპოვეს კლუბის ყოფილი ერთ-ერთი ბუღალტერი, რომელმაც თანამშრომლობა აღუთქვა და აი 1978 წლის 14 დეკემბერს საგადასახადო პოლიციის 30 თანამშრომელი გაგანია ივენთის დროს მოულოდნელად კლუბში შეიჭრა. მათ იპოვეს აღურიცხავი „ქეში“ – 2,5 მილიონი დოლარი,  იპოვეს „შავი“ საბუღალტრო“ რვეულები. და კიდევ სხვა ფაქტები, რის შედეგადაც კლუბის მეპატრონეები დააპატიმრეს, თუმცა გამოძიების საბოლოო დასრულებამდე სასამართლომ თავდებით ყველა გამოუშვა.

 



უცნაურია, მაგრამ ამ ამბებმა კლუბის რეპუტაცია საერთოდ არ შეარყია. studio 54, თითქოს გადაიქცა ისეთ ქიმიურ ელემენტად, რომლის გარეშე გაძლება უკვე „აღარავის“ შეეძლო, უფრო მეტიც, სტივ რუბელი დარწმუნებული იყო, რომ გამოძვრებოდა და კიდევ უფრო გაამასშტაბურა თავის ბიზნესი, საჰაერო ხიდებიც კი დაკიდა კლუბში და ივენთებიც უფრო გააპომპეზურა. მაგრამ მოხდა ისე, რომ 1980 წლის იანვარში, სასამართლოზე, ბევრმა ყოფილმა კომპანიონმა ისეთი ჩვენებები მისცა, რომ მასაც და შრაგერსაც 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მაგრამ სანამ ციხეში გაუშვებდნენ, მათ ნება დართეს, მოეწყოთ თავისი უკანასკნელი წვეულება studio54-ში, სადაც  თითქმის ყველა მათი სახელგანთქმული მეგობარი შეიკრიბა, ივენთის დასრულებისთანავე კი ციხეში უკრეს თავი.

სიმბოლურია ის ფაქტი, რომ studio54-ის ფიასკო ფაქტობრივად ზუსტად დაემთხვა  დისკოს ერის დასასრულს. პანტაპუნტით იხურებოდა ან კოტრდებოდა ნიუ-იორკის დანარჩენი კლუბებიც, რომლებსაც ისეთივე ეგზეკუციები ჩაუტარეს, როგორც studio54-ს. ფაქტია, რომ სანამ დისკოკლუბები ანონიმურ  მდგომარეობაში იმყოფებოდა, არავის აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა იქ, აი როცა ზედაპირზე ამოტივტივდნენ და დიდი ფულის ტრიალიც დაიწყო,  სწორედ მაშინ მიიქციეს სამართალდამცავების ყურადღება.

Studio54 არ დახურულა, ის, ისევე როგორც სხვა დიდი დისკოკლუბები, მსხვილი და კონტროლირებადი კორპორაციების ხელში გადავიდა, შესაბამისად გასტერილურდნენ, გაკეთილგონივრულდნენ და ინტრიგა დაკარგეს. ასეთ კლუბებში აღარავის უნდოდა წასვლა. დისკომუსიკამ კი კლუბების გარეშე ფუნქცია დაკარგა, აღარ მუშაობდა და სრული დევალვაცია განიცადა.  სამაგიეროდ გადარჩა დისკო dj-ინგის კონცეფცია, ელექტრონული მუსიკალური ტექნიკის განვითარებამ კი dj-ებს სულ სხვა ჰორიზონტები გაუშალა, სწორედ ასე წარმოიქმნა ახალი საკლუბო-საცეკვაო იატაკქვეშეთი, დისკოკულტურის პირდაპირი მემკვიდრეები, ჰაუსი და ტექნო, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

 

 

რაც შეეხება ჩვენს გმირებს, სტივ რუბელი 1989 წელს გარდაიცვალა შიდსით, იან შრაგერი დღემდე წარმატებით  უძღვება მსხვილ სასტუმრო ბიზნესს (ბარაკ ობამამ ბოდიშიც კი მოუხადა ამერიკის ადმინისტრაციის სახელით, 1980 წელს დაპატიმრების გამო). რაც შეეხება Studio54, ის 1986 წელს დაიხურა, სრულიად უსახელოდ და შეუმჩნევლად. ამიტომაც,  როდესაც დღეს ამ კლუბზე ლაპარაკობენ როგორც სოციაურ ფენომენზე, ანდაც ისტორიულ მოვლენაზე, მხედველობაში აქვთ მისი ისტორიის მხოლოდ 3-წლიანი მონაკვეთი, 1977 აპრილი – 1980 თებერვალი.                                                                           

P.S. 1978  წელს ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის დედა ლილიანი  რომელიღაც სენატორს დაუპატიჟებია Studio54-ში. კლუბიდან გამოსულმა ლილიანმა ჟურნალისტებს საკუთარი შთაბეჭდილებები ასე გაუზიარა:  

„მე არ ვიცი ეს რა იყო, ჯოჯოხეთი თუ სამოთხე… მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად შეუდარებელი რამ.“


რეკომენდებული სტატიები
ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი
ელენ ლევიტი ამერიკული ქუჩის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფიგურაა. მას ერთდროულად “თავისი დროის ყველაზე აღიარებულ და ყველაზე უცნობ ფოტოხელოვანადაც” მოიხსენიებენ
Cherry on Top - ქართველი გოგონები ლოს-ანჯელესში

Cherry on Top - ქართველი გოგონები ლოს-ანჯელესში

Cherry on Top - ქართველი გოგონები ლოს-ანჯელესში
Cherry on top ლოს-ანჯელესში შექმნილი ძველი ნივთების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ამერიკაში მცხოვრებ ქართველ გოგონებს - ელენე მახარაშვილსა და ნატუტა ბაგრატიონს ეკუთვნით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.