15 ივნისი – დილიდან
ლოს-ანჯელესის პროკურატურას სანტა-მონიკას პოლიციამ საქმე გადასცა გამოსაძიებლად, რომელიც გაუპატიურებას ეხება. საქმეში სილვესტერ სტალონეს სახელი ფიგურირებს
სტალონეს ადვოკატი აღმაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პროკურატურამ ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა. თავად მსახიობი კატეგორიულად უარყოფს მომხდარს. 2017 წელს სანტა-მონიკაში გამოძიება მიმდინარეობდა ერთ-ერთი მსახიობის ბრალდებაზე. ანონიმი ქალის განცხადებით, 90-იან წლებში სტალონემ ის საკუთარ ოფისში გააუპატიურა. კალიფორნიის კანონმდებლობით, მომხდარიდან უკვე დიდი დროა გასული და შეუძლებელია საქმის წარმოება.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com
მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი დევიდ ლინჩი ივნისში თავის ახალ წიგნს გამოსცემს
მემუარები თვის ბოლოს გამოვა და მას Room To Dream ერქმევა. ბიოგრაფიული მემუარები ლინჩმა ჟურნალისტ კრისტინე მაკენასთან ერთად დაწერა. წიგნში წაიკითხავთ მის აზრებს თავის ცხოვრებაზე, სამუშაოზე, ასევე გაეცნობით მაკენასთან ინტერვიუების მიხედვით დაწერილ მოგონებებს ლინჩის ყოფილ ცოლებზე, ოჯახის წევრებზე, მსახიობებზე, აგენტებზე, მუსიკოსებსა და კოლეგებზე. 592-გვერდიან წიგნს გამომცემლობა Random House 19 ივნისს გამოსცემს.
წყარო: http://www.nme.com/
კინოსტუდია Warner Bros. აპირებს სტივენ კინგის 2013 წელს დაწერილი რომანი Doctor Sleep გადაიღოს, რომელიც საკულტო რომანის, The Shining-ის გაგრძელებაა
სტუდიამ პროექტზე სამუშაოდ რეჟისორი მაიკ ფლანაგანი მიიწვია, რომელიც სცენარზე აკივა გოლდსმანთან ერთად იმუშავებს. Doctor Sleep-ის სიუჟეტი Overlook Hotel-ში გადარჩენილი დენის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვობის ტრამვებით იტანჯება. მას გამუდმებით ეცხადება ქალი 217-ე ნომრიდან, სიზმრებში სულ ის საბედისწერო ღამე ესიზმრება და არც სხვა მოჩვენებები აძლევენ გასაქანს. გაზრდილი დენის როლს ფილმში იუენ მაკგრეგორი ითამაშებს.
წყარო: https://www.gamesradar.com/
2018 წლის ნოემბერში გრინჩის შესახებ ახალი ანიმაციური ფილმი გამოვა, სადაც მწვანე არსებას, არც მეტი, არც ნაკლები, ბენედიქტ კამბერბეჩი გაახმოვანებს.
წყარო: https://www.youtube.com
ოსკაროსანი მსახიობი ნიკოლ კიდმანი ფილმში Aquaman, რომელიც 2018 წლის 21 დეკემბერს გამოვა, ჯეისონ მამოას დედის როლს შეასრულებს.
ნიკოლისა და ჯეისონის გარდა ფილმში უილიამ დეფო და პატრიკ უილსონი თამაშობენ.
წყარო: https://www.eonline.com
თბილისის ღია სინემათეკა ღია ცის ქვეშ კინოჩვენებების სეზონს გახსნილად აცხადებს
15 ივნისს გიმასპინძლებენ რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე და კომპოზიტორი დათო ევგენიძე. საღამოს გახსნის დათო ევგენიძე და მისი ბენდი.
დიდ ეკრანზე იხილავთ მოკლემეტრაჟიან ფილმებს:
“მთებშია ჩემი გული”, რუსთამ ხამდამოვი (1967)
“კივილი”, ტომ სტენკო
“თებერვალი”, რუსლან მაგომადოვი (2014)
“თეო”, რატი ონელი (2011)
“ქვევრი”, ირაკლი კვირიკაძე (1971)
წყარო: https://www.facebook.com/
პარასკევს, 15 ივნისს, 20:30 საათზე მზიურის თავისუფალი კინოჩვენებების სივრცეში როჯერ მიჩელის ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და საყვარელი ფილმის, “ნოტინგ ჰილის” ჩვენება გაიმართება
ზოგჯერ შემთხვევითობა მთელ ჩვენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. როგორ შეიძლება შეიცვალოს ქალის ცხოვრება, რომელსაც ყველაფერი აქვს, ერთ უბრალო წიგნის გამყიდველთან შეხვედრით? – ეს სიყვარულის ისტორია გულგრილს არავის ტოვებს.
ფილმი ანგრევს შეხედულებას, თითქოს მაღალი კლასის მსახიობი შეუძლებელია დაინტერესდეს მშვიდი ცხოვრებით და რიგითი ადამიანით, რომელთანაც საერთო ინტერესი და სიყვარული დააახლოვებს. ფილმში მთავარ როლებს ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ჯულია რობერტსი და ბრიტანელი მსახიობი ჰიუ გრანტი ასრულებენ.
წყარო: https://www.facebook.com/
ფრიდა კალო: შექმენი საკუთარი სტილი – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ლონდონში ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში იხსნება
The @V_and_A‘s new Frida Kahlo retrospective is the first time a museum has paired her dresses directly with her paintings, and established the really intimate relationship between the two: https://t.co/jfl4fGmEKx pic.twitter.com/iht8fiPzxs
— British Vogue (@BritishVogue) June 14, 2018
ცნობილი მექსიკელი მხატვრის პირად ნივთებს საზღვარგარეთ პირველად გამოფენენ. ექსპონატებს შორის ფრიდა კალოს 200 პირადი ნივთი იქნება: მათ შორის წარბის ფანქარი, ტუჩის საცხი და მისი ტანსაცმელი. მუზეუმში გამოფენილი იქნება აგრეთვე ნახატები, ფოტოები და საოჯახო ალბომები.
წყარო: http://www.euronews.com
სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული კევინ სპეისი ახალი ფილმით, Billionaire Boys Club-ით, ბრუნდება
ფილმის სიუჟეტი 1980-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება. კევინ სპეისის გარშემო სკანდალი გასული წლის 30 ოქტომბერს აგორდა, როდესაც მსახიობმა ენტონი რაპმა ჰოლივუდის ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამ ამბიდან მალევე კომპანია Netflix-მა სერიალ “ბანქოს სახლის” ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. 4 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სპეისი სერიალის გადაღებებიდან მოხსნეს.
წყარო: https://www.youtube.com