ბფფ – ბრაზილიელი ფანის ფიქრები
ავტორი: გუგა სულხანიშვილი
დღეს ბრაზილია იწყებს. ხოდა სანამ ჩემპიონატში იქნებიან, მე ბრაზილიელი(ც) ვიქნები 🇧🇷❤️🇬🇪ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც ყველა ჩემპიონატში მიუღია მონაწილეობა. შესაბამისად, ოცჯერ ვითამაშეთ გახსნის თამაში. ამ ოციდან ბრაზილიამ მოიგო 16, 2 ფრე (1974, 1978) და 2 წაგება (1930, 1934). გავიტანეთ 46 ⚽️ და 18 გავუშვით. ყველაზე დიდი ანგარიშით გახსნის თამაში მოვიგეთ – 1954 წელს მექსიკასთან 5:0 (გოლები: ბალთაზარი, დიდი, ჟულინიო, პინგა 2). გახსნის თამაშებში ყველაზე მეტი ბურთი ფლამენგოს ლეგენდარულ ლეონიდასს აქვს გატანილი – 3, 1938 წელი, პოლონეთთან მოგებული 6:5.
დიადი ტელე სანტანას ხელმძღვანელობით ბრაზილიამ ორი გახსნის თამაში ითამაშა და ორივე ძალიან მძიმე გამოვიდა. 1982 წელს, რუსებთან 2 წუთით ადრე, ედერის სუპერ-ბომბა-გოლასოთი მოგებული 2:1 (მანამდე სოკრატესმა 15 წუთით ადრე ასევე ბობმა-გოლასოთი გაათანაბრა, კიდევ უფრო მანამდე ესპანელმა მსაჯმა რუსებს ერთი გოლი არ ჩაუთვალა საეჭვო ოფსაიდიდან და პენალტის მიცემაც შეეძლო ლუიზინიოს ხელით თამაშისთვის). 1986-ში ესპანეთთან 1:0 მოვიგეთ სოკრატესის თავურით (მსაჯმა „რეალის“ მიჩელს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა). ახლა იმ ჩემპიონატების გახსნის თამაშებს გეტყვით, რომლებშიც ჩემპიონები გავხდით 🏆 1958 – ავსტრია 3:0 (მაცოლა 2, ნილტონ სანტოსი (ფეხბურთის ენციკლოპედიად წოდებული Enciclopedia do Fotebol) , 1962 – მექსიკა 2:0 (ზაგალო, პელე), 1970 – ჩეხოსლოვაკია 4:1 (რიველინო, პელე, ჟაირზინიო 2), 1994 – რუსეთი 2:0 (რომარიო, რაი), 2002 =თურქეთი 2:1 (რონალდო, რივალდო)
ფოტოზე: დიადი ტელე სანტანა და კიდევ უფრო დიადი ზიკო
ახლა რაც შეეხება შვეიცარიას 🇧🇷🇨🇭მათთან სულ გვიჭირს: 8 თამაში, 3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. ბურთები: 10 გატანილი, 8 გაშვებული. მსოფლიოზე შევხვდით ერთხელ, 1950 წელს, 2:2 გავანადგურეთ (ბრაზილიის ერთადერთი ფრე იმ ჩემპიონატზე. გოლები: ალფრედო, ბალთაზარი). ეს თამაში ტრავმის გამო გამოტოვა ფლამენგოს უდიდოსტატესმა ზიზინიომ და სელესაოს წაფორხილება ამას მიაწერეს… სხვათა შორის, ზიზინიო პელეს უსაყვარლესი ფეხბურთელი და ინსპირაციაა.
დიადი ტელე სანტანას დროს ორი ამხანაგური ვეთამაშეთ შვეიცარიას: 1980 წლის 21 დეკემბერს 2:0 (სოკრატესი, ზე სერჟიო). ეს თამაში იყო გენერალური რეპეტიცია იანვარში სათამაშო მუნდიალიტოს წინ. წინა დღეს უდიადესმა ზიკომ კუნთი გაიწყვიტა და ცრემლები ვერ შეიკავა ინტერვიუში: შვეიცარიას ხომ ტოვებდა, მაგრამ ძალიან უნდოდა 4 იანვარს მონტევიდეოში არგენტინის წინააღმდეგ გასვლა, სადაც პირველად უნდა დაპირისპირებოდა მარადონას. ეს იყო მისი განცდების მთავარი მიზეზი.
ეს თამაში იმითაც არის აღსანიშნავი, რომ დიადმა ტელემ აქ პირველად განამწესა ელეგანტური სოკრატესი ცენტრ-ფორვარდად, კლასიკურ 9 ნომერზე (მუნდიალიტოს სამი თამაშიც სოკრატესმა ცენტრ-ფორვარდად ითამაშა და ძალიანაც კარგად, მაგრამ მერე ტელემ ისევ ნახევარდაცვაში დააბრუნა: იქ ის მაინც შეუდარებელი იყო. უკანასკნელად სოკრატესმა ცენტრ-ფორვარდად იტალიასთან 82-ში ითამაშა ბოლო ოცი წუთი…). მეორე ამხანაგური დიადი ტელეს ხელმძღვანელობით ზედ 82-ის ჩემპიონატის წინ იყო, 19 მაისს, და 1:1 დამთავრდა. გოლი ზიკომ გაიტანა. ვნახოთ დღეს რა იქნება.
ფოტოებზე: ნორჩი პელე თავის კერპ უდიდოსტატეს ზიზინიოსთან ერთად (უკვე შებერებული და სან-პაულოს მაისურით) და ელეგანტური სოკრატესი, რომელსაც შვეიცარიასთან თამაშებში ბრაზილიელებისგან ყველაზე მეტჯერ გაუტანია: 2 გოლი.
როგორც ზემოთ იხილეთ, შვეიცარიასთან გვიჭირს ხოლმე, მაგრამ კარგი ამბებიც მაქვს:
17 ივნისი სულაც არ არის ცუდი დღე ბრაზილიელებისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე! 1962 წელს, ამ დღეს, ფინალი მოვუგეთ ჩეხოსლოვაკიას 3:1 (ამარილდო, ზიტო, ვავა); 1970 დავამხეთ ურუგვაი 3:1 (კლოდოალდო, ჟაირზინიო, რიველინო); 2002 სახლში გავუშვით ბელგია 2:0 (რივალდო, რონალდო) და 2014 – ფრე მექსიკასთან 0:0. ამას გარდა, დღეს ბრაზილია კლასიკური ფორმით ითამაშებს: ყვითელი-ლურჯი-თეთრი.
ყვითლით თავის ისტორიაში პირველად ბრაზილიამ 1953 წელს ითამაშა (მანამდე ფორმა იყო თეთრი) ჩილესთან და ამ ჩვენთვის საყვარელი ფორმით პირველი გოლი კორინტიანსის ბალთაზარმა გაიტანა. მანვე შეაგდო პირველი გოლი ყვითელი ფორმით ჩემპიონატებზე – 1954 წელს მექსიკასთან. სულ ჩემპიონატებზე კლასიკური ყვითელი-ლურჯი-თეთრი (გეტრები) ფორმით 59-ჯერ გვითამაშია. აქედან მოვიგეთ 41, 11 ფრე და 7 წაგება. იმედია, დღეს ამ საშინელ რიცხვს – 41-ს ავცდებით 😜