fbpx

ფინალური, ემოციური და საბოლოო თამაში ჰინომის ველზე


გააზიარე სტატია

15 ივლისს, მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის პარალელურად, თბილისში, ჭავჭავაძის 52-ში შედგა შოთიკო აფციაურის გამოფენა – “თამაში ჰინომის ველზე“, რომელიც რუსულ ოკუპაციას განიხილავდა.

 

ინსტალაცია სიმბოლურად  ეზოს სტადიონზე იყო წარმოდგენილი იმ ნივთებთან ერთად, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად დარჩა: გარდაცვლილი ჯარისკაცების ტანსაცმელი, დამწვარი თოჯინები, აკვანი, დამტვრეული ჭურჭელი…

 

შოთიკო აფციაური:

ეს გამოფენა არის ჩემი კოლაბორაცია სოფელ ერგნეთის მუზეუმთან. მე, ისევე როგორც ყველას, ძალიან მაწუხებდა ჩვენი საზღვრისპირა სოფლების სიტუაცია და იქ განხორციელებული თითქმის ყოველდღიური ოკუპაცია, მაშინ როდესაც  პარალელურად რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ფეხბურთი,  დიდი უსამართლობის განცდა მქონდა და ვფიქრობდი, როგორ გამომეხატა ეს, როგორც არტისტს და როგორც პიროვნებას. ერთ დღეს ჩემი მეგობარი გადაღებაზე მიდიოდა ერგნეთში და სრულიად შემთხვევით მეც წავყევი. იქ ჩასულმა, ვნახე ერგნეთის მუზეუმი, იქაური სიტუაცია, საზღვარი 50 მეტრში და მივხვდი, რომ რაღაც  მეც უნდა გამეკეთებინა, და აუცილებლად სტადიონზე, ზუსტად 15 ივლისს, ფინალის დღეს უნდა მეჩვენებინა. მინდოდა ამ გამოფენას უფრო მასშტაბური სახე ჰქონოდა და დინამოს სტადიონზე ყოფილიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ჩვენ სულ ვლაპარაკობთ ომზე, თუმცა სინამდვილეში ძალიან რთულია გაიგო – რა არის ომი.

 

თამაში ჰინომის ველზე

ჰინომი არის ძველი ბიბლიური ადგილი. ის იყო მიტოვებული ველი, სადაც გვამებს ყრიდნენ, ხდებოდა ადამიანების მსხვერპლშეწირვა და მკვლელობები. ვფიქრობ, ეს სათაური, კიდევ უფრო ამძაფრებს ნამუშევარს. ასევე ვეცადე, რომ ამ ინსტალაციაში ჩემი ჩართულობა მინიმალური ყოფილიყო, საკუთარი ეგო უკან გადამეწია. არსებობს ისეთი სიტუაციები, როცა თვითონ არტისტი უკან უნდა გადგეს, ამიტომ მხოლოდ ერთი ნამუშევარი მაქვს წარმოდგენილი, დანარჩენი ყველაფერი ომის შედეგად განადგურებული ნივთები და რუსული კარავია.

 

მოგვიყევი ერგნეთის მუზეუმის შესახებ

2008 წლის ომის შემდეგ ქალბატონმა ლია ჩლაჩიძემ, სოფლის მოსახლეობასთან ერთად, გადაწყვიტა საკუთარი პოსტტრავმული დანატოვარი შეეგროვებინა – ბომბებისგან დამწვარი თოჯინები, დამდნარი ჭურჭელი, აკვანი, გარდაცვლილი ჯარისკაცების ტანსაცმელი. ეს ყველაფერი საკუთარი მარნის ნარჩენებში დაალაგა და ამ ადგილს მუზეუმი დაარქვა. ეს აქტიც გარკვეულწილად თამაშია, როდესაც ადამიანი თავის პოსტტრავმულ მოგონებებს აგროვებს, ერთგვარ ტაძარში უყრის თავს და შემდეგ არქმევს მუზეუმს. 2017 წელს ამ მუზეუმმა შედარებით გამართული სახე მიიღო, თუმცა საქართველოში და თბილისშიც ცოტამ თუ იცის მის შესახებ, ყველას ეშინია იქ ჩასვლა, რადგან სოფელი საზღვრიდან 50 მეტრში მდებარეობს. აქ ასევე წარმოდგენილია აფხაზეთის ომში ნაომარი დროშაც, რომელიც, როცა გაიგეს, რომ ამ გამოფენას ვამზადებდი, საკუთარი ინიციატივით მაჩუქეს.

 

ეს კი არის რუსული ბომბის ნარჩენი.

 


რეკომენდებული სტატიები
„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში
8 ივნისს ციურიხის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში ანდრო ვეკუას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
On / Off

On / Off

On / Off
ამ ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფის ისტორია 2012 წლიდან იწყება, როდესაც ხელოვანებმა დიღმის კინოსტუდიის შენობაში ფართი იქირავეს და სამუშაო სახელოვნებო სივრცეები შექმნეს - “კინოსტუდიის სახელოსნო” თავდაპირეველად 12 არტისტს აერთიანებდა
Oxygen_No Fair - ბარიერებიდან თავისუფლებამდე

Oxygen_No Fair - ბარიერებიდან თავისუფლებამდე

Oxygen_No Fair - ბარიერებიდან თავისუფლებამდე
ის, რაც პირველ რიგში გამოარჩევს Oxygen-ს, ეს მრავალფეროვნებაა, რომელიც ხელოვანთა დემოგრაფიულ მახასიათებლებში, მათ გამოცდილებებსა და მედიუმებში ვრცელდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.