fbpx

ქართული გზა ჰიმალაიზე


გააზიარე სტატია

ლარკიას მწვერვალზე  ქართველი ალპინისტების ექსპედიცია საერთაშორისო ალპინისტურმა ორგანიზაციამ 2017 წლის საუკეთესო ასვლების ნუსხაში შეიტანა

მსოფლიოში ყველაზე აღიარებულმა და პრესტიჟულმა, ალპინისტურ მიღწევათა შემფასებელმა ორგანიზაციამ “ოქროს წერაყინმა” (Piolets d’Or), რომელიც  საუკეთესო მთამსვლელური მიღწევებისთვის 1991-დან ყოველწლიურად აჯილდოებს, ქართველი მთამსვლელების, არჩილ ბადრიაშვილის, გიორგი ტეფნაძისა (თბილისი) და ბაქარ გელაშვილის (ბორჯომი) მიერ ჰიმალაიში განხორციელებული ექსპედიაცია 2017 წლის საუკეთესო ასვლების ნუსხაში შეიტანა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი მთამსვლელების ალპინისტური მიღწევა  მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ასვლებს შორის მოხვდა. 2017 წლის ნეპალის ჰიმალაებში განხორციელებული ექსპედიციების ნუსხაში კი პირველ ნომრად ჩაიწერა.

At. ge ესაუბრა არჩილ ბადრიაშვილს და გიორგი ტეფნაძეს

 

როგორ მოხვდით  ამ ნუსხაში და რა კრიტერიუმით ფასდება ექსპედიციები?  

არჩილ ბადრიაშვილი: ყოველწლიურად აჯამებენ გასული წლის ასვლებს, ადგენენ  სიას და შემდგომ ასახელებენ საუკეთესოებს. ამ ნუსხაში დასახელებულია წლის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ასვლები, რომლებიც თანამედროვე ალპინიზმის ტენდენციებს შეესაბამება:  ეს არის მთის სირთულე, სწრაფ და შეძლებისდაგვარად მსუბუქ სტილში ასვლა, ექსპედიცია სასურველია იყოს პატარა, მობილური და არ მოიხმარდეს დიდ რესურსს. ამასთანავე აუცილებელია ასვლა  იყოს ნოვატორული, მაგალითად, ახალი გზის გავლა, კვლევის, აღმოჩენის სულისკვეთება და მაქსიმალურად დაშორება ცივილიზაციისგან.

დღეს, ისევე როგორც ყველა მიმართულებაში, ალპინიზმშიც ძალიან მწვავედ დგას ეკოლოგიის და მთების დაბინძურების პრობლემა.  შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ მინიმალური დაბინძურებით განხორციელებული ასვლაა. პოპულარული მთები სავსეა ნარჩენებით, ჟანგბადის ბალონებით, პლასტიკის და ცელულოიდის ნაგვით, თოკებით… ისეთ დიდ და მკაცრ მთებზე, როგორიც ევერესტია, ამ ნაგვის დასუფთავება უზარმაზარ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. გამონაკლისი არც მყინვარწვერია, კერძოდ, ბეთლემი-ჰათის, ყოფილი მეტეოსადგურის შემოგარენი.  ნაგვის ჩამოზიდვა და ცუდი იარლიყის აცილება გაცილებით მარტივი საქმეა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პრობლემა გადაუჭრელი რჩება.


 

როგორ ხდება ასვლების შესახებ ინფორმაციის მოძიება?

არჩილ ბადრიაშვილი:  ჩვენ გვაქვს აქტიური ურთიერთობა ამერიკის ალპურ ჟურნალთან, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ექსპედიციების ყველაზე დიდ არქივს წარმოადგენს. სწორედ იქ ქვეყნდება ყველა მთათა სისტემაზე განხორციელებული მნიშვნელოვანი ასვლები. “რკინის ფარდიდან” გამომდინარე, მათ არქივში ცნობები ქართული ალპინიზმის  მიღწევებზე არ არსებობდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ჩვენი 10 სტატია დაიბეჭდა.

მათ მიერ 2017 წელს გამოცემულ   ყოველწლიურ წიგნში, აღმოვაჩინეთ, რომ  2015-2016 წლებში გიორგიმ და მე ყველაზე მეტი ახალი გზა, ვარიანტი და პირველასვლა განვახორციელეთ დიდ მთებში.

 

გიორგი ტეფნაძე: არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუ ვიტყვით, რომ მთამსვლელთა საზოგადოება  კარგად გვიცნობს და ჩვენი ექსპედიციების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. ასევე არსებობენ მსოფლიო მთამსვლელთა  კოორდინატორები, რომლებიც მნიშვნელოვანი ასვლების შესახებ აწვდიან ინფორმაციას “ოქროს წერაყინის” ჟიურის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჟიურიმ ქართველთა ექსპედიცია  საუკეთესოთა შორის დაასახელა. მთამსვლელთათვის ეს უმაღლესი აღიარებაა.

 

თავად ასვლის შესახებ გვიამბეთ.

გიორგი ტეფნაძე: ჰიმალაი ყველაზე მაღალი კლასის სარბიელია მთამსვლელთათვის და ძალიან სერიოზული გამოწვევაც იყო. სწორედ იქ მოგვეცა საშუალება ჯერ აუსვლელი მთის მწვერვალზე მოვხვედრილიყავით.  ამ ექსპედიციაზე 2017 წლის დასაწყისშივე ვფიქრობდით. ჩვენს სამკაციან ჯგუფს ძალიან დაგვეხმარა მთის შერჩევასა და ორგანიზაციულ საკითხებში ცნობილი ქართველი მთამსვლელი გია თორთლაძე. ის მთის მოწინავე საბაზო ბანაკამდეც გამოგვყვა.  6425 მეტრის მთა, სახელწოდებით ლარკია, ჰიმალაის ერთ-ერთი უმაღლესი მთის, მანასლუს რეგიონში მდებარეობს და მასზე ასვლა ტექნიკურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ლარკია, ფოტო: გია თორთლაძე

 

აუსვლელი მთის შესწავლა როგორ ხდება? რისკების გათვალისწინება ალბათ ძალიან რთულია.

არჩილ ბადრიაშვილი: მთის შესწავლა და ზოგადი ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის მეშვეობით ხდება. ცხადია, წინასწარ ძალიან რთულია სრულიად უცნობი მთის შესახებ სრულყოფილი სურათის შექმნა.  ჩვენ პირველი ქართველები ვართ, რომლებიც აუსვლელ მთაზე ავედით და საკუთარი მარშრუტი გავიარეთ ჰიმალაიში. აქამდე ქართველი მთამსვლელები კლასიკური გზებით დადიოდნენ და იმის მიუხედავად, რომ ის მთები გაცილებით უფრო მაღალია, მარშრუტები მრავალგზის გამოცდილი, დამუშავებული და შესაბამისად, ნაკლებად სახიფათოა. აუსვლელ მთაზე კი არაფერი იცი, გარდა ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციისა, რომელიც  ბევრს ვერაფერს ამბობს. ჩვენ ლარკიას კედლის ორი სურათი გვქონდა, რამდენიმე კილომეტრიდან გადაღებული, სატელიტური სურათები კი არ ვარგოდა. ადგილზე მისვლისას მოგვიწია სიტუაციაში გარკვევა. მაგალითად, იქ, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, ყინულვარდნილი უნდა ყოფილიყო, ის დამდნარი დაგვხვდა და მის მაგივრად სახიფათოდ ნაშალ კლდეებზე მოგვიწია გავლა.

ასვლის მარშრუტი ლარკიაზე

 

იყო თუ არა იმის ალბათობა, რომ მიზნისთვის ვერ მიგეღწიათ?

გიორგი ტეფნაძე: იმის ალბათობა, რომ მწვერვალამდე ვერ ახვიდე, ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს – აუსვლელ მთაზე.  თუმცა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჰიმალაის მთებში ხშირად მოვხვდეთ. ეს ჩვენი შანსი იყო. ვიცოდით, რომ თუ ვერ ავიდოდით, შეიძლება ეს მთა “დაგვეკარგა”. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადეთ  შესაძლებლობა არ გაგვეშვა ხელიდან და წარმატებასაც მივაღწიეთ.

 

ამ ასვლის შემდგომ თუ განხორციელდა რაიმე ისეთი ექსპედიცია, რომელიც მომავალი  “ოქროს წერაყინის” ნუსხის პრეტენდენტია?

არჩილ ბადრიაშვილი: დიახ.  ექსპედიცია ზამთრის შხარაზე   წლეულს, თებერვალში განვახორციელეთ და ის  აბსოლუტურად ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს. ეს არის საქართველოს მხრიდან ჩვენს უმაღლეს მთაზე  პირველი ზამთრის ასვლა, თანაც ახალი გზით. მთაზე ვიყავით მხოლოდ გიორგი და მე, ავედით ალპურ სტილში, დანაგვიანება – ნული პროცენტი. 13 დღე გრძელდებოდა ასვლა-ჩამოსვლა საკმაოდ მძიმე პირობებში. ეს ყველაზე რთული, 6ბ კატეგორიის მარშრუტია ჩვენთვის.

ბაქარი და მანასლუ, მსოფლიოში მერვე მთა სიმაღლით  

 

რამდენად რთულია დაფინანსების მოძიება ექსპედიციებისთვის?

არჩილ ბადრიაშვილი: ჩვენი ჰიმალაის ექსპედიციის 70 პროცენტი სახელმწიფომ, სპორტის სამინისტრომ დაგვიფინანსა. 30 პროცენტი კი ჩვენი სახსრებით დავფარეთ. ეს დაფინანსება რომ არა, ჩვენ ჰიმალაიში ვერ მოვხვდებოდით. თუმცა, სახელმწიფო  დაფინანსება მაინც გარკვეულ მკაცრ ბიუროკრატიულ პროცედურებს მოითხოვს, რომელიც ძალიან რთული შესასრულებელია. მაგალითად, ჩვენ მზიდავ ქალებთან, ან ნეპალელ მეჯორესთან ვერანაირ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებ და ბანკიდან თანხას ვერ გადაურიცხავ. გაცილებით მარტივი და მობილური იქნებოდა, სპონსორების მეშვეობით ექსპედიციებში სიარული. საზღვარგარეთ სწორედ სხვადასხვა კომპანიები აფინანსებენ სპორტის ამ სახეობას და ეს ძალიან კარგ პიარად და პრესტიჟად ითვლება. აქ, სამწუხაროდ, არავის აღელვებს ის, რომ ჩვენ მართლა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ჩვენი ქვეყნის სახელი ძალიან შორს გაგვაქვს. საქართველოს მთამსვლელების შესახებ იცის აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანმა რგოლმა ამ სფეროში და ეს მხოლოდ ახალი ტალღის დასაწყისია.

გიორგი ტეფნაძე: ჩვენი უცხოელი კოლეგები ალბათ არც კი დაგვიჯერებენ, რომ ძალიან ძვირიანი ეკიპირების ყიდვა თავად გვიწევს. ადრე მერიდებოდა ამაზე ლაპარაკი, ახლა კი უხერხულობის განცდა ნელ-ნელა გადის. აქ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინვენტარზეა საუბარი. ყოფილა შემთხვევა, მაგალითად, შარშანწინ ტიან-შანში ძალიან დიდი საფრთხის წინ დავდექი მხოლოდ იმის გამო, რომ შესაბამისი ფეხსაცმელი არ მქონდა და ლამის ფეხი მომეყინა.  ჩვენ გვაქვს საშუალება ძალიან კარგად წარმოვაჩინოთ ადგილობრივი კომპანიები ჩვენი ქვეყნის ფარგლებში და მის მიღმა. იმედია, ოდესმე ჩვენთანაც დაფიქრდებიან იმაზე, რომ მთამსვლელობა ეროვნული საქმეა და მეტი მხარდაჭერა სჭირდება. მას ხომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს ყველგან. ჩვენ კი, მომავალშიც ვაპირებთ საქართველოს სახელით არაერთ მწვერვალზე ავიდეთ. 



განსაკუთრებული ამბავი თუ შეგემთხვათ ამ ექსპედიციის დროს?

გიორგი ტეფნაძე: განსაკუთრებული ამბები ყოველთვის ახლავს ექსპედიციებს, ამწუთას ცოტა სახალისო ამბავი მახსენდება: საბაზო ადგილამდე  მისასვლელად საკმაოდ დიდი გზა გვქონდა გასავლელი და აურაცხელ ეკიპირებას მხოლოდ ჩვენი ძალებით ვერ ავზიდავდით. სეზონზე მზიდავები ძალიან რთული მოსაძებნია. ჩვენმა ნეპალელმა გამყოლმა და კავშირის ოფიცერმა პასანგ ტამანგმა იყოჩაღა და  იპოვა დამხმარე ძალა, მხოლოდ ერთი უცნაურობა ახლდა ამ ამბავს: ჩვენი დამხმარეები ადგილობრივი სოფლის ქალები იყვნენ. სხვათა შორის, ფიზიკურად ძალიან ძლიერები აღმოჩნდნენ, თუმცა მაინც უხერხულად ვგრძნობდით თავს, ვინაიდან მძიმე ბარგი ქალებისთვისაც უნდა აგვეკიდა ზურგზე.  ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ გამცილებლები შუა გზაში ან თანხის გაზრდას ითხოვენ, ან უბრალოდ იღლებიან და ბარგს გზაზევე ტოვებენ. ასეც მოხდა – რთული, უვალი გზა იყო მთის მისადგომებისკენ, ქალები დაიღალნენ, ბარგი დაყარეს და უკან აპირებდნენ წასვლას. სწორედ ამ უხერხულ სიტუაციაში  შევაყოვნეთ, მოვხადეთ ბარგს თავი და ამოვიღეთ სასმელი. ჭაჭით გამასპინძლებასთან ერთად, ქართული სიმღერა წამოვიწყეთ. გაჭრა… ბანაკამდეც აგვაცილეს და იმაზე დიდხანს დარჩნენ, ვიდრე ეს აწყობდათ. ძალიან დავმეგობრდით ამ ხალხთან.

ამის შემდეგ დაიწყო მთის რამდენიმედღიანი აქტიური შესწავლა. ჩვენ სამნი,  სრულიად მარტო დავრჩით იმ ხეობებში, სადაც ადამიანის ფეხი იშვიათად თუ დადგმულა. მომზადების შემდეგ ასვლაც მალევე დავიწყეთ. მოწინავე საბაზო ბანაკიდან ნაშალმა ფერდმა და დახრილმა ყინულვარდნილმა 5200 მეტრზე გაგვიყვანა, საიდანაც ჩანდა ჩვენი მთა და მისი შთამბეჭდავი სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელი. ასვლის მეორე-მესამე დღე კედლის ძირთან გავატარეთ ძლიერ უამინდობაში და მხოლოდ მეოთხე დღეს, ცუდ ამინდში დავიწყეთ ასვლა.

ღამისთევა კედელზე

ეს რეგიონი ცნობილია არასტაბილური ამინდებით, თუმცა მთა კარგად გვმასპინძლობდა. 700 მეტრი სიმაღლის კედელზე ცხოვრება და მუდმივი პროგრესი 6 დღე გაგრძელდა. 6425-ზე, ანუ მწვერვალზე,   დაღამებულზე ავედით. მთვარის შუქით განათებული პანორამითა და შოტლანდიური ვისკით ვისიამოვნეთ და სატელიტური ტელეფონით საქართველოშიც დავრეკეთ.


მწვერვალი

დაშვებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც  ასვლა და უფრო სახიფათოდაც ითვლება, თუმცა ყველაფერი სწრაფად და მშვიდობიანად  მოვახერხეთ.

 

მეექვსე, უმაღლესი კატეგორიის მარშრუტს, ლარკიას მთავარ,  აქამდე აუსვლელ მწვერვალს ,,ქართული გზა” დავარქვით.

 

ყველა ჩვენგანს გვიყვარს მთაში გადაღება და სულ მალე ამ ასვლაზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიც გამოვა.



ავტორი: ნინო ჩლაიძე
ფოტოები: არჩილ ბადრიაშვილი

 


რეკომენდებული სტატიები
ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი
გაგაცნობთ 10 ევროპული ქალაქის ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ევროპის ზამთრის სამოგზაურო რეკომენდაციებში. თითოეული დანიშნულების ადგილის პოპულარობის მიზეზს კი მათი აღწერებიდან შეიტყობთ.
კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის

კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის

კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის
ვინაიდან საქართველოში ხეტიალისთვის ყველაზე შესაფერისი დრო - ზაფხული დადგა, გთავაზობთ რამდენიმე ადგილს, სადაც შეიძლება გაჩერდე კომფორტულად ღამის გასათევად.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.