ჯაზ-ფესტივალები საქართველოსა და მსოფლიოში


გააზიარე სტატია


დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნის მუსიკალური კულტურა შეგვიძლია იქ მიმდინარე ფესტივალებითაც შევაფასოთ. საქართველოს ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია, ხოლო ჩვენს რეგიონში – სამხრეთ კავკასიაში, შეიძლება ითქვას, ლიდერია. მუსიკის თითქმის ყველა ძირითად სტილში ჩვენთან რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ფესტივალის ტრადიცია დამკვიდრდა..


ამ ფესტივალთაგან ერთ-ერთი უპირველესი და ყველაზე „ხანდაზმული“ „თბილისის ჯაზ-ფესტივალია“, რომლის დაბადების თარიღად 1978 წლის მარტი შეგვიძლია მივიჩნიოთ. მაშინ თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სსრკ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალი, რომელშიც საბჭოთა იმპერიის 8 რესპუბლიკის 13 ქალაქის 23-მა ჯაზ-შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში ჯაზის შესახებ გადაღებული ფილმების სეანსებიც მოეწყო, ჯაზის პლაკატების გამოფენაც გაიმართა, თითქმის ყველა კონცერტი სახელმწიფო რადიოს ეთერით გადაიცემოდა. ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებას ხელი შეუწყო თბილისის ჯაზის აქტივის წევრების – ევგენი მაჭავარიანის, ბორის პეტროვის, თამაზ ყურაშვილისა და გაიოზ კანდელაკის (რომელიც ფილარმონიის დირექტორი იყო) დიდმა მონდომებამ. კონცერტებს 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.


1986 წლის 13-დან 22 მაისის ჩათვლით ისევ 10დღიანი, უკვე მეორე ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის შემსრულებლებთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ .. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისუნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუსიკოსებიც. საბჭოთა წყობილების დროს ცნობილი ჯაზმენების მოწვევა დასავლეთის ქვეყნებიდან საკმაოდ რთული იყო. სსრკის არსებობის უკანასკნელ წლებში, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, ეს შეზღუდვები მოიხსნა და 1989 წლის შემოდგომაზე ფილარმონიის დარბაზში თბილისის მე-3 საერთაშორისო ჯაზფესტივალი ჩატარდა. მასში საბჭოთა და სოცქვეყნების მუსიკოსების გარდა, მონაწილეობდნენ ამერიკელი, ფინელი, დანიელი და შვედი შემსრულებლებიც. ამ ფესტივალმა 140 მუსიკოსი გააერთიანა.

 

შემდეგ წლებში, ქვეყნისთვის მეტად რთული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო, კონცერტებისა და ფესტივალებისთვის აღარავის ეცალა. თუმცა, 1998 წელს შეიქმნა კომპანიაისთერნ პრომოუშენი, რომელმაც 2000 წლიდან თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ჩატარების ტრადიცია აღადგინა. ისთერნ პრომოუშენიმარტო დედაქალაქით არ შემოფარგლულა და 2007 წლიდან ყოველ ზაფხულს ატარებს შავი ზღვის ჯაზფესტივალს. ამავე დროს, 2010 წლიდან ორგანიზაცია სხვადასხვა სეზონზე ჯაზ-სერიების საღამოებსაც მართავს ხოლმე.

 

თბილისის და შავი ზღვის ჯაზფესტივალების, ასევე ჯაზ-სერიების არსებობის პერიოდში საქართველოში კონცერტი გამართეს უმაღლესი სინჯის ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ბილი კობემი, ჟან-ლუკ პონტი, ბილ ევანსი, ტანია მარია, ელ ჯერო, ინკოგნიტო, კრის ბოტი, ჯონ მაკლაფლინი, ბობი მაკფერინი, მაიკლ ფრენკსი, ჯორჯ ბენსონი, ჯემიროქუეი, ჰერბი ჰენკოკი, ჯო კოკერი, Earth, Wind & Fire, მარკუს მილერი, ერიკა ბადუ, დი დი ბრიჯუოთერი, ჩიკ კორეა, ნატალი კოული, ელ დი მეოლა, სტენლი კლარკი, ჰიუ მასაკელა, მეისი გრეი, Kool & The Gang, ერიკ ტრუფა, Parov Stelar, ჯოშუა რედმენი, ნილს პეტერ მოლვაერი, კეიკო მაცუი, დაიანა კროლი, სნუპ დოგი, ჯოს სტოუნი, The Prodigy, ლიზა სტენსფილდი, ქუინსი ჯონსი, ბასტა რაიმსი და მრავალი სხვ.

ჯაზ-ფესტივალებზე სცენა, რა თქმა უნდა, ქართველ მუსიკოსებსაც ეთმობა. ესენი არიან: ოთარ მაღრაძე, დავით მაზანაშვილი, ლალი ბერაძე, დინი ვირსალაძე, დათო ევგენიძე, დათო ოძელაშვილი, მაია ბარათაშვილი, „მწვანე ოთახი“, თბილისის დიქსილენდი, საქართველოს ჯაზ-ტრიო, ლევან ჩიჩუა, თამაზ ყურაშვილი, გიორგი მიქაძე, ბექა გოჩიაშვილი, „ასტროჯორჯია“, თბილისის ბიგ-ბენდი, ბაჩა მძინარაშვილი, ილუშა ცინაძე, ნინო ქათამაძე, პაპუნა შარიქაძე და სხვები.

 

მსოფლიოში მიმდინარე ჯაზ-ფესტივალებზე ჩვეულებრივი მოვლენაა მუსიკის სხვადასხვა სტილისა და ჟანრის აღრევა. პროცესს ჩვენმა ჯაზ-ფესტივალებმაც აუბა მხარი. შავი ზღვის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს რეპერმა სნუპ დოგმა და ელექტროპანკის პიონერმა, ჯგუფმა „პროდიჯიმ“. „ისთერნ პრომოუშენის“ ღონისძიებებში მონაწილეობენ ელექტრონული მუსიკის ცნობილი დიჯეებიც. 19 ივლისს კი მსოფლიო როკის ლეგენდა რობერტ პლანტი გახსნის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს. მუსიკოსს უკვე დიდი ხანია ჯაზ-ფესტების ჰედლაინერად იწვევენ  (2014 წელს ნიუ ორლეანის ჯაზ-ფესტივალი). ლედ ზეპელინმა 1969 წელს ნიუპორტის ჯაზ-ფესტზეც დაუკრა.

გავიხსენოთ მსოფლიოს 5 ცნობილი ჯაზ-ფესტივალი:

ახალი ორლეანის ჯაზისა და მემკვიდრეობის ფესტივალი (New Orleans Jazz and Heritage Festival) – ჯაზის სამშობლოსა და დედაქალაქში ეს ფესტივალი პირველად 1970 წელს ჩატარდა. მაშინ კონცერტზე მხოლოდ 350 ბილეთი გაიყიდა და სცენაზე, საერთო ჯამში, მაყურებელზე მეტი შემსრულებელი  გამოვიდა. დღეს ამ ყოველწლიურ ფესტივალს, რომელიც აპრილსა და მაისში იმართება, ნახევარ მილიონზე მეტი მაყურებელი ესწრება და ფესტივალის მონაწილეები 12 სხვადასხვა სცენაზე არიან გადანაწილებული.

ნიუპორტის ჯაზფესტივალი (Newport Jazz festival) – აშშ-ში, როდ აილენდის შტატის ქალაქ ნიუპორტის კაზინოში 1954 წელს 11 000 მაყურებელი შეიკრიბა ბილი ჰოლიდეის და ჯაზის სხვა ლეგენდების მოსასმენად. ამის შემდეგ ფესტივალის სტუმრებს შორის აღმოჩნდნენ მაილს დეივისი, დიუკ ელინგტონი, თელონიუს მონკი, ჯონ კოლტრეინი და სხვები. გარკვეული  პერიოდის განმავლობაში ფესტივალი არ იყო სტაბილური და ადგილმდებარეობაც კი შეიცვალა, თუმცა ახლა ისევ ნიუპორტში იმართება ყოველწლიურად, აგვისტოში, 3 დღის განმავლობაში.


მონტერეის ჯაზ-ფესტივალი (Monterey Jazz Festival) – კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეიში ეს ფესტივალი სან-ფრანცისკოს ჯაზის რადიოს წამყვანმა ჯიმი ლაიონსმა 1958 წელს დააარსა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ლეგენდებმა, როგორებიც არიან: დეივ ბრუბეკი, სტან გეტსი, დიზი გილესპი, სარა ვონი, ჰერბი ჰენკოკი, ჯონ კოლტრეინი, სონი როლინსი, „მოდერნ ჯაზ-კვარტეტი“ და სხვები. ფესტივალი ყოველი წლის სექტემბერში, 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ კონცერტებით. ფესტივალის დღის წესრიგში შედის საგანმანათლებლო პროგრამები, დისკუსიები, ვორკშოპები და გამოფენები. წარმოდგენილია ასევე, სავაჭრო სივრცე და დასავლეთის  სანაპიროს სამზარეულოც.


მონტრეს ჯაზ-ფესტივალი (Le Festival de Jazz de Montreux) – ეს ფესტივალი შვეიცარიის ქალაქ მონტრეში, ჟენევის ტბის სანაპიროზე 1967 წლიდან ტარდება. მისი დამაარსებელი და დირექტორი ცნობილი შვეიცარიელი მუსიკის მენეჯერი კლოდ ნობსია. რამდენიმე წელი ფესტივალი მხოლოდ ჯაზ-შემსრულებლებს მასპინძლობდა. თუმცა 1970 წლიდან მასზე სხვადასხვა მუსიკალური სტილის საუკეთესო შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ  – ეტა ჯეიმსით და ოსკარ პიტერსონით დაწყებული, ბიბი კინგით, პრინცით და იგი პოპით დამთავრებული. 1971 წელს ფესტივალზე, ფრენკ ზაპას გამოსვლის დროს, ხანძარი გაჩნდა, რამაც შთააგონა ჯგუფი Deep Purple დაეწერა სიმღერა Smoke On The Water. მონტრეს ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად ივნისში, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და მას 200 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრება.


კოპენჰაგენის ჯაზფესტივალი (Copenhagen Jazz Festival) – დანიის დედაქალაქში  ჯაზ-ფესტივალი 1979 წლიდან იმართება. პირველ კონცერტზე სონი როლინსმა სცენიდან თქვა: „ჯაზი მთელ მუსიკას მოიცავს. ყველაფერი შეიძლება გამოიხატოს ჯაზით და იმპროვიზაციის საშუალებით, ეს მუსიკის შექმნის უმაღლესი ფორმაა. ჯაზი დღეებს წააგავს. დილით  მოღრუბლული იყო, ახლა მზე ანათებს. შენ არასდროს იცი, რა მოხდება“. ეს ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალია ევროპაში, რომელსაც ყოველწლიურად, ივლისის დასაწყისში, 10 დღის განმავლობაში 250 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრება.

ავტორი: ლაშა გაბუნია

 


რეკომენდებული სტატიები
ნაპოვნია ლეგენდარული საქსოფონისტის - ჯონ კოლტრეინის 1963 წლის დაკარგული ალბომი
Play Video

ნაპოვნია ლეგენდარული საქსოფონისტის - ჯონ კოლტრეინის 1963 წლის დაკარგული ალბომი

ნაპოვნია ლეგენდარული საქსოფონისტის - ჯონ კოლტრეინის 1963 წლის დაკარგული ალბომი
„ახალი ოთახი დიდ პირამიდაში“ - ასე აფასებენ ამ აღმოჩენას ჯაზში კარგად ჩახედული პროფესიონალები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.