მოგზაურობა ხორვატიაში
კლიმატი
ხორვატია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მზიანი ქვეყანაა. ხმელთაშუა ზღვის კლიმატის გამო, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, წლის განმავლობაში 5 თვე თბილი ამინდებია – მაისიდან სექტემბრის ჩათვლით. ზაფხულში სანაპირო ზოლზე ჰაერის ტემპერატურა 29-დან 32 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო ყველაზე ცხელ თვეში – აგვისტოში წყალი 26 გრადუსამდე თბება.
ადრიატიკის ზღვა
გარემოს კონტროლის ევროპული სააგენტოს მონაცემებით, ადრიატიკის ზღვა ხორვატიის საკურორტო ზონის – დალმაციის ნაპირებთან ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა ევროპაში. რამდენიმე პლაჟი ე.წ. ცისფერი დროშითაა მონიშნული, რაც კრისტალურად სუფთა წყლის მანიშნებელია და ზღვაში ხილვადობა 50 მეტრს აღწევს.
კურორტები
- ხორვატიაში სამი ძირითადი საკურორტო ზონაა:
- ისტრიას ნახევარკუნძული და ისეთი პატარა ქალაქები თუ კუნძულები, როგორებიცაა: დუგა-უვალა, პულა, უმაგი, მედულინი, პორეჩი და ბარიონის კუნძულები. ისტრია ულამაზესი ლაგუნებით, შუასაუკუნეების ძველი დასახლებებით, წიწვოვანი ტყეების სამკურნალო ჰაერითა და ხმელთაშუა ზღვის ფაუნით გამოირჩევა.
- შუა დალმაცია – ზღვისპირეთის ისტორიული რეგიონია სუშაკიდან დუბროვნიკამდე. საუკეთესო საკურორტო ქალაქებად შიბენიკი, სპლიტი, მაკარსკა, ბრელა, ტროგირი და კუნძულები ბრაჩი და ხვარი ითვლებიან. მხარე მევენახეობითაც გამოირჩევა, სადაც თეთრ და წითელ ღვინოს აწარმოებენ.
- სამხრეთ დალმაციის საუკეთესო საკურორტო დასახლებებად დუბროვნიკი, ნეუმი, მლინი, სლანო, კუნძულები კოლოჩეპი და კორჩულა ითვლებიან. დუბროვნიკის ზონაში ქვიშიანი პლაჟებია, რაიონის სამხრეთ ნაწილში კი ხელოვნური ბეტონისა და კლდოვანი სანაპიროებია.
ღირშესანიშნაობები
- დიოკლეტიანეს სასახლე, რომელიც რომის იმპერატორმა ჩვენი წელთაღრიცხვით 284-305 წლებში ააგო და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილად შემორჩენილ რომაულ ნაგებობად ითვლება. 1979 წელს სასახლე და მის გარშემო გაშენებული ისტორიული ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა.
- რომაული ამფითეატრი ქალაქ პულაში ხორვატიის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად ითვლება. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში აშენებული ნაგებობა 20 ათას მაყურებელს იტევდა.
- კრკას ეროვნული პარკი – 7 ულამაზესი ჩანჩქერისგან შემდგარი სისტემაა, რომელიც დალმაციის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
- ქალაქი-ციხესიმაგრე ჰუმი ისტრიის რეგიონში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღირშესანიშნაობაა. დასახლება გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა სამ ათეულ ადამიანს არ აღემატება.
- ცალკე აღნიშვნის ღირსია, ხორვატიის ქალაქები და ადგილები, რომლებიც პოპულარული ტელესერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღებ ადგილებად იქცნენ. მაგალითად, სამეფო ნავსადგურის სცენები ქალაქ დუბროვნიკის ისტორიულ ნაწილშია გადაღებული, მეორე სეზონის მთავარი ბრძოლა დუბროვნიკის მახლობლად, წმინდა ლოურენსის სამკუთხა ციხესიმაგრესთან გაიმართა, მიერიმი კი, იგივე ხორვატული ციხესიმაგრე კლისია ქალაქ სპლიტში.
გამოცემა Time-ის ცნობით, ტელესერიალმა ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყო ხელი. მაგალითად, დუბროვნიკმა 9 მილიონამდე ევრო გამოიმუშავა. ყოველ წელს ქალაქი საშუალოდ სერიალის 60 ათას თაყვანისმცემელს მასპინძლობს.
სამეფო ნავსადგური
წმ. ლოურენსის ციხე
მიერიმი, სპლიტი