fbpx

რა შეიძლება აკეთოთ ბათუმში, როცა უკვე ყველაფერი ნახეთ და გააკეთეთ


გააზიარე სტატია

თუ ამ ვებგვერდის აქტიური მკითხველები ხართ,  თქვენ უკვე იცით, რა ადგილები უნდა დაათვალიეროთ ბათუმში მაშინ, როცა წვიმს. გაგიმხელთ: თუ ჩვენი რეკომენდებული ტურით იხელმძღვანელებთ, მთლად მშრალი ვერ მიხვალთ სახლში. თუმცა მანამდე იმასაც გეტყვით, რომ თუკი ამ ქალაქის  შხაპუნა წვიმაში ერთხელაც არ დასველებულხართ, ბოლომდე ვერ გიგრძვნიათ ბათუმი.


უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში წვიმა და მოღრუბლულობაა. იმ შემთხვევაში, თუ ზღვამ და  ტურისტულმა მარშრუტებმა დაგღალათ, და საღამოს საათებში აქტიური დასვენება, შოპინგი, სხვადასხვა კერძის დაგემოვნება ან ალკოჰოლით ოდნავი მოდუნება გადაწყვიტეთ, არჩევანის თავისუფლება ნამდვილად გაქვთ. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

თუ მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის ან საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შეძენას გადაწყვეტთ, მე პირადად ქალაქთან ასოცირებულ ხელნაკეთ სუვენირებს გირჩევთ. მათი ყიდვა ქალაქის ფაქტობრივად ყველა წერტილში შეგიძლიათ. ხის, ქვის, ძვლის, მინის და კიდევ სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური მასალისგან დამზადებული ნივთები ყველა ტურისტულ ჯიხურში შეგიძლიათ შეიძინოთ.


გარდა ამისა, სამი დე (3D) პრინტერების და ხის მიკრო ჩარხ-დანადგარების ხელმისაწვდომობის შემდეგ, ბევრმა არტისტმა თავისი მცირე ბიზნესი დაიწყო. ქალაქის მასშტაბით უკვე რამდენიმე  მაღაზია არსებობს, სადაც ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების შეძენა შეიძლება.

ხელნაკეთი ნივთების და სუვენირების გარდა, ამ ქალაქში არაერთ ცნობილ ბრენდს აქვს საკუთარი მაღაზია. ბათუმის ქუჩებში ბოდიალისას შეიძლება გადააწყდეთ ისეთ მარკებს, როგორიცაა: პოლ ენდ შარკი, მოა, დე ფაქტო, კოტონი, ოვსი, ფლო, ტერანოვა, კორსო იტალია, ვაიკიკი, ჯორდანო, ლი, ბატა, ვრანგლერი, ადიდასი, ნაიკი, პუმა… სხვათა შორის ეს უკანასკნელი საკუთარ პროდუქციას სწორედ აქ, ბათუმში და ბათუმიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ფაბრიკებში ამზადებს. საქართველოში დამზადებული ნაიკის სპორტული ფორმით კი არაერთი ცნობილი სპორტსმენი ასპარეზობს. ამავე ფაბრიკებში შეიკერა წლევანდელი  მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტის, ხორვატიის ნაკრების ფორმაც.

ეს მაღაზიები ქალაქის სხვადასხვა ნაწილშია მიმოფანტული, ამიტომ  მათი მისამართებით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა გეტყვით, რომ ქალაქში არსებობს ორი დიდი სავაჭრო ცენტრი, „ბათუმი მოლი“ – გორგილაძის და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში და „მეტრო სითი ფორუმი“ – ლეხ  და მარია კაჩინსკების ქუჩაზე.


მაღაზიების დიდი ნაწილი სწორედ ამ ორ სავაჭრო ცენტრში მდებარეობს. თუ შოპინგის შემდეგ კვლავ ძალების სწრაფი აღდგენა გადაწყვიტეთ და ამისთვის უპირატესობას სწრაფ კვებას ანიჭებთ, “მეტრო სითიში“ თქვენ „ბურგერ კინგი“ გელოდებათ. თუმცა ბევრი ბურგერების მარადიულ პაექრობაში „ყვითელ მხარეს“ იჭერს, ამ შემთხვევაშიც გაგიმართლათ, ბათუმში ორი „მაკდონალდსია“. ერთი, ახლად გახსნილი, ევროპის მოედანზე და მეორე “ბათუმი მოლიდან” 50 მეტრის დაშორებით. ეს უკანასკნელი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის მიერაა დაპროექტებული და ის გავლენიანი ინტერნეტგამოცემის, არჩ-დეილის მიერ 2014 წლის საუკეთესო შენობად დასახელდა.

თუ წიგნი თქვენთვის  საინტერესო შენაძენია, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „წიგნები ბათუმში“ ნამდვილად მოგხიბლავთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი საყვარელი ჟანრი ფენტეზი ან სამეცნიერო ფანტასტიკაა. აქვე გეტყვით, რომ „წიგნები ბათუმში“ არა მხოლოდ მაღაზია, არამედ გამომცემლობაცაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა და დღეისთვის ჟანრული ლიტერატურისა და თანამედროვე ქართველი ავტორების ერთ-ერთ უმსხვილეს გამომცემლობად მიიჩნევა.

თუ  შოპინგით დაღლილი საღამოს გატარებას სასიამოვნო გარემოში გადაწყვეტთ, ამ შემთხვევაშიც უამრავი  არჩევანი გაქვთ. ქართული სამზარეულო თითქმის ყველა ქუჩის კუთხეშია, და თუ აღმოსავლური სამზარეულო გიყვართ, ძველ ბათუმს ეწვიეთ. აქ  თურქული, ირანული, აზერბაიჯანული, ინდური, ტაილანდური და არაბული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ.

თუ გნებავთ ქალაქის და ბულვარის ხედით დატკბეთ, ამ შემთხვევაში ჰილტონის „სკაი ბარი“ და რედისონის „ქლაუდი“ გიმასპინძლებთ. განწყობის ამაღლებაზე სხვადასხვა ბენდიც ზრუნავს.

რაც შეეხება კაფეებს, ბოლო ერთ თვეში ქალაქში იმდენი კაფე გაიხსნა, რომ წინა ხუთი წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, ის ადამიანები, ვინც ქალაქს წლებია სტუმრობენ, უპირატესობას კვლავ ნაცნობ ადგილებს ანიჭებენ. ასეთებია – კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“, “ფან ფანი “, „კონტე“.


„გარდენსი“, “ვინილი“, „ბი ქეი“, პიაცაზე მდებარე კაფეები…

ახლად გახსნილი კაფეებიდან კი მე პირადად ორ  მათგანს გირჩევთ „უოლი“ მემედ აბაშიძის გამზირზე და კ2 ევროპის მოედანთან, დუმბაძის ქუჩაზე.

ეს უკანასკნელი ძველ, ბათუმურ ეზოში მდებარეობს და სავარაუდოდ მალევე დაიხურება, რადგან ამ ადგილას მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა იგეგმება. სახელიც სავარაუდოდ კ2 კოეფიციენტიდან მოდის, რომლის დაცვაც ქალაქის ამ ნაწილში ყველა ინვესტორის ვალდებულებაა, თუმცა მას ფაქტობრივად არავინ იცავს…


ავტორი: გიორგი წეროძე

 


რეკომენდებული სტატიები
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ყველა, ვინც ერთხელ მაინც ჩავა ბათუმში, აუცილებლად უნდა ეწვიოს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ულამაზესი მწვანე კონცხი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს და სხვადასხვა ქვეყნის უნიკალური ფლორისტული კოლექციებითაა განთქმული
რა ვუყოთ ბათუმს? - კომენტარები ახალ ურბანულ ლანდშაფტზე

რა ვუყოთ ბათუმს? - კომენტარები ახალ ურბანულ ლანდშაფტზე

რა ვუყოთ ბათუმს? - კომენტარები ახალ ურბანულ ლანდშაფტზე
ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ბათუმში შექმნილ ურბანულ სურათსა და ქალაქის პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ
რა უნდა ვნახოთ ბათუმში

რა უნდა ვნახოთ ბათუმში

რა უნდა ვნახოთ ბათუმში
ბათუმში უამრავი მუზეუმი, არქიტექტურული თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ან უბრალოდ ლამაზი ადგილია, რომლის ნახვაც შეგიძლიათ და რომლებზეც ამ სტატიაში შეიტყობთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.