საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ – Drone Awards 2018
თანამედროვე მსოფლიოში უპილოტო საფრენი აპარატები – დრონები მრავალ სფეროში გამოიყენება, მაგალითად, სამხედრო დანიშნულებით, საფოსტო მომსახურების მიზნით, სამაშველო ოპერაციებისას, სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვის საქმიანობაში და ა.შ. ზოგიერთ რესტორანში კი დრონებმა მიმტანების ფუნქციაც შეითავსეს.
დრონები აქტუალური ხდება მოდის ინდუსტრიაშიც. Dolce & Gabbana-მ ერთ-ერთ ჩვენებაზე ჩანთების კოლექცია უპილოტო საფრენი აპარატების – დრონების მეშვეობით წარმოადგინა).
სატელევიზიო და სარეკლამო სფეროში დრონები ისეთ კრეატიულ პროექტებში ჩართეს, როგორიც იყო, მაგალითად, იაპონური კომპანიის, Buyma-ის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი ერთ-ერთი სამოდელო ბრენდისთვის.
კლიპის პერსონაჟები გააშიშვლეს და „გედების ტბის“ მოტივზე აცეკვეს. დრონები კი მათთან ერთად სინქრონულად მოძრაობდნენ და ინტიმურ ადგილებს ფარავდნენ.
საინტერესოა ის შემთხვევებიც, როცა ტექნოლოგიები სახელოვნებო პროექტებშიც ჩართეს. მაგალითად, კომპიუტერული მოწყობილობების მწარმოებელმა ამერიკულმა კორპორაციამ INTEL-მა დრონების შოუ, სახელწოდებით Drone 100 გამართა. ჰამბურგის ერთ-ერთ მოედანზე, ორკესტრის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიის ფონზე, ცაში 100 მოციმციმე დრონი გაუშვეს. ულამაზესი ვიზუალური შოუ გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ხელოვნების სფეროში ახალი მიმართულებებიც გაჩნდა. მაგალითად, დრონების ფოტოგრაფია. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ფოტოგრაფი იყენებს საფრენ აპარატებს საკუთარი ნამუშევრების შესაქმნელად. დაარსდა არაერთი ფოტოფესტივალი, სადაც ამ ხერხით გადაღებული გამოსახულებების გამოფენა ტარდება. ერთ-ერთი ასეთი პრესტიჟული კონკურსია Drone Awards.
სულ ახლახან იტალიურ ქალაქ ასიზში გამართულ მორიგ ფესტივალზე 2018 წლის საუკეთესო ნამუშევრები დაასახელეს. ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსში 4 400 ფოტონამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ.
Drone Awards-ის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ფრანგი ფოტოგრაფი ფლორიან ლედუ, ნამუშევრით „თეთრი დათვი“.
სხვა გამარჯვებულები:
- „ამინდის გველი“ – ნომინაცია „აბსტრაქცია“, ავტორი ოვი დ. პოპი (რუმინეთი)
- „ასიზი ღრუბლებში“ – ნომინაცია „ქალაქები და ურბანისტიკა“, ავტორი ფრანჩესკო კატუტო (იტალია)
- „ანგელოზი“ – ნომინაცია „სპორტი“, ავტორი ლუის ალონსო ხიმენეს სილვა (ესპანეთი)
- „მადაინ-სალიჰი“ (არქეოლოგიური კომპლექსი საუდის არაბეთში) – ნომინაცია „ბუნება“, ავტორი გაბრიელ სკანუ (ავსტრალია)
- „მილიონი პილიგრიმი“ – ნომინაცია „ადამიანები“, ავტორი Qinghua Shui (ჩინეთი)
- „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ – ნომინაცია „ბუნება“, ავტორი Xiaoxiao Liu (ჩინეთი)
- „მოსრიალე ჩრდილები“ – ნომინაცია „სპორტი“, ავტორი ვინსენტ რიმერსმა (ჰოლანდია)
- „უბანი ლისაბონში“ – ნომინაცია „ქალაქები და ურბანისტიკა“, ავტორი ჰარი კამინსი (კანადა)
- „ხანძარი საწყობში“ – ნომინაცია „ურბანისტიკა“, ავტორი ბაირონ დუ ბოისი (სამხრეთი აფრიკა)
- „დენდრიტი“ – ნომინაცია „აბსტრაქცია“, ავტორი ბრანკო მარკოვიჩი (სერბეთი)
- „ზვიგენი“ – ნომინაცია „ველური ბუნება“, ავტორი ადამ ბარკერი (ა.შ.შ.)
- „ჯადოსნური ყინული“ – ნომინაცია „აბსტრაქცია“, ავტორი მარტინ მეკნაროვსკი (ჩეხეთი)