fbpx

შემეცნებით-ინტერაქტიული მუზეუმი “შუქურა” და საბავშვო ბანაკი ბედიანში


გააზიარე სტატია

საქართველოში უკვე ორი წელია არსებობს ბავშვთა შემეცნებით-ინტერაქტიული მუზეუმი “შუქურა”, რომელიც ადგილობრივ კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეში არატრადიციული ფორმითა და პროგრამით ფუნქციონირებს.

“შუქურა” მომთაბარე მუზეუმია, რომელსაც  არ აქვს შენობა. მუზეუმის საგანმანათლებლო ვორკშოფები, სემინარები, ლექციები, სამუზეუმო გამოფენები სტუმრის, დამთვალიერებლისა თუ მონაწილის მაღალ ჩართულობას მოითხოვს.



 

At.ge  ესაუბრა “შუქურას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, სოფია ლაპიაშვილის.

 

როგორია “შუქურას” მუშაობის პრინციპი?

 

“შუქურა” სამყაროს ერთ დიდ ურთიერთკავშირში მყოფ მთლიანობად აღიქვამს და ეკოცნობიერების ამაღლებისათვის ადრეული ასაკიდანვე წვლილის შეტანას თავის მოვალეობად მიიჩნევს. ამიტომ მუზეუმის ფარგლებში ჩამოყალიბდა ECO-დიზაინის და ხელოვნების სახელოსნო, რომლის მიზანიც ეკოაზროვნების განვითარება და შესაბამისი პროექტების განხორციელებაა.

 

შუქურა თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აქტივობის შინაარსიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე  სხვადასხვა კონტექსტებსა და სივრცეებში მუშაობს.

 

რა ტიპის ღონისძიებებს სთავაზობს “შუქურა” დაინტერესებულ პირებს?

 

გამომდინარე იქიდან, რომ შუქურას არ აქვს კონკრეტული სივრცე, მუზეუმი მუშაობს ადგილსპეციფიკურად  და მის აქტივობებს ტერიტორიაზე  არსებულ რესურსებს არგებს.

მაგალითისთვის, შუქურას  ECO-დიზაინის და ხელოვნების სახელოსნოს ერთ-ერთი პირველი ვორკშოფი თბილისის ტექნოპარკში ჩატარდა, სადაც ხელოვან გიორგი მაღრაძის ხელმძღვანელობით მოზარდებმა მეორადი, გამოუყენებელი, დაშლილი ელექტრომოწყობილობებისგან სანათები ააწყვეს, რომლებსაც მწერების ფორმები ჰქონდათ.


გიორგი თავად დიდი ხანია ქმნის საინტერესო სანათებს ძველი ნივთებისა და ნარჩენებისგან და ვინაიდან ტექნოპარკიც ინოვაციების, გამოგონებების სივრცეა, ვიფიქრეთ, რომ ამ ტიპის ვორკშოფის ჩატარება იქ საინტერესო სტარტი იქნებოდა. გარდა ამისა, ტექნოპარკი ყოფილი მეფუტკრეობის ორგანიზაციის ტერიტორიაზეა  გაშენებული და მწერების თემით საშუალება მოგვეცა ვორკშოფი ადგილსპეციფიკურ კონტექსტშიც ჩაგვესვა.

 

1-8 სექტემბერს ვგეგმავთ ბანაკის მოწყობას ბედიანის ბავშვთა ცენტრთან ერთად და იქაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ ადგილობრივ რესურსს. ბავშვების აქტივობების აქცენტი ძირითადად მათი გარემოსთან კავშირების  დანახვასა და გაღრმავებაზე გაკეთდება.



 

ვისთვის არის თქვენი ღონისძიებები ძირითადად განკუთვნილი. შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო პროგრამებია თქვენი მთავარი ორიენტირი?

 

ჩვენი აქტივობების დიდი ნაწილი ბავშვების და მოზარდების ჩართულობას გულისხმობს, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს. ჩვენ “შუქურას” აქტივობებს ზრდასრულთა განათლების კონტექსტშიც ვახორციელებთ – მასწავლებელთა გადამზადებაში და საჯარო ღონისძიებებში.

 

შემუშავებული გვაქვს მასწავლებელთა  კვალიფიკაციის ასამაღლებელი ვორკშოფები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ვატარებთ. ესენია საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტები, რომლებიც სკოლებში, ინტეგრირებული გაკვეთილების ფარგლებში შეიძლება იქნეს გამოყენებული. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქიმიისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი იყო: ჩვენ დავამზადეთ ბუნებრივი საღებავები სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ნახარშისგან და მერე ამ საღებავებით ვხატეთ.



 

ზრდასრულთა გადამზადების სფეროში ჩვენი ერთ-ერთი პროექტია „მზის სამზარეულო“, რომელიც სპეციალური მზის შუქ-ქურით, მხოლოდ მზის ენერგიის გამოყენებით საჭმლის მომზადებას გულისხმობს. ეს ქურა ECO-დიზაინის და ხელოვნების სახელოსნოების ნაწილია, ჩვენ მათ თავად ვამზადებთ და  სხვებსაც ვასწავლით.



 

ჩვენი მიზანი ყველა იმ ადამიანის მაღალი ჩართულობაა, ვინც  “შუქურას” ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. მნიშვნელოვანია მდგრადობის თემა, ოღონდ არა მარტო ბუნების და ეკოლოგიის ჭრილში დანახული მდგრადობა, არამედ ურთიერთკავშირების დანახვა და მათი გააზრება.


 

რამდენად ეკოლოგიური, ინტერაქტიული და შემეცნებითი იქნება ბანაკი, რომლის მოწყობასაც ბედიანში გეგმავთ? როგორ აარჩიეთ ეს ადგილი.

 

ბედიანის ბავშვთა ცენტრი წლების წინ ძეგვის ბავშვთა სახლის განშტოება იყო და ის ბავშვთა სახლიდან წამოსულმა პედაგოგებმა შექმნეს. ეს დასახლება დღეს აღარ არის ბავშვთა სახლის ფორმის, აღსაზრდელები გაიზარდნენ, მასწავლებლებიდან ნაწილი ოჯახებს დაუბრუნდა, ნაწილი იქვე დაფუძნდა და ერთგვარი თემი შეიქმნა, რომლის წევრებიც წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ და მუშაობენ. მათი ნაწილი სოფლის მეურნეობით, მეფუტკრეობით და სხვადასხვა საქმეებით არის დაკავებული.

 

მათი ინიციატივა იყო “შუქურას” მოწვევა ბედიანში და ბავშვთა ბანაკის გაკეთება, რომელშიც თვითონაც აქტიურად იქნებიან ჩართულები.



 

ჩვენ ადგილსპეფიციკურობის პრინციპიდან გამომდინარე, ბანაკის პროგრამა ისე შევადგინეთ, რომ ბავშვები გარემოსთან ინტერაქციაში ჩაერთონ. ამ შემთხვევაში  ვეყრდნობით იმ ხელოვანების და დიზაინის პედაგოგების გამოცდილებებს, რომლებიც თავისი მეთოდებით ბავშვებსა და მოზარდებს ბუნების შემეცნების პროცესებში აქტიურად რთავს.



 

მაგალითისთვის: ერთ-ერთი აქტივობა Mobile Picture – ხელოვანთა და დიზაინერთა ჯგუფის მეთოდით ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ყურს დაუგდებენ ბუნებას, დააკვირდებიან და აღწერენ ბუნების ხმების ხასიათებს და ამ ხმებს, მათ საკუთარ ხასიათზე რეფლექსიის შედეგად, მუსიკალურ კომპოზიციად შექმნიან.



 

ჩვენთან ერთად იმუშავებს ასევე ბედიანის ბავშვთა ცენტრის მეგობარი – მშვიდობის კორპუსის მოხალისე მეთიუ რიჯვეი კალიფორნიიდან, რომელსაც ამ კომუნასთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. ის ჩვენი ბანაკის ბავშვებთან ადამიანის უფლებების დაცვის, გარემოს დაცვისა და ბიომეურნეობების საკითხებზე  ჩაატარებს საუბრებს.

 

და ბოლოს, ბავშვებს და მოზარდებს „შუქურასა“ და ბედიანის ბავშვთა ცენტრის ბანაკში ელით ლაშქრობებიც, საღამოები კოცონთან და მხიარული თავგადასავლები…

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.