fbpx

„მასწავლებლები, როგორც რეპეტიტორები“ – განათლების დინამიკა საქართველოში


გააზიარე სტატია


“მასწავლებლები, როგორც რეპეტიტორები: ჩრდილოვანი განათლების ბაზრის დინამიკა საქართველოში” განათლების მკვლევრის, ნუცა კობახიძის სადისერტაციო ნაშრომის მიხედვით შედგენილი წიგნია. ნაშრომს  2017 წელს გეილ კელის (Gail P. Kelly) სახელობის საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა, როგორც განათლების სფეროში ინგლისურ ენაზე შესრულებულ წლის საუკეთესო დისერტაციას.


ნუცა კობახიძე დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა რეპეტიტორების ინსტიტუტს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და უფრო განვითარებულ საზოგადოებებში.



– რეპეტიტორების გარდა, რა კომპონენტებისგან შეიძლება შედგებოდეს  განათლების ჩრდილოვანი ბაზარი?

ტერმინოლოგიის განმარტებით  დავიწყოთ: რას ნიშნავს განათლების ჩრდილოვანი ბაზარი? ეს არის მეტაფორა, რომელიც 90-იანი წლების ბოლოდან დამკვიდრდა და ნიშნავს იმას, რომ რეპეტიტორობა გარკვეულწილად არის სკოლის აჩრდილი, ეს სისტემა არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს სკოლა. როცა სკოლის ფორმების სისტემურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე (საგნების დამატება, ახალი გამოცდების შემოტანა და ა.შ.),  იცვლება რეპეტიტორების სისტემაც. ის აირეკლავს ყველაფერს, რაც ხდება მთავარ სისტემაში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაიზარდა სკოლის სისტემა, რამაც რეპეტიტორების ზრდაც გამოიწვია.

ჩრდილოვანი ამ შემთხვევაში მხოლოდ უარყოფითს არ გულისხმობს, მაგრამ ცხადია, უარყოფითი ასპექტებიც აქვს. მაგალითად ის, რომ რეპეტიტორობის სისტემა შეიძლება იყოს კორუფციის –  ნიშნების მომატების, დიპლომების ყიდვის, გამოცდაზე მოსყიდვის სტიმულატორი.


– შეიძლება ითქვას, რომ რეპეტიტორობის სისტემა შექმნილია არა უკეთესი განათლების მისაღებად, არამედ გამოცდების უკეთ ჩაბარებისთვის და ჩრდილს აყენებს კარგი განათლების სახელს, თუკი ორიენტირად მხოლოდ გამოცდაზე მაღალი ქულების მიღება გვაქვს მიზნად?

კი, შეიძლება ასეც ითქვას. რეპეტიტორობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თითქმის ყველა ქვეყანაში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების გამოცდებისთვის უკეთ მომზადებაა, რაც კარგი განათლების გაგებას ავიწროებს. თუმცა, რაც დრო გადის,  რეპეტიტორების პრაქტიკა ვრცელდება დაწყებით კლასებშიც და ამ შემთხვევაში “ბეიბისითინგის” და მასწავლებლის ფუნქციას ერთდროულად ითავსებს.

– რეპეტიტორები საბჭოთა და პოსტ საბჭოთა განათლების სისტემისთვისაა ჩვეული მოვლენა, თუ უფრო ფართოდ არის გავრცელებული?

საბჭოთა კავშირის დროინდელი და პოსტსაბჭოთა ვითარება ერთმანეთისგან განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს რეპეტიტორობა მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც არსებობდა, იდეოლოგიური და ეკონომიკური მიზეზების გამო, საბჭოთა კავშირის დროს მისი არსებობა უგულებელყოფილი და მეტიც, აკრძალული იყო.

საბჭოთა კავშირის დროინდელ მითს, რომ საბჭოთა განათლება არის საუკეთესო,  პროპაგანდა ყველა გზით ამყარებდა. რეპეტიტორების სისტემის არსებობა ამ მითს საფრთხეს უქმნიდა.

საბჭოთა კავშირში არსებობდა მეორე მითიც, რომ ყველა იყო თანასწორი და არავის არ ჰქონდა სხვაზე პრივილეგირებული მდგომარეობა. რეპეტიტორთან სიარული კი თავისთავად პრივილეგიას ნიშნავდა, ვიღაცას ჰქონდა ფული რეპეტიტორისთვის, ვიღაცას არა. ვიღაც ცნობილ რეპეტიტორთან დადიოდა, ვიღაც ჩვეულებრივთან. გამოდის, რომ ეს მითიც ირღვეოდა კერძო პედაგოგების პრაქტიკით.

ამიტომ რეპეტიტორებს ებრძოდა სისტემა და პროპაგანდის მანქანა. 60-70-იანი წლების გამოცემებში რეპეტიტორები ხალხის მტრებადაც კი იყვნენ გამოცხადებული.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ეს ფაქტორები გაქრა და დაიწყო რეპეტიტორების ბუმი. ამ ბუმსაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სასკოლო სისტემის ჩამოშლა მოქმედებდა. ერთი მხრივ, კერძო მასწავლებლობა გახდა შანსი ადამიანებისთვის, ჰქონოდათ დამატებითი შემოსავალი, მეორე მხრივ, მშობლების აზრით, სკოლა იმდენად ვერ იძლეოდა დამაკმაყოფილებელ ცოდნას, რომ საჭირო გახდა დამატებითი ინსტრუმენტები განათლების მისაღებად.

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდს შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს: საბჭოთა კავშირის დროს რეპეტიტორები იყვნენ უმეტესად პროფესორები და უნივერსიტეტის ლექტორები, პოსტსაბჭოთა პერიოდში კი სკოლის მასწავლებლები და ისინი, ვინც თვლიდა, რომ სწავლება შეეძლო. მათთვის ეს იყო შესაძლებლობა, მიეღოთ დამატებითი შემოსავალი და ბევრი შეეცადა ამ შესაძლებლობის გამოყენებას.


– რით განსხვავდებიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეპეტიტორები თუნდაც უფრო განვითარებულ ქვეყანაში რეპეტიტორად მომუშავე მასწავლებლებისგან?

2004 წელს “ღია საზოგადოება საქართველომ” ჩაატარა კვლევა, რომელმაც  9 პოსტსაბჭოთა ქვეყანა მოიცვა და სწორედ რეპეტიტორების ბაზარს შეეხებოდა. ამ კვლევის თანახმად, კერძო მასწავლებლების პრაქტიკა ყველაზე მეტად საქართველოსა და აზერბაიჯანში იყო გავრცელებული (მოსწავლეების 80% იყენებდა მას).  მაგალითად, აზერბაიჯანში რეპეტიტორებთან სიარულის გამო მოსწავლეები საჭიროდ არ მიიჩნევდნენ სკოლაში სიარულს და მკვლევრები აღნიშნავდნენ, რომ მათ უმეტესად ცარიელი საკლასო ოთახები ხვდებოდათ.

განვითარებულ ქვეყნებში რეპეტიტორების ინსტიტუტი სხვა მიზეზების გამო არსებობს. აჩქარებული ცხოვრების რიტმში მშობლებს უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებათ ბავშვებთან გასატარებლად და გაჯეტებთან მათ დატოვებას ურჩევნიათ ჰყავდეთ დამხმარე, რომელიც თან გაართობს, თან ამეცადინებს, თან იზრუნებს მათზე. აქ უფრო იკვეთება ბეიბისითინგისა და მასწავლებლის ფუნქციები.


– რა იწვევს რეპეტიტორების მძლავრი ინსტიტუტის წარმოშობას: მასწავლებლების სურვილი, გამოიმუშაოს მეტი ფული, სკოლა, როგორც არასაკმარისი საგანმანათლებლო ინსტიტუცია, მშობლების სურვილი, მისცენ მათ შვილს მეტი პრივილეგია თუ კიდევ სხვა ასპექტები?

ყველა ერთად და კიდევ მრავალი სხვა მიზეზი. მაგალითად, საქართველოში ძირითადად ამ ტიპის განხილვებში საუბრობენ საგანმანათლებლო მიზეზებზე და უგულებელყოფილია  სოციალური მიზეზები, რაც შეიძლება იყოს სოციალური სტატუსის მოპოვების მცდელობა, კონკრეტულ წრესთან დაახლოების სურვილი, პრივილეგიაზე ხაზგასმა, მიმბაძველობა, მოდა და ა.შ.

ეს მიზეზები ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა. მაგალითად, ირანში, სადაც სკოლები გენდერულად სეგრეგირებულია, რეპეტიტორებთან გოგონებს და ბიჭებს ერთად შეუძლიათ სიარული და  ეს მათთვის არის შანსი, მოხვდნენ ერთად, გაიცნონ ერთმანეთი.


– რეპეტიტორების გარდა, რა იწვევს  თქვენს ინტერესს განათლების სისტემების კვლევისას?

ძირითადად განათლების პრივატიზაციის საკითხები: საჯარო და კერძო სკოლები,  ფილანტროპია, განათლების გლობალური პოლიტიკა. ასევე, საერთაშორისო კვლევები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.


– ქართულ განათლების სისტემაში რა ავთენტურ და საყურადღებო მოვლენებს გამოყოფდით?

მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში სკოლა რჩება ყველაზე დიდ გამოწვევად. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სახელმწიფომ ვერ შეძლო მასწავლებლების ეფექტური გადამზადება, ახალგაზრდების მიზიდვა პროფესიაში და ასაკოვანი პედაგოგების ღირსეული გაცილება სკოლებიდან.

ასევე გადასახედია უნივერსიტეტების და მეცნიერების დარგების დაფინანსება. მნიშვნელოვანია მშობელთა განათლება და ზოგადად,  საზოგადოებაში განათლების საკითხების მიმართ ინფორმაციის ნაკლებობა თვალშისაცემია.  

ზოგადად, განათლების სისტემის გაუმჯობესებას ფინანსები სჭირდება. მთლიანი შიდა პროდუქტის 5% მაინც უნდა იხარჯებოდეს განათლებაზე, მაგრამ აუცილებლად მიზანმიმართულად. აფრიკის რიგ ქვეყნებში 7%-ზე მეტიც იხარჯება, თუმცა პროგრესი ნაკლებია. თანხები და თანმიმდევრული, სწორი პოლიტიკაა საჭირო ცვლილებებისთვის. საქართველოს განათლების სისტემა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ფრაგმენტული რყევების ფონზე ვითარდება და მჭიდრო  კავშირშია პოლიტიკასთან.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.