კერძო ავტომობილებში სარეკლამო პროექციის ტექნოლოგია ინერგება
სან-ფრანცისკოში კომპანია Grabb-It-მა სხვადასხვა პროდუქტის რეკლამირებისათვის ნოვაციის დანერგვის ტესტირება დაიწყო.
ინჟინრებმა ავტომობილების სალონში მინიატიურული პროექტორები დაამონტაჟეს, რომლებიც ვიდეოგამოსახულებას გვერდით და უკანა მინებზე პროეცირებენ.
ტესტირებამ აჩვენა, რომ გამოსახულება თანაბრად კარგად აღიქმება როგორც ღამის, ასევე დღის განათების პირობებში.
პროექტის ავტორების თქმით, სიახლის დანერგვის შემთხვევაში, ვიდეორეკლამის შინაარსი ავტომობილის მდებარეობის მიხედვით შეიცვლება. მაგალითად, თუ მანქანა სტადიონის მახლობლად ჩაივლის, ფანჯრებზე ამა თუ იმ თამაშის ბილეთების გაყიდვის რეკლამა გავა, რესტორნებისა და კაფეების შემთხვევაში კი – ლუდის, კერძებისა და სხვა თემატური პროდუქციის.
მიუხედავად წარმატებული შედეგისა, სპეციალისტები კონკრეტულ პრობლემებზეც საუბრობენ. მაგალითად, პოლიციის რამდენიმე წარმომადგენლის აზრით, დინამიკური ვიდეორგოლები მძღოლებს კონცენტრაციაში შეუშლის ხელს, რამაც შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. შესაბამისად, Grabb-It სისტემის მუშაობის შემდეგ მოდელს განიხილავს: ავტომობილის მოძრაობისას გამოსახულება სტატიკური იქნება, ხოლო გაჩერებისას – ვიდეორგოლები ჩაირთვება.
ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი 25-მა სანფრანცისკოელმა მძღოლმა გამოთქვა, რომელთაც საათში 2 დოლარს უხდიან.