fbpx

ცნობილი მუსიკოსები და მათი მხატვრობა – Miles Davis & David Bowie


გააზიარე სტატია

 

მაილს დევისი და დევიდ ბოუი: თანამედროვეობის ამ ორ ლეგენდას მუსიკის გარდა ხატვისადმი ლტოლვაც აერთიანებს.

 

მაილს დევისი

მაილს დევისი ავტობიოგრაფიულ წიგნში ხშირად ახსენებს თავის მასწავლებელს, ვინმე მისტერ ბიუკენენს. როგორც ჩანს, ბრძენი კაცი იყო და გონივრულ რჩევებს აძლევდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მუსიკოსისთვის უთქვამს, რომ მის მთავარ ღირსებას ცნობისმოყვარეობა და ყველაფრის ცოდნის სურვილი წარმოადგენდა. არც შემცდარა. მაილსი მრავალმხრივი ინტერესების მქონე პიროვნება იყო, ყმაწვილკაცობაში ცურვა და კრივი იტაცებდა, მოგვიანებით კი, როცა საბოლოოდ გადაეშვა ჯაზურ სამყაროში, მუსიკის თითქმის ყველა ჟანრში შეიჭრა, განავითარა და შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილებამდე მიიყვანა ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა, მაგალითად, ქულჯაზი, ბიბოპი, მოდალური თუ ფიუჟენ ჯაზი.

ჯაზის „შავ პრინცად“ წოდებული მუსიკოსი ნამდვილი მხატვარიც იყო. ხელოვნების ამ დარგისადმი ინტერესი მას გასული საუკუნის მეორე ნახევარში გაუჩნდა.

„მხატვრობა ჩემთვის თერაპიის მსგავსია, როცა მუსიკას არ ვუკრავ, ხატვის პროცესი პოზიტივით ავსებს ჩემს შინაგან სამყაროს“, – ასე განმარტავდა სახვითი ხელოვნებით საკუთარ გატაცებას. სპეციალისტების თქმით, მის ხელწერაში ამერიკული პოპ-არტის, აფრიკული ტომების კულტურისა და ისეთი ოსტატების გავლენები იკვეთებოდა, როგორებიც იყვნენ კანდინსკი, პიკასო და ბასკია.

2013 წელს მაილს დევისის ნამუშევრების ალბომი – Miles Davis: The Collected Artwork გამოიცა.

 

დევიდ ბოუი

„დილით თუ ცუდ ხასიათზე იღვიძებ, ხატვა ყველაზე ეფექტიანი  საშუალებაა განწყობის ასამაღლებლად,“ – New York Times-ისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამგვარად დაახასიათა დევიდ ბოუიმ მისი დამოკიდებულება სახვითი ხელოვნების მიმართ.

„როკ-მუსიკის ქამელეონად“ წოდებული მუსიკოსი ხატვის უნარებს ბავშვობიდანვე სამხატვრო სკოლაში ეუფლებოდა. მუსიკალური კარიერის პირველ წლებშიც, როცა ჯგუფების, The Delta Lemons-ისა და Bowmen-ის ლიდერი იყო,  ბევრს მუშაობდა, საკონცერტო ტურნეებისთვის თავად ქმნიდა პოსტერებს. მეტწილად უცხოპლანეტელთა გამოსახულებებსა და სხვადასხვა ფუტურისტულ ნივთებს ხატავდა.

ცოტამ თუ იცის, რომ მოგვიანებით ბოუის ნახატები თუ სკეტჩები მისივე ალბომების გარეკანის გასაფორმებლად გამოიყენებოდა, ასევე პლაკატების, ბილეთების, სამკერდე ნიშნებისა თუ სხვა აქსესუარებისათვის.

როცა ბოუის გავლენაზე ეკითხებოდნენ, ავსტრიელ ექსპრესიონისტს ეგონ შილეს, ინგლისელ მხატვრებს – დევიდ ბომბერგს, ფრანკ აუერბას, ფრანგ ავანგარდისტსა და გრაფიკოსს, ფრენსის პიკაბიას, კოლაჟისტ ჯონ ჰარტფილდს ასახელებდა. მუსიკოსი მის ხელწერაზე სიურეალისტებისა და Marvel-ის კომიქსური ესთეტიკის გავლენასაც აღიარებდა.    

მხატვრობაზე საუბრისას ბოუი ხშირად იხსენებდა 70-იანი წლების ე.წ. ბერლინურ პერიოდს, როცა Hauptstraße-ს 155-ში ცხოვრობდა და თავის ცნობილ გერმანულ ტრიპტიხს (ალბომების ტრილოგიას: Low 1977, Heroes 1977, Lodger 1979) ქმნიდა. მუსიკოსის თქმით, ეს პერიოდი ყველაზე პროდუქტიული იყო მისთვის, როგორც მხატვრისთვის – ხატვა და მუსიკა ერთმანეთს ავსებდა.

როგორც მუსიკაში იყო ცვალებადი, მრავალმხრივი, ასეთივე ექსპერიმენტებს ატარებდა ხატვისას. გამუდმებით ახდენდა სხვადასხვა სტილისა და მასალების სინთეზს, მუშაობდა ტილოზე, აკრილით, დაუხატავს ნახშირითაც, კოლაჟური ტექნიკითაც ინტერესდებოდა, ცდილობდა შეექმნა ინსტალაციები და რენტგენის სხივები გამოეყენებინა.  

 


რეკომენდებული სტატიები
ნაპოვნია ლეგენდარული საქსოფონისტის - ჯონ კოლტრეინის 1963 წლის დაკარგული ალბომი
Play Video

ნაპოვნია ლეგენდარული საქსოფონისტის - ჯონ კოლტრეინის 1963 წლის დაკარგული ალბომი

ნაპოვნია ლეგენდარული საქსოფონისტის - ჯონ კოლტრეინის 1963 წლის დაკარგული ალბომი
„ახალი ოთახი დიდ პირამიდაში“ - ასე აფასებენ ამ აღმოჩენას ჯაზში კარგად ჩახედული პროფესიონალები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.