აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დეტალები ილუსტრაციებით


გააზიარე სტატია


ავტორი: გიორგი კაკაბაძე

 

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციის პროექტი ზაფხულში დაიწყო და ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. დაფინასება – 2,5 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკმა გამოყო, უშუალოდ პროექტს კი  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აბასთუმნის ობსერვატორიაში ფართო მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ტექნიკური აღჭურვილობა უკვე დიდი ხანია  განახლებას საჭიროებს.

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტით იგეგმება  125-სმ-იანი ტელესკოპის (აზტ-11) შენობის სრული განახლება. შენობა გასული საუკუნის  70-იან წლებში აშენდა. მასში განთავსებული იყო ბიბლიოთეკა, წიგნსაცავი და სამკითხველო დარბაზი, ასევე დიდი საკონფერენციო დარბაზი.



სამუშაოების დასრულების შემდეგ აქ ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა.  



ასევე განახლდება  ყანობილის მთიდან დაბა აბასთუმნამდე გაყვანილი საბაგირო გზა, რომელიც 1960-იან წლებიდან ფუნქციონირებს და ობსერვატორიის თანამშრომლებისთვის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო საშუალებაა. 


პროექტი  ითვალისწინებს გარე სივრცის მოწყობას: ობსერვატორიის ტერიტორიაზე ასფალტის დაგებას და ავტოსადგომის მოწყობას.


აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის მაია თოდუას შეფასებით, რეაბილიტაციის პროექტი ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ობსერვატორიის ტერიტორიაზე ტარდება ექსკურსიები, აბასთუმნის მიმართ ინტერესი კი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების მხრიდან მუდმივად იზრდება.

მაია თოდუა:  „ეს განახლება მნიშვნელოვნად დაეხმარება ობსერვატორიას  და ხელს შეუწყობს უფრო მიმზიდველი გახდეს მომსვლელთათვის.  პროექტის მიხედვით, აზტ-11-ის შენობაში დამონტაჟდება გათბობის სისტემა, რომელიც მოიხმარს გაზს. ადრე გათბობის სისტემა ელექტროენერგიას მოიხმარდა,  რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მით უმეტეს, აბასთუმნის ცივ კლიმატურ პირობებში, სადაც გათბობა წელიწადში 7-8 თვის განმავლობაშია საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ გაზზე გადაყვანა ამ ხარჯებს საგრძნობლად შეამცირებს.


რაც შეეხება ზოგადად ობსერვატორიის ინფრასტრუქტურას, აქ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. პირველ რიგში, გათბობის სისტემის მოწყობა, რომელიც ადრე მთლიანად ელექტროენერგიის მოხმარებაზე იყო აწყობილი. შემდგომ, 90-იანი წლებიდან,  როდესაც მოხდა ეკონომიკური კოლაფსი, გასათბობად შეშას ვიყენებთ. დღესაც ობსერვატორიის თანამშრომლები  შეშით თბებიან. ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს და მოხდეს შენობების გაზიფიკაცია.“

 

125-სმ-იანი ტელესკოპის  შენობის სრული განახლება ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს თავად  ტელესკოპის რეაბილიტაციას, თუმცა ობსერვატორიის დირექტორი ამბობს, რომ  მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლებელია ტელესკოპის რეაბილიტაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს:  “არის იმედი, რომ გამოიძებნოს სახსრები ტელესკოპის აღსადგენად, რასაც მინიმუმ ერთი მილიონი ლარი მაინც სჭირდება. თუ  საკითხი დადებითად გადაწყდა, ეს იქნება დიდი წარმატება ობსერვატორიისთვის. ვფიქრობ, რომ ასევე საჭიროა 70-სმ-იანი მენისკური ტელესკოპის შენობის რეაბილიტაციაც, რომელიც არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.“

 

დაფინანსება, რომელსაც ობსერვატორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან იღებს, წელიწადში 1 080 000 ლარია. ამ ბიუჯეტის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება მცირე სარემონტო სამუშაოები, თუმცა თანხა იმდენად მცირეა, რომ მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემების მოგვარება მაინც ვერ ხერხდება.

ობსერვატორიის ყველაზე დიდი ტელესკოპი მწყობრიდან 2011 წლის აგვისტოში გამოვიდა და მის შესაკეთებლად თანხა დღემდე ვერ მოიძებნა. მაია თოდუას განცხადებით: „საქართველოში ასტრონომიის განვითარებისთვის აუცილებელია როგორც სავარსკვლავო, ასევე სამზეო ტელესკოპების განახლება. განსაკუთრებით საჭიროა არსებულზე უფრო დიდი ზომის თანამედროვე ტელესკოპის დადგმა.  ამჟამად ობსერვატორიაში მუშაობს 3 ტელესკოპი: 2 სავარსკვლავო და 1 სამზეო, ასევე დედამიწის ატმოსფეროს კვლევის ლაბორატორია, სადაც დამონტაჟებულია რამდენიმე თანამედროვე ხელსაწყო.“

აბასთუმნის ობსერვატორიაში კვლევები ტარდება ასტრონომიის, ასტროფიზიკის, ატმოსფეროს ფიზიკის დარგებში. ობსერვატორიის მკვლევარებს აქვთ მჭიდრო ურთიერთობა ევროპის და ამერიკის სხვადასხვა ობსერვატორიებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის – ნასასთან. აბასთუმნის ობსერვატორიაში 125 თანამშრომელი  – სამეცნიერო, საინჟინრო და დამხმარე პერსონალი მუშაობს. 1990-იან წლებამდე კი დაახლოებით ორჯერ მეტი მუშაობდა. ობსერვატორიის თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 500 ლარია.

 


რეკომენდებული სტატიები
არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი
ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს ქალაქები ზემოდან გადაიღო იმის საჩვენებლად, თუ როგორი დიდია განსხვავება ე.წ. მდიდარ და ღარიბ უბნებს შორის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.