fbpx

ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის „ღია სივრცე“ ხვალ იხსნება


გააზიარე სტატია





ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი


თბილისში ექსპერიმენტული ხელოვნების მხარდამჭერი „ღია სივრცე“  იხსნება – ახალი მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცე, რომელიც სხვადასხვა მიმართულების ხელოვნების წარმომადგენელს გააერთიანებს. თუ არ არსებობს სპექტაკლისთვის საჭირო დეკორაცია – ადგილი, სადაც სპექტაკლი „მშობელთა კრება“ უნდა ჩატარდეს, ისინი მიტოვებულ სახლს იპოვნიან, სადაც მოქმედება გაგრძელდება და მიტოვებული, საუკუნისდროინდელი სახლიც ახალი, ცალკე თხრობის საშუალება გახდება.

“ღია სივრცეში” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი და დრამატურგი დავით ხორბალაძე ამ ადგილში სწორედ ასეთ, ალტერნატიულ  სივრცეს მოიაზრებს, სადაც არტისტებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ექსპერიმენტების ჩასატარებლად, დასაკვირვებლად და გამოხატვის ახალი ფორმების საკვლევად.


 

როგორ გაჩნდა ,,ღია სივრცის “ შექმნის იდეა და  ამის რა საჭიროება დაინახეთ?

 

მსგავსი სივრცის შექმნის საჭიროებას სულ ვგრძნობდი, რაც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ  კი ეს სურვილი კიდევ უფრო რეალური გახადა ჩემი და რეჟისორ მიშა ჩარკვიანის შეხვედრამ.

ორივეს გვსურდა გვეკეთებინა აქტუალური ხელოვნება და  მიშას კიდევ უფრო კონკრეტული მიზნები ჰქონდა. ჩავატარეთ სამსახიობო ვორქშოპი – 14 დღე ძალადობის შესახებ. აქ გამოიკვეთა ჩვენი და არტისტების შეხედულებების თანხვედრა და მივხვდით, რომ აუცილებლად უნდა გვეპოვა სივრცე, სადაც ვიმუშავებდით და სადაც თეატრის მაგივრად მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცეს  გავაკეთებდით. პარალელურად, შემოგვიერთდა ანა გურგენიძე, მხატვარი და ახლა უკვე ჩვენი კომპანიის დირექტორი და ვიზუალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, რომელთან ერთადაც ჩვენი მიზნები უფრო კონკრეტული და მიღწევადი გახდა.

 

,,ღია სივრცის“ მიზნებზე ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად. რას  სთავაზობს სივრცე თანამედროვე არტისტებს?

 

ჩვენი მიზანია გამუდმებით დავსვათ შეკითხვები პირველ რიგში საკუთარი თავის მისამართით  და დროს ადეკვატურად ველაპარაკოთ; დავსვათ შეკითხვები პრობლემებზე და ხმამაღლა ვიყვიროთ, თუ ეს საჭირო გახდება. ასევე, ჩვენი მიზანია,  რომ „ღია სივრცეში“ მოსულ არტისტს ჰქონდეს მაქსიმალურად თავისუფალი გარემო თვითგამოხატვისთვის – გამოცდილებების გაცვლისა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების საშუალებით აიმაღლოს ცოდნა და შეიძინოს თანამოაზრეები.

 

ანუ ეს იქნება ერთგვარი სახელოვნებო ლაბორატორია  და შემოქმედებითი პლატფორმა ახალგაზრდა არტისტებისთვის…

 

ეს იქნება პლატფორმა ყველა ასაკის, სქესის თუ იდენტობის მქონე არტისტისთვის, ვისთვისაც ხელოვნება მუდმივი ძიების პროცესია. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს იყოს პლატფორმა ცოცხალი არტისტებისთვის –  

თეატრის, კინოს, მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების  და ასევე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისთვის.


 

კომპანიის მისამართი თბილისის ცენტრს სცდება.  სახელოვნებო პროცესების ცენტრიდან პერიფერიაში გადატანას ალბათ აქვს  კონკრეტული დატვირთვა…

 

კომპანიის შენობა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზეა. თბილისის ცენტრიდან მოშორებით ასეთი სივრცის გაჩენა,  თავისთავად იძლევა შესაძლებლობას ხელოვნება გასცდეს ერთი და იგივე ადამიანების ინტერესების სფეროებს, აითვისოს ახალი ტერიტორიები და პერიფერიებზე მცხოვრები მოსახლეობაც უფრო აქტიურად ჩაერთოს სახელოვნებო  პროცესებში.

 


რეკომენდებული სტატიები
„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში
8 ივნისს ციურიხის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში ანდრო ვეკუას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
Project ArtBeat და თანამედროვე ხელოვნება ნათია ბუკიას ცხოვრებაში

Project ArtBeat და თანამედროვე ხელოვნება ნათია ბუკიას ცხოვრებაში

Project ArtBeat და თანამედროვე ხელოვნება ნათია ბუკიას ცხოვრებაში
Project Artbeat-ის თავდაპირველი და მთავარი იდეა ქართველი თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენა იყო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.