fbpx

Lets talk about MARVEL


გააზიარე სტატია




ავტორი: ნინი გოჩიტაშვილი

 

რადგანაც გადავწყვიტე ღირსშესანიშნავი სიის გამოქვეყნება „მარველის“ კინო სამყაროდან, ქრონოლოგიურად, წლოვანების მიხედვით დავალაგე და მათგან აუცილებლად 5  ავარჩიე, სწორედ ისე, როგორც წესია.


Iron Man

პირველს,  მგონია, რომ ამ რიგის საპატიო ადგილს,  Iron man იკავებს. რობერტ ჯუნიორის შესრულებას სრულებითაც  რომ არ მივაქციოთ ყურადღება, სიუჟეტის განვითარების ხარისხი ამ ეკრანიზაციის უმთავრესი პრიორიტეტია. მსოფლიოში მიმოფანტული ნერდებისთვის ერთ-ერთ, მგონია, რომ სამოთხეს, სწორედაც კომიქსები წარმოადგენენ. კომიქსების უმეტესობა, როგორც წესი, სუპერძალების მქონე გმირებზე მოგვითხრობს, რომელთაც სამყაროს გადარჩენა ცხოვრების დღის წესრიგში, ყოველდღიურ აუცილებლობად, დაახლოებით ამ თანმიმდევრობით აქვთ შეტანილი:

  1. გაღვიძება
  2. კბილების გახეხვა, მოწესრიგება, ჭამა, სკოლა/კოლეჯი/სამსახური
  3. სახლში დაბრუნება (იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სკოლა/კოლეჯი/სამსახურიდანაც დატყდომა)
  4. რომელიმე ბოროტ ძალასთან ბრძოლა
  5. გამოძინება

ამ შემთხვევაში მარველის სტუდია, სრულიად უეცრად, მთავარ პერსონაჟად წარმოგვიდგენს მილიარდერ ფლეიბოის, რომელიც თავდაპირველად არმიას საკუთარი იარაღის მწარმოებელი ქარხნიდან ამარაგებს, მაგრამ ცხოვრება მასაც გადაისვრის პირველ და სერიოზულ კონფლიქტში, სადაც მიხვდება, თუ რამდენად დიდ აუცილებლობას წარმოადგენს საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა.

თუმცა, ამ გმირის ძალა არ იქნება მარველის კონკრეტული სცენარით მოყოლილი, კლიშეებით სავსე ისტორია, სადაც რაიმე ქიმიურმა თუ ზეციურმა ძალამ, ან სულაც აღდგომის გარდმომავალმა ცეცხლმა უნდა შეცვალოს მთავარი გმირის ცხოვრება ისე, რომ ყოველდღიურად ტუალეტში ქაღალდის არსებობასავით საჭირო გახადოს ბოროტმოქმედებთან ბრძოლა.

Iron man-ის მთავარ ძალას, გარდა მისი სიმდიდრისა, ჭკუა-გონება და მოხერხებულობაც წარმოადგენს. ამ შემთხვევაში გმირი თავად ქმნის სუპერგმირს, „რკინის კაცს“, რომელსაც თავადვე მართავს. ამავდროულად, იუმორის გრძნობა, რომლითაც მარველის ინდუსტრიამ გადაწყვიტა არა მთავარი გმირი, არამედ მისი მოპაექრეები დაეჯილდოებინა, კინოს წარმატებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს.  

Iron man-ის  მგრძნობიარე ბუნება, ხანმოკლე რომანები, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ურთიერთობასთან, რომელსაც ნამდვილად აქვს გარკვეული პერსპექტივა, რობოტიზაციის თანამედროვე დღის წესრიგთან შეჯახება, კაპიტალის ხალხის საკეთილდღეოდ მოხმარება… და ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს – გააჩნია, თქვენს ფილოსოფიას რა მხრიდან მიუდგება – გულგრილს თითქმის არცერთი წარმომავლობის მაყურებელს არ დატოვებს.  

 

Guardians of the Galaxy

მცველობა, ერთი შეხედვით, მოსაწყენი და თითქმის არაფრისმომცემი საქმეა, არა? მაგრამ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია, თავად როგორ წარმართავ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს სრულიად თავზეხელაღებული „მე“, რომელიც ერთი დიდი აბეზარი ჭრიჭინობელა გაიზარდა (ჩავთვალოთ, რომ გალაქტიკის პირატთა ბანაკში ჩააგდეს და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მოპარვის ხელოვნებას უმაღლეს ხარისხში ავითარებდა), თავი ვარსკვლავური ლორდი ჰგონია. იქ, რა თქმა უნდა, თქვენ თანმდევად, აუცილებლად, წარსული აჩრდილები დაგყვებათ და მოკლედ, ფროიდიდან დაწყებული, ვიდრე იუნგამდე და შემდგომ, რაც კი რამ ბავშვობის ტრამვები გადაგიტანიათ მთელი ძალისხმევით დაგდევენ მუნკის “ყვირილივით”.

მაგრამ, ნურას უკაცრავად, მეკობრე იმისთვის ხარ, რომ გაიქცე და უეცრად, სირბილის დროს აღმოჩნდება, რომ მთელი  ცხოვრება, რაც ჯანყში და სირბილში გალიე, უეცრად, 180 გრადუსით ტრიალდება და მართლაც, ვარსკვლავური ლორდი კი არა, ჩვეულებრივი ჭიაყელა აღმოჩნდი,  იმ მომენტამდე, სანამ საქმე არ მიდგა სამყაროს გადარჩენის მისიაზე.

სწორედ ასეთი დიდი გაიძვერა ბრძანდებოდა პიტერის გმირი, სანამ უეცრად მის ცხოვრებაში, რომელიც მხოლოდ კონფლიქტის ილუზიას ქმნიდა, არ შეეჯახა ნამდვილ საკვანძო საკითხებს. მაგალითად ისეთს, როგორსაც სამყაროს ხსნა წარმოადგენს ისეთი შიზოფრენიკებისგან, როგორიც ნიჰილისტი თანოსია (რომელსაც სამყაროს ამოჟლეტის სურვილი ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი) და მისი შვილი, თავჩაშავებული რომანია (ფილმში მას თანოსის ბოტზე მეტი დატვირთვა არ ეძლევა).

რაც  უნდა დასანანი იყოს, მიუხედავად ფილმის მუხტისა, რის გამოც ის ასე ძალიან გვიყვარს, მთავარი სიუჟეტი მაინც პიტერ ქუილის გმირის თავზე ტრიალებს. პიტერს ის არ მოაკლდეს, პიტერს ეს არ მოაკლდეს, მოკლედ… თითქოს დანარჩენი პერსონაჟები, მართლაც მხოლოდ პიტერის ბედნიერებისთვის გაჩნდნენ. გალაქტიკის მცველებში, პირველად მარველის ისტორიაში, შემოდიან ცხოველი  და მცენარე სუპერგმირები.

ენოტის პერსონაჟი მაყურებლებში დიდი სიმპათიითა და მოწონებით სარგებლობს, ის არ უარყოფს საკუთარ ცხოველურ ბუნებას და ამავდროულად, არც ადამიანობისკენ მიილტვის, მიუხედავად საკუთარი მაღალგანვითარებული ინტელექტისა. მცენარე, მართალია, სუპერგმირია, მაგრამ მაინც, მხოლოდ სამ და საბოლოოდ, ოთხ სიტყვას სჯერდება ფილმის დასასრულამდე.

მარველის ამ ნაწარმოებმა ნამდვილად გაიარა ფემინისტური კრიტიკის ქარცეცხლი, ვინაიდან რეჟისორმა, კომიქსებისგან განსხვავებით, ამოჭრა ორი ლესბოსელი გმირი და მთავარი ქალი პერსონაჟი მხოლოდ იმით გამოარჩია, რომ სექსუალური მწვანე ქალია.  

კოლექციონერის პერსონაჟს კი, რომლის გარშემოც ტრიალებს ფილმის მთელი საათი, საბოლოოდ და სამუდამოდ, მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში ვხედავთ, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, „გალაქტიკის მცველები“, როგორც ფილმი, მხოლოდ მისი დინამიკის, სპეცეფექტებისა და იუმორის გამო ფასობს, თორემ სიუჟეტური განვითარებითა და პერსონაჟების სახე-ხატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

 

Dr Strange

ამ ხუთეულში ჩემს ფავორიტად მაინც უცნაური დოქტორი რჩება. მისი ისტორია კომიქსებში ადრეული დროიდან ვითარდება, მარველის შემთხვევაში კი მისი ხილვა სულ ახლახან შევძელით. მაგიური კომიქსი შთამბეჭდავი ვიზუალებით, ფიზიკის კანონების ბრუნვით და ადამიანური ფსიქოპორტრეტების ძირფესვიანი წარმოდგენით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა, რომელიც პირველივე წუთიდან ითრევს მაყურებელს და მოლოდინის შეგრძნებას არ ანელებს.

სამყარო, სადაც არ არსებობს გამორჩეულად კეთილი ან ბოროტი და  ეს ბოლო რადიკალიზმი თითქოს მხოლოდ პაიკების ხვედრია ფილმის მთლიანი მიმდინარეობისას. სამყაროს აღქმადობის სივრცის გაფართოება, ადამიანური სისუსტეებისადმი ჭიდილი, გამუდმებული ბრძოლა ძალაუფლებისთვის… სცენარისტები და რეჟისორი რეალურად ბევრ ისეთ საკითხს ეხებიან, როგორიცაა არამხოლოდ ეგზისტენციალური თუ ფილოსოფიური საზრისების ჩართვა ფილმში, არამედ ზღვრული სივრცულობით თამაში.

ზღვარი იშლება ფილმის დასაწყისშივე, როდესაც მთლიანი ქასთი თავისი ვირტუოზული ოსტატობით წარმოგვიდგება. ფილმის სპეცეფექტები, რომელიც აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და დიდებულია, ახერხებს თითოეული ეფექტის ადამიანურ მოძრაობის ხარისხამდე დაყვანას. დროის მანიპულაციისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სპეცეფექტებით მანიპულაცია ნამდვილად მარველის ქასთის საქმეა.

აღმოსავლური და დასავლური ფილოსოფიის ნაზავი, შეჯერებული მაგიასთან, ყოველგვარი სუპერგმირული პასუხისმგებლობის გარეშე, სწორედ ისაა, რაც ასე დაუვიწყარს ქმნის ფილმს. ყოველი დეტალი, ნიუანსი და სიუჟეტის განვითარების ხაზი, მუდმივად დაძაბულს ტოვებს მაყურებელს და თვალებგაფაციცებული ამყოფებს სასპენსის მოლოდინში.

მოკლედ, ეს ის ფილმია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს მარველის მაყურებელმა.



Thor Ragnarok

რას გააკეთებდით ჭექა-ქუხილის ღმერთი რომ ყოფილიყავით?

ეს კითხვა ალბათ თორსაც აწუხებდა თავიდან, ვიდრე პირველივე კომიქსიდან ხან რა საქმე არ გამოუჩხრიკეს და ხან-რა. თანაც ამ ლოკსაც (თორის ძმა) სულ მიხედვა სჭირდება, თან პატარაა, თან აბეზარი და თან „ხულიგნობის“ და გაიძვერობის ღმერთია და მეტი რაღა ქნას.

ახლა კი დავუბრუნდეთ პირვანდელ სათქმელს. მოკლედ, დიდი ღმერთი ოდინი მოკვდა და ისევე, როგორც მამაკაცის კულტის ღირსეულ წარმომადგენელს, მასაც აღმოაჩნდება გადამალული შვილი, რომელზეც მის დანარჩენ შვილებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ მამის სიკვდილამდე და სხვათა შორის, ეს გადამალული შვილი, არც მეტი, არც ნაკლები, სიკვდილის ქალღმერთია. მგონი, მთლად სახარბიელო ამბავი ვერაა, არა?

მოკლედ, მარველის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები აქაც არ გვაკლებენ სიურპრიზებს. სიუჟეტის დინამიკასა და ა.შ. საუბრით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ გახსოვდეთ, თუკი, უეცრად, თქვენი და სასიკვდილოდ დაგსდევთ მემკვიდრეობისთვის და თქვენ, უეცრად, სრულიად სხვა სამყაროში ექსპლუატირებულ გლადიატორად მოხვდებით, მერე ვითომ თქვენს ძმას იპოვით, რომელთან საუბარსაც აზრი არ აქვს და მოკლედ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ისეთ უფსკრულში აღმოჩნდებით, რომ მართლაც ჭექა-ქუხილის ღმერთი უნდა იყოთ, რომ ამოძვრეთ.

უფრო მოკლედ, თუ თვლით, რომ თქვენი ცხოვრების ბორბალი უკუღმა წავიდა, გაიხსენეთ, რომ ნებისმიერი უკანწასული კვალიშეგიძლიათ წაღმა წასწიოთ, რისთვისაც იმდენად მარიფათი არ გჭირდებათ, რამდენადაც სიტუაციის სწორი ანალიზი და მისი გამოყენება. (მოგატყუეთ, მოხერხება არ გჭირდებათ მეთქი, მგონი, აქ სწორედ ეს უკანასკნელია საჭირო.)

გულს ნუ გაიტეხთ და ყველაფერი კარგად იქნება, დაახლოებით ასე გვამხნევებენ სცენარისტები თორი რაგნაროკში.

 

Avengers: Infinity War

გინახავთ თანოსის ცრემლები დიდ ეკრანზე?

მოგისმენიათ, ნებულა როგორ ითხოვს შველას?

განახევრებული მსოფლიოს მოსახლეობა თუ გინახავთ, თავის სუპერგმირებიანად?

ბოლო 2 გაგრძელება რომ არ დაეანონსებინათ წინასწარ, ამ ყველაფერს მართლა დავიჯერებდით და გავვოცდებოდით: „ღმერთო ჩემო, ნუთუ მარველმა ყველაფერი ისე გათვალა, როგორც რეალურ ცხოვრებაში?

ნუთუ ნიჰილიზმმა შთანთქა მარველის სცენარისტები?“

თუმცა, დებილი ოპტიმიზმი ყოველთვის ამართლებს და საჭიროა – სწორედაც რომ ცხოვრების ამ ფერხულში არიან ჩაბმული სუპერგმირები. მარველის ყველაზე დიდი და მასშტაბური crossover (პერსონაჟების ალიანსთა ლიგა ვუწოდოთ) არის ფაქტობრივად იმ 10 წლის შეჯამება, რაზეც ამდენი დრო და ენერგია დახარჯა მარველის გუნდმა. ფაქტობრივად, ფილმის დედააზრის გამოტანა შეუძლებელია, თუ წინასწარ კარგად არ გაეცანით მარველის კინოსამყაროს შემოქმედებას, რაც ერთგვარი მინუსიცაა და პლუსიც.

ფაქტობრივად მარველმა ფილმი ანტაგონისტ მხარეს დაუთმო, სადაც მას ვხედავთ არა როგორც ბოროტმოქმედს, არამედ ჩანს ს მისი სურვილები, მოტივები და მიდრეკილებები.  თანოსი არაა უგრძნობი ბოროტმოქმედი, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობის გარდა ყველა სხვა დანარჩენი ფეხზე კიდია. თანოსს საკუთარი გამოცდილებიდან მართლა სწამს, რომ ყოველი მისი ქმედება საერთო სიკეთეს ხმარდება.

ფილმის ფინალი მოულოდნელია, ბევრმა ის ასევე შეიძლება შეადაროს  Watchmen-ების დასასრულსაც, DC-დან, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ფინალი არატრადიციული და შოკისმომგვრელია, ისევე როგორც  კარგად დაწერილი და შესრულებული, მას მაინც აქვს  პრობლემა: ძალიან რთულია დაიჯერო იმ პერსონაჟების ტრაგიკული ბედი, რომლებსაც  კიდევ 2-3 ფილმი აქვთ დაანონსებული, რაც უბრალოდ აუფასურებს ამ დასასრულს და ემოციურ სცენებს.

თუმცა, ფილმი crossover-ით, ანუ  პერსონაჟების ალიანსთა ლიგით, ნამდვილად  წარმოადგენს მარველის სტუდიისა და ძმები რუსოების ერთობლივ და ყველაზე მასშტაბურ მოვლენას, რომელსაც დიდი ინტერესით დაველოდებით შემდგომ სერიაში.

 


რეკომენდებული სტატიები
„ჩებურაშკას“ ებრაული კონსპირაცია
Play Video

„ჩებურაშკას“ ებრაული კონსპირაცია

„ჩებურაშკას“ ებრაული კონსპირაცია
საკულტო საბჭოთა მულტფილმი სინამდვილეში შენიღბულად მოგვითხრობს ებრაელების სოციალურ სტატუსზე საბჭოთა რეალობაში
აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება

აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება

აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება
როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება და გავხადოთ ბავშვების ეკრანებთან გატარებული დრო უფრო საინტერესო?
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.