პლასტიკური ქირურგიის ექსპერიმენტული ალტერნატივა


გააზიარე სტატია

 


პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, საერთო ჯამში, 10 მილიონამდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 20 მილიონზე მეტი დაიჭრა. მედიკოსებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახის არეში მიყენებული ჭრილობებისა და დამწვრობების მკურნალობა იქცა. მხოლოდ დიდი ბრიტანეთის არმიაში 60 ათასამდე ჯარისკაცი იქნა აღრიცხული მსგავსი პრობლემით. მათი უმეტესობის დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ შემზარავად გამოიყურებოდნენ და საზოგადოებისგან იზოლირებული ცხოვრებისთვის იყვნენ განწირულები.

 

 

გასული საუკუნის დასაწყისში პლასტიკური ქირურგია ჩანასახის სტადიაში გახლდათ და მხოლოდ რამდენიმე სპეციალისტი თუ ახერხებდა მეტ-ნაკლებად წარმატებულ ოპერაციებს. მაგალითად, დარგის პიონერმა, ახალზელანდიელმა ჰაროლდ ჯილესმა ლონდონის მახლობლად დაიწყო მუშაობა. თუმცა, იმ პერიოდში, ქირურგიული ჩარევა პაციენტებისათვის საკმაოდ მტკივნეულ პროცესად რჩებოდა და მათი სიცოცხლისათვის დიდ საფრთხესაც წარმოადგენდა. ფლემინგის ანტიბიოტიკები ჯერ არ არსებობდა, შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეები სეფსისის მსხვერპლნი ხდებოდნენ.   

 

მიუხედავად ამისა, პლასტიკურ ქირურგიას ალტერნატივა მაინც გამოუჩნდა – ხელოვნების სახით. პარიზსა და ლონდონში დასახიჩრებული ჯარისკაცების დახმარება მოქანდაკეებმა გადაწყვიტეს. ამერიკელმა ანა კოულმენ ლედმა და ბრიტანეთის სამეფო სამხატვრო აკადემიის პროფესორმა ფრენსის ვუდმა სპეციალური სტუდიები გახსნეს, რომლებსაც მოგვიანებით პაციენტებმა „თუნუქის ცხვირების მაღაზია“ დაარქვეს.

 

ლედი და ვუდი, პაციენტებთან კონსულტაციის შემდეგ, ჯერ ფურცელზე ხატავდნენ შაბლონებს, ამისათვის კი ყოფილი სამხედროების ომამდელ ფოტოებს იყენებდნენ. ზოგიერთ პაციენტს საკუთარი გარეგნობა არც ომამდე და დასახიჩრებამდე მოსწონდა, შესაბამისად, დაზიანებული ნაწილის დაფარვასთან ერთად, უკეთეს ნიკაპს, ცხვირს და სახის ფორმებს ითხოვდა. როგორც თავად ფრენსის ვუდი იხსენებდა, ჰყავდა ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც სურდათ, რომ იმ პერიოდში ცნობილ ბრიტანელ პოეტებს, პოპულარულ მსახიობებსა თუ მომღერლებს დამსგავსებოდნენ.

Forehead-and-chin-are-his-own-the-rest-the-creation-of-Mrs.-Ladd.jpg (2048×2330)

 

ნიღაბი  გალვანიზებული თითბრისგან მზადდებოდა და სპეციალური მინანქრის შრით იფარებოდა, რათა პაციენტის კანის ფერის მსგავსი ყოფილიყო. საშუალოდ 100-დან 250 გრამამდე იწონიდა. ჰქონდა რამდენიმე მინუსიც – სახეზე, დაზიანებულ ადგილებზე შეხებისას პაციენტებში უსიამოვნო შეგრძნებას, ზოგჯერ ტკივილსაც იწვევდა, ხოლო წვიმის, ოფლის ზემოქმედებისას შედეგად, 2-3 წელიწადში იბზარებოდა და ტყდებოდა. მიუხედავად ამგვარი ნაკლისა, პაციენტებს ტკივილისა და დისკომფორტის თმენა მაინც უღირდათ. „ქალს, რომელსაც ვუყვარდი და მეც მიყვარს, უკვე ჩემი აღარ ეშინია“, – წერდა ერთ-ერთი სამხედრო. მართლაც, მოქანდაკეების ბევრი პაციენტის ცხოვრება ნამდვილად ლაგდებოდა და მცირდებოდა თვითმკვლელობათა შემთხვევებიც, რომელთაც დასახიჩრებით გამოწვეული დეპრესია და სოციალური იზოლაცია იწვევდა.

 

ანა კოულმენ ლედმა და ფრენსის ვუდმა ლონდონსა და პარიზში სულ ერთი წელი იღვაწეს და  სტუდიების დახურვამდე 200-მდე ნიღბის დამზადება მოახერხეს. ზოგიერთი ნიღაბი მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნამუშადაც აღიარეს. ხშირად საუკეთესო ექსპონატების გამოფენებიც კი იმართებოდა. ვუდმა ბრიტანეთის სამეფო სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა პროფესიით მუშაობა, ანა კოულმენ ლედი კი სამშობლოში დაბრუნდა. 1932 წელს, პირველ მსოფლიო ომში დაჭრილი მეომრების დახმარებისათვის, ამერიკელი მოქანდაკე საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს.

 

 


რეკომენდებული სტატიები
„ცნობილი სახეები“ მორტონ ნამენიის მიხედვით - ფოტოპროექტი
Play Video

„ცნობილი სახეები“ მორტონ ნამენიის მიხედვით - ფოტოპროექტი

„ცნობილი სახეები“ მორტონ ნამენიის მიხედვით - ფოტოპროექტი
სხვადასხვა ეპოქისა და მხატვრული მიმართულების ნახატების პერსონაჟები ბუდაპეშტის არტ ფესტივალზე აღმოჩნდნენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.