fbpx

ენდი უორჰოლის „შარდის, ჟანგისა და სპერმის“ უცნობი აბსტრაქციები


გააზიარე სტატია

 

ენდი უორჰოლი, „ჟანგვა“, 1977-78, შარდი და მეტალის საღებავი ტილოზე, ექვსი ტილო. ნორმან და ნორა სთოუნების კოლექცია, სან-ფრანცისკო © ენდი უორჰოლის ვიზუალური ხელოვნების ფონდი, ნიუ-იორკი, ფოტო: Phillips/Schwab

 
ფაედონის „ენდი უორჰოლის სრულყოფილი კატალოგი, 1976-1978 წლების ნახატები, ტომი 05“ ერთ-ერთ თავში ავტორის საქმიანობის სამ ერთმანეთთან ახლოს მყოფ მიმართულებას – შარდით, ჟანგვითა და სპერმით ხატვას – მიმოიხილავს.

პირველი ტიპის ნამუშევრები ტილოებზე მოშარდვით ან მათზე შარდის წვეთების დასხმით შეიქმნა. რაც შეეხება ჟანგვას, აქაც იგივე მეთოდი იქნა გამოყენებული, იმ განსხვავებით, რომ ტილოები წინასწარ სპილენძის ან ოქროსფერი საღებავით იყო დამუშავებული. სპერმით შესრულებული ნახატები კი ტილოებზე სპერმის ეაკულაციით ან წასმით შეიქმნა.

უორჰოლი ამ ნახატებზე 1977 წლის მეორე ნახევარში და 1978 წელს მუშაობდა. ქრონოლოგიურად ისინი პირდაპირ მიჰყვებიან და ნაწილობრივ ემთხვევიან კიდეც „ტორსისა და სექსუალური ნაწილების“ შექმნას 1976 წლის ბოლოდან 1978 წლამდე. თემატურად კი ნამუშევართა ორივე ჯგუფი სხეულთანაა კავშირში: „ტორსი და სექსუალური ნაწილები“ სხეულის სექსუალური ატრიბუტების ილუსტრაციაა, ხოლო შარდით, ჟანგვითა და სპერმით შესრულებული ნახატები, სადაც მათი შექმნის პროცესია მნიშვნელოვანი, უფრო აბსტრაქტულია და სხეულის ელემენტარულ ფუნქციებს ეხება.

„ენდი უორჰოლის სრულყოფილი კატალოგი, 1976-1978 წლების ნახატები, ტომი 05“. მისი შეძენა Artspace-ზე $750-ად შეიძლება.

 

1962 წლის ბოლოდან, როდესაც ხელოვანმა ტრაფარეტული ბეჭდვის ტექნიკა აითვისა, ათწლეულის განმავლობაში იგი თითქმის ყველა ნამუშევარს ნაპოვნი ფოტოებიდან ქმნიდა, თუ არ ჩავთვლით ფოტოკაბინაში გადაღებულ პორტრეტებს. მაგრამ 1972 წელს, როდესაც უორჰოლმა თავისი პირველი პოლაროიდის, Big Shot-ის საპორტრეტე კამერა შეიძინა, მან მის მიერვე ან საკუთარ სტუდიაში მისი ზედამხედველობით გადაღებული ფოტოების გამოყენება დაიწყო.

შარდით, ჟანგვითა და სპერმით ნახატებზე მუშაობისას უორჰოლი, პირველად თხუთმეტი წლის განმავლობაში, ფოტოებს ჩამოშორდა. ამაში ნახატების აბსტრაქტულობა ერთ-ერთი ფაქტორი ნამდვილად იყო, თუმცა მისი „ჩრდილის“ ნახატები მომდევნო წლიდან, რომლებიც ასევე აბსტრაქტულია, ხელოვანის ნამუშევრების უმეტესობის მსგავსად ფოტოებზეა დაფუძნებული. ამდენად, შარდვით, ჟანგვითა და სპერმით შექმნილი ნახატები უორჰოლის ნამუშევრებში განცალკევებით დგას. ასე იყო 1980-იან წლებამდე, რა დროსაც მან „Rorschach“-ის სახელით ნახატები კამერის დახმარების გარეშე შექმნა.

როგორც თავად ავტორი იხსენებს, შარდით შექმნილი პირველი ნახატები 70-იან წლებამდე დიდი ხნით ადრე შეასრულა, დაახლოებით 1961 წელს, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. იმ პერიოდიდან ამგვარი ნამუშევრების მხოლოდ ერთი მაგალითია შემორჩენილი.

როცა იგი 1977 წლის შუაში ამ მეთოდს მიუბრუნდა, საწყისი ნამუშევრები სავარაუდოდ შარდით შექმნილი თავდაპირველი ნახატების მსგავსი იყო – შესრულებული ტილოზე, შარდის გამოყენებით. უორჰოლის სტუდიური დამხმარე რონი ქათროუნი ამ ნამუშევრებს „თეთრ ნახატებს“ ეძახდა და ამბობდა, რომ ისინი „მეტად ექსპერიმენტული“ იყო, მაგრამ „ზედმეტად ერთფეროვანი“.

მალე ხელოვანმა ფონების მეტალის საღებავით მოხატვა დაიწყო, რათა მათ ზედაპირზე შარდი დაჟანგულიყო. ჩანს, მან როგორც სპილენძის, ისე ოქროსფერი ზედაპირებისთვის სპილენძისა და სპილენძის მინარევებისგან დამზადებული მეტალის ფხვნილები გამოიყენა, რომლებიც სტუდიაში აკრილთან და წყალთან შეაზავა.

კოროზიული ეფექტის გასაძლიერებლად საჭირო გახდა, რომ შარდი ტილოზე იქამდე მოხვედრილიყო, ვიდრე საღებავის შრე ჯერ კიდევ სველი იყო. უორჰოლი, როგორც წესი, სწრაფად მუშაობდა და alla prima ტექნიკით ხატავდა. შარდითა და მეტალის საღებავით მას შეეძლო შეექმნა ლაქების უამრავი ფორმა, ფერთა გამორჩეული გადასვლები (განსაკუთრებით ღია, კაშკაშა და მუქი მწვანე, თეთრი და შავი ფერების ტონები და ელფერები) და ოპტიკურად კომპლექსური მოციმციმე ზედაპირები.

ენდი უორჰოლი, „ჟანგვა“, 1977-78, შარდი და მეტალის საღებავი ტილოზე, ექვსი ტილო. ამჟამინდელი მდებარეობა უცნობია © ენდი უორჰოლის ვიზუალური ხელოვნების ფონდი, ნიუ-იორკი, ფოტო: Phillips/Schwab

 

* * *

პოეზიისა და ხელოვნების ჟურნალ Unmuzzled Ox-ში 1976 წელს გამოქვეყნებული, ნაკლებად ცნობილი ინტერვიუ შემდეგ საინტერესო პასაჟს შეიცავს:

ჟურნალი: სადმე აქ რაიმე ძველი, არარეპრეზენტაციული ნახატი ხომ არ გაქვთ, რომლის შესახებაც არავინ იცის?

ენდი უორჰოლი: მხოლოდ შარდით შესრულებული ნახატები მაქვს, ორი ცალი. ეს დიდი ხნის წინ იყო. მას შემდეგ ერთი პერიოდი ქუჩაში სუფთა ტილოებს ვტოვებდი, რათა მათზე ხალხს ევლო; ასე უამრავი ბინძური ტილო დამიგროვდა. მერე გადავწყვიტე, რომ ყველა მათგანი ზედმეტად „დაავადებული“ იყო, ამიტომ ისინი დავახვიე და სადღაც შევინახე.

ტექსტს თან ახლდა საკმაოდ დიდი, გაუჭიმავი ტილოს შავ-თეთრი რეპროდუქცია, სახელად „შარდით შესრულებული ნახატები“. მისი სიმაღლე 80, ხოლო სიგანე 46 ინჩი იყო (დაახ. 203 X 116სმ) და 1961 წლით თარიღდებოდა. შესაძლოა ინტერვიუ  ურჰოლის შესახებ ლიტერატურაში შეუმჩნეველი დარჩენილიყო, რომ არა ხელოვნების ისტორიკოსი როზალინდ კრაუსი, რომელმაც მისი კომენტარების ციტირება გააკეთა და ნახატი თავის წიგნში – „ოპტიკური ქვეცნობიერი“ (1993) გამოაქვეყნა.

ენდი უორჰოლი, „სპერმა“, 1977-78, სემენი ბამბაზე. ენდი უორჰოლის მუზეუმი, პიტსბურგი; საწყისი კოლექცია, კონტრიბუცია ენდი უორჰოლის ვიზუალური ხელოვნების ფონდში © ენდი უორჰოლის ვიზუალური ხელოვნების ფონდი, ნიუ-იორკი, ფოტო: Phillips/Schwab

 

იმის გასაგებად, თუ რატომ შეიცვალა უორჰოლმა უეცრად აზრი იმ ნახატებზე, რომლებსაც მანამდე ბინძურად და „დაავადებულად“ მოიხსენიებდა, შესაძლოა ათი თვით წინ, 1976 წლის დეკემბრის დასაწყისში მოგზაურობა დაგვეხმაროს.

9 დეკემბერს უორჰოლმა ვიქტორ ჰიუგოსა და პორნოვარსკვლავ კენ ჰარისონს გადაუღო ფოტო, რითაც, სავარაუდოდ, „ტორსის“ სერიის პირველი ფოტოსესია დაიწყო. თვის დასასრულს თექვსმეტი პატარა ტილო იყო დახატული –  მათ შორის ერთ-ერთი ჰარისონის საყოველთაოდ ცნობილ დიდი ზომის პენისსაც ასახავდა – რაღაც გაგებით, უორჰოლი „ბინძური ნახატების“ შექმნას დაუბრუნდა.

ქრონოლოგიურად ნამუშევართა ორივე ჯგუფი თითქმის პარალელურად შეიქმნა – „ტორსის“ ნახატები ოდნავ უფრო ადრე. უფრო მეტიც, ქცევითმა პრაქტიკებმა – სიშიშვლე, სექსუალური თამაშები, სექსუალური აქტები – რომლებიც „ტორსებისა და სექსუალური ნაწილების“ შექმნისას ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო სტუდიაში „ცოდვილი“ აურის ჩამოყალიბებას, სადაც შემდეგ შარდით, ჟანგვითა და სპერმით შესრულებული ნახატები შეიქმნა.

დაშვება, რომ ნამუშევართა ერთმა ჯგუფმა გარდაუვლად გამოიწვია მეორე ჯგუფის შექმნა და რომ ვიქტორ ჰიუგო ორივე შემთხვევაში ცენტრალური ფიგურა იყო, საერთოა ორი მონათხრობისთვის, რომლებიც სტუდიიდან გარეთ გამოვიდა: ერთი რონი ქათროუნისაგან (უორჰოლის ასისტენტი 70-იანი წლების შუიდან ბოლომდე) და მეორე კოლაჩელოსაგან (მოდელი „ტორსების“ ნახატებისთვის).

„უცნობ უორჰოლში“, მაგალითად, ქათროუნი ნამუშევრების ამ ორ ჯგუფს ერთიან, ქაოსურ სცენარად წამოგვიდგენს: „ერთი პერიოდში „ქარხანაში“ ბიჭებს და მე გოგოები აგვყავდა ხოლმე, რათა მათ ჟანგვით შესრულებულ ნახატებზე მოეშარდათ. ხანდახან ბიჭებს სექსი ჰქონდათ, რა დროსაც ენდი ფოტოებს იღებდა. შემდეგ სერიის ევფემიზირება მოახდინეს და მას „ტორსები“ დაარქვეს…

ხანდახან, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ზღვარს სცდებოდა… მაგრამ საერთო ჯამში ძალიან მომწონდა. უკანა ოთახში კედელზე გიგანტურ ტილოს გავშლიდით ხოლმე და მერე იქ ბიჭები შემოდიოდნენ თავიანთი საბრძოლო ბათინკებით. გეები უცებ მასკულინურები ხდებოდნენ… ისინი ფეხსაცმლის ნაკვალევით და შარდის ლაქებით ნახატებს ქმნიდნენ.“

კოლაჩელოს ნაამბობში, რომელიც „წმინდა შიშშია“ მოცემული, ეს ყველაფერი უფრო სექსუალური იყო, ვიდრე უწესრიგო: “ვიქტორმა განაცხადა, რომ იდეა („სექსის ნახატებისა“) მას ეკუთვნოდა. მან ისიც თქვა, რომ შარდით ნახატების შესრულების იდეა ენდის სწორედ მან მიაწოდა. ორივე შემთხვევაში ენდი ვიქტორს უხდიდა, რათა მასთან ეთანამშრომლა: ის ენდის კასტინგების აგენტიც იყო – ხანდახან „ტორსების“ სერიისთვის მოდელის ფუნქციასაც ითავსებდა – და ასევე, ჟანგვით შესრულებულ ნახატებში ინკოგნიტო მომშარდველიც.

ეს უკანასკნელი როლი რონი ქათროუნსაც ჰქონდა… და ასეთი კიდევ ბევრი ადამიანი იყო: მაგალითად, ის ბიჭები, რომლებიც ლანჩზე მოდიოდნენ, ზედმეტ ღვინოს დალევდნენ და სასაცილოდ, ან კიდევ დიდ პატივად ეჩვენებოდათ, როცა მათ ენდის „ხატვაში“ დახმარებას სთხოვდნენ. ის მათ თავის სტუდიაში სიხარულით მიუძღვებოდა ხოლმე, რომელსაც უკვე სხვა ფუნქციაც ჰქონდა.

ვიქტორი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი „ასისტენტით“ მოდიოდა ხოლმე, რომლებსაც Everard and St. Marks Bath-ში [გეი საუნა] საათობრივად ქირაობდა.“ ქათროუნმა უორჰოლი „ძალიან მორცხვ, თავშეკავებულ დამკვირვებლად“ დაახასიათა. კოლაჩელოს ნათქვამებიდან კი იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ უორჰოლის დაკვირვებითი სიამოვნებები შარდითა და ჟანგით შექმნილ ნახატებზეც ვრცელდებოდა; საერთო ჯამში, ყველაფერი სექსთან იყო კავშირში.

ენდი უორჰოლი, „ჟანგვა“, 1977-78, შარდი და მეტალის საღებავი ტილოზე, ექვსი ტილო. ნორმან და ნორა სთოუნების კოლექცია, სან-ფრანცისკო © ენდი უორჰოლის ვიზუალური ხელოვნების ფონდი, ნიუ-იორკი, ფოტო: Phillips/Schwab

 

კოლაჩელო ორივე სერიას ორ სუბკულტურულ ფენომენთან აკავშირებს: გეი სექსკლუბებთან და ტყავის ბარებთან, როგორიც იყო Anvil, the Toilet და Eagle’s Nest, და პანკთან: The Toilet-ში მილები და ღრმულები იყო, სადაც შიშველი კაცები წვებოდნენ, რათა სხვა შიშველ კაცებს მათზე მოეშარდათ. ეს ერთგვარად რობერტ მეფლთორფის გაცოცხლებული ფოტოები იყო.

ენდის შარდით შესრულებული ნახატები და „ტორსების“ სერიაც სწორედ ეს იყო: იმის გამოძახილი, რაც გარშემო ხდებოდა. მას მომავალი წინასწარ არ დაუნახავს – ეს მეფლთორფმა გააკეთა. ენდის სპეციალობა რეალობის შეგრძნება იყო, და ეს მას იმის საშუალებას აძლევდა, რომ არამხოლოდ უახლესი ტენდენციების  ნაწილი გამხდარიყო, არამედ რიგს გადამხტარიყო და მის სათავეში მოქცეულიყო.“

შესაძლოა, უორჰოლს „რეალობის შეგრძნება“ ნამდვილად ჰქონდა, როგორც კოლაჩელო ამტკიცებს, მაგრამ ის, ასევე, კონკურენციასაც გრძნობდა ისეთი ახალგაზრდა ხელოვანისგან, როგორიც მეფლთორფი იყო. ამ უკანასკნელის უპირატესობა ის გახლდათ, რომ ის სცენის ნაწილს წარმოადგენდა  და შიგნიდან მუშაობდა. ენდი კი, კოლაჩელოს მიხედვით, „ყველგან აუტსაიდერი იყო“.

მაგალითად, ის ჰყვება, რომ Eagle’s Nest-ში უორჰოლი „მოიხიბლა“ კაცით, რომელმაც ლუდის ცარიელ ბოთლში მოშარდა: „ყველა მის ხელში ჩასაგდებად ჩხუბობდა, – თქვა მან და ფაქტის მორალურობის შეფასებისაგან თავი შეიკავა, – ეს ყველაფერი ძალიან აბსტრაქტული იყო.“

ზოგჯერ, როგორც კოლაჩელო იხსენებს, უორჰოლი ფრაზას – „სექსი ძალიან აბსტრაქტულია“ „გაფუჭებული ვინილივით“ იმეორებდა.

სექსის აბსტრაქტულად წარმოჩენით უორჰოლმა არამხოლოდ პასუხისმგებლობისგან გაითავისუფლა საკუთარი თავი როგორც მორალურად, ისე პერსონალურად, არამედ ესთეტიკური დისტანციაც ჩამოაყალიბა. მისი პოლაროიდის Big Shot კამერის მსგავსად, აბსტრაქციის მექანიზმმა უორჰოლს საშუალება მისცა ახლოს მისულიყო, მოხიბლულიყო და, ამავე დროს, საჭირო დისტანცია დაეცვა, რა დროსაც გამოსახულება იქმნებოდა და განსხვავებულ ვიზუალურ ფორმას იღებდა.

„ენდი უორჰოლის სრულყოფილი კატალოგი, 1976-1978 წლების ნახატები, ტომი 05“, რედაქტორები: ნილ ფრინცი და სალი კინგ-ნერო, ფაიდონი; ტომი 05ბ, გადაშლილი გვერდებზე 188-189.

 

ეს ამონარიდი აღებულია წიგნიდან „ენდი უორჰოლის სრულყოფილი კატალოგი, 1976-1978 წლების ნახატები, ტომი 05“, გამოცემული ფაიდონის მიერ, პროდიუსერი – ენდი უორჰოლის ვიზუალური ხელოვნების ფონდი. წიგნის რედაქტორია ნილ ფრინცი, აღმასრულებელი რედაქტორი – სალი კინგ-ნერო.

 

წყარო: https://artspace.com

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.