fbpx

Window Project – ხელოვნება თბილისის ვიტრინებში


გააზიარე სტატია

 

თბილისში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს საგამოფენო ინიციატივა, რომელიც სივრცედ ვიტრინებს იყენებს და იქ გარკვეული დროის განმავლობაში ფენს როგორც ქართველი, ისე უცხოელი არტისტების ერთ ნამუშევარს.

“ფანჯრების პროექტს”  (window project) დაარსებიდან დღემდე ათობით ხელოვანთან მტკიცე თანამშრომლობა აკავშირებს. ეს არის გზა როგორც საჯარო სივრცეებში თანამედროვე ხელოვნების და არტისტების რეპრეზენტაციისთვის, ასევე მათი საერთაშორისო სახელოვნებო ბაზრობებზე, გალერეებში, კერძო კოლექციებში მოსახვედრად.

 

 

გიორგი მაღრაძე, ანდრო ერაძე, უტა ბექაია, ლუკა აქიმიძე, ლადო ლომითაშვილი, თამარ ჩადუნელი, გვანცი ჯიშკარიანი, სანდრო სულაბერიძე, ნიკა ქუთათელაძე, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, გიორგი ტაბატაძე, მარი გვახარია, ანა ჯიქია  – ეს არასრული ჩამონათვალია იმ არტისტებისა, რომელთა ნამუშევრებიც სხვადასხვა ვიტრინაში გამოფენილა window project-ის ფარგლებში.

AT.ge Window Project-ის ხელმძღვანელს – თამუნა ღვაბერიძეს პროექტის გამოცდილებისა და გეგმების შესახებ გაესაუბრა:

 

“ფანჯრების პროექტი” უკვე რამდენიმე წელია არსებობს. როგორ შეაფასებთ, რამდენად შეძლო მან დასახული  მიზნის მიღწევა?

 

პროექტის მთავარი მიზანია ხელოვნება იყოს  რაც შეიძლება საჯარო და ამ ფორმით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს  ქართველი და საერთაშორისო ხელოვანების ნამუშევრები ნებისმიერი ადამიანისათვის,  ეს იქნება სპეციალურად მისული თუ ფეხით ან მანქანით მოსიარულე.

პროექტი 2013 წელს დავიწყეთ  ირინა პოპიაშვილთან ერთად და  ვითანამშრომლეთ 2017 წლამდე. “ფანჯრების პროექტი” ისევ აგრძელებს თავის საქმიანობას და მისი ძირითადი მიზანია  ახალგაზრდა ქართველი არტისტების ხელშეწყობა, თუმცა მათთან ერთად საერთაშორისო არტისტების ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.

შემიძლია ვთქვა, რომ მიზანი მიღწეულია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც  ნამუშევრები ქუჩიდან – ვგულისხმობ ვიტრინაში დადებულს – პირდაპირ მუზეუმებში ან ცნობილ კოლექციონერებთან ხვდება. მიზანი სწორედ ქართველი არტისტების ნამუშევრების პოპულარიზაცია იყო და ვფიქრობ, ეს ჩვენ ირინასთან ერთად შევძელით.

გარდა ამისა, ეს ალტერნატიული საგამოფენო სივრცე საინტერესო და მიმზიდველია  თვითონ არტისტებისთვისაც, რადგანაც აქ სივრცე არ არის გაშლილი და აქედან გამომდინარე აღქმა სხვადასხვაგვარია.

მიზნები კიდევ ბევრია და ახლაც მათი  მიღწევის პროცესში ვიმყოფები.

 

ფოტო:  გიორგი მამასახლისი

არსებობს რაიმე კრიტერიუმები, რომლითაც ხელმძღვანელობთ ლოკაციების შერჩევისას? ხომ არ ფიქრობთ, რომ ასევე საინტერესო იქნება გარეუბნებში, შედარებით მოულოდნელ ადგილებში ამ ტიპის გამოფენები?

 

მთავარი კრიტერიუმი  თვითონ ფანჯრის ფორმაა, ის, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება იქ ნამუშევრის განთავსება, ლოკაციას მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან მინდოდა გარეუბნებში ამ პროექტის გატანა, მაგრამ, სამწუხაროდ,  ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. არც ისე ადვილია ვაკანტური ვიტრინის პოვნა ან მფლობელის დარწმუნება ამ პროექტის მნიშვნელობასა და თანამშრომლობაში – ხელოვნების საჯაროობის იდეაში.

თავიდან რამდენიმე ვიტრინა იყო, მაგრამ დღეს მხოლოდ მელიკ აზარიანცის შენობაში არსებული ერთადერთი ვიტრინა  ასრულებს საგამოფენო სივრცის ფუნქციას.

 

ფოტო: გურამ კაპანაძე 

რაც პროექტი არსებობს, არაერთ ხელოვანს უთანამშრომლია თქვენთან. საინტერესოა ორივე მხარის შთაბეჭდილებები – როგორია არტისტების გამოცდილება ვიტრინაში ნამუშევრის გამოფენის შემდეგ  და თქვენ როგორ არჩევთ არტისტებს, რომლებთანაც თანამშრომლობთ?

 

როგორც გითხარით, ეს სივრცე  სპეციფიკურია და ნამუშევარი ხანდახან  ერგება მას. ეს არის ჩვეულებრივი ვიტრინა განსაზღვრული ზომებით და თავისთავად ყველაფერი ვერ განთავსდება,  თუმცა ეს ალბათ საინტერესო პროცესია ხელოვანისთვისაც. რაც შეეხება არტისტების შერჩევას, ზოგს პირადად ვარჩევ, ზოგიც თვითონ გამოთქვამს სურვილს მონაწილეობაზე.

ეს არის ძალიან დემოკრატიული სივრცე, რომლის მთავარი კრიტერიუმია ხელოვნების გასაჯაროება და მიხარია, რომ ეს ინოვაციური იდეა საქართველოში, ვგულისხმობ გალერეას დახურულ სივრცეში, რომელიც იმავდროულად ძალიან საჯარო იყო,  საკმაოდ მიმზიდველი გახდა საზოგადოებისთვის. თავიდან რომ გავხსენით, კითხულობდნენ – სად იყო შესასვლელი კარი გალერეაში.

რაც შეეხება არტიტების გამოცდილებას, ალბათ უფრო საინტერესო იქნება, თუ მათგან მოვისმენთ შთაბეჭდილებებს. მე რასაც  ვაკვირდები, მათთვის ეს განსხვავებულ სივრცეში მუშაობის შესაძლებლობაა და თან ძალიან მხიარული პროცესია თვითონ ინსტალაცია:  ნერვებიც გვეშლება ხშირად, როდესაც არ გამოდის და ვფიქრობთ, რა ხერხით გადავჭრათ პრობლემა, ზოგი მძიმე ნამუშევარია, ზოგის განთავსება  რთულია, მაგრამ ბოლოს ერთად ვაღწევთ მიზანს, ვკეტავთ უკანა კარს, რომელიც პანტომიმის თეატრის სცენაზე გადის პირდაპირ და შემდეგ გამოფენამდე აღარ ვაღებთ. ძალიან სასიამოვნო პროცესია პირადად ჩემთვის.

 

ფოტო: გურამ კაპანაძე 

რას გეგმავს “ფანჯრების პროექტი”  მომავალში, რა იქნება უახლოესი გამოფენები.

 

20 სექტემბერს ვიტრინაში წარმოდგენილი იქნება სალომე ჩიგილაშვილის ნამუშევარი “უსათაუროდ”.  ეს არის თაბაშირის ქანდაკება, რომელიც ავტორის ძველი მცირე რელიეფური ქანდაკების გადიდებული ვერსიაა.

ამ უსათაურო კედლის ინსტალაციის პირველი ვერსია ცოტა იუმორისტული, ცოტა ეროტიული  იყო, რომელიც VA(A)DS-ის სტუდენტების მიერ მიტოვებულ შენობაში გაკეთებულ ჯგუფურ გამოფენაში იყო გამოფენილი. კედელზე დამაგრებული თეთრი ქანდაკების ოდნავ გახსნილი ელვა, ელვის მიღმა ხვრელიდან კი  მომიჯნავე ოთახის დანახვა შეიძლებოდა.

ვიტრინაში გაკეთებული მასშტაბში გაზრდილი ნამუშევარი ეროტიულობას და ვუაერისტულ ელფერს ინარჩუნებს,იმ განსხვავებით რომ ამჯერად ვიტრინასთამ მდგომმა მაყურებელმა არ იცის ვინ უთვალთვალებს გახსნილი ელვის მიღმა განთავსებული ხვრელიდან.

 

ფოტო: გურამ კაპანაძე 

სალომე VA(A)DS-ის მეოთხე კურსის სტუდენტია და ვფიქრობ მას დიდი მომავლი აქვს.

ეს ინსტალაცია სალომე ჩიგილაშვილის ნამუშევრის, “ყველაფრის მიღმას”  (between the layers-ის) გაგრძელებაა, რომელიც გამოფენა “და კავშირის” ნაწილი იყო – თავად ვადსის სტუდენტების თვითორგანიზებული ერთდღიანი გამოფენა ნუცუბიძის პლატოზე არსებულ მიტოვებულ სკოლაში.

რაც შეეხება გეგმებს, სულ მალე Window Project  გახსნის ახალ საგამოფენო დარბაზს, ახლა უკვე დახურულ სივრცეში, თუმცა ადგილი  ისევ ფანჯრების პრინციპიდან გამომდინარე შეირჩა, რაც ნიშნავს იმას, რომ შენობის ფასადზე გვაქვს დიდი ვიტრინები სადაც ნამუშევრების წარდგენა მოხდება  იგივე პრინციპით, თუმცა აქ შიგნით შესვლის საშუალებაც გვექნება. ეს საგამოფენო დარბაზი ისევ შეინარჩუნებს დემოკრატიულობის და საჯაროობის პრინციპს, გახსნილი იქნება ქართველი და საერთაშორისო  არტისტებისა და კურატორებისთვის. მინდა ეს ადგილი არ იყოს ჩაკეტილი გალერეა by appointmens, ან დახურული ჩვენებებისთვის, რომელიც ოფიციალურ გახსნამდე ხდება ხოლმე. ეგრეთ წოდებული preview არ იქნება.

ვისაც როცა უნდა მოვა და ნამუშევრების გარდა სხვა საინტერესო საქმეებსაც გააკეთებს. ასევე ვგეგმავთ  შეხვედრების, დისკუსიების მოწყობას ქართველ და უცხოელ არტისტებთან, კურატორებთან, პუბლიცისტებთან, კრიტიკოსებთან, შეიძლება მათემატიკოსებთანაც და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელთან, რომელიც კრეატიულობის იდეასთან ახლოსაა.  ასევე ვინდოუ-პროჯექტი ქართველ არტისტებს გაუშვებს სხვადასხვა რეზიდენციებში, რომელიც უკვე დაწყებულია, მაგალითად, ნინო ქვრივიშვილი ამჯამად იმყოფება ჩრდილოეთ გერმანიაში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის რეზიდენციაში www.mkdw.de

 

ფოტო: გურამ კაპანაძე 

ეს მუზეუმი არის  საკმაოდ ეგზოტიკურ და მისტიკურ  ადგილას და როგორც ნინო ამბობს, მუშაობისთვის განსხვავებული და სასიამოვნო სივრცეა, დანარჩენი თვითონ  ნინოს ჰკითხეთ რომ ჩამოვა.

ვფიქრობ, გარდა საერთაშორისო ბაზრობებისა, ქართველი არტისტებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა რეზიდენციებში ყოფნა და გამოცდილების მიღება.

მოკლედ, ვნახოთ –  იდეები ბევრია და ძალიან გამიხარდება,  თუ ვინმე კმაყოფილი დარჩება.


რეკომენდებული სტატიები
„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში

„ოცნებასა და ომში ყველა გზა ამართლებს“ - ანდრო ვეკუა ციურიხში
8 ივნისს ციურიხის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში ანდრო ვეკუას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
On / Off

On / Off

On / Off
ამ ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფის ისტორია 2012 წლიდან იწყება, როდესაც ხელოვანებმა დიღმის კინოსტუდიის შენობაში ფართი იქირავეს და სამუშაო სახელოვნებო სივრცეები შექმნეს - “კინოსტუდიის სახელოსნო” თავდაპირეველად 12 არტისტს აერთიანებდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.