არქიტექტურის ფოტოგრაფია


გააზიარე სტატია



არქიტექტურის ფოტოგრაფია – ფოტოხელოვნების დამოუკიდებელი და შემოქმედებითი გამოწვევის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო მიმართულებაა.

წარმოგიდგენთ იმ ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებმაც სახელი ინდივიდუალური  ხელწერით გაითქვეს და ამავე დროს, ხელი შეუწყვეს არქიტექტურის ფოტოგრაფიის, როგორც ჟანრის განვითარებას.

 

ეჟენ ატჟე (1857–1927) – ფრანგმა ფოტოხელოვანმა თაობებს ძველი პარიზის უნიკალური, დოკუმენტური ფოტომასალა უანდერძა. მას ნაკლებად აინტერესებდა ქალაქის საყოველთაოდ აღიარებული არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, მაგალითად, ეიფელის კოშკი ან ნოტრ-დამის ტაძარი. მის ობიექტივში პარიზის ეზოები, პატარა ქუჩები, ჩიხები, შენობა-ნაგებობების ნაკლებად შესამჩნევი არქიტექტურული ნიუანსები, სადარბაზოები, კარის სახელურები და ბევრი სხვა დეტალი ხვდებოდა და ასე ცდილობდა, ქალაქის სული ფირზე აღებეჭდა.

 

ლასლო მოჰოი ნადი (1895–1946)  – უნგრელი მხატვარი, ფოტო და კინოხელოვნების თეორეტიკოსი, ე.წ. ახალი ხედვის ფოტოგრაფიის წარმომადგენელი იყო. მას სწამდა, რომ ფოტოგრაფიას შეეძლო, შეექმნა გარე სამყაროს აღქმის სრულიად ახალი გზა, რაც მიუწვდომელი იყო ადამიანის თვალისთვის. მას Bauhaus არქიტექტურა აინტერესებდა და ფოტოგრაფირებისას იმ პერიოდისთვის არატრადიციულ რაკურსებს ირჩევდა. ამ გზით ცდილობდა, რომ ესა თუ ის ობიექტი ფირზე  ინდივიდუალური ინტერპრეტაციით აღებეჭდა.

 

ედვარდ სტაიჰენი (1879–1973) – ამერიკელი იმპრესიონისტი მხატვარი და ფოტოგრაფიაში პიქტორიალიზმის მიმართულების მიმდევარი იყო. პიქტორიალისტი ფოტოგრაფები აქცენტს მხატვრულესთეტიკურ მხარეებზე აკეთებდნენ, შესაბამისად, პიქტორიალიზმი მხატვრული ფოტოგრაფიის სინონიმადაც იქცა. XIX საუკუნის მეორე ნახევრის მხატვრული მიმდინარეობები, მათ შორის – იმპრესიონიზმიც, გავლენას ახდენდნენ პიქტორიალისტური ფოტოგრაფიის სპეციფიკაზე, ამიტომ ამ მიმართულების ფოტოგრაფების ნამუშევრები იმპრესიონისტთა ნახატებს ემსგავსებოდა.  

ედვარდ სტაიჰენიც სასურველი მხატვრული ეფექტების მისაღებად სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, მაგალითად, კომბინირებულ ბეჭდვას, ფოკუსითა და ნეგატივებით მანიპულირებას. ამ ხერხების გამოყენებით მისი ნამუშევრები მხატვრული ტილოს იერსახეს იღებდა.

 

უოკერ ევანსი (1903–1975) – დოკუმენტური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო. მან სახელი „დიდი დეპრესიის“ პერიოდში გაითქვა, როცა ფერმერთა მეურნეობების დაცვის ადმინისტრაციის დაკვეთით მუშაობდა. ფოტოგრაფი უბრალო, არქიტექტურული თვალსაზრისით ნაკლებად ღირებულ და გამორჩეულ ობიექტებს, სოფლის სახლებს, მაღაზიებს, ეკლესიებსა და სხვა შენობებს იღებდა. თეორეტიკოსების თქმით, ევანსის სავიზიტო ბარათი ფრონტალური რაკურსები და გამოსახულების მაქსიმალური სიმკვეთრე იყო, რაც არაფრით გამორჩეულ შენობა-ნაგებობებს არქიტექტურული ღირსშესანიშნაობის დატვირთვას აძლევდა.

 

 

ლუსიენ ერვე (1910–2007) – ცნობილი არქიტექტორის, თეორეტიკოსის, ფერმწერისა და დიზაინერის, ლე კორბუზიეს ოფიციალური ფოტოგრაფი იყო. სხვადასხვა დროს ის ისეთ არქიტექტორებთან მუშაობდა, როგორებიც არიან ალვარ აალტო, მარელ ბრეიერი, ოსკარ ნიმეიერი და მრავალი სხვა. ერვე შუქჩრდილების მანიპულაციით ობიექტის ზედაპირის ფაქტურაზე აქცენტირებდა, რაც არქიტექტურულ ფოტოს ტაქტიკურს ხდიდა და სივრცის შეგრძნებას ამძაფრებდა.

 

ეზრა სტოლერი (1915-2004) – შავ-თეთრი ფოტოგრაფიის მოყვარული იყო და კარიერის განმავლობაში მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა გადაიღო.  როგორც თავად განმარტავდა, არქიტექტურაზე მეტად ამა თუ იმ შენობა-ნაგებობის გარშემო არსებული სივრცე, გარემო, ცხოვრების წესი აინტერესებდა. მაგალითისთვის შეიძლება გუგენჰაიმის ფოტო მოვიყვანოთ, სადაც აქცენტი წინ – ავტომობილზეა, ხოლო მუზეუმი უკანა პლანზეა.

 

ჯულიუს შულმანმა (1910–2009)  ამერიკული მოდერნიზმის ფოტოგრაფირებით გაითქვა სახელი. მისი ნამუშევრები მოდერნისტური არქიტექტურის სტილის საცხოვრებელი სახლებს უწევდა რეკლამას. შესაბამისად, ფოტოგრაფი ყურადღებას ამახვილებდა როგორც არქიტექტურულ მხარეზე, ასევე  ცხოვრების იმ მოდურ წესზე, რომელიც მოდერნისტულ შენობებთან ასოცირდებოდა.  


 

ჰელენ ბინე (1959)   თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურის ფოტოგრაფია მსოფლიოში. სხვადასხვა დროს ის ისეთ არქიტექტორებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ზაჰა ჰადიდი, დენიელ ლიბესკინდი და პიტერ ცუმტორი. ბინე შენობის იერსახის, არქიტექტურული დეტალების აღბეჭდვის გარდა, ცდილობდა გადმოეცა თავად არქიტექტორის აზროვნების სტილი და მისი ფილოსოფიური ჩანაფიქრები.

 

თომას შტრუტი (1964) თანამედროვე გერმანელი ფოტოგრაფია. ის სხვადასხვა შენობა-ნაგებობებს ადამიანების გარეშე იღებს, რაც მისი ხელწერის სავიზიტო ბარათია. როგორც თავად ამბობს, ამგვარი მიდგომით არქიტექტურა დამოუკიდებელ ობიექტად, არსებად აღიქმება, რომელიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს.

 

ჰიროში სუგიმოტოს (1948) შემოქმედებაში არქიტექტურის ფოტოგრაფია მისი ერთ-ერთი  საყვარელი ჟანრია. იაპონელი სხვადასხვა ცნობილ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს უფოკუსოდ აღბეჭდავს. ამგვარი მიდგომით კი ცდილობს გამოიკვლიოს, რამდენად ამოცნობადი და აღქმადია არქიტექტურული შედევრები ადამიანის თვალისთვის.

 

ივან ბაანი (1975) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ფოტოგრაფია მსოფლიოში. ჰოლანდიელის ნამუშევრები იმითაა ცნობილი, რომ არქიტექტურის ფოტოგრაფიაში სიცოცხლის განცდა და შენობების გარემოსთან კავშირის შეგრძნება შემოიტანა.  გერმანელი კოლეგის, თომას შტრუტისგან განსხვავებით, ბაანი აჩვენებს ადამიანებისა და არქიტექტურის კომუნიკაციას, ასევე, თუ როგორ „თანაცხოვრობენ“ შენობები სხვა ნაგებობებთან.

 

ბერნჰარდ ლანგი თანამედროვე აეროფოტოგრაფია მიუნხენიდან. მის ნამუშევრებში ამგვარი მეთოდით გადაღებული არქიტექტურა კარგავს ადამიანების მიერ შექმნილი კულტურული ობიექტების დატვირთვას და ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილი ხდება.  

მატიას ჰეიდრიხი ბერლინელი ფოტოგრაფია, რომელიც სხვადასხვა ურბანული სივრცეებითა და შენობებით ინტერესდება. იღებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს, პატარა სასტუმროებს, ავტოსადგომებს, ხიდებს. თომას შტრუტის  ნამუშევრებში ადამიანები არ არიან, არქიტექტურა კი ოპტიმისტურ, ცოცხალ ფერებშია წარმოდგენილი, რაც სიმშვიდის განცდას იწვევს.

 


რეკომენდებული სტატიები
არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი
ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს ქალაქები ზემოდან გადაიღო იმის საჩვენებლად, თუ როგორი დიდია განსხვავება ე.წ. მდიდარ და ღარიბ უბნებს შორის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.