fbpx

„მესერშმიტები“ აფხაზეთიდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიორგი წეროძე

 

უსაფრთხოების მიზნით ეთნიკურად აფხაზი პირების  სახელები და პროფესია შეცვლილია

„მინიმუმ სამი გოლით მეტს ვუტანდით მოწინააღმდეგეს, ფაქტობრივად არცერთი თამაში არ წაგვიგია, მეტოქის კარი თამაშის ბოლოს დაბომბილს ჰგავდა, ამის გამო მწვრთნელებმა „მესერშმიტერები“ დაგვარქვეს. მე მცველი ვიყავი, ვლადი თავდამსხმელი, ამიტომ ჩემზე მეტი გოლი გაჰქონდა. ომი რომ არ ყოფილიყო, დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, თუმცა ვინ გვაცალა“, – ამბობს 46 წლის გოდერძი.

ღიმილით იხსენებს ბავშვობას და პლაჟს, სადაც დილიდან საღამომდე ფეხბურთს თამაშობდნენ. ვლადი მისი ბავშვობის მეგობარია. აფხაზი. ომის შემდეგ გოდერძის ოჯახმა აფხაზეთი კოდორის გავლით დატოვა, ვლადი  და მისი ოჯახი კი სოხუმში დარჩა. მეგობარს რამდენიმე წლიანი განშორების შემდეგ პირველად კიევში, 1996 წელს შეხვდა და იმის შემდეგ კონტაქტი არ გაუწყვეტია.

„ობოლონზე ბინას ვარემონტებდით, ბინის მფლობელმა მითხრა, რომ მის მეზობელს წყლის მილებს ვიღაც სოხუმელი უცვლიდა. დავინტერესდი, ჩავედი და ვნახე, ვლადი მუშაობდა, თვითონ ვერ შემამჩნია, მე უკნიდან მივადექი და დავუძახე, ამხანაგო „მესერშმიტერ“, მზად ხარ დაბომბო მოწინააღმდეგის მეკარე? მგონი, ერთი საათი ვტიროდით ორივე. გავიხსენეთ სოხუმი, მისი სანაპირო, 200-გრამიანი ნაყინები და სოხუმელი კოლორიტი, გიჟი მარადონა, რომელიც ყველას უყვარდა. ბავშვობა დაბრუნდა და ამით ვიყავით ბედნიერები“, -ამბობს გოდერძი.

მოგვიანებით გაიგო, რომ სახლს, რომელიც მისმა  ოჯახმა დატოვა, ვლადი უვლიდა. შეცვალა ომის შემდეგ დაზიანებული სახურავი, კარები, მინები და მოაჯირი. კვირაში ერთხელ ვლადის მეუღლე ალაგებდა მას, ვლადი კი ყველაფერს წელიწადში ერთხელ ღებავდა. ომის დროს ამ სახლში დაიღუპა გოდერძის ბაბუა, მას ბრმა ტყვია მოხვდა და ეზოშივე გარდაიცვალა. გვიყვება, რომ ომის პირველივე დღეებში დაიღუპა ვლადის მამაც. მან ბრძოლა გადაწყვიტა და ორგანიზაცია „ამცახარას“ რიგებში ჩაირიცხა, თუმცა ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტყვიმფრქვევის ჯერს ემსხვერპლა.

„იცი რა, ჩვენ შევცდით, ყველა შევცდით. ამ შეცდომით კიდე ვიღაცამ ისარგებლა და ერთმანეთი დაგვახოცვინა. ჩვენ მეგობრები ვიყავით, არცერთი დღესასწაული თუ დაკრძალვა ერთმანეთის გარეშე არ ჩაივლიდა და მერე უცებ გადავწყვიტეთ, რომ გვეზიზღებოდა ერთმანეთი? ეს სისულელეა. ბრიყვულად მოვიქეცით და ამით ისარგებლეს რუსებმა. დღისით ჩვენთან მოჰქონდათ იარაღი და გვამარაგებდნენ, საღამოთი აფხაზებთან. არა უშავს, გამოვასწორებთ“, – მეუბნება ჩემი მეზობელი და თავისი ძველი მანქანის მოტორში ზეთს ამოწმებს.

ვლადი წლების განმავლობაშ მუშაობდა უკრაინაში. ბოლოს დონეცკში სანტექნიკის ხელოსანი იყო, თუმცა ომის დაწყების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნება გადაწყვიტა. დაგროვილი ფულით ბიზნესი დაიწყო, მეგობართან შეთანხმების შემდეგ, მის სახლში გესთჰაუზი მოაწყო და ტურისტებს მასპინძლობს. ფულის ნაწილს კი ბათუმში გოდერძის უგზავნის.  

სოციალური ქსელების გამოჩენის შემდეგ ვლადთან ურთიერთობას ინტერნეტით აგრძელებდა, თუმცა მალევე წაშალეს ერთმანეთი მეგობრებიდან. ვლადი დე ფაქტო უშიშროებამ დაიბარა და საეჭვო კონტაქტების გამო დაჰკითხეს.

გოდერძი მანქანის გაკეთებას ჩქარობს, მეორე დღეს შვილის ქორწილი აქვს. გიგა კონფლიქტის შემდეგ დაიბადა და აფხაზეთი მარტო გუგლის საძიებო სისტემაში და იუთუბით აქვს ნანახი, თუმცა ოცნებობს, რომ ჩავიდეს იქ. რამდენჯერმე შესთავაზეს, გააკეთოს აფხაზური პასპორტი და გადავიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – ჰო, ასე შეუძლია, თუმცა ამბობს, რომ სახლში პასპორტი არ სჭირდება…

მანქანა გაკეთდა, გოდერძი სამეგრელოში მიდის, თუმცა არ აკონკრეტებს – სად. მგონი, ქორწილისთვის პროდუქტების საყიდლად.

გიგას ქორწილი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორანში იმართება. მისი მეუღლეც დევნილია. ოჯახი გაგრიდან წამოვიდა. გიგას ორი მეჯვარე ჰყავს, დათო, მისი ბავშვობის მეგობარი და გოდერძი, მასზე რამდენიმე წლით უმცროსი აფხაზი ბიჭი ქართული სახელით. ბიჭი, რომელიც საკუთარ ქორწილში გაიცნო.

მეც ვარ ამ ქორწილში, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს დიდი სუფრები, ახლო მეზობელს უარი ვერ ვუთხარი. გვერდით გოდერძი ჩამომიჯდა, გიო, დავლიოთ? დავლიოთ,  ვპასუხობ მე და ჭიქას ვუვსებ. არა, ჭიქით არა, ყანწით, მეუბნება და ხელში ნახევარლიტრიან რქას მაჩეჩებს. ვერ დავლევ ამდენს, ვეუბნები. დალევ, შენ ჯიგარი ხარ, თან უკვე ბევრი ომი ნახე, ფეხბურთიც გიყვარს და იცი ყველაფრის ფასი. გახსოვს, გუშინ რო ამბავი მოგიყევი? კი, რა თქმა უნდა. ჰოდა ამას სხვასთან ერთად ვერ დავლევდი, ვერც თამადა გამიგებს და ვერც ხალხი, შენ უნდა მოგიჭახუნო. „მესერშმიტერებს“ გაუმარჯოს!


რეკომენდებული სტატიები
სოხუმი და გაგრა 1950-იან წლებში - ფოტოარქივი

სოხუმი და გაგრა 1950-იან წლებში - ფოტოარქივი

სოხუმი და გაგრა 1950-იან წლებში - ფოტოარქივი
ეს დასასვენებელი კომპლექსები თუ საქალაქო ნაგებობები ერთ დროს სიცოცხლით სავსე ადგილები იყო - მზეში ჩაძირული, პალმების, ციტრუსებისა და სიმწვანის ზღაპრული სამეფოს ნაწილი
1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან
2017 წლის გაზაფხულზე ფეისბუკში Daniel Spehr-ის ფოტოალბომი აიტვირთა, რომელიც 1993 წლის ზაფხულიდან დეკემბრამდე საქართველოში - თბილისსა და რეგიონებში გადაღებულ ფოტოებს შეიცავდა. დღეს, 18 ივლისს, ამ ფოტოების ნახვა თბილისის ისტორიის მუზეუმში - „ქარვასლაში“, 17 საათზე იქნება შესაძლებელი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.