fbpx

ძაღლის 5 ყველაზე პოპულარული ჯიში, რომლებსაც არასწორად ვექცევით


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლევან ძნელაძე

 

ძაღლის აყვანა ბევრ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად ვიღებთ. არაერთხელ გაგვიგია სიურპრიზად ლეკვის შეყვარებულისთვის ან ბავშვისთვის ჩუქების შესახებ და არ გვიფიქრია, თუ რა პრობლემები შეიძლება მოიტანოს ამ პრაქტიკამ როგორც ძაღლისთვის, ასევე მოუმზადებელი და არაინფორმირებული მომავალი პატრონისთვის.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ  საქართველოს ქალაქებში გავრცელებულ ყველაზე პოპულარულ ძაღლის ჯიშებზე, რომლებიც ამავდროულად სულაც არ არიან შესაფერისი ქალაქური ცხოვრებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი უმეტესობა მრავალსართულიანი კორპუსის ბინებში ცხოვრობს და პატრონები მთელი დღეები სხვა საქმით არიან დაკავებული.

 

ლაბრადორი

ლაბრადორი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჯიშების ხუთეულშია და გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ბოლო ათწლეულში მათმა რიცხვმა სერიოზულად იმატა. ამის მიზეზი მარტივია, ლაბრადორი იდეალური ოჯახის ძაღლია – მოსიყვარულე, ცნობისმოყვარე, თავგადასავლების მოყვარული და ბავშვების სანდო მეგობარი, მაგრამ რა უნდა გააკეთოს პატრონმა იმისთვის, რომ რეალიზებული და ბედნიერი ლაბრადორი ჰყავდეს?

პრობლემა სწორედ აქ ჩნდება. ეს ჯიში განეკუთვნება სპორტული და მუშა ძაღლების კატეგორიას, რომელთა მთავარი დანიშნულებაც კონკრეტული საქმეების შესრულებაა, როგორიცაა ნადირობის და თევზაობის დროს პატრონის დახმარება, ნივთების ტარება, სირბილი, ცურვა, ფრისბის თამაში და ყველაფერი ის, რაც მას თავს სასარგებლოდ აგრძნობინებს და ენერგიას გამოაცლის. კორპუსის ბინაში, უსაქმურად და ვარჯიშის გარეშე გამოკეტილი ლაბრადორი დესტრუქციის სერიოზული წყაროა. თუ თქვენ ამ ჯიშის ძაღლის პატრონი ხართ  და მას სათანადოდ არ დატვირთავთ, სახლიდან გაქცევის ხშირი მცდელობა ან დაღრღნილი ავეჯი, სადენები და სხვა ნივთები არ უნდა გაგიკვირდეთ და მით უმეტეს, ამაში ძაღლი არ უნდა დაადანაშაულოთ.

 

ციმბირული ჰასკი

ციმბირული ჰასკის პოპულარობას უდავოდ მისი გარეგნობა განაპირობებს. ამ ჯიშის ძაღლს საქართველოში ძირითადად მისი მგლური ვიზუალისა და პირდაპირი მნიშვნელობით – ლამაზი თვალების გამო ყიდულობენ და პატრონების უდიდეს ნაწილს უბრალოდ არ წარმოუდგენია, თუ რასთან აქვს საქმე.

ჰასკი მუშა ძაღლების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც მარხილზე სამუშაოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში ჩუქჩებმა გამოიყვანეს. შესაბამისად, მათ აქვთ აურაცხელი ენერგია, მძლავრი ფიზიკური მონაცემები და რაც მთავარია, მაღალი ტემპერატურის სრული აუტანლობა. ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის გარეშე, კორპუსის ბინაში მათი ცხოვრება საშინლად რთულია, განსაკუთრებით თბილისური ხვატის დროს. ასეთი ტემპერატურის პირობებში მათი დიდხანს ყოფნა სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება იყოს. გარდა ამისა, მათი გაცვენილი ორმაგი ბეწვის სახლიდან გატანა დიდ შრომას მოითხოვს. საბოლოო ჯამში, სილამაზის გამო მოყვანილი ძაღლი ვერც თავის თავს აბედნიერებს და პატრონსაც ურთულებს ცხოვრებას.

 

კანე კორსო (იტალიური მასტიფი)

კანე კორსოს პოპულარობა თბილისში დაახლოებით 2010 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქში ამ ჯიშზე ორიენტირებული პირველი ძაღლსაშენები გაჩნდა. მასტიფის იტალიური სახეობა მცველების კატეგორიას განეკუთვნება, ზომით დიდი,  უმძლავრესი ფიზიკური მონაცემებით და დინჯი ხასიათით. სხვა ჯიშებთან ერთად, მათი პოპულარობაც არასწორმა წარმოდგენებმა გამოიწვია. მათი საბრძოლო უნარების, ფიზიკური სიდიდის და ადამიანთა ინფორმირებულობის ნაკლებობის გამო, ამ ჯიშის ძაღლებმა უსამართლოდ შეიძინეს დაახლოებით ისეთივე რეპუტაცია, როგორიც 2000-იან წლებში პიტბულებმა და ბულტერიერებმა, 80-იან წლებში როტვეილერებმა და 70-იან წლებში დობერმანებმა.

კანე კორსო იდეალურად ასრულებს თავის ფუნქციას, როდესაც ხდება მათი სწორად აღზრდა. კერძოდ, აუცილებელია მათი სოციალიზაცია რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან, რომ შემდგომში თავიდან ავირიდოთ აგრესია ადამიანების და სხვა ძაღლების მიმართ. ასევე, საჭიროა კორსო გაიწვრთნას მისი  მთავარი ფუნქციის, ტერიტორიის და პატრონის დაცვის მიმართულებით. აუცილებელია ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა, მინიმუმ 2 საათით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძაღლი შესაძლოა გახდეს დესტრუქციული და მისი დამორჩილება საკმაოდ რთული იქნება. სწორად გაზრდილი, დაბალანსებული ხასიათის კანე კორსო კი საუკეთესო მეგობარი, მცველი და კომპანიონია.

 

გერმანული ნაგაზი

გერმანული ნაგაზი საქართველოს მასშტაბით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცველი ძაღლია, რომელსაც კერძო სახლის ეზოში საცხოვრებლად პატრონები ირჩევენ. გერმანული ნაგაზი გაცილებით უკეთესად ცხოვრობს ეზოში, ვიდრე ის სახლში იგრძნობდა თავს, თუმცა მათ შემთხვევაში ვაწყდებით განსხვავებულ პრობლემებს.

სენსიტიურობა თავისი ტერიტორიის მიმართ და უცხო ადამიანების სრული მიუღებლობა საჭირო თვისებაა, როდესაც სახლში არავინაა, მაგრამ ასეთი ხასიათი საშიში ხდება მაშინ, როცა პატრონი სახლში სტუმრებს ვეღარ იღებს. ამისთვის აუცილებელია გერმანული ნაგაზების სწორად გაწვრთნა დაცვის მიმართულებით და პარალელურად, სოციალიზაცია ნაადრევი ასაკიდან.  შიშები იმის შესახებ, რომ ადამიანების ნდობის მოპოვების შემდეგ ძაღლი ცარიელი ეზოს დაცვის აუცილებლობის შეგრძნებას დაკარგავს, მითია. გერმანული ნაგაზი გენეტიკურად გამოირჩევა მესაკუთრეობით და მაღალი მგრძნობელობით მისი ტერიტორიის და ოჯახის მიმართ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად მინიჭებული უნარების ზედმეტად გამძაფრება მხოლოდ პატრონის ცხოვრებას გაართულებს და სასიკეთოს არაფერს მოიტანს.

კიდევ ერთი პრობლემა მათი უსაქმურად ყოფნაა. გერმანული ნაგაზი ერთ-ერთი საუკეთესო მუშა ძაღლია მსოფლიოში და ბევრ ქვეყანაში მას საპოლიციო და სამხედრო საქმიანობისთვის იყენებენ. სასურველია დღეში 1 საათით მაინც მისი დაკავება რაიმე საქმით, რაც მას თავს სასარგებლოდ აგრძნობინებს. თუ ასე არ ხდება, მობეზრებული ნაგაზი დიდი ალბათობით საქმეს თვითონ გამონახავს და ნაკლებ სავარაუდოა პატრონი ამით კმაყოფილი დარჩეს.

 

ბიგლი

ბიგლის პოპულარობა საქართველოში ნელ-ნელა იზრდება. ლაბრადორის მსგავსად, კეთილი და თამაშის მოყვარული ეს ჯიში ოჯახისთვის ძალიან კარგი კომპანიონია და იდეალურად მეგობრობს ბავშვებთან. ამ ყველაფერთან ერთად, ტანის მცირე ზომის გამო, პატარა სახლებში მათი ყოლა შედარებით მარტივია.

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ბიგლის პოპულარობა ადვილი ასახსნელია, თუმცა, მისი შეფასებისას გვავიწყდება ერთი რამ: ბიგლი არ არის მხოლოდ ის, რაც ზემოთ ითქვა. მათი გაწვრთნა ბუნებრივი მოთხოვნილებების შესაბამის ადგილას დაკმაყოფილებაზე საკმაოდ რთულია და ამერიკის კენელ კლუბის (AKC) ინფორმაციით, ზოგჯერ მათ ამისთვის წლამდე პერიოდი ესაჭიროებათ. ასევე, ბიგლისთვის დამახასიათებელი პრობლემაა სახლში მარტო ყოფნის აუტანლობა (Separation Anxiety), განსაკუთრებით მაშინ, თუ ძაღლს თამაში და ფიზიკური აქტივობა აკლია. მათმა მცირე ზომამ და არაათლეტურმა აღნაგობამ არ უნდა მოგვატყუოს. ბიგლი მაღალი ფიზიკური აქტივობით გამოირჩევა და მოწყენილობის შემთხვევაში ხშირად მიმართავს ისტერიკულ ყეფას. აშშ-ის ძაღლთა თავშესაფრებში ბიგლი ყველაზე ხშირად სწორედ ამ პრობლემის გამო ხვდება. ასე რომ, სანამ მის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ბიგლის მიდრეკილებები.

 

დასასრულს ყველას გვახსოვდეს – დაღლილი ძაღლი ბედნიერი ძაღლია!


რეკომენდებული სტატიები
ძაღლის ჯიშების რეიტინგი ფინანსური ზარალის მიხედვით

ძაღლის ჯიშების რეიტინგი ფინანსური ზარალის მიხედვით

ძაღლის ჯიშების რეიტინგი ფინანსური ზარალის მიხედვით
ბრიტანულმა ონლაინ პლატფორმამ PayingTooMuch.com, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა პროფილის სერვისების კალკულაციას და მათ შედარებით ანალიზს სთავაზობს, გამოაქვეყნა ძაღლის იმ ჯიშების ნუსხა, რომელთაც მფლობელებს ყველაზე მეტი ან ნაკლები ფინანსური ზარალი მიაყენეს
რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას

რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას

რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას
სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება შემზარავი ფოტოები და კადრები, სადაც ნაწამები ცხოველებია ასახული. სურათს ამძიმებს ისიც, რომ ცხოველებზე ძალადობის ფაქტების ჩამდენები ხშირად ბავშვები არიან
ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში
იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დედაქალაქში ბოლო წლებში საკმაოდ იმატა ე.წ. კომპანიონი ცხოველების მსურველთა რაოდენობამ, ვერ იპოვით ბევრ ადამიანს, ვისაც ეგზოტიკური, ანდა „უცნაური“ შინაური ბინადარი ჰყავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.