fbpx

საქართველო ევროპის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებშია


გააზიარე სტატია



საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი  – ეს ქვეყნები მსოფლიოს ტურისტული ცენტრების სიაში უკვე კარგა ხანია მთავარ ადგილებს იკავებენ.  სათავეში საფრანგეთია, რომელსაც ყოველწლიურად 85 მილიონ ტურისტზე მეტი სტუმრობს. თუმცა ასეთი ქვეყნების ტურისტული პოტენციალის ზრდა უკვე ბუნებრივად შეზღუდულია.

ეს შანსს აძლევს შედარებით ნაკლებად ცნობილ ადგილებს – მაგალითად, მოლდოვას – რომ ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან  ზრდას მიაღწიონ. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2017 წელს საფრანგეთის ტურიზმი 5.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მოლდოვასი – 19.6 პროცენტით.  ამ უკანასკნელმა შარშან 145 000 ტურისტი მიიღო.

კარგად გათვითცნობიერებულ ევროფილებს, ვისთვისაც ევროპის ცნება დასავლეთ ევროპის მიღმაც ვრცელდება, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის  რეგიონები აუცილებლად მოსანახულებელ 10 ქვეყანას სთავაზობენ.

ქვემოთ მოყვანილ სიაში ეს  ქვეყნები ტურიზმის ზრდის მაჩვენებლების მიხედვითაა დალაგებული.

 

  •  სომხეთი – 18.65%

2019 წელს სომხეთში ამერიკიდან და ევროპიდან ბევრი ახალი მარშრუტის დამატებას წინასწარმეტყველებენ, რომლებიც საქართველოს მიებმება. მოგზაურებს უკვე საკმაოდ კარგად აქვთ ათვისებული  არარატი (ადგილი, სადაც გადმოცემით, ნოეს კიდობანი შეჩერდა), იცნობენ ასევე მომხიბვლელ ქალაქ ერევანს და, რა თქმა უნდა – კარდაშიანებს. სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ადგილობრივ ტრადიციულ საწარმოებს – კონიაკისა და ხალიჩების მწარმოებლებს, ლავაშის მცხობელ ოჯახებს და მოისმინონ გალობა უძველეს მონასტრებში.

 

  • ბოსნია – ჰერცოგოვინა – 18.66%

ხორვატია და მონტენეგრო უკვე გარკვეული ხანია  ტურიზმის მიმართულებით პოპულარული ქვეყნებია, მაგრამ წელს უკვე სლოვენიასა და ბოსნიაშიც აღინიშნა  ტურისტების მატება. მაშინ როცა ხორვატია გადამეტებულ ტურისტულ ნაკადებში იძირება (15 მილიონი გასულ წელს), ბალკანეთის სხვა ქვეყნები მშვენიერი ალტერნატივაა გამაოგნებელი და ხალხისგან თავისუფალი სანახაობების თვალსაზრისით. ამ ჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინა ლიდერობს მე-16 საუკუნის მინარეთებით, ოტომანების დინასტიის დროინდელი არქიტექტურითა და სიცოცხლით სავსე ქუჩებით. ბევრი მოგზაური ჩადის მშვენიერ ქალაქ მოსტარში უიკენდზე, თუმცა ამ ისტორიულად საინტერესო ქვეყანას მთელი შვებულებაც შეიძლება დაუთმო – მათ შორის სარაევოს, კრავიცას ჩანჩქერებსა და ლუკომირის მთიან დასახლებას.

 

  • მოლდოვა – 19.6%

დიდი პროცენტული ზრდა  იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ახალი და გამოუკვლეველია ეს პატარა რესპუბლიკა (2.5 მილიონი ადამიანი), რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ევროპის ყველაზე ნაკლებად მონახულებული  ქვეყნის ტიტული ჰქონდა მინიჭებული. მაგრამ ეს “წოდება” უკვე იცვლება. მოლდოვა ტუროპერატორებს ხელუხლებელი ბუნებითა და განვითარებადი ღვინის სექტორით იზიდავს. ქვეყანას კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესო ვენახები აქვს. აქვეა ასევე მრავალ ათეულ მილზე გადაჭიმული მიწისქვეშა ღვინის სარდაფები მსოფლიოში უდიდესი ღვინის კოლექციით.

 

  • აზერბაიჯანი – 20%

დიახ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აზერბაიჯანს ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპას მიაკუთვნებს. გარკვეული ტუროპერატორებისთვის ამ ქვეყნის მიმართულებით შეკვეთები 300 პროცენტით გაიზარდა. კასპიის ზღვაზე მდებარე ბაქო ახალისა და ძველის ნარევი ქალაქია. ძველი ქალაქის მოკირწყლული ქუჩები გაწყობილია კარგად შენახული სახლებითა და სავაჭრო დახლებით, ხოლო „ცეცხლოვანი თაუერი“ „ბურჯ ხალიფას“ მსგავსი თანამედროვე არქიტექტურის საოცრებაა. ქალაქი თვითიდენტიფიკაციას ახდენს, როგორც „ახალი დუბაი“, რაც  გასაკვირი როდია ამ ნავთობით მდიდარი ქვეყნისთვის, რომელიც სატრანზიტო ჰაბია ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის.

 

  • მაკედონია – 23.5%

მაკედონიის ოდინდელი სახელი ალექსანდრე დიდს (მაკედონელს) უკავშირდება. მოლდოვას მსგავსად, მისი ტურისტული მაჩვენებლები 2017 წელს საკმაოდ მცირეა – 631 000 ტურისტი  – რის გამოც ის ასევე ევროპის ყველაზე ნაკლებად მონახულებული ქვეყნების სიაშია. თუმცა, ამ ქვეყანაში რამდენიმე ტუროპერატორი მუშაობს, რომლებიც აქაურ მარშრუტს ხორვატიასა და მონტენეგროსთან კომბინაციაში ყიდიან.

 

  • ისლანდია – 24.11%

ჯერ არ ყოფილხართ ისლანდიაში? რაღას უცდით? ქვეყანა უკვე წლებია, რაც ტოპ მონახულებად ადგილებს შორის ლიდერობს და 2010 წლის შემდეგ ტურიზმის მაჩვენებელი 450 პროცენტით გაზარდა. და ეს მაჩვენებელი კლებას არ აპირებს, იქიდან გამომდინარე, რომ ისლანდია ტურისტების ზრდას ახალ-ახალი მაღალი დონის სასტუმროებით ხვდება. მარშრუტები დატვირთულია თერმული წყლების, მთის ტბებისა და ჩანჩქერების, ასევე გამოქვაბულების, კერძო სპა ცენტრებისა და ვულკანური იოგას არჩევანით.

 

  • თურქეთი – 24.14%

მართალია, პოლიტიკურმა პროცესებმა ქვეყანაში ტურიზმის თვალსაზრისით  რაღაც პერიოდი გაურკვევლობა გამოიწვია, მაგრამ ამ ეტაპზე ის ნამდვილად ბუმს განიცდის. ტურისტულ კომპანიებს უწევთ მარშრუტების დამატება  მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თურქეთი ტურისტებს სთავაზობს: ზამთარში გაყინულ ტბებსა და დათოვლილ მთებს, კულინარიულ მოგზაურობას, უიკენდის პროგრამას დროში შეზღუდული მოგზაურებისთვის. თბილი სეზონისთვის თურქეთს მშვენიერი სანაპიროები და სასტუმრო ინფრასტრუქტურაც მზად აქვს.

 

  • ისრაელი – 24.6%

ცოტა უცნაურია ისრაელის გამოჩენა ევროპის რეიტინგებში, მაგრამ ვისაც თელ-ავივსა და იერუსალიმში გაუვლია, მიხვდება, თუ როგორ უწევს კონკურენციას ეს ქვეყანა სხვა ევროპულ ქვეყნებს. ისრაელის  კულინარიული მრავალფეროვნება მიზიდულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ოპერატორები აქცენტებს, რა თქმა უნდა, ქვეყნის ისტორიულ მნიშვნელობაზეც აკეთებენ – სადაც ბიბლიური სიუჟეტები ბუნებრივად ცოცხლდება.

 

  • საქართველო – 27.9%

ინდუსტრიის ბევრი ინსაიდერისთვის ეს ტურისტული საოცრება მოულოდნელად აღმოცენდა. იმის გათვალისწინებით, რომ კულინარიული თავგადასავალი თანამედროვე ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია, ქართული ძველებური სამზარეულო მშვენიერ მიზეზს იძლევა ევროპის ამ ხელუხლებელი ქვეყნის მოსანახულებლად. ამას თუ თანამედროვე სასტუმროებს, ბარებსა და რესტორნებსაც დავუმატებთ  – აურზაურის მიზეზიც გასაგები ხდება.

 

  • სან მარინო – 31.1%

თუ სან მარინოს რესპუბლიკას რუკაზე ვერ პოულობთ, თქვენ მარტო არ ხართ: ეს შუა საუკუნეების მიკრო-სახელმწიფო იტალიის ჩრდილოეთში მდებარეობს, მთის მწვერვალების პატარა ჯგუფზე, რომლის კალთებიც ადრიატიკის ზღვისკენ,  ქალაქ რიმინისკენ ეშვება. აქედან ფლორენციამდე სამი საათის გზაა. 2017 წელს სან მარინო ყოველ თავის მოქალაქეზე (33 000 ადამიანი) დაახლოებით 2 ტურისტს ითვლიდა, რამაც საბოლოოდ 78 000 ვიზიტორი შეადგინა. ეს შეიძლება არც ისე დიდი რიცხვია, თუმცა 24 კვადრატულ კილომეტრზე არსებული ქვეყნისთვის მაინც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. გაეროს მონაცემების მიუხედავად, ტუროპერატორები სან მარინოს მზარდ ტურისტულ ადგილად არ მიიჩნევენ. აქ მოგზაურები ძირითადად მონტე ტიტანოს თვალწარმტაცი ციხესიმაგრით, ასევე ადგილობრივი ნუმიზმატური და ფილატელისტური იშვიათობებით ინტერესდებიან. აქაურობის მონახულება ერთ დღეშიც შესაძლებელია. ციხესიმაგრის გარდა, აქ  ნახავთ ფრესკებს მე-15 საუკუნის ეკლესიაში და გადმოხედავთ ლანდშაფტს სან მარინოს ფუნიკულიორიდან. რომელია ქვეყნის მთავარი ტურისტული ობიექტი? – საფოსტო მუზეუმი, რასაკვირველია.



ავტორი: ნიკი ეკშტეინი
წყარო: https://bloomberg.com


რეკომენდებული სტატიები
კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის

კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის

კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის
ვინაიდან საქართველოში ხეტიალისთვის ყველაზე შესაფერისი დრო - ზაფხული დადგა, გთავაზობთ რამდენიმე ადგილს, სადაც შეიძლება გაჩერდე კომფორტულად ღამის გასათევად.
ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები

ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები

ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები
ამ სტატიიდან შეგიძლიათ სამოგზაურო ხრიკების გაგება პირდაპირ ქართველი მოგზაური ბლოგერებისგან, რომლებიც სასარგებლო რჩევებს გვიზიარებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.