fbpx

ჰენდრიქსის ალბომი-ლეგენდა Electric Ladyland – სტატიები AT.ge-ს არქივიდან


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: გიორგი კაკაბაძე

 

1967 წლის 23 სექტემბერს ჯიმი ჰენდრიქსი ლონდონში ერთი პატარა ჩანთით, გიტარით და ნასესხები 40 დოლარით გაემგზავრა. ნიუ-იორკში გატარებულმა ორ- ნახევარმა წელიწადმა მუსიკოსს აღიარება ვერ მოუტანა. ჰარლემის აფროამერიკელი მოსახლეობისთვის ჰენდრიქსის „თეთრი”  როკი მიუღებელი აღმოჩნდა. რასობრივი ბარიერის გამო თეთრკანიანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა რთული იყო. მუსიკოსს მინიმალური შემოსავალი ჰქონდა და ხშირად გიტარასაც კი ლომბარდში აბარებდა.

ლონდონში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში პროდიუსერის – ჩეს ჩენდლერის დახმარებით (ჩენდლერი ჯგუფ „ენიმალზის“ ყოფილი ბას-გიტარისტი იყო) ჰენდრიქსი ბრიტანეთის დედაქალაქის მუსიკალურმა საზოგადოებამ გაიცნო და აღიარა, როგორც ახალი ფენომენი. მის კონცერტებს ესწრებოდნენ და მასთან მეგობრობდნენ „ბითლზის“, „როლინგ სთოუნზის“, „ქრიმის“, „ჰუს“, „იარდბერდზის“, „ენიმალზის“ წევრები.




ჯიმი
ჰენდრიქსი და მისი პროდიუსერი ჩეს ჩენდლერი


1967 წლის ზაფხულში, მონტერეის ფესტივალზე  ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, ჰენდრიქსი უკვე სამშობლოშიც გაიცნეს.

1967 წელი Jimi Hendrix Experience-თვის პროდუქტიული გამოდგა. ჯგუფმა ორი სტუდიური ალბომი ჩაწერა. მეორე ალბომი Axis: Bold as Love 1967 წლის 1-ლ დეკემბერს გამოვიდა. თითქოს შეიძლებოდა მცირე პაუზის აღება, მაგრამ ჯიმის უკვე ჰქონდა იდეები ახალი ალბომისთვის, რომელიც მის კარიერაში ყველაზე მასშტაბური და რთულად ჩასაწერი ნამუშევარი გამოდგა.

ჰენდრიქსი ბობ დილანს აღმერთებდა. 1965 წელს ბოლო დოლარიც კი დახარჯა იმისთვის, რომ დილანის ალბომი Highway 61 Revisited ეყიდა. მის სამგზავრო ჩანთაში ხშირად ერთადერთი ნივთი – დილანის ტექსტების წიგნი იყო.

 

Jimi Hendrix Experience

 

1968 წლის 21 იანვარს ჯგუფმა (ჯიმი ჰენდრიქსი – გიტარა, ვოკალი, ნოელ რედინგი – ბას-გიტარა, მიჩ მიჩელი – დასარტყამი ინსტრუმენტი) ლონდონის სტუდია „ოლიმპიკში“ დილანის სიმღერის – All Along the Watchtower-ის ჩაწერა დაიწყო.  ჩეს ჩენდლერმა (ჩენდლერი მაიკლ ჯეფრისთან ერთად ჯგუფის მენეჯერის ფუნქციებსაც ითავსებდა) და ინჟინერმა ედი კრამერმა ჩანაწერის მიქშირება რამდენიმე დღეში დაასრულეს. ჯიმის სიმღერის  ვერსია არ მოეწონა.

ალბომზე მუშაობა ამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგ, 1968 წლის აპრილში ნიუ-იორკში, Record Plant-ში განახლდა. ამ სტუდიას 12-ბილიკიანი აპარატურა ჰქონდა. ჰენდრიქსის 1967 წლის ალბომებზე მუშაობისას ლონდონში 4-ბილიკიან აპარატურას იყენებდნენ. ჯიმის მიაჩნდა, რომ  Axis: Bold as Love ნაჩქარევად ჩაიწერა და სურდა ახალ ალბომზე მუშაობისას სტუდიური ტექნოლოგიები სრულად გამოეყენებინა.

 



ჯიმი ჰენდრიქსი სტუდიაში მუშაობის დროს

 

სტუდიაში მუშაობის ერთ დღეს ჰენდრიქსმა და მიჩელმა კომპოზიცია Gypsy Eyes-ს 41 დუბლი ჩაწერეს. შედეგით ჯიმი მაინც უკმაყოფილო დარჩა. ჩენდლერისთვის ასეთი მიდგომა მიუღებელი იყო. პროდიუსერი ფიქრობდა, რომ  კომპოზიცია სწრაფად უნდა ჩაეწერათ და ზედნადებ პარტიებზე შემდეგ ემუშავათ.


ჩეს ჩენდლერი: „ვიჯექი და ვუსმენდი, როგორ უკრავდა ერთი და იგივე სიმღერას გაუთავებლად და ვფიქრობდი: რა ხდება, რაშია საქმე? კიდევ კარგი, რომ გარკვეული ჩანაწერები მანამდე ლონდონში გვქონდა გაკეთებული. ჯიმის ორმაგი ალბომის გამოშვება უნდოდა და ასეთი ტემპით ეს დისკი ვერასდროს დასრულდებოდა.“

ჰენდრიქსის  პერფექციონიზმი  ნოელ რედინგსაც აღიზიანებდა. ბასისტს არ მოსწონდა ის ფაქტიც, რომ სტუდიაში მოდიოდნენ სხვა მუსიკოსები, ჰენდრიქსის მეგობრები, და ხშირად საერთოდ უცნობი ადამიანები.


ნოელ რედინგი: „ეს უფრო წვეულებას ჰგავდა, ვიდრე მუშაობას. სტუდიაში იმდენი ადამიანი შემოდიოდა, რომ უბრალოდ გავლაც კი შეუძლებელი იყო.“

საღამოს ჰენდრიქსი  ნიუ-იორკის რომელიმე კლუბს სტუმრობდა, სადაც სხვა მუსიკოსებთან ერთად უკრავდა. ერთხელ, ჯემ სეიშენის შემდეგ, ჯიმიმ სტუდიაში მოიყვანა Traffic-ის  ორგანისტი სტივ უინვუდი და Jefferson Airplane-ის ბასისტი ჯეკ კესიდი. ამ მუსიკოსებთან და მიჩელთან ერთად დაკრული 15-წუთიანი ჯემი, ბლუზი Voodo Chile ჰენდრიქსის სტუდიურ ნამუშევრებს შორის ყველაზე გრძელი კომპოზიციაა. (ამ დროს სტუდიაში იყო ჯაზ გიტარისტი ლარი კორიელიც, თუმცა მან ჯემში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ  იქ, სადაც ჰენდრიქსი უკრავდა, სხვა გიტარისტის მონაწილეობა საჭირო აღარ იყო.)

მეორე დღეს ჯგუფი  სტუდიაში ჩენდლერთან ერთად შეიკრიბა. ჯიმის კიდევ ერთი ახალი კომპოზიცია ჰქონდა, რომლის დაწერაც  წინა დღის ჯემმა შთააგონა. Voodoo Child (Slight Return) მისისიპის დელტის აკორდებით იწყება, გაივლის ჩიკაგოს  ბლუზს, ლონდონის ფსიქოდელიას და ახალი მუსიკალური მიმართულებით მიდის, რომელიც საბოლოოდ ჰარდ როკის სახელით დამკვიდრდა. უკვე ნახევარი საუკუნეა ელექტროგიტარისტებისთვის მსოფლიო ყველა კუთხეში Voodoo Child (Slight Return)  საკრალურ ნამუშევარს წარმოადგენს. გიტარისტ ჯო სატრიანის შეფასებით, Voodoo Child ელექტროგიტარის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელიც  ოდესმე სტუდიაში ჩაწერილა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა Voodoo Child-ის მსგავსი შედევრი ჩაწერა, ჩეს ჩენდლერმა მაინც გადაწყვიტა ალბომის პროდიუსირება აღარ გაეგრძელებინა.  ასევე უარი თქვა ჰენდრიქსის მენეჯერობაზე და ეს ფუნქცია მთლიანად გადააბარა მაიკლ ჯეფრის. ჩენდლერის წასვლით ჰენდრიქსმა დაკარგა არა მხოლოდ მენეჯერი და პროდიუსერი, არამედ ადამიანი, რომლის ნდობაც (განსხვავებით მაიკლ ჯეფრისგან) შეიძლებოდა.

ჩენდლერის წასვლის შემდეგ  ჰენდრიქსსა და რედინგს შორის ურთიერთობა ისევ დაიძაბა. ბასისტი ხშირად სტუდიაში არ მოდიოდა და ჯიმის ბასის პარტიების ჩაწერა თავად უწევდა. ალბომზე მუშაობის დასრულება მორიგმა ამერიკულმა ტურნემ შეაფერხა. კონცერტებს შორის პაუზების დროს ჯიმი პერიოდულად ბრუნდებოდა სტუდიაში და მუშაობას აგრძელებდა.

„ეს ალბომი თავიდან ბოლომდე თავად შევქმენი. ასე რომ, ვერ ვუარყოფ,  ის ზუსტად გამოხატავს ყველაფერს, რასაც მე ვგრძნობდი მისი შექმნის დროს.“  ჯიმი ჰენდრიქსი.

 

Electric Ladyland შეერთებულ შტატებში 1968 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა. ალბომის ხანგრძლივობა თითქმის 76 წუთი იყო. მისი ჩაწერის ღირებულებამ კი იმ დროისთვის კოლოსალურ თანხას – 70 ათას დოლარს გადააჭარბა. ალბომში 16 კომპოზიცია შევიდა, აქედან ერთი Little Miss Strange ბასისტ ნოელ რედინგის დაწერილია, სადაც ვოკალის პარტიას თავად ავტორი ასრულებს. Voodo Chile-ის შემდეგ ყველაზე გრძელი კომპოზიცია 13-ნახევარწუთიანი 1983 … (A Mearman I Should Turn To Be)-ია. ამ ეპიკურ შედევრს ჰენდრიქსის დისკოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მსგავსი კომპლექსური მუსიკალური სტრუქტურის კომპოზიცია არა მარტო ჰენდრიქსის შემოქმედებაში, არამედ ზოგადად როკ-მუსიკაშიც კი რთულად მოსაძებნია. სიმღერის ტექსტი გარკვეულწილად აპოკალიფსურია.

 

 

კიდევ ერთი მელანქოლიური კომპოზიცია – Burning of Midnight Lamp  ბრიტანეთში სინგლის სახით 1967 წელს გამოუშვეს, მაგრამ შეერთებულ შტატებში  გამოუქვეყნებელი იყო. Burning of Midnight Lamp-ში ჯიმი უკრავს კლავესინზე და პირველად იყენებს სტუდიაში გიტარის wah-wah ეფექტს.

 

 

Crosstown Traffic შესანიშნავი  რიფით გამოირჩევა. გიტარის სოლოების მხრივ კი  განსაკუთრებით აღსანიშნავია ერლ კინგის რითმ ენდ ბლუზი – Come On, რომელიც ჯგუფმა ორიგინალთან შედარებით უფრო მძიმე ჟღერადობით შეასრულა.  

ვირტუოზული სოლოებით გამოირჩევა All Along the Watchtower, რომლის პირველადი, ლონდონში ჩაწერილი ვერსია ჰენდრიქსს არ მოეწონა. ჯიმი 1968 წლის ზაფხულში რამდენჯერმე მიუბრუნდა ამ კომპოზიციას და გიტარის ახალი პარტიები ჩაწერა. საბოლოოდ  All Along the Watchtower-ის განახლებულ ვერსიაში სამი გიტარის სოლოა. სიმღერა ალბომის გამოსვლამდე სინგლის სახით გამოვიდა და ბრიტანეთში მეხუთე, შეერთებულ შტატებში კი მეოცე ადგილი დაიკავა (ბობ დილანს იმდენად მოეწონა ეს ჩანაწერი, რომ მოგვიანებით კონცერტებზე All Along the Watchtower-ის ჰენდრიქსისეულ ვერსიას ასრულებდა).

 


თავად Electric Ladyland შეერთებული შტატების ჰიტ პარადის სათავეში მოექცა, ბრიტანეთში კი მეექვსე ადგილი დაიკავა. (შეერთებულ შტატებში ამ ალბომის ორი მილიონი ეგზემპლარია გაყიდული).  ჰენდრიქსის ბოლო სტუდიური ნამუშევარი დღეს აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ორმაგი ალბომი როკ-მუსიკის ისტორიაში, ჩანაწერი, რომლითაც ჯიმიმ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ სცენაზე, არამედ სტუდიაშიც განუმეორებელი და თვითმყოფადი მუსიკოსია.

ჯიმის სურდა ალბომის გარეკანზე ფოტოგრაფ ლინდა ისტმენის (რამდენიმე თვეში ლინდა  პოლ მაკარტნის ცოლი გახდა) მიერ გადაღებული ფოტო გამოეყენებინათ, სადაც ჯგუფის წევრები  ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ბავშვებთან ერთად არიან აღბეჭდილი. თუმცა ხმის ჩამწერმა კომპანიამ ჰენდრიქსის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ალბომის ამერიკული გამოცემისთვის ჰენდრიქსის სხვა ფოტო გამოიყენეს,  ბრიტანული ვერსიის გარეკანზე კი 19 შიშველი ქალი იყო გამოსახული.


2018 წელს 9 ნოემბერს Electric Ladyland-ის საიუბილეო გამოცემის გამოსვლა იგეგმება, რომელშიც რემასტირებულ ალბომთან ერთად სიმღერების განსხვავებული ვერსიები შევა.

ეს დისკი – სწორედ ჰენდრიქსის მიერ შერჩეული – ლინდა მაკარტნის ფოტოთი იქნება გაფორმებული.     


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.