რა უნდა გავითვალისწინოთ ძაღლების კვებისას


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: ქეთა გაბუნია



ჩვენი ყველაზე ერთგული ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელ, ხანგრძლივ და აქტიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დაბალანსებულ კვებას. ეს კი არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან აუცილებელია განვსაზღვროთ კალორიების დღიური დოზა და ვიცოდეთ, რა არის ძაღლებისთვის სასარგებლო და საზიანო. რაციონთან ერთად მნიშვნელოვანია კვების რეჟიმიც.

ლეკვისთვის საჭმლის მიცემა აუცილებელია დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ, ზრდასრული ძაღლისთვის კი ერთხელ. თუ ძაღლი მომცრო ზომისაა, საკვები ულუფა 2 პორციადაც შეიძლება განაწილდეს.

საშუალო და დიდი ზომის ძაღლებისთვის სასურველია საჭმლის და წყლის ჯამი იდგას შემაღლებულ ადგილზე, თავის ძალიან დაბლა დახრა რომ არ მოუწიოთ, ამ შემთხვევაში მათ კუჭში ნაკლები ჰაერი ხვდება და საკვებს უკეთ ინელებენ. წყლის ჯამი მუდმივად სავსე უნდა ჰქონდეთ სუფთა წყლით, ამიტომ დღეში აუცილებელია რამდენჯერმე გამოცვლა.

ძაღლი უნდა გავასეირნოთ ჭამამდე 1 საათით ადრე, ან 1 საათის შემდეგ. მგზავრობისას კი უმჯობესია მშიერი იყოს, ან საკვების მიღებიდან რამდენიმე საათი იყოს გასული.

ძაღლის მოყვანისას პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ, კვების რომელ მოდელს ვირჩევთ: მშრალს, შერეულს თუ უმს. ყველა მათგანს თავისი მომხრეები ჰყავს.

მშრალი საჭმელი ერთი მხრივ, მოსახერხებელია – მომზადებას არ საჭიროებს და მასში მწარმოებლის მიერ არის დაბალანსებული პროტეინის და სხვა კომპონენტების შემცველობა. თუ ამ გზას აირჩევთ, აუცილებლად პრემიუმ საკვები გამოიყენეთ. ეს ეკონომიურიცაა, რადგან უფრო მეტად არის გაჯერებული საჭირო კომპონენტებით და რაოდენობრივადაც ნაკლების ჭმევა მოგიწევთ. ყველა შეფუთვაზე წერია წონის მიხედვით მისაღები რეკომენდებული ოდენობა.

შეიძლება დაგჭირდეთ რამდენიმე სახეობის ცდა, რადგან ძაღლები გემოს მიმართაც პრეტენზიულები არიან და ყველანაირს არ ჭამენ, რაც არ უნდა კარგი ხარისხის იყოს.  ერთი სახეობიდან მეორეზე გადასვლა კი ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ცოტ-ცოტას შერევით. მშრალ საკვებს აქვს თავისი მინუსებიც – ერთფეროვანია და ამის გამო ხშირად ჭირვეულობენ ცუგები.

შერეული კვება ნიშნავს, როდესაც ძაღლებს ჩვენით ვუმზადებთ საჭმელს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია იმ პროდუქტების ამოღება, რასაც ადამიანები ყოველდღიურად მოვიხმართ. მაგალითად, ხახვი და ნიორი მათთვის მომწამვლელია, ბლოკავს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და ლეიკემიის განვითარების  რისკს ზრდის.

საზიანოა თითქმის ყველა ხილი, განსაკუთრებით ლეღვი და ყურძენი, რომლებშიც დიდი რაოდენობით გლუკოზაა, რაც დიაბეტის საშიშროებას წარმოადგენს. უნდა მოვერიდოთ ციტრუსებსაც, რადგან ალერგიას იწვევს. ხილიდან ძაღლებისთვის სასარგებლოა ვაშლი და ბანანი.

საზიანოა თხილეული, ასევე ავოკადოც.  რძემჟავა პროდუქტებიდან მხოლოდ ხაჭო მიეცით, ისიც კვირაში 2-ჯერ და მცირე რაოდენობით. არ შეიძლება სოსისები და ძეხვეული, ასევე თეთრი ფქვილისგან დამზადებული ცომეული.  

ბოსტნეულიდან ძალიან სასარგებლოა სტაფილო, ჭარხალი, მწვანე სალათები, გოგრა.

როდესაც შერეულ კვებას გადაწყვეტთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მათი საკვების ძირითად ნაწილს პროტეინი უნდა შეადგენდეს, რომელიც კუნთის საშენი მასალაა. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ღვიძლი, მოხარშული ხორცი (ქათმის, ინდაურის, ძროხის), თევზი (ზღვის), მოხარშული კვერცხის გული, ძვლების ნახარში, პარკოსნები. კარგია წიწიბურა, ბრინჯი და ჰერკულესი. კუჭ-ნაწლავის პრობლემის დროს კი მოხარშული ბრინჯი და ქათმის ფილე საუკეთესო გამოსავალია.

არავითარ შემთხვევაში არ გყავდეთ ძაღლი მხოლოდ ბოსტნეულსა და ხილზე, როგორი ვეგანურიც არ უნდა იყოს თქვენი დამოკიდებულება. მათთვის ეს სასიკვდილო განაჩენია.

თუ ძაღლი მშრალ კვებაზე გყავთ, ბოსტნეულის, ვაშლისა და ბანანის მიცემა მაინც სასურველია.

არსებობენ ასევე უმი საკვების მომხრეები, რომლებიც თავიანთ დამოკიდებულებას ძაღლების გენეტიკური ისტორიით ხსნიან. მაშინ როცა არც მშრალი საკვები არსებობდა და არც იმის დრო ჰქონდათ ადამიანებს, ძაღლებისთვის სადილები მოემზადებინათ, ისინი უმ ხორცს და თევზს ჭამდნენ, შესაბამისად, მათი ორგანიზმისთვის ყველაზე ბუნებრივ და ჯანსაღ პროდუქტად უმ საკვებს მიიჩნევენ.

თუმცა, შუა საუკუნეებიდან დიდი დრო გავიდა, ახლანდელი ხორციც სხვადასხვა ბაქტერიებითაა დაბინძურებული და უმად მისი მიცემა მაინც სარისკოა.  ამიტომ, ამ მეთოდის გამოყენებას არ გირჩევთ.

იმისთვის, რომ ძაღლს ბეწვი უბზინავდეს, ძვლები, კუნთები და გულსისხლძარღვთა სისტემა ჯანსაღი ჰქონდეს, კარგია საკვებში თევზის ქონის დამატება, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ვეტ-მაღაზიებში, ან ამაზონზე. კარგია ქოქოსის კარაქიც, რომელიც ძალიან მოსწონთ და ასევე ბეწვიც იდეალურ ფორმაში მოჰყავს.


რეკომენდებული სტატიები
ძაღლის 5 ყველაზე პოპულარული ჯიში, რომლებსაც არასწორად ვექცევით

ძაღლის 5 ყველაზე პოპულარული ჯიში, რომლებსაც არასწორად ვექცევით

ძაღლის 5 ყველაზე პოპულარული ჯიში, რომლებსაც არასწორად ვექცევით
ძაღლის აყვანა ბევრ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად ვიღებთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.