fbpx

ლილი ვანილი


გააზიარე სტატია

 

ირაკლი აბაშიძის 20, https://www.facebook.com/lilyvanilli.ge/

 

თუ თქვენ დილას ყავით და დესერტით იწყებთ, “ლილი ვანილი” თქვენს სამოთხედ იქცევა. ეს პატარა და მყუდრო სივრცე კაფე-საცხობია, რომელშიც მზადდება განსაკუთრებული გემოს და სურნელის ტკბილეული. აქაურობა შემოქმედებით სახელოსნოს ჰგავს, სადაც ქმნიან სანიმუშო საკონდიტრო ნაწარმს. ამ კედლებში იგრძნობა, რომ ცხობა ხელოვნების ნაწილია.

“ლილი ვანილი” ლონდონელების საყვარელი საკონდიტროა. ბრიტანეთის დედაქალაქში კაფე-საცხობი 2010 წელს გაიხსნა და მას შემდეგ დიდი წარმატებით მუშაობს. ახლა უკვე “ლილი ვანილი” თბილისსაც მასპინძლობს, თავისი ლონდონური ხასიათით და ესთეტიკით.

კონდიტერი ლილი ჯონსია, იგივე ლილი ვანილი. გოგონა, რომელმაც თავისი ჰობი პროფესიად აქცია, პროფესია კი წარმატებულ ბიზნესად. დღეს ლილი ნამცხვრების და ტორტების დიზაინერია და კერძო შეკვეთებზე მუშაობს. მისი საკონდიტროს კლიენტებს შორის არიან: ელტონ ჯონი, ბი-ბი-სი, “ვიქტორიას და ალბერტის” მუზეუმი. ლილი რეცეპტების ორი წიგნის ავტორია და პრემია “Young British Foodie” (YBF)-ის თანადამფუძნებელი. ცხობის ხელოვნება ბავშვობიდან მისი გატაცება იყო, თუმცა არა – პროფესიული არჩევანი. განათლება ფილოსოფიის სფეროში მიიღო, შემდეგ გრაფიკული დიზაინი აითვისა და დიზაინერად დაიწყო მუშაობა. მაგრამ მალე ყველაფერს შეეშვა და საკონდიტრო საქმიანობას შეუდგა.


შთაგონების წყარო

შთაგონება  ყველგანაა. ახლახან ძალიან შთამაგონა ჩინეთმა, შემდეგ თბილისმა… ყვავილების ბაზარი ღამით, აქაური სამზარეულო და თვითონ ეს ქალაქი – ყველაფერი ინსპირაციის წყაროა.

 

“ლილი ვანილის” ნამუშევრების საიდუმლო

ცხობის პროცესში აუცილებელია გამოხატვის თავისუფლება და ყოველი ნამუშევრის აღქმა, როგორც უნიკალური ქმნილების. ნებისმიერი ორცხობილა თუ ნამცხვარი მნიშვნელოვანია ვიღაცის დაბადების დღისთვის, ქორწილის ან სპეციალური ღონისძიებისთვის და უნდა იყოს სადღესასწაულო.

 

დაუვიწყარი ნამუშევარი

ძალიან საინტერესო იყო მუშაობა ელტონ ჯონის საქველმოქმედო ღონისძიებისთვის – white tie and tiara ball, რომელსაც იმ წელს ლედი გაგა მასპინძლობდა. ასევე, ნამცხვარი-სკულპტურა, რომელიც შევქმენი ლონდონის “ვიქტორიასა და ალბერტის” მუზეუმისთვის. ნამუშევარი მთელი დღის განმავლობაში გალერეაში იყო წარმოდგენილი, მოგვიანებით კი საზეიმოდ გაჭრეს და მიირთვეს. ზოგადად, ვფიქრობ, იღბლიანი ვარ, ყოველთვის ძალიან შემოქმედებით შეკვეთებს ვიღებ და ვთანამშრომლობ საინტერესო ადამიანებთან. ახლახან ჟურნალმა – AnOther დამიკვეთა ტორტი ქეით მოსისა და ტილდა სვინტონისთვის. კიდევ, ძალიან მომეწონა POP ჟურნალის პროექტზე მუშაობა.

 

“ლილი ვანილი” თბილისში

პირველად თბილისში სტუმრად ჩამოვედი და იმ მომენტიდანვე შემიყვარდა ეს ქალაქი. გავიჩინე მეგობრები, რომლებმაც გამიზიარეს თავიანთი იდეები თბილისში თანამედროვე საცხობის შექმნასთან დაკავშირებით. დღეს ისინი ჩემი ბიზნესპარტნიორები არიან და “ლილი ვანილი” უკვე თბილისშია. ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო ამბავია, უფრო მეტი სიახლოვე მინდა თბილისთან.

 

ფიქრი საქართველოზე

რაც ვნახე საქართველოში, ყველაფერი ერთი ნახვით შემიყვარდა. თბილისის გარდა, ვიყავი კახეთსა და ყაზბეგში. ქართული ღვინო და კერძები ძალიან მომწონს, მაგრამ ყველაზე მეტად ქართველების სითბო და სტუმართმოყვარეობა მხიბლავს. ყველაფერი ახლოსაა დედაქალაქთან და ეს ძალიან კომფორტულია, თბილისი შთამბეჭდავია და ამაყი ვარ, რომ მეც მისი ნაწილი გავხდი.

 

საყვარელი ტკბილეული

ქართული ნამცხვრებიდან მომწონს ვაშლის და ალუბლის ღვეზელი, “მედოკი”. ამ მომენტში კი ჩემი საყვარელი ტკბილეულია – ალუბლის ტარტი. ეს ყველაფერი შეგიძლიათ მიირთვათ ჩვენთან, “ლილი ვანილში”.

 

 

ბრიტანელი კონდიტერი თბილისის “ლილი ვანილის” შემოქმედებით საქმიანობაში დისტანციურად, თუმცა აქტიურადაა ჩართული. ის ქართველ მცხობელებს მუდმივად ეკონტაქტება,  თითოეული ნამცხვრის დიზაინი მასთან შეთანხმებით მზადდება. პროფესიული უნარების გასაღრმავებლად აქაური კონდიტერები ლონდონის “ლილი ვანილის” საცხობსაც სტუმრობენ. და პირიქით, თავად ლილი თბილისის ხშირი სტუმარია.

ლილი ჯონსის ქართველი პარტნიორები, მისი მეგობრები – ანკა მანჯგალაძე და ნატია ჩხარტიშვილი არიან. ჩვენს ქალაქში საკონდიტროს გახსნის იდეაც სწორედ მათ ეკუთვნით.

ანკა მანჯგალაძე პროფესიით არქიტექტორია, თუმცა ამ მიმართულებით არასდროს უმუშავია. მისი პროფესიული გზა კაფეებისა და რესტორნების ინდუსტრიასთან გადაიკვეთა. ყველაფერი “შარდენი 12”-ის მენეჯერობით დაიწყო, შემდეგ იყო კაფე “დომი”, “ტერასა”, “მიონი” და ახლა უკვე საკონდიტრო “ლილი ვანილი”.

 

 

ანკა: ამ  საქმიანობაში ჩემი ინტუიცია მეხმარება. ვქმნი და ვთავაზობ ადამიანებს იმ მომსახურებას, რასაც მე თვითონ ვისურვებდი, რომ სხვაგან მიმეღო. ყველაფერს დიდი სიყვარულით ვაკეთებ. ვფიქრობ, “ლილი ვანილი” სხვა სტანდარტული საკონდიტროებისგან განსხვავდება. აქაურობა ძალიან ცოცხალი ორგანიზმია, ვცდილობთ ყოველდღიურად შევქმნათ რაღაც ახალი და განსხვავებული, მომხმარებლებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი არჩევანი. აქ ყოველდღე სადღესასწაულო განწყობაა, ყოველდღე ვიღაცისთვის რაღაც მნიშვნელოვანი იქმნება.

სულ მალე “ლილი ვანილი” ძალიან საინტერესო კამპანიას იწყებს – “Share the Cake” –  თქვენი წერილების გაგზავნას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. კამპანიის იდეა ასეთია: “ლილი ვანილში”  სტუმრობისას შეგიძლიათ შეიძინოთ ღია ბარათი, დაუწეროთ წერილი თქვენთვის ძვირფას ადამიანს და ჩააგდოთ კაფეში მდგარ საფოსტო ყუთში. გზავნილი თქვენს ადრესატთან გაფრინდება. #sharethecake with Lily Vanilli

ავტორი: გვანცა ფოცხვერია


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.